ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიანი მუშაობა დამოუკიდებელმა
აუდიტმა შეამოწმა.
შპს "ელიტაუდიტმა" წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა 6
მიმართულებით შეისწავლა.
აუდიტორულ კომპანიას ყველაზე მეტი შენიშვნა უცხოური დელეგაციების
მიღება-გამასპინძლებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილში აქვს.
დასკვნის მიხედვით, 2014 წლის 15 ივნისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე,
ქუთაისის საკრებულოს უცხო ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრების ვიზიტები
ჯამში, 53 268 ლარი დაუჯდა. თუმცა, საკრებულოს აპარატი ხშირ
შემთხვევებში ამ მიზნით გაწეულ ხარჯებზე დოკუმენტაციას არ ადგენდა და
უფრო მეტიც, ზოგჯერ იმ სტუმრების ვინაობაც კი არ იყო მითითებული,
ვისაც ქუთაისის საკრებულო ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით
უმასპინძლდებოდა.
აუდიტორულ კომპანიას შენიშვნები, ასევე, აქვს საკრებულოს ავტოპარკთან
მიმართებაში. დასკვნის მიხედვით, მე-5 მოწვევის საკრებულოს ბალანსზე 3
ერთეული ავტომობილი ირიცხებოდა, ხოლო, თანამდებობის პირებსა და
თანამშრომლებს პირად საკუთრებაში 10-ზე მეტი ავტომობილი ჰყავდათ.
თუმცა, საკრებულში საჭიროების მიხედივით არ იყო დარეგულირებული
სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მათზე საწვავის გაცემის ლიმიტი,
სარემონტო და სხვა მოვლა-შენახვის ხარჯები.
აუდიტის მიერ შესწავლილ პერიოდში საკრებულომ 52 დასახელების 83 645,79
ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა. ამასთნავე, როგორც ირკვევა,
მითითებული ლენოვო-ს ფირმის 4 ნოუთბუქის ნაცვლად, კომპანიას ადგილზე
ამავე რაოდენობის, მაგრამ HP -ს ფირმის ნოუთბუქები დახვდა, რომელიც
აპარატმა მერიას გაუცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორულმა
კომპანიამ მიიჩნია, რომ საკრებულო ტექნიკის აღიცხვასა და განკარგვაზე
კონტროლს სათანადოდ არ უზრუნველყოფდა.
"ელიტაუდიტს" შენიშვნები, ასევე, აქვს საკრებულოს აპარატის
თანამშრომლების რაოდენობაზე. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, 2015 წლიდან
2017 წლის ჩათვლით, საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა
იცვლებოდა. კერძოდ, 2015 წელს საკრებულოს 53 თანამშრომელი ყავდა, 2016
წელს მათი რაოდენობა ერთით შემცირდა, ხოლო, 2017-ში კვლავ 53
გახდა.
აუდიტორულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საკრებულოს უნდა შეემუშავებია
ერთიანი საკადრო პოლიტიკა და სწორად განესაზღვრა საჭირო შრომითი
რესურსი.
შპს "ელიტაუდტი" ქუთაისის საკრებულომ ტენდერის გზით შეარჩია და
ამისთვის 2 500 ლარი გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები