განათლება
ჩაგვრის გამოვლენა და რეაგირება - არსებობს თუ არა ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
FaceBook
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბულინგთან (ჩაგვრა) ბრძოლა მასწავლებელებს საკუთარი გამოცდილების მიხედვით უწევთ, რადგან განათლების სამინისტროს არ აქვს კონკრეტული მითითება თუ როგორ უნდა გამოავლინონ და შემდეგ აღმოფხვრან მოსწავლეებს შორის დაძაბულობა.

ამ მიმართულებით გადამზადებას მხოლოდ  ის პედაგოგები გადიან, რომლებიც სკოლებში სამოქალაქო განათლებას ასწავლიან. ეს საგანი კი მე-9-10 კლასებში ისწავლება. კურსში სხვა მასწავლებლების ჩართვა განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ განუხილავს.

ნინო არსენიძეს პედაგოგად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ ბულინგის გამოვლენის შემთხვევაში მასწავლებლებისთვის კონკრეტული ინსტრუქცია არ არსებობს და ბავშვებს შორის დაძაბულობის განმუხტვა საკუთარი გამოცილებით უწევს.

„ბულინგის შემთხვევაში საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით ვხელმღვანელობთ. გვაქვს კონსულტაციები მშობლებთან,“ - ამბობს პედაგოგი, ნინო არსენიძე, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მუშაობს.

იგივეს ამბობენ, საჯარო სკოლის პედაგოგებიც.

„ვერ ვიტყვი, რომ ასეთი სიტუაცია ყოველდღეა. თუმცა, რამდენიმე შემთხვევა მაინც იყო, რა დროსაც დაუყოვნებლივ მშობლებს მივმართეთ. ამ დროს გვიწევს ცალ-ცალკე გასაუბრება ორივე მხარესთან, განსაკუთრებით ე.წ. მჩაგვრელთან, რომ ეს არ არის კარგი ტონი და მას არაფერს მატებს, პირიქით წარმოაჩენს, როგორც სუსტს,“ - ამბობს საჯარო სკოლის პედაგოგი, ამირან ძოწენიძე.

ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორი, ნათია სულავა კი გვიხსნის, რომ ბულინგის შესახებ სასწავლო დაწესებულებებს ახალი გამკაცრებული ინსტრუქცია არ მიუღიათ და ამ დრომდე უკვე აპრობირებული მეთოდებით მოქმედებენ. რაც მისი თქმით,  ორივე მხარესთან დიალოგს, მანდატურის, ფსიქოლოგისა და უკიდურეს შემთხვევაში, პოლიციის ჩართვას გულისხმობს.

„გააჩნია რა დონის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შეიძლება გამოკვეთილად არ იყოს ბულინგი და არ მოითხოვს მანდატურისა და ფსიქოლოგების ჩართვას. ამ დროს თავად ბავშვს ვიბარებთ და ვესაუბრებით, არა ამხოლოდ დაჩაგრულს, არამედ მჩაგვრელსაც. დირექციისა და მშობლის ჩართვით ვაგვარებთ სიტუაციას. თუკი ეს შეუძლებელია, ვრთავთ მანდატურის სამსახურს. თუმცა, გასულ წელს იყო შემთხვევა, რომ პოლიციის დახმარებაც დაგვჭირდა, რა თქმა უნდა, მშობლის თანდასწრებით. თუ ამის საჭიროებაა, ჩვენ გვაქვს უფლება სამართალდამცავებიც ჩავრთოთ. ეს ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ, არ უნდა გამოგვეპაროს სრულიად უწყინარი კონფლიქტიც კი და მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება,“ - ამბობს ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორი, ნათია სულავა.

ქუთაისელი პედაგოგები გვიხსნიან, რომ მოსწავლეებს შორის ბულინგის საკითხებზე შესაბამისი სატრენინგო კურსი არ გაუვლიათ. მათი თქმით, ამ თემაზე რამდენიმე სიტუაციური ამოცანა მხოლოდ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ვერბალურ ნაწილშია. თუმცა, თვლიან, რომ ეს პედაგოგისთვის არაფრის მომცემია.

„ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებელს ქულა დააკლდეს. ეს ყველაფერი მიდის მაინც სამინისტრომდე. ახლა გააქტიურდება ცოტა ხანი თემა, მერე ისევ მიჩუმდება და ყველას დაავიწყდება,“ - ამბობს ნინო არსენიძე.

აღმოჩნდა, რომ განათლების სამინისტროც და არასამთავრობო სექტორიც ბულინგის საკითხებზე მხოლოდ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ამზადებს. ეს საგანი სკოლის მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლება.

