მულტიმედია
სიჩუმის სოფელი, რომელიც ყველას გამოეცალა
FaceBook
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.


სოფლის დაცლის მთავარი მიზეზი სიღარიბეა. მიწა გლეხს ვერ აძლევს საკმარის სარჩოს, ისიც ტოვებს მამა-პაპისეულ სახლს და საშველს სხვაგან ეძებს. სოფლად მცხოვრები ადამიანების პრობლემებს სპეციალისტები მთავრობების არასწორ პოლიტიკაში ხედავენ, რაც მათ პოპულისტურ ნაბიჯებსა და თანამედროვე ტენდენციების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. ეს მიდგომა წლებია გრძელდება. სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში სულ უფრო იკლებს და შესაბამისად სოფელს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს.
XXX
როდესაც სოფელ ღვედში შეხვალ სიჩუმე გეგებება. შემდეგ შორიდან შეიძლება მოვიდეს ძაღლის ყეფის, ან მამლის ყივილის ხმა. ეს ხმები კიდევ უფრო მძაფრად შეგაგრძნობინებენ ჩამოწოლილი სიჩუმის აუტანლობას. სოფელში პატარა გაფაჩუნებაც ექოსავით ისმის, ისე როგორც ცარიელ ოთახში.

უფანჯრო სახლები, ხავსიანი კიბეები, ბალახით დაფარული ეზოები პატრონებს აღარ ელოდებიან. აქ ადამიანების სახეები დავიწყებას მიეცა. გაწყდა ძაფი სახლსა და პატრონს შორის.
ოთხმოცამდე ოჯახიდან, ოცი ადამიანიღაა დარჩენილი, ამ ოციდან ნაწილი ქალაქში ცხოვრობს და თვეში რამდენიმე დღით სტუმრობს სოფელს.

"ერთი კვირის განმავლობაში რომ ვერ მიაკითხავ ოჯახს, ნასახლარივით არის და მთელი წელი რომ ვერ ჩამოხვალ სოფელში, რანაირად იქნება ეზო-კარი?!"- ამბობს სოფლის მკვიდრი მერაბ ბობოხიძე.
უკვე წლებია სახლებს აღარ უბრუნდებიან ღვედელები. მიტოვებული და დაობლებული სახლები სევდის ნავსაყუდელია.





"მიტოვებული სახლივით მძიმე საყურებელი მგონი არაფერია", - ამბობს მერაბ ბობოხიძე.

იგი სევდიან აწმყოზე ფიქრს იმით იქარვებს, რომ დღევანდელობას მისთვის პოზიტიურად მოსაგონარ წარსულს უპირისპირებს, სადაც ყველა კარგად ცხოვრობდა - ღვედი ძლიერი სოფელი იყო, სკოლა ბავშვებით იყო სავსე, სოფლის ეზოები - ახალგაზრდებით.

ღვედელები სოფლის ახლომახლო არსებულ ბარიტისა და კალციტის საბადოებზე მუშაობდნენ. მთელი სოფელი იქ იყო დასაქმებული. თუმცა, მაღაროები წლების წინ დაიხურა და სოფელსაც მთავარი შემოსავალი მოაკლდა.
მოსახლეობამ ნელ-ნელა დატოვა სოფელი, ხშირად ჩამოსვლის იმედით, მამა-პაპისეულ მიწაზე დაბრუნების შეპირებით და ვერასრულებით.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვედი ძეძილეთის სათემოში შედის, რომლის ცენტრიც ოცი კილომეტრითაა დაცილებული ღვედიდან. საბავშვო ბაღიც და საშუალო სკოლაც ამავე მანძილით შორსაა სოფლიდან. თუმცა, დღეს ღვედში საბავშვო ბაღის და საშუალო სკოლის საჭიროება ნაკლებია, რადგან სოფელში სულ ერთი ბავშვია.

ღვედში ასაკოვნები ჭარბობენ. ყველაზე უხუცესი 99 წლის ლილი სულაბერიძეა. მან მთელი ცხოვრება ღვედში გაატარა.
"არ უნდა ჩამოვსულიყავი აქ", - დანანებით ამბობს ლილი.

ისიც წარსულს იხსენებს, რადგან ვერ ხედავს მისი შვილებისა და შვილიშვილებისთვის მომავალს. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორივე ქალიშვილი იძულებული გახდა სამუშაოს საძებნელად უცხოეთში გახიზნულიყო.
მეზობელი აღარ დარჩა ძეძილეთში მცხოვრებ ვალერი გელბახიანსაც. მას ნელ-ნელა შემოეცალა სამეზობლო. ისინი სიღარიბესა და გაჭირვებას გაექცნენ დიდ ქალაქებში ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სხვა ქვეყანაში.




მერაბ ბობოხიძე ისევ წარსულის მოგონებებს უბრუნდება და ნასახლარზე მიუთითებს, სადაც მისი თქმით, ღვედის ერთ-ერთი ძირძველი ოჯახი ცხოვრობდა, იმდენად ძველი, რომ დადიანების სტუმრობის ისტორიებსაც ინახავდა, თუმცა ახლა მხოლოდ ნანგრევებს შემორჩა ეს მოგონებები.





"სოფელში რის საფუძველზე შემობრუნდება მდგომარეობა უკეთესობისკენ, ამაზე პასუხი არ მაქვს. ის ბავშვი, რომელიც ქალაქში გაიზარდა, სოფელში რომ მობრუნდა, აღარ მოუნდა აქ გაჩერება", - ამბობს მერაბ ბობოხიძე.
მიუხედავად მერაბის, ლილის და ვალერის მძიმე გამოცდილებისა და უიმედობისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობის ყოველწლიურ განვითარებასა და წარმატებაზე მიუთითებს მის ანგარიშებში.

"2022 წელს, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებამ 7.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 12.2%-ით, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს 96.5%-ით აღემატება", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ანგარიშში.

2012 წლიდან 2022 წლამდე, სოფლის მეურნეობის დარგის გამოშვების მაჩვენებლის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა მეცხოველეობისა და ხილის, კაკლის, სასმელებისა და სუნელსანელებლების წარმოებისათვის საჭირო კულტურების მოყვანის მიმართულებით დაფიქსირებული გამოშვების ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სამაგიეროდ სხვა რეალობა ჩანს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში.

როგორც აღმოჩნდა მთლიან შიდა პროდუქტში, სოფლის მეურნეობის წილი, 2014 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება.
2012 წელს, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.2% იყო, 2019 წელს მშპ-მ 7.4% შეადგინა. 2023 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 6.9% იყო, მაშინ როცა 2022 წელს 7.6%, 2021 წელს - 8.3%, ხოლო 2020 წელს - 9.5%.

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 2013-2020 წლებში დაახლოებით 2 მლრდ ლარი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო. ზრდის ტენდენცია მხოლოდ 2013 და 2018 წლებს შეეხო, დანარჩენ წლებში კლება ფიქსირდება.

არადა, სოფლის მეურნეობა ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ დარგად არის მიჩნეული და მისი დაფინანსება 2012 წლიდან გაზრდილია. თუმცა, მთლიან შიდა პროდუქტში წილის შემცირება იმას ნიშნავს, რომ საქარველოს ეკონომიკის ზრდაზე სოფლის მეურნეობა სულ უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს.

ამას ყოველდღიურად ხედავენ სოფლად მცხოვრები ადამიანები. მათ ზუსტად იციან, რომ სოფელში ცხოვრება დაუსრულებელ სიღარიბეს ნიშნავს.
"სულ აქ რომ ვიყო, ცოდვა ვიქნები. ქალაქთან მაქვს კონტაქტი. ქალაქის გარეშე ცოდვა დავრჩები", - ამბობს მერაბ ბობოხიძე.

მერაბს და სოფელში მცხოვრებ სხვა ადამიანებს "ცოდვად" ხდის მცირემიწიანობა.

ასე მიიჩნევენ სპეციალისტები, ვინაიდან საქართველო ტერიტორიით დიდი ქვეყანა არ არის და სოფლის მეურნეობით დაკავებულ გლეხზე მცირე მიწის ფართობი მოდის.

"საქსტატის" მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2014 წელს 1 ოჯახურ მეურნეობაზე საშუალოდ 1.14 ჰექტარი მიწის ფართობი მოდიოდა. ცალკე აღებული სახნავ-სათესი მიწები ერთ ოჯახურ მეურნეობაზე საშუალოდ 0.6 ჰექტარია, მრავალწლიანი ნარგავებისთვის განკუთვნილი 0.4 ჰექტარი, საძოვრები და სათიბები კი - 3.4 ჰექტარი. ეს კი პრობლემაა.
მცირემიწიანობის არაეფექტურობაზე და ზოგადად ქვეყანაში სოფლის მეურნეობის წარმოების პოლიტიკის სიმცდარეზე მიუთითებს ეკონომისტი ირაკლი მაჩიტაძე.

"2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე მილიარდი დაახარჯა სოფლის მეურნეობას. ეს იყო სუფთა პოპულისტური ნაბიჯი. მიუხედავად ამ მილიარდებისა, მთლიან შიდა პროდუქტში, სოფლის მეურნეობის წილი მცირეა და ტრენტდი ისეთია, შემცირება მთლიან შიდა პროდუქთან მიმართებაში არ შეჩერდება. მიზეზი რაა? მიზეზი ის არის რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ პატარა მიწის ნაკვეთები. იმდენად პატარაა, არც მელიორაცია ხერხდება და არაფერი. სახელმწიფო თუ გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რომ რაღაცნაირად დავაბათ ეს ხალხი სოფლის მეურნეობაში, ეს ნიშნავს ავტომატურად რომ ჩვენ ამ ხალხს ვწირავთ მუდმივი სიღარიბისთვის", - ამბობს ირაკლი მაჩიტაძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევაშიც ამას აღნიშნავენ. კვლევის თანახმად, ის პირები, რომლებიც საქსტატის მიერ თვითდასაქმებულთა კატეგორიაში აღირიცხება, ძირითადად სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულები.
საქართველოში თვითდასაქმებულთა თითქმის ნახევრის მიერ წარმოებული პროდუქცია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4%-ს შეადგენს, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის არაპროდუქტიულობას და დაბალ შემოსავლიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აღნიშნული კი ცხოვრების დონეზე უარყოფით გავლენას ახდენს.

