დაწყებით საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება, ახალი
სახელმძღვანელოები, მცირედი ცვლილება საგაკვეთილო საათებში, მეხუთე
კლასში სკოლის მიერ ორი უცხოური ენის შეთავაზება;
ასევე, V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი
შეფასების გაუქმება და შემაჯამებელი დავალებების შემცირება – ეს იმ
სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 17 სექტემბერს, 2018-2019
სასწავლო წლის პირველი დღიდან სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და
მასწავლებლებს ელით.
„სექტემბრიდან ინერგება I-VI კლასის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა,
ეს არის რეფორმირებული ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მეთოდოლოგიაც
განსხვავებულია. ახალი სახელმძღვანელოები დაინერგება დაწყებით
საფეხურზე, პარალელურად სახელმძღვანელოების გრიფირებასთან
დაკავშირებით კონკურსს ვაცხადებთ საბაზო საფეხურისთვისაც, ვინაიდან
საბაზო საფეხურის არსებითად განახლებული სტანდარტები და დეტალურად
გაწერილი წლიური პროგრამებიც უკვე დამტკიცდა.
დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის
ორგანიზების კუთხით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა. პირველ კლასში
ეს დრო 35 წუთია, მეორე კლასში – 40 წუთი გავხადეთ და შემდგომ უკვე
45–წუთიან საგაკვეთილო რეჟიმზე გადავლენ მოსწავლეები. ეს ხელს უწყობს
საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებას, რადგან უფროსი ბავშვების
დასვენებას არ დაემთხვევა პირველი, მეორე კლასის ბავშვების დასვენების
პერიოდები და ერთმანეთს მოძრაობაშიც არ შეუშლიან ხელს. გადაწყვეტილება
მივიღეთ ბავშვების შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, – განმარტავს
მინისტრის მოადგილე.
იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები
არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო
დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ
შეფასებაზე.
“I კლასიდან V კლასის პირველი სემესტრის ჩათვლით, მოსწავლეები არ
შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით. ამ დრომდე, ნიშნები არ
იწერებოდა I-IV კლასებში. მეხუთე კლასში გადასულ მოსწავლეებს კი უკვე
შეხება უწევთ ახალ (საგნობრივ) პედაგოგებთან, იწყება ნიშნების წერა,
ისინი ერთგვარად უცხო გარემოში ხვდებიან, რასაც ხშირად ახლავს
დემოტივირება და ჩავარდნა სწავლაში. ზოგადად, მოსწავლის პროგრესისთვის
გადამწყვეტია განმავითარებელ შეფასებებზე აქცენტირება. მასწავლებელმა
უნდა მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები მოსწავლეს, დააფიქროს რა არის
მისი ძლიერი მხარეები, რა მიმართულებით სჭირდება უფრო მეტად
ყურადღების გამახვილება, რა სტრატეგიებს მიმართოს, როგორ იმუშაოს და
არა ის, რომ პირველივე დღიდან პირდაპირ ნიშანი დაუწეროს და ბავშვს
შიში, დემოტივაცია გაუჩინოს საგნობრივ სწავლებასთან და პედაგოგებთან
ურთიერთობის კუთხით.
“სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ V კლასის პირველი
სემესტრი იყოს ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი და მხოლოდ
განმავითარებელი შეფასება დავტოვეთ; მოსწავლეებიც შეეჩვევიან ახალ
პედაგოგებს და II სემესტრიდან, როცა ნიშნებით შეფასება დაიწყება,
პედაგოგებიც მეტად აიღებენ პასუხისმგებლობას პირველ სემესტრში მათ
მიერ განხორციელებულ სწავლა-სწავლების პროცესზე.
„გარდა ამისა, მთლიანად დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში)
მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების ქულებით შეფასება.
შეფასებები მხოლოდ საკლასო აქტივობებში იქნება თუმცა საშინაო
დავალებები ექნებათ, მაგრამ უფრო მცირე მოცულობის, რადგან
მასწავლებელმა მოსწავლესთან კლასში უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ლია
გიგაურმა.
„მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით გავაჩინეთ ვალდებულება, რომ მეხუთე
კლასში სკოლამ მოსწავლეს არ შესთავაზოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა,
არამედ მისცეს საშუალება, რომ მოსწავლეებმა აირჩიონ კიდევ ერთი
ევროპული უცხოური ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, რაც
აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა”, – განაცხადა ლია გიგაურმა.
წყარო: edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები