“დედამიწელების გაკვეთილები” - ვინ ხედავს და ვინ ვერ ხედავს პანდემიის გავლენას გარემოზე
14:21 / 26.07.2021
ადრე ხეებზე, საახალწლო სათამაშოებივით, პოლიეთილენის პარკები
ეკიდა. ახლაც კიდია, მაგრამ უკვე სამედიცინო ნიღბებთან ერთად. ნიღბები
ყრია ქუჩაში ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ. არადა, კორონავირუსის
გავრცელების პირველი თვეებში ეკოლოგები ბუნებაზე პანდემიის დადებით
გავლენაზე ალაპარაკდნენ.
იზოლაციას, გადაადგილების უფლების შეზღუდვას, საზღვრების
ჩაკეტვას დადებითი შედეგი მართლაც მოჰყვა, მაგრამ სამედიცინო
ნარჩენების მკვეთრმა ზრდამ, და თუნდაც წყლის მოხმარებაზე გაზრდილმა
მოთხოვნამ, ბევრი უარყოფითიც მოიტანა. ამას ემატება დანაგვიანებული
გარემო - ის, რისი მართვაც ადამიანებს მარტივად შეუძლიათ, მაგრამ არ
აკეთებენ, ან ამის მნიშვნელობა არ ესმით.
ქუთაისში, გელათის ქუჩის აღმართიან გზაზე გადმომდგარ ერთ პატარა
სახლში ბუნების სიყვარული მიგიყვანთ. მწვანე ღობის მიღმა ფერადი
წარწერა დაგხვდებათ, – ,,დედამიწელების გაკვეთილები".
,,დედამიწელების გაკვეთილები''
ღობის მიღმა სხვა სამყაროა, თან მწვანე და თან ფერადი. იქ თითქოს,
ცალკე პატარა დედამიწა ტრიალებს.
,,მე ვეტრფი ბუნებას და ეს განწყობა ყველას მინდა გადავდო.
სადაც არ უნდა ვიყო მომავალში, ეს საქმე ყველგან გაშლის ფრთებს. სადაც
ჩვენ ვიქნებით, იქნება ,,დედამიწელების გაკვეთილები", -
ქუთაისელმა ფლორისტმა სალომე ასათიანმა, პანდემიის დროს, საკუთარი
სახლის ეზოში ორანჟერია მოაწყო. ცემენტისგან ქოთნები დაამზადა,
კენჭები, საღებავები და ნერგები მოიმარაგა. სამყაროს უკეთ შეცნობის,
თავისუფლების, მშვიდობის, ბუნების სიყვარულის გაღვივევბის იდეით ბოლოს
ბავშვები შემოიკრიბა.
"დედამიწელების გაკვეთილების" დაარსებაზე მე და ჩემი მეუღლე
პანდემიამდეც ვფიქრობდით, თუმცა საჭირო დრო და ფინანსები ვერ
გამოვძებნეთ. იზოლაციის პირობებში ბევრი დრო გვქონდა ფიქრისთვის
რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა ვასწავლოთ
ბავშვებს".
სალომემ ,,დედამიწელების გაკვეთლების" დაარსების შესახებ სოციალურ
ქსელში დაწერა და მოსწავლეების პირველი ჯგუფიც ასე
შეიკრიბა.
სალომე ასათიანი მოსწავლესთან
ერთად
პატარები სალომესთან სამი წლის ასაკიდან სწავლობენ, როგორ
გაუფრთხილდნენ გარემოს, რას ნიშნავს ეკო–სისტემა, რა როლს ასრულებს
სამყაროში ხეები და მცენარეები, რა მოხდება, თუ ადამიანები ნაგავს
პირდაპირ ქუჩაში დაყრიან და სხვა.
,,მგონი ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩავიფიქრე, როცა
ბაბუაწვერას სული შევუბერე და ატმოსფეროში გავფანტე ფარატინა,
ჰაეროვანი სურვილები. მე მართლა არაფრისგან შევქმენი ჩემი სამყარო და
ვუთმობ ამ სამყაროს სხვებს, ვუღებ კარს ყველას... რომ პატარებმა
დაინახონ - ოცნებები ხდება".
ახდენილი ოცნება და პატარა დედამიწელთა გაკვეთილი ასეთია: ბავშვები
რომელიმე კონკრეტულ მცენარეზე ჯერ ინფორმაციას ისმენენ, შემდეგ მის
გადარგვას, მოვლის წესებს სწავლობენ. თავად ამზადებენ ცემენტისგან
ქოთნებს, რომლებსაც ფერადი საღებავებით, საკუთარი ფანტაზიით
ალამაზებენ და სახლში თავიანთი ნამუშევრებით ხელდამშვენებულები
ბრუნდებიან.
,,სამი რამ მინდა გამოვიდე, ექიმი, ყვავილების დამრგველი და
მხატვარი", - ამბობს შვიდი წლის ანასტასია. ის ფიქრობს, რომ
ყველაზე კარგი გავეთილები სალომეს სახლში
ტარდება.
,,დედამიწელების გაკვეთილებმა", ორ თვეში, 150 მოსწავლე
"ჩაითრია"..
,,გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება. გადასახდელი თანხა
სმბოლურია ათი ლარი. მომდევნო წლიდან ვაპირებთ აუტისტური სპექტრის
მქონე ბავშვების მიღებას და ამისთვის სპეციალურ ტრენინგს გავდივართ.
ასევე დაგეგმილი გვაქვს გამოფენა, სადაც ბავშვები თავიანთ გაკეთებულ
ქოთნებში გაზრდილ მცენარეებს გააცნობენ სხვა
ბავშვებს".
სალომეს მიაჩნია, რომ თუ ბუნებას ბაღებსა და სკოლებშიც უფრო აქტიურად,
უფრო სახალისოდ შეასწავლიან, საქართველოში, ათ წელიწადში გარემოს
აღარავინ დააბინძურებს.
როგორ ისწავლება ბუნება
სკოლაში სკოლაში ბუნების
სწავლება პირველი კლასიდან იწყება და მეოთხე კლასამდე გრძელდება.
მაწავლებლები ბავშვებს საგანს მხოლოდ სახემძღვანელოზე დაყრდნობით
აცნობენ. მშობლების აზრით ეს არაეფექტურია.
,,მახსენდება ჩემი ბუნების გაკვეთილები, რომელიც თავის დროზე,
მხოლოდ ცხრილში გვეწერა და უმეტესად ცდებოდა. ახლა ეს გაკვეთილები
ტარდება მაინც, სახელმძღვანელოც ახალია, ილუსტრირებულია, თუმცა
არაეფექტური, რადგან მოსაწყენია ბავშვისთვის მცენარეთა სამყაროს
მხოლოდ წიგნში ცქერა", – ამბობს მეორეკლასელი თემო
კვირკველიას დედა, თამუნა ლორთქიფანიძე.
მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწავლების მხოლოდ თეორიული მეთოდი
არასაკმარისია. ბავშვებს საგნის შემეცნებისთვის ბუნებასთან შეხება
სჭირდებათ.
,,პირველკლასელს თეორულად ახსნილ ბუნების გაკვეთილზე მეტად
პრაქტიკა სჭირდება, ბუნებასთან სიახლოვე, მიწასთან შეხება. პრაქტიკის
შემდეგ გააზრებულად აკეთებს უკვე ყველაფერს, წანაკითხი კი მხოლოდ ერთი
გაკვეთილისთვისაა და მალე ივიწყებს. ამიტომ, ბუნების გაკვეთილი
ბუნებაში უნდა ტარდებოდეს და არა ოთახში", - ამბობს
პირველკლასელი ნინის დედა თამარ კობეშავიძე.
თავად პედაგოგები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს მიერ
დამტკიცებულ პროგრამასა და მეთოდოლოგიას მიჰყვებიან.
,,რა თქმა უნდა, ბუნებას ვასწავლით იმ სახელმძღვანელოთი,
რომელიც განათლების სამინისტრომ დაამტკიცა. ვერ ვიტყვი, რომ
ბავშვებისთის უინტერესოა, თუმცა, ალბათ, არის ლოგიკა იმაში, რომ
შესაძლოა, პრაქტიკული გაკვეთილები უფრო საინტერესო აღმოჩნდეს
მათთვის", – ამბობს პედაგოგი თინა კალანდია.
ამის პარალელურად, არიან პედაგოგები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით
ცდილობენ ბუნების გაკვეთილები ბავშვებისთვის უფრო საინტერესო გახადონ.
ასეთია ბუნების მასწავლებელი მაკა გაბრიჭიძე ტყიბულიდან.
,,ყველა გაკვეთილზე ვცდილობდი თამაშ-თამაშით შემეყვარებინა
ბავშვებისთვის ბუნება. ვაბარებ, წამოიღონ მცენარე, რომელიც უყვართ.
