მულტიმედია
პანდემია, როგორც ინსპირაცია – 19 წლის გოგოს რეალობად ქცეული იდეა
FaceBook
პანდემიის მსგავსად, რომელსაც დასასრული არ უჩანს, უსასრულო აღმოჩნდა ამ პერიოდში ადამიანების მიერ საკუთარ თავში ნაპოვნი შესაძლებლობები.

კარჩაკეტილობის დროს მოძებნილი თვითგადარჩენის ალტერნატიული გზები, რომლებმაც იდეები საქმედ აქციეს, ერთადერთი პოზიტიური მოვლენაა, რაც კორონავირუსს თან ახლავს. 

იძულებითი ხანგრძლივი შესვენება სასარგებლო აღმოჩნდა 19 წლის ნელი ხაინდრავასთვის, რომელმაც ერთი შეხედვით მარტივი პროცესი – ვარდის გახარება, მცირე მეურნეობად აქცია. მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარად, ყოველგვარი გეგმისა და თანმიმდევრობის გარეშე, სპონტანურად მოხდა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური მცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, რომელიც საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს იძულებული გახდა ბევრი თავისუფალი დრო რამით შეევსო, ონლაინ ლექციიდან ლექციამდე, ინტერნეტით ვარდის გახარების მეთოდის შესწავლა გადაწყვიტა. ერთ–ერთი მეთოდის მიხედვით, რომელსაც ნელიმ მიაგნო, ვარდი კარტოფილზე დაამყნო და შედეგს დაელოდა. ვარდი გახმა, ხოლო კარტოფილმა გაიხარა.

ნელისთვის დაუგეგმავი შედეგი უფრო მეტ მოტივაციად იქცა და გადაწყვიტა რაც კარგად გამოუვიდა, ის საქმე გაეგრძელებინა. თავდაპირველად იყო კარტოფილი, შემდეგ მწვანილები, მას მოჰყვა პომიდორი, საზამთრო და 15-მდე სახეობის ბოსტნეული.

ასე იქცა 19 წლის გოგონა, რომელიც მწვანილებსაც კი ვერ არჩევდა ერთმანეთისგან, რამდენიმე თვეში მცირე მეურნეობის მეპატრონედ. მისივე ეზოში დარგულ ბოსტნეულს, რომელსაც ნელი მოკრძალებით ბოსტანს ეძახის, უფრო დიდი გეგმები უკვე დაუსახა.


ნელის მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, პრასი, ბროკოლი, წიწაკა, კომბოსტო, რეჰანი, კიტრი, პომიდორი და საზამთრო 20 კვ. მ. ნაკვეთს იკავებს. აქ უკვე არაფრის გახარება აღარ არის პრობლემა.

"კარჩაკეტილობამ ძლიერი ბიძგი მომცა, რომ ამ საქმით მეტად დავინტერესებულიყავი. გარდა ამისა, მინდოდა ჩემს ოჯახს ეკოლოგიურად სუფთა ბოსტენული ჰქონოდა. პანდემიის დროსაც ვერსად გავდიოდით. ვიფიქრე, რატომაც არა, მაქვს ამის შესაძლებლობა და რატომ არ უნდა გამოვიყენოთქვა", - ამბობს ნელი.

გოგონა თავდაპირველად რჩევებს დედისგან იღებდა, იმაზე რაც დედამ არ იცოდა, ბებიას ურეკავდა სოფელში. დედას და ბებიას გამოცდილება რომ ამოეწურა, შემდეგ ინტერნეტს მიმართა. მაგალითად, როგორ მოვიყვანოთ ბროკოლი, როგორი ტიპის მიწა უნდა შევურჩიოთ კონკრეტულ ბოსტნეულს და ასე შემდეგ – ამ საკითხებზე ნელი რჩევებს უკვე ონლაინ იღებს.

"მთავარია, მოინდომო და სხვა ყველაფერი შესაძლებლი ყოფილა, რადგან ყველა სახის ინფორმაციაა ინტერნეტში".


ნელის ბოსტანი

ნელის კომბოსტო

წიწაკა - ნელის ბოსტნის მოსავალი

როგორც აღმოჩნდა, ნელის მიწასთან ურთიერთობა ყოველთვის მოსწონდა.  უყვარდა როცა ბავშვობაში სოფელში ბებოს ეხმარებოდა ბოსტნეულის დარგვა–დათესვაში, თუმცა, ამის მიუხედავად, საკუთარი მეურნეობის მოწყობაზე პანდემიამდე არ უფიქრია.

"ნელის ყოველთვის უყვარდა ბოსტანში ბებოსთან ერთად ყოფნა. განსაკუთრებით მოსწონდა ბოსტნეულის მოვლაში დახმარება, მაგრამ რატომღაც აქამდე არ მოგვსვლია აზრად ბოსტნის გაკეთება, იმის მიუხედავად, რომ ეს მიწის ნაკვეთი სულ გვქონდა",  - ამბობს ნელის დედა.

ნელის ბოსტანში ახლა ყველაფერს იპოვით, თუმცა, ერთადერთი პრობლემა მცირე ფართობია, რაც განვითარების საშუალებას არ იძლევა. ნელის აქაც აქვს გამოსავალი ნაპოვნი. რადგან იდეამ გაამართლა, ახლა აპირებს, თავისივე სოფელში დიდი მეურნეობა მოაწყოს. სულ მალე კი ნატურალური პროდუქტით სხვებიც მოამარაგოს.

"ვაპირებ, სოფელში გადავიტანო ეს ყველაფერი. ეს უკვე დიდი გამოცდილება იქნება ჩემთვის და ცხადია პასუხისმგებლობაც გაიზრდება. ვგეგმავ, საბოლოოდ ისეთი მეურნეობა გავაკეთო, რომ ჩემი პროდუქციის რეალიზაცია შევძლო. ეს იქნება ნატურალური პროდუქტი, რომლითაც სხვებსაც მოვამარაგებ".

ნელის სამომავლო გეგმები ამით არ სრულდება. უნდა, რომ საქმეში მასავით სხვა ქალები იყვნენ ჩართული, დააინტერესოს და მიწასთან მუშაობა შეაყვაროს ახალგაზრდებს.

"მინდა ქალები და ახალგაზრდები ჩავრთო აქტიურად ამ საქმეში, კვირაში ერთხელ შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. პოპულარიზაცია გავუწიოთ ნატურალურ პროდუქტს, ჩვენი თავიც დავასაქმოთ და სხვებიც. ჯერ მეც ბევრი რამ მაქვს სასწავლი და მინდა ეს გზა ერთად გავიაროთ", – ამბობს ნელი.

მიზანმა, ნელის, ვარდის ერთი ძირიდან უკვე შეაქმნევინა მცირე მეურნეობა, რაც მომავალ გზაფხულზე მასშტაბურ საქმედ უნდა იქცეს. ახლა იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონზე უკვე აღარც კორონავირუსი იქნება და აღარც კარჩაკეტილობის საფრთხე. მის მეურნეობასაც ხელს არაფერი შეუშლის და მიზანს რეალობად აქცევს. თუმცა, ამბობს, რომ შესაძლო კარჩაკეტილობისთვისაც  მზად არის.


"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.