გამჭვირვალე თვითმმართველობა
პარტიის შტაბიდან თანამდებობაზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ხელისუფლებაში საკუთარი გუნდით მოვიდა. გუნდით, რომელიც მას არჩევნების მოგებაში დაეხმარა.
ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც გიორგი ჭიღვარიას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, არჩევნების შემდეგ ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნა. მათი ნაწილი კი ტერიტორიული მართვის ორგანოებში, შპს-ებსა და ააიპ დაწესებულებებში დასაქმდა.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად დაინიშნა თეონა გიორგაძე, რომელიც გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო შტაბში პრესასთან ურთიერთობას კურირებდა. შტაბის კიდევ ერთი წარმომადგენელი თეონა მელქაძე კი, საკრებულოს პრესსამსახურის უფროსი გახდა.

საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ბექა ყურაშვილი, გიორგი ჭიღვარიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად დანიშნა. იუზა უგულავა კი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ბოლოს ჩაერთო, მერის მოადგილე გახდა.


იუზა უგულავა ს/ს "იმერში" წინსაარჩევნო შეხვედრაზე

ქალაქის მერის საარჩევნო კამპანიაში ჩართული კიდევ ერთი პირი, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შექმნილ ააიპ-ში დასაქმდა. თეა ჯანგავაძე ააიპ "ქუთგანათების" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელია.

გიორგი ჭიღვარიას მხარდამჭერისთვის გათავისუფლდა ააიპ "ბაგა-ბაღების" ხელმძღვანელის პოსტი, რომელიც არჩევნების შემდეგ ბურჯანაძის პარტიის ყოფილმა წევრმა და ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა, დავით წიტაიშვილმა დაიკავა. წიტაიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავის პარტიას გამოეყო და "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.


დავით წიტაიშვილი წინსაარჩევნო შეხვედრაზე

გიორგი ჭიღვარიას შტაბის წევრი დაინიშნა კიდევ ერთ ააიპში. ააიპ "მადლიერების სახლის" ხელმძღვანელი არჩვენების შემდეგ თამთა ბაკურაძე გახდა, რომელიც მერობის კანდიდატის შეხვედრებს აქტიურად ესწრებოდა.


თამთა ბაკურაძე გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო შტაბში

მერის შტაბის წევრი იყო შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის ახალი ხელმძღვანელი, სოსო კუჭავაც.


სოსო კუჭავა თათბირზე საარჩევნო შტაბში სოსო კუჭავას წარდგენა ააიპის უფროსად

საკუთარი აქტივისტები დაასაქმა გიორგი ჭიღვარიამ მუნიციპალიტეტებშიც. მისი შტაბის ერთ-ერთი აქტიური წევრი, მიხეილ ნავაძე, რომელიც მეორე ტურის წინ მერობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდა, არჩევნების შემდეგ ნიკეას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გახდა.


მიხეილ ნავაძე  საარჩევნო პლაკატებს აკრავს წარდგენა მუნიციპალიტეტის უფროსად


ვაკისუბანში მერის წარმომადგენლად დანიშნა გიორგი ჭიღვარიამ, ასევე, მისი შტაბის წევრი, გიორგი მამასახლისი.

ქუთაისის მერობის კანდიდატს, მოსახლეობასთან შეხვედრებზე აქტიურად დაყვებოდა ყოფილი მერის, შოთა მურღულიას დროს დანიშნული თანამშრომლებიც. მათმა ნაწილმა პოზიცია შეინარჩუნა, ნაწილმა ვერა.

პოსტზე დარჩა მერიის ტარნსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი ცხვედიანი. ჯონი არაბიძე კი, რომელიც გიორგი ჭიღვარიას მოსახლეობასთან შეხვედრებს ხშირად ესწრებოდა, საბინაო სამსახურის უფროსი გახდა. სამაგიეროდ, ქუთაისის მერია დატოვა მისმა წინამორბედმა, ვლადიმერ ნაკაშიძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში.


ვლადიმერ ნაკაშიძე წინასაარჩევნო შეხვედრაზე

მერიის პრესსამსახურში, გარდა მისი ყოფილი ხელმძღვანელისა, ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა პოსტი.

მათ პოზიციებზე კი, ვინც სამსახური ვერ შეინარჩუნა, კონკურსი გამოცხადდა, რომლის შემდეგაც თანამდებობებზე,  ძირითადად,  გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო შტაბის წევრები შეირჩნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია" სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, კოტე კანდელაკი ამბობს, რომ არჩეული ხელისუფლების მიერ პარტიული აქტივისტების დასაქმების მავნე პრაქტიკა გრძელდება, რაც საბოლოო ჯამში ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობას განაპირობებს.

"სამწუხარო პრაქტიკაა საქართველოში, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ახალი გუნდით მოდის ხელისუფლება. ამის მიზეზი კომპლექსურია. მთავარი არის აქტივისტებისთვის მიცემული პირობა, რომ თუ გაიმარჯვებს, დაასაქმებს. მეორე მიზეზიც აქედან გამომდინარეობს. საქართველოში დასაქმების ძირითადი სფერო არის საჯარო სამსახური, ამიტომაც,  მენეჯერები იძულებული არიან სწორედ აქ დაასაქმონ ისინი. კანონი, რა თქმა უნდა, არ უკრძლავს ხელისუფლებას საკუთარი გუნდით მოსვლას, მაგრამ ძირითადი დასაყრდენი უნდა იყოს პროფესიონალი კადრები. ახალ თანამშრომლებს  სჭირდებათ გარკვეული დრო,  რომ გაერკვნენ ვითარებაში. ეს უარყოფითად აისახება ორგანიზაციის მუშაობაზე, იკარგება ინსტიტუციური მეხსიერება და ფერხდება სამუშაო პროცესი", - ამბობს კოტე კანდელაკი.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ახალი კადრების შერჩევა კონკურის გზით ხდება, თუ საკონკურსო კომისია არ არის გამჭვირვალე, მენჯერი კი პროფესიონალი კადრების აყვანით დაინტერესებული, კონკურსი ფორმალობა ხდება. 

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაცია არც მასშტაბური იყო და ის ძირითადად სამსახურების ოპტიმიზაციით შემოიფარგლა. ახალი კადრები კი,  კონკურსის წესით შეირჩნენ, რაც არ გამორიცხავს პოზიციებზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერის დანიშვნას. 

"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ძირეული ცვლილებები არ მომხდარა და არც მასშტაბურ დათხოვნებს ჰქონია ადგილი. ძირითადად,  მოხდა სამსახურების ოპტიმიზაცია. ახალ ვაკანტურ თანამდებობებზე კადრები ყველა წესის დაცვით, კონკურსის გზით შეირჩნენ და არც ერთი პროფესიონალი კადრი არ წასულა მერიიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილი და პროფესიონალი კადრის მოყვანა და შენარჩუნება. თანამშრომლების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები გამოცდილება და პროფესიონალიზმი იყო. ყველაფერი კონკურსის წესით მოხდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ მათ შორის კონკურსის შედეგად შეერჩიათ ისეთი ადამიანი ვინც ჩვენი მხარდამჭერია," - განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად მერიაში 25 შტატი გაუქმდა. სამსახური კი 31-მა ადამიანმა დატოვა. მათგან 26-მა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ თავად დაწერა, 17-ს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.

ქუთაისის მერიაში ახლა 294 ადამიანი მუშაობს.

რეორგანიზაციის ფარგლებში ახალმა ხელისუფლებამ სამსახურების რაოდენობაც შეამცირა. გაუქმდა კულტურის სამსახური და ის განყოფილებად გადაკეთდა,  თუმცა,  ორად გაყო არქტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. არქიტეტქურის სამსახურს, ხელმძღვანელი, რომელიც მერიამ კონკურსის წესით უნდა შეარჩიოს, ამ დრომდე არ ჰყავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.