ადამიანის უფლებები
ოპერატორების მონური შრომა: ვიდრე ახალგაზრდებს სხვა პერსპექტივა არ აქვთ
FaceBook
ქუთაისში, თითქმის ყოველი მეათე სტუდენტი ქსელური, ან კერძო მარკეტის მოლარე-ოპერატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მოლარე-ოპერატორთან ერთად, დამლაგებელიცაა, დახლებზე პროდუქტების განთავსებაზე პასუხისმგებელიც და არამხოლოდ...

ზეგანაკვეთურ შრომასა და აუნაზღაურებელ საათებთან ერთად, დამსაქმებლები მოლარე-ოპერატორებისგან უპირობოდ ითხოვენ კომუნიკაბელურობასა და ღიმილს, რასაც ასევე უპირობოდ თანხმდებიან დასაქმების სხვა პერსპექტივის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები. თუმცა როგორც სტუდენტები ჰყვებიან, რამდენიმე კვირიანი მუშაობის შემდეგ,ნაკლებად რჩებათ ღიმილის უნარი. 



ქუთაისში არსებულ ქსელურ და კერძო მარკეტებში, ძირითადად, სხვა ქალაქებიდან განათლების მისაღებად ჩამოსული სტუდენტები მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია სალომე.

პროდუქტების მიღება-ჩაბარება, ანგარიშის გასწორება, მაცივრისა და კონტეინერების მოწესრიგება, საწყობიდან სხვადასხვა, მძიმე პროდუქტის ამოტანა, დახლებზე დალაგება, ზოგჯერ იატაკის სველი წესით დასუფთავება, მომხმარებელთან კომუნიკაცია და სალაროსთან საბოლოო ანგარიშის გასწორება ეს სალომეს ვალდებულებების ჩამონათვალია, რასაც დღეში 15 ლარად, თვეში კი 450 ლარად ასრულებს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშში დანაკლისი არ აქვს. ეს უკანასკნელი ზეგანაკვეთურ შრომაზე უფრო მძიმე და უკანონო ტვირთია მოლარე-ოპერატორებისთვის.

,,თუ დანაკლისია, ან მარკეტი გაქურდეს, საკუთარი ხელფასიდან გვანაზღაურებინებენ, მაგალითად, მე როცა დანაკლისი მაქვს საბოლოო ანგარიშში ჩემი ხელფასიდან ვანაზღაურებ.''

სალომეს მსგავსად, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა თამუნასაც, რომელიც ჭიათურიდან ქუთაისში გადმობარგების შემდეგ, ერთ-ერთ კერძო მარკეტში გამყიდველად დასაქმდა. 

,,ჩემი სამუშაო დღე რვა საათიდან იწყებოდა და ღამის 12 საათზე მთავრდებოდა, ანაზღაურებით - 12 ლარი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა პროდუქციის მიღება-დალაგება, გადახარისხება, მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემა, საწყობიდან სხვადასხვა პროდუქტის ამოტანა, რა წონაც არ უნდა ჰქონოდა. ერთი კვირა ვისვენებდი, ერთიც ვმუშაობდი, თუმცა იმდენად მძიმე იყო ეს ერთი კვირა, ნორმალურად გამოძინებაც არ შემეძლო. თვიური შემოსავალი 350-ლარამდე მქონდა. აქედან 200 ლარი ბინის ქირაში უნდა გადამეხადა, 100 კომუნალურებსა და მგზავრობაში, დაახლოებით 50 ლარი მრჩებოდა საკუთარი თავისთვი."

თამუნამ შემოსავლის გაზრდის მიზნით, გამყიდველის პოზიციიდან მოლარის პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა მისი ხელფასი მხოლოდ ორი ლარით გაიზარდა.

,,შედეგი არაფერი იყო, პირიქით, სხვა პრობლემები გაჩნდა, თანხა თუ დააკლდებოდა სალაროს, მე უნდა ამენაზღაურებინა, ნახევარ ხელფასს მარკეტის მეპატრონეს ვუტოვებდი და არაფრის გამო მიწევდა წარმოუდგენლად მძიმე სამუშაოს შესრულება. სამი წელი გავძელი ასეთ ვითარებაში, შედეგ ძიძად დავსაქმდი".


20 წლის ლანაც (სახელი შეცვლილია) კერძო მარკეტის თანამშრომელია, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით, ამჯობინებს ანონიმურად გვესაუბროს.