"იმას არ ვამბობთ, ამ ადამიანებმა აუცილებლად დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და სხვაგან წავიდნენ, მითუმეტეს არ უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ და დატოვონ ქვეყანა, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველა სოფლის მეურნეობაში იყოს დასაქმებული. საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა. მათ შეუძლიათ იყვნენ დასაქმებულები სხვა მიმართულებით, მაგალითად ბიზნესში, მომსახურების სფეროში, წარმოების სფეროში და ცხოვრობდნენ იქ, სადაც ცხოვრობენ. მიწები უნდა გამსხვილდეს, უნდა გაიყიდოს, უნდა იყიდონ იმ ადამიანემა, რომელთაც ამის გამოცდილებაც აქვთ და საჭირო კაპიტალიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ბოლოსდაბოლოს, ის პროცესი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქვეყანაში გლეხები და არ გვყავს ფერმერები, ეს არის კატასტროფა", - მიაჩნია ირაკლი მაჩიტაძეს.
სპეციალისტების მტკიცებით, მცირემიწიანობის პროცესი უნდა დასრულდეს. სოფლის მეურნეობაში მაღალხარისხიანი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისთვის მიწები უნდა გამსხვილდეს და დამუშავდეს 21- ე საუკუნეში მიღებული სტანდარტების შესაბამისად.

"თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს რომელთაც აქვთ წარმატებები სოფლის მეურნეობაში, არც ერთ ამ ქვეყანაში მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი სოფლის მეურნეობაში დასაქმებული არ არის. პირიქით, ეს არის სამი და ოთხი პროცენტი. მე ვლაპარაკობ ისეთ ქვეყნებზე, რომელთაც მართლაც დიდი სოფლის მეურნეობა აქვთ და ექსპორტს აკეთებენ. ასეთი ქვეყანა ცოტაა, სულ ათამდე ქვეყანა, რომელიც აპურებს დანარჩენ მსოფლიოს, იმიტომ რომ ამ ქვეყნებს აქვთ სფეციფიკური ლანდჩაფტი, აქვთ დიდი ტერიტორიები, ყავთ ცოტა მოსახლეობა თავიანთ ტერიტორიებთან შედარებით. ასეთია აშშ, ბრაზილია, კანადა, ავსტრალია. პატარა ქვეყნებში, სადაც კი აქვთ სოფლის მეურნეობა, არსად დიდად მომგებიანი არ არის. ევროპაში ქვეყანა არ მოიძებნება, სადაც სოფლის მეურნეობა დოტაციური არ არის", - ამბობს ეკონომისტი ლაშა კაკაბაძე.

დღეს მსოფლიო ეკონომიკის 95% მომსახურებასა და მრეწველობაზე მოდის, მაგრამ საქართველოს მთავრობები ხშირად იმედებს მაინც სოფლის მეურნეობაზე ამყარებენ. ვინაიდან საქართველოში სოფლის მეურნეობა ტრადიციულ და პრიორიტეტულ დარგად არის მიჩნეული. მთავრობები ცდილობენ, სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შეუწყონ. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტიდან - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში.

"ეს არის მოცემულობა, ეს არის თანამედროვე მდგომარეობა ჩვენ მსოფლიოში და ამის წინააღმდეგ სიარული, შეიძლება, ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ სრული სიბეცეა. თანაც, ეს არ არის უბრალოდ სიბეცე და დავუშვათ წარუმატებლობისთვის განწირული ნაბიჯები, ეს არის პირდაპირ ვიტყვი - ბოროტება. ჩვენ თუ ამ ადამიანებს ძალით "დავაბამთ" სოფლის მეურნეობაში, მოსახლეობია 40%-ს გავწირავთ მუდმივი სიღარიბისთვის რაც არის კიდეც ასე. ყველაზე ღარიბი ფენა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვინც იმყოფება, არის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები", - ამბობს ლაშა კაკაბაძე.

მსოფლიოს ყველა მდიდარი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი ძირითადად მრეწველობის და მომსახურების სექტორების მნიშვნელოვნად ზრდის გამო გამდიდრდნენ. ამ დროს სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში მცირდებოდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

ასე გამოიყურება სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში: ბელგია - 0.7%, გერმანია- 0.8%, ამერიკა - 0.9%, სამაგიეროდ - ნიგერი - 39.7%, ჩადი - 48.6%, სიერა ლეონე - 60.3%.
XXX
ღვედში სიჩუმეა. მართალია აქ გაიყვანეს გზა, მაგრამ ამ გზამ ჯერჯერობით ვერ მოიტანა ის სიკეთეები, რაც თანამედროვე გლეხს ფერმერად აქცევს და მის შრომას ნაყოფიერს გახდის.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.