ზოგს პატარა ქოთანი მოაქვს, ზოგს მცენარე, ზოგიერთს სულაც ფერადი
ფურცლები. ხან ვრგავთ, ხან მორწყვის პროცესს ვაჩვენებ. ასეთი მხიარული
გაკვეთილები მოსწავლეებს ძალიან უყვართ და იმახსოვრებენ. წიგნში
ყველაფერი კარგადაა გადმოცემული, მაგრამ ამ ასაკში ბავშვს პრაქტიკული
სწავლება უფრო სჭირდება'', – ამბობს მაკა გაბრიჭიძე.
აპირებს, თუ არა ბუნების გაკვეთილის სწავლების მეთოდის შეცვლას
განათლების სამინისტრო, ამ კითხვაზე უწყებაში გვპასუხობენ, რომ საგნის
პრაქტიკულ კურსზე ჯერჯერობით არ უფიქრიათ.
კორონავირუსის გავლენა
გარემოზე
ვიდრე სკოლაში ბავშვებს ბუნებას, მათ საარსებო გარემოს სათანადოდ ვერ
აყვარებენ კორონავირუსთან დაკავშირებული ნარჩენები დედამიწის
დაბინძურების ახალ ფორმად იქცა. კარანტინმა, იზოლაციამ და სოციალურმა
დისტანცირებამ მიგვიყვანა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის
ზრდამდე (25%) და სამედიცინო ნარჩენების მატებამდე (20-ჯერ)
სამედიცინო დაწესებულებებში.
,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" იმერეთის
კოორდინატორი თემურ კეპულაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსმა
გარკვეულწილად ეკო-სისტემაზეც იმოქმედა.
,,მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არის კორონავირუსსა და ბუნებას
შორის, რომ ვთქვათ წიაღისეულზე იმოქმედა-თქო, მაგრამ სწორედ პანდემიის
დროს გამოყენებული პირბადეები არის ხეებზე, ქუჩებში. სამწუხაროდ
მრავლადაა ასეთი ფაქტი. ზოგს ჰგონია, რომ ეს არ მოქმედებს ბუნებაზე,
არადა, სწორედ ასე ვანადგურებთ ბუნებას", - გიორგი კეპულაძე ის
მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკო-კულტურის დაბალი ნიშნულია. მომავალ
თაობებში ცნობიერების ამაღლებისთვის, დედამიწის გაფრთხილების
მნიშვნელობის გააზრებისთვის, განათლების სამინისტროსა და სახელმწიფოს
მეტი ჩართულობაა საჭირო.
BDO საქართველოს (აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია)
ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან, კოვიდ-19-ის ვირუსის
გასანადგურებლად დიდი რაოდენობით სადეზინფექციო საშუალება გამოიყენეს
გზებზე, კომერციულ და საცხოვრებელ რაიონებში. . ამ სადეზინფექციო
საშუალებებს გარემოსთვის საჭირო ბევრი ცოცხალი ორგანიზმის
განადგურებაც შეუძლია, რაც ეკოლოგიურ ბალანსს არღვევს. სადეზინფექციო
და ანტისეპტიკური საშუალებების დიდი ნაწილი, როგორიც არის ხელის
საპონი მაღალი პროცენტულობით, შეიცავს ჰორმონ ტრიკლოზანს (თშჩ). ეს
ნივთიერება მზის სხივის ზემოქმედებით დიოქსინად გადაიქცევა და შემდეგ
ჩვენს წყლის სისტემებში ხვდება და აბინძურებს მას.
პანდემიის გავლენას გარემოზე საქართველოს ეკონომიკის ინსტიტუტმა
სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. მეცნიერები და ეკოლოგები აღნიშნავენ,
რომ უახლოეს მომავალში, ეკოლოგიური პრობლემები ძირითადი მიმართულება
გახდება.
,,ეკოლოგებისათვის "ეპიდემიების ეფექტი" უძველესი დროიდანაა
ცნობილი. მაგალითად, VI საუკუნის დასაწყისში ბიზანტიაში, ეთიოპიაში,
ეგვიპტეში "იუსტინიური ჭირი" გავრცელებულა, რასაც 125 მლნ ადამიანის
სიცოცხლე წაუღია, მაგრამ დადებითი შედეგიც მოუტანია ფლორასა და
ფაუნისთვის: ტყეების მასობრივი გაჩეხვა შეჩერებულა, გაჩეხილი
მასივების აღდგენაც დაწყებულა და ამას არა მარტო ფლორა, არამედ
უამრავი ჯიშის ცხოველიც გადაურჩენია. მსგავსი ეფექტი დღესაც
შეიმჩნევა: დიდ ქალაქებში ისეთი ჯიშის ფრინველები დაბრუნდნენ, რაც
დიდი ხანია არავის შეუმჩნევია. ასევე შესამჩნევია ჰაერის დაბინძურების
საოცარი კლება. როგორც კი ჩოვიდ-19 ჩინეთის საზღვრებს გასცდა და მთელ
მსოფლიოს მოედო, ავიამიმოსვლები ქვეყნებს შორის შემცირდა და შემდეგ
აიკრძალა, რის გამოც, 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში,
ავიამგზავრების რაოდენობა 67 მილიონით შემცირდა წინა წლის იმავე
პერიოდთან შედარებით", –
ნათქვამია სამეცნიერო ნაშრომში.