პროექტი „მომავლის თაობა“ სამი წლის წინ დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ის PH International-მა არასამთავრობო ორგანიზაცია  „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან“ პარტნიორტობით განახორციელა. ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერის, ნათია ნამიჭეიშვილის ინფორმაციით, პროექტში ქვეყნის მასშტაბით 480 კერძო და საჯარო სკოლა იყო ჩართული. მისი ძირითადი მიზანი კი სამოქალაქო განვითარების სასკოლო პროგრამის განვითარება გახლდათ.

„სამოქალაქო განათლება უნდა გაცდენოდა საგაკვეთილო პროცესს. რასაც ბავშვები გაკვეთილზე სწავლობენ, მათ პრაქტიკლად უნდა განევითარებიათ და ამავე დროს, მიგვეღო აქტიური მოქალაქეები,“ - ამბობს ნათია ნამიჭეიშვილი.

ქუთაისის #15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ელისო ჯიბლაძე ერთ-ერთია, ვინც განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსი გაიარა. ის ამავე დროს ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის დირექტორიცაა. ელისო ამბობს, რომ გადამზადების კურსებზე მიღებულ ცოდნას, გაკვეთილის სწორად დაგეგმვის გარდა, პედკოლექტივსაც უზიარებს და მოსწავლეებთან ურთიერთობაში ეხმარება.

„თითეულ მოსწავლეს ვუხსნით რა არის ბულინგი (ჩაგვრა) და რა მძიმე შედეგები მოჰყვება მას. პირველ რიგში, გასათვალისიწინებელია თავად ბულინგის სირთულეც, ასევე პირველი შემთხვევაა თუ არა. დირექცია და მშობლები ვცდილობთ ერთად მოვაგვაროთ პრობლემა.  განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ვრთავთ პოლიციას და სოციალურ მუშაკებს,“ - გვიხსნის ელისო ჯიბლაძე.

იმერეთის რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის გადამზადების კურსს ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, ლალი უშვერიძე ატარებს. ის გვიხსნის, რომ ბულინგის გარდა პედაგოგები ინფორმაციას ბავშვთა უფლებების, ოჯახური ძალადობის, ტოლერანტობისა და სხვა თემების შესახებაც იღებენ. ეცნობიან უცხოელი ექპსერტების კვლევას, დოკუმენტურ მასალას და კონკრეტულ მაგალითებზე მსჯელობენ.

„ერთი ხელის მოსმით არაფერი კეთდება, მაგრამ ამ საკითხებზე მსჯელობა უკვე ბევრს ნიშნავს. ამ საკითხებზე მასწავლებლები წერენ გეგმას, ატარებენ გაკვეთილებს და იღებენ კრედიტქულებს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე კურსები უკვე მოსწავლეებსაც უტარდებათ სამოქალაქო განათლების კლუბში, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 700 სკოლაში ფუნქციონირებს,“ - ამბობს ლალი უშვერიძე.

გადამზადების კურსს სახელწოდებით „ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განათლების სამინისტროს დაქვემედებარებაში მყოფი სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ უკვე მეორე წელია ატარებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მისი მიზანი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, ბულინგის პრობლემის გამოვლენა, გამომწვევი მიზეზების და რისკფაქტორების დადგენაა.

„პირველ რიგში, გათვალისწინებულია, მასწავლებელებმა როგორ უნდა გამოავლინონ ბულინგი. ნებისმიერი შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი, თუმცა გამოვლენა საკამოდ რთულია. ის ისეთი შენიღბულია ან შეიძლება თამაშის სახეს ატარებს. პედაგოგები სწავლობენ ჩაატარონ კვლევა, დააკვირდნენ მოსწავლეებს.
ასევე, იციან ნიშნები, რითაც ხდება ამ პრობლემის ამოცნობა,“ - გვიხსნის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ სამოქალაქო განათლების საგნის ექსპერტი, ნინო გვარამაძე.

მისივე ინფორმაციით, ჩაერთვებიან თუ არა სხვა საგნის მასწავლებლებიც გადამზადების კურსში ამ ეტაპზე უცნობია, რადგან სამინისტროს, ჯერჯერობით, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ჯერ განხილური არაა სხვა პედაგოგების ჩართვა, თუმცა სამოქალაქო განათლების მასწავლებელების გადამზადება ისევ გრძელდება,“ – ამბობს ნინო გვარამაძე.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მონაცემებით, გასულ წელს გადამზადების კურსი სახელწოდებით „ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კუტურის განვითარების ხელშეწყობა“ საქართველოს მასშტაბით 282-მა პედაგოგმა, წელს კი 352 პედაგოგმა გაიარა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.