,,ყველაზე რთულია, როცა უსამართლოდ გაკისრებენ გადასახადს. მარკეტები იაფფასიან პროგრამას ყიდულობენ, რათა ბევრი პროდუქტის გატარება არ დააფიქსირონ და ნაკლები გადაიხადონ. ხანდახან მქონია შემთხვევა 50 პური გამიყიდია და პროგრამაში ხუთი იყო აღნიშნული, არ ვიცი ეს როგორ ხდება, მაგრამ სრული ქაოსია და დანაკლისის ანაზღაურება ჩემი მთავარი პრობლემაა, სულ მინუსში ვარ", - ამბობს ლანა.

უკეთესი სამუშაო პირობები ქუთაისში არც ქსელურ მარკეტებში აქვთ, სადაც დაკისრებულ მოვალეობებს მხოლოდ ექვსი კვირით გაუძლო წყალტუბოელმა მარიამმა.



,,ჩემი მიზანი სწავლისთვის ფულის დაგროვება იყო, როცა მარკეტში გადავწყვიტე დასაქმება, მაგრამ რაც ვნახე იმ მცირე დროის განმავლობაში სრული საგიჟეთი იყო, იქ არავინ გეკითხება კაცი ხარ თუ ქალი, მოლარე-ოპერატორი ხარ, კონსულტანტი ხარ, თუ ვინ ხარ. სარდაფიდან პროდუქცია საკუთარი ხელით ამოგაქვს, 10-15 კილო რომ იყოს, მაინც შენ უნდა ამოიტანო, იმიტომ რომ შენ კონკრეტულად რა პოზიცია გიჭირავს, რა გევალება და რა არ გევალება. ამის მიუხედავად,  თუ სამუშაო გინდა,  უბრალოდ უნდა გააკეთო რასაც დაგავალებენ."

მარიამის თქმით, მთავარი პრობლემა საღამოს ცხრა საათიდან იწყება, როცა სმენაში მხოლოდ ორი ადამიანი რჩება.

,,უზარმაზარ მარკეტში ღამით ორი ადამიანი რჩება, მათ ევალებათ პროდუქციის შემოწმება და შევსება, ასევე მზა საკვებთან დგომა, ხილ-ბოსტნეულის გარჩევა, დილის შვიდ საათზე ახალი პროდუქტის მიღება, რომლის ნაწილიც უნდა მოთავსდეს შესაბამის კონტეინერებში, საბოლოოდ კი მაცივარში, ყველაფერს ასუფთავებ, ანგარიშს ასწორებ და ძველ პროდუქციასაც აბრუნებ".

მარკეტს სადაც მარიამმა ექვსი კვირა იმუშავა, არც დაცვა ჰყავს და არც დამლაგებელი, ამიტომ დამლაგებლის შრომის გაწევაც კონსულტანტებს უწევდათ, თუმცა დამატებითი ანაზღაურების გაცემაზე ხელმძღვანელობას არც უფიქრია.

,,იმის გამო, რომ დაცვა არ გვყავს, თუ ვინმემ რამე მოიპარა და ეს მორიგე მოლარეს გამორჩა, საკუთარი ხელფასით იხდის დანაკლისს. ანუ, გამოდის, რომ დაცვის თანამშრომლის უნარებიც მოგეთხოვება".

სამსახურის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, მარიამმა მენეჯერთან განაცხადა, რომ სამუშაოს გაგრძელებას ვერ შეძლებდა, თუმცა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

,,ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი,სულ დაღლილი ვიყავი, ხელები და მხრები მტკიოდა მძიმე პროდუქტების გადატანის გამო, ბოლოს, ფეხების ტკივილებიც დამეწყო, მაგრამ მენეჯერმა მითხრა, რომ ორი კვირით ადრე გამეფრთხილებინა, ამიტომ იძულებული გავხდი ისევ მემუშავა. ახლა უმუშევარი ვარ, მაგრამ მარკეტში აღარასდროს ვიმუშავებ, ვეცდები უფრო ღირსეული სამუშაო პირობებში მოვხვდე''.

ღირსეული სამუშაო პირობები პირველ რიგში სამუშაო დროის სამართლიან განაწილებას გულისხმობს.



ფსიქოლოგ ნათია ფეიქრიშვილის თქმით, ადამიანის დღიური სამუშაო დრო 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან ფიზიკურ და ფსიქიკურ ენერგიას სჭირდება აღდგენა.

"მაგალითად ავიღოთ, ადამიანი 15 საათის განმავლობაში მუშაობდეს და ასრულებდეს მხოლოდ ერთი ტიპის სამუშაოს - ეს ადამიანისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე. ენერგიას სჭირდება აღდგენა. ადამიანის ორგანიზმი საჭიროებს დასვენებას".