პანდემიის დადებით ეფექტთან ერთად, მკვლევარები ნეგატიურ გავლენაზეც
საუბრობენ. მათი აზრით, შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ვირუსი, რომელმაც
ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მილიონობით კარანტინში გამოკეტა,
დროებით, მაგრამ გაასუფთავა ჰაერი, მნიშვნელოვნად შეცვლის
კლიმატს.
"ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პანდემია, აუმჯობესებს რა
ეკოლოგიურ სიტუაციას დღეს, პროვოცირებას გაუკეთებს მის სერიოზულ
გაუარესებას პერსპექტივაში. მაგ., პანდემიას უკავშირდება კიდევ ერთი
პრობლემა: მხოლოდ ერთჯერადი პირბადეების, ხელთათმანების,
ხელსაწმენდების გამოყენება. მათი მრავალჯერადი გამოყენება ზრდის
დაავადების გავრცელების რისკს. ამის გამო გროვდება მათი უზარმაზარი
მასა. თანაც ცნობილია, რომ სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება
აკრძალულია. ისინი სპეციალური წესით ნადგურდება. ამ პერიოდში მთელ
მსოფლიოში სწორედ სამედიცინო ნარჩენები გაიზარდა უამრავჯერ.
მაგალითად, "პოპულარულ" უჰანში ეს ნარჩენები ზოგჯერ დღეში 200 ტონა
იყო".
ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ეკოსისტემას თვითაღდგენა შეუძლია. ამაში
ადამიანი თუ არ დაეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს. ამ
მიმართულებით კერძო კომპანიებს შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი სტრატეგია
და წესები, ხელისუფლებას კი კანონები.
"როგორც პანდემიის, ასევე პოსტპანდემიის პერიოდში
განსაკუთრებით აქტიურდება სახელმწიფოს როლი და ამიტომ ისეთი გლობალური
ხასიათის პრობლემების გადაჭრა, როგორიც ეკოლოგიურია, სწორედ
სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრეროგატივა ხდება. თუკი მათ მოახერხეს
ასე სწრაფად მოეხდინათ რეაგირება ვირუსზე, მაშინ შესაძლებელი ყოფილა
პრიორიტეტების შეცვლა და წინა პლანზე ბუნების მოფრთხილების წესების
წამოწევა, კლიმატის ცვლილებებზეც ოპერატიული რეაგირება" - ნათქვამია
კვლევაში
ქართველი თუ უცხოელი მეცნიერების მიერ დანახულ ეკოლოგიურ პრობლემებს,
ვერ ამჩნევენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის
სამინისტროს პრესსამსახურში. უწყებაში ,,ქუთაისიპოსტს" განუმარტეს,
რომ ,,კორონავირუსს ეკოლოგიური პრობლემები არ გამოუწვევია არც სხვა
ქვეყანაში და არც საქართველოში. პანდემიას ბმა არ აქვს ეკოლოგიურ
პრობლემებთან, არანაირ კავშირში არ არის''.
სალომეს ეზოში ბუნების სიყვარულის გაკვეთილები ახლაც მიმდინარეობს.
ერთი, რაშიც ის დარწმუნებულია, სულ მცირე 150 ბავშვი არასდროს არაფერს
გადაყრის ქუჩაში, არ მოჭრის ხეს, არ მოკლავს ცხოველს. სალომე ცდილობს
პატარებს დაანახოს, რომ თითოეულ მათგანსა და ბუნებას შორის პირდაპირი
ბმაა და რომ დედამიწელებმა დედამიწის გაკვეთილები თუ არ შევიმეცნეთ,
პანდემიის გარეშეც გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებთ ჩვენივე
"სახლს".
"ბავშვებს ზუსტად პატარა ასაკიდან უნდა ჰქონდეთ ბუნების
სიყვარული ჩანერგილი, უფრო ახლოს იყვნენ ბუნებასთან. დარწმუნებული
ვარ, ჩემი მოსწავლეები მომავალში ბაღებს გააშენებენ და ბუნების
საუკეთესო მცველები იქნებიან".
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები