ადამიანის უფლებები
რა ღირს მოლარე-კონსულტანტის შრომა საქართველოში
FaceBook
მიწოდების სერვისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი და გაუმართავი სფეროა, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან მათი უფლებების დარღვევას, იქნება ეს ფუნქცია-მოვალეობები, სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება, თუ შრომის კოდექსით გარანტირებული სხვა უფლებები.

ამ სფეროში ყველაზე "დაჩაგრულს" საკუთარ თავს მოლარე-კონსულტანტები უწოდებენ, რადგან გარემო, სადაც მათ მუშაობა უწევთ, მძიმე და ხშირად ღირსების შემლახველია.

კონსულტანტებისთვის ხშირად არც ხელშეკრულებაა იმის გარანტია, რომ წინასწარ შეთანხმებული პირობებით იმუშავებენ, რადგან კონკრეტულ სამუშაო პირობებზე შეთანხმების მიუხედავად, სულ სხვა რეალობაში ხვდებიან. მათ ისეთი მოვალეობების შესრულება უწევთ, რაზეც არც ხელშეკრულებაში წერია და არც დამსაქმებელს უხსენებია ზეპირ საუბარში.

პროფესიული კავშირებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და სახელმწიფო უწყებებიც, შრომითი უფლებების დარღვევას ყველაზე ხშირად სწორედ აქ ხვდებიან.

გამოდის, რომ საქართველოში ღირსეული სამუშაო პირობის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ქვეყანაში მოქმედი ახალი შრომის კოდექსი და შრომის ინსპექცია.


ერთი ხელფასი და არაერთი ვალდებულება

მაია ბიბიჩაძე მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე 9 თვე მუშაობდა. სამუშაოს დაწყების წინ მას განუმარტეს, რომ მუშაობა მოუწევდა სალაროსთან და ასევე იქნებოდა კონსულტანტის პოზიციაზეც. ერთდროულად ორი ფუნქციის შესრულებისთვის მინიმალური ანაზღაურების მიუხედავად, დამსაქმებელს მაინც დათანხმდა, რადგან სამსახური ძალიან სჭირდებოდა, თუმცა, პირველივე დღეს მიხვდა, რომ ხელშეკრულებით გაწერილი პირობები რეალობისგან შორს იყო.

სინამდვილეში, მაიას თვეების განმავლობაში ათამდე ფუნქციის შესრულება უწევდა. მის მოვალეობაში შედიოდა არამხოლოდ სალაროსთან მუშაობა, არამედ პროდუქციის მიღება, მათი საწყობამდე მიტანა, დახარისხება, თაროების შემოწმება, პროდუქციის თაროებზე განაწილება, სარგებლიანობის ვადის კონტროლი და მარკეტის დასუფთავება. ყველა ამ ვალდებულებას მაია დამატებითი ანაზღაურების გარეშე ასრულებდა.

ორი მცირეწლოვანი შვილის დედას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
როცა დამსაქმებელი არაკეთილსინდისიერია, მას დასაქმებულის უფლებების დაცვას კანონი უნდა ავალდებულებდეს, რომელიც ჯერ ისევ პრობლემურია. სპეციალისტების შეფასებით, ახალი შრომის კოდექსში ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სრულფასოვანი.

"კანონში მოწესრიგდა ხელშეკრულებების საკითხი, ერთი თვის შემდეგ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წერილობითი ხელშეკრულება მინიმუმ ერთწლიანი ვადით, 30 თვის შემდეგ კი უნდა ჰქონდეთ უვადო ხელშეკრულება. ეს დასაქმებულს უქმნის სტაბილურობის განცდას. გარდა ამისა, კანონმა მოაწესრიგა დასვენების, შესვენების, ზეგანაკვეთური შრომის საკითხები. სერვისის სექტორში დასაქმებული ადამიანები პრაქტიკულად შესვენებით ვერ სარგებლობენ, კანონმა დაადგინა, რომ ერთი საათი მაინც უნდა შეისვენონ, კვირაში 24 საათი უნდა დაისვენონ, ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს უკეთესი ტარიფით, თუ ავად ხდება ადამიანი, ეს დღეები უნდა აუნაზღაურდეს. დღევანდელი რეგულაციებით, იმიტომ, რომ ვიღაც არ მოგწონს, არ შეიძლება დაუსაბუთებლად შეუწყვიტო ხელშეკრულება," - ამბობს "პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე" თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.