ქსელურ, თუ კერძო მარკეტებში დასაქმებულთა შრომითი პირობები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს შრომით კოდექსთანაც. შრომის კოდექსის მიხედვით, ხელშეკრულება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ისეთ არსებით პირობებს, როგორიცაა, მოქმედების ვადა, მუშაობისა და დასვენების დრო, დასაქმებულის თანამდებობა და სამუშაოს აღწერილობა, შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი, შვებულების ხანგრძლივობა, ურთიერთობის შეწყვეტის წესი.

კოდექსის მიხედვითვე, კვირაში სამუშაო დრო 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს. კანონპროექტით, ადამიანისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. ხოლო სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. ამასთანავე, სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება მინიმუმ 60 წუთი.

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ისა. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულებისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.




აღნიშნული სტანდარტების დაწესების მიზანს სწორედ დასაქმებულთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. ამ ფორმით ხდება ბალანსის დადგენა, რათა ხელშეკრულების ძლიერი მხარის – დამსაქმებლის მხრიდან არ მოხდეს დასაქმებულის შრომის ბოროტად გამოყენება, რომლისთვისაც ხელფასის სახით მიღებული სარგებელი შესაძლოა შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდეს.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ დამსაქმებელი უმეტესად ხარჯების დაზოგვის მიზნით ავალებს ერთ ადამიანს ორი, ან მეტი ადამიანის საქმეს.

,,ერთ მოლარეს შეიძლება დაავალონ ძალიან ბევრი რამ. ტვირთების ზიდვა, დალაგება, პროდუქციის გადახარისხება და ყველაფერი ის, რაც სინამდვილეში საჭიროებს რამდენიმე კადრის დამატებას. გვაქვს ისეთი შემთხვევები,როცა ადამიანების უსაფრთხოებას უკავშირდება, 20 კილოიანი ტვირთის ზიდვა არ უნდა დაავალო მოლარე-ოპერატორს, გარდა იმისა, რომ არ ევალება, მისი ფიზიკური მონაცემები არ პასუხობს ამხელა დატვირთვას და აყენებს ზიანს მის ფიზიკურ ჯანმრთელობას. ეს ხდება იმიტომ, რომ დამსაქმებელმა დაზოგოს ხარჯები და გაზარდოს მოგება კადრების შემცირების ხარჯზე''.


მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შრომითი კოდექსი მოწესრიგდა, რაც იმაში გამოიხატება რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულება ფორმდება.

,,ხელშეკრულების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია უფლების დაცვის კუთხით. ზეპირი ხელშეკრულების პირობებში იმაზე დავა თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები, არის ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელი. გარდა ამისა, უვადო ხელშეკრულება არის საუკეთესო საშუალება, რომ დასაქმებულმა სტაბილურად იგრძნოს თავი იქ, სადაც მუშაობს''.

სფეროს სპეციალისტის თქმით, მიუხედავად ცვლილებებისა, კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულება არ ხდება. მისი აზრით ერთადერთი გამოსავალი წერილობითი ხელშეკრულების შედგენაა.




ცნება – შრომითი კოდექსი ჯერ კიდევ გაუთვალისწინებელი რჩება ბევრი დამსაქმებლისთვის. ეს კი მინიმუმ იქამდე, ვიდრე ყველა დასაქმებული წერილობით შეთანხმებას არ გააფორმებს და მხარეები სამუშაოს შესრულების დროს კოდექსით არ იხელმძღვანელებენ. ამიტომაც, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვა და შრომითი კანონდარღვევის თავიდან აცილება, კვლავ დამსაქმებლების ნებაზეა დამოკიდებული. ანდა, შრომით ინსპექციაზე, რომელიც დამსაქმებლებს არ მისცემს უფლებას ახალგაზრდები მონურ შრომაში ჩააბან და თან ღიმილი აიძულონ.

სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს”

This   article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organisation «For Rights and Education» and do not necessarily reflect the views of the European Union.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს,
ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.
16:30 / 28.10.2021

იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.

მიწოდების სერვისი საქართველოში
ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი და გაუმართავი სფეროა, სადაც
სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან
მათი უფლებების დარღვევას, იქნება ეს ფუნქცია-მოვალეობები, სამუშაო
გრაფიკი, ანაზღაურება, თუ შრომის კოდექსით გარანტირებული სხვა
უფლებები.
10:52 / 25.10.2021
მიწოდების სერვისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი და გაუმართავი სფეროა, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან მათი უფლებების დარღვევას, იქნება ეს ფუნქცია-მოვალეობები, სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება, თუ შრომის კოდექსით გარანტირებული სხვა უფლებები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.