მისი თქმით, კოდექსში ცვლილებების შეტანის დროს კანონმდებლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არ გაითვალისწინეს, რაც კვლავ პრობლემად რჩება.

"ჯერ კიდევ პრობლემურია მინიმალური ანაზღაურების საკითხი. ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს თანხა ყოფილიყო საშუალო ხელფასის 30%, რაც 400 ლარამდე გამოდიოდა, მაგრამ ამის გათვალისწინება არ მოხდა. მოუგვარებელია მინიმალური ხელფასის თემა, დეკრეტული შვებულების დაფინანსება და დღიური სამუშაო საათების რაოდენობა", - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

რა უნდა იცოდეთ ვიდრე სამსახურში აგიყვანენ?

სამსახურში აყვანამდე დამსაქმებელმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, რომელთა შესრულებაც მოგიწევთ. თქვენ, წინასწარ, ასევე უნდა იცოდეთ სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები, შესვენების დრო და ხანგრძლივობა, შვებულების ხანგრძლივობა, გაცდენილი საათების ანაზღაურების საკითხი, დაზღვევის პირობები და დეკრეტული შვებულება. რაც მთავარია, არ უნდა დათანხმდეთ სამუშაო პირობებზე ზეპირ შეთანხმებას და უნდა მოითხოვოთ წერილობითი ხელშეკრულება, რასაც დამსაქმებელს ახლა უკვე კანონი ავალდებულებს.

არის თუ არა ხელშეკრულება თქვენი ღირსეული სამუშაო პირობების გარანტია?

ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ იწყება მთავარი ეტაპი - მისი აღსრულება, რაც სპეციალისტების შეფასებით, სხვაგვარად ხდება პრაქტიკაში და არა ისე, როგორც ამას დამსაქმებელი დოკუმენტში გაწერს.

მთავარი "ხრიკი", რასაც დამსაქმებელი იყენებს და რაც მთავარია, მას ამის უფლებას კანონი აძლევს, არის ჩანაწერი დამატებითი ვალდებულებების შესახებ. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ეს, ერთი შეხედვით ბუნდოვანი პუნქტი, შესაძლოა გახდეს დასაქმებულისთვის სხვადასხვა მოვალეობის დაკისრების საფუძველი.

"ასეთი ჩანაწერი ხელშეკრულებებში არის როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში და ეს ფართო უფლებამოსილებას აძლევს დამსაქმებელს. მართალია ხელშეკრულება არის ორი მხარის შეთანხმება, მაგრამ შრომის კოდექსი, ძირითად პირობებს, თუ რა უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში, არეგულირებს. შესაბამისად, თუ ასეთი პუნქტი გამოიყენება ბოროტად და დასაქმებულს სისტემატურად უწევს სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას, ეს ცალსახად ჩაითვლება დარღვევად. სასურველია, რომ ასეთი ჩანაწერი საერთოდ არ იყოს. ეს არის კანონის ხარვეზი", - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანალიტიკოსი, ნინო ცუხიშვილი.

ბუნდოვანი ჩანაწერისგან, რომელიც სინამდვილეში დამსაქმებლის სარგებელზეა გათვლილი, დასაქმებულს კანონი ვერ იცავს. ასეთი პუნქტის ხელშეკრულებაში გაწერას შრომის კოდექსი არ კრძალავს. შესაბამისად, დასაქმებული კვლავ დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რაც ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს.

სწორედ იმიტომ, რომ ხელშეკრულების პირობები ხშირად ირღვევა, შეიქმნა შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ადგილზე მონიტორინგი ევალება. მათ შორის დაუგეგმავი და წინასწარი შეთანხმების გარეშე. დასაქმებულს, მის სამსახურში პირობების შემოწმების მოთხოვნა, ანონიმურადაც შეუძლია.

საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის კიდევ ერთი გზა არის სასამართლო, რომელსაც მაშინ მიმართავთ, თუ დამსაქმებელმა ხელშეკრულებით გაწერილი პირობები არ შეასრულა.

რას აკეთებს შრომის ინსპექცია?

შრომის ინსპექციის სამსახური ინსპექტირებას ახორციელებს საკუთარი ინიციატივით, ან საჩივრისა და დარღვევის შესახებ შეტყობინების საფუძველზე.

შრომის ინსპექტორს უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე, საკუთარი ინიციატივით, ასევე, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე. შეუძლია მოითხოვოს სამუშაო სივრცის დათვალიერება და მოახდინოს მათი ფოტო და ვიდეოგადაღება. ასევე, უფლებამოსილია დალუქოს ნებისმიერი ნივთი, ნივთიერება, დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა დარღვევასთან კავშირში იყოს. შრომის ინსპექტორს სრული უფლება აქვს გამოკითხოს სამუშაო ადგილზე მყოფი ნებისმიერი პირი.

ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, ინსპექტორი ადგენს აქვს თუ არა ადგილი სამართალდარღვევას.

შრომითი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას "ორგანული კანონი" და "შრომის კოდექსი" არეგულირებს. თუ ინსპექტორი სამუშაო ადგილზე დარღვევას დააფიქსირებს, ობიექტის მეპატრონე შეიძლება გააფრთხილოს ან დააჯარიმოს. შესაძლებელია ობიექტის დახურვაც. რეაგირების სახე დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე.

ძირითადად, რა ტიპის დარღვევებს ხვდებიან ინსპექტორები სამუშაო ადგილებზე, როგორია შემოწმებული და დაჯარიმებული ობიექტების სტატისტიკა და რა კეთდება დასაქმებულის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისთვის, ამ საკითხებზე შრომის ინსპექციამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, თანამშრომლობაზე უარი გვითხრა.

რა ხდება სასამართლოში?

სასამართლო ის გზაა, რომელსაც ყველაზე იშვიათად მიმართავენ დასაქმებულები. სპეციალისტების შეფასებით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ეს არის დაბალი ნდობა და საქმის განხილვის გაჭიანურება. მთავარი შემაფერხებელი კი, რის გამოც დასაქმებულები სამართლებრივ დავაზე უარს ამბობენ, დასაქმებულის სასარგებლოდ გადაწყვეტილი საქმეების ცუდი პრაქტიკაა.

"მაგალითად, დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა არის სისხლის სამართლებრივი დავის საგანი, თუმცა, ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, ვინც ამის გამო დაისაჯა", - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

შესაბამისია სასამართლოსთვის მიმართვიანობის პრაქტიკაც. შრომითი უფლებების დარღვევის გამო, წლიურად, საშუალოდ, 1200 სარჩელი იწერება. ეს ციფრი ორჯერ აჭარბებს 2013 წლამდე არსებულ მონაცემებს, თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალობა გაცილებით მძიმეა და დასაქმებულთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

გამოსავალი ?

ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ ღირსეული სამუშაო გარემო წლებია ვერ შექმნა, დასაქმებულები ისევ საკუთარი თავის იმედზე არიან. სპეციალისტები საუბრობენ კოლექტიური ბრძოლის უპირატესობაზე, რისი მიღწევაც სამუშაო ადგილებზე პროფესიული კავშირების შექმნით არის შესაძლებელი. მათი თქმით, ეს უზრუნველყოფს დასაქმებულების გაძლიერებას, მეტ ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ და მზაობას უფრო გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად, რაც საბოლოო ჯამში უკეთესი სამუშაო გარემოს გარანტად უნდა იქცეს.

თავის მხრივ კი, სახელმწიფომ, რომელსაც ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და რაც მთავარია ბერკეტები აქვს, კანონმდებლობის გაუმჯობესებითა და მისი ეფექტური აღსრულების გზით უნდა უზურნველყოს მისი მოქალაქეების ღირსეული დასაქმება.


სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისთვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს"

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organisation «For Rights and Education» and do not necessarily reflect the views of the European Union


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს,
ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.
16:30 / 28.10.2021

იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.

ქუთაისში, თითქმის ყოველი მეათე სტუდენტი ქსელური, ან კერძო
მარკეტის მოლარე-ოპერატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი
მოლარე-ოპერატორთან ერთად, დამლაგებელიცაა, დახლებზე პროდუქტების
განთავსებაზე პასუხისმგებელიც და არამხოლოდ...
14:13 / 26.10.2021
ქუთაისში, თითქმის ყოველი მეათე სტუდენტი ქსელური, ან კერძო მარკეტის მოლარე-ოპერატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მოლარე-ოპერატორთან ერთად, დამლაგებელიცაა, დახლებზე პროდუქტების განთავსებაზე პასუხისმგებელიც და არამხოლოდ...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.