მულტიმედია
მაჟორიტარის ცოლისძმის ბიზნესი და სოფლისთვის წართმეული სუფთა ჰაერი
FaceBook
სოფელ ნაგარევში 300–მდე ადამიანს სუფთა ჰაერი წაართვეს. მიზეზი – დასახლებასთან ახლოს არსებული ქათმის ფერმაა, რის გამოც მოსახლეობა უკვე ათი წელია დახურულ ფანჯრებს მიღმა ცხოვრობს.

ადგილობრივები კომპანიასთან ვერც პროტესტით და ვერც სამართლებრივი ბრძოლით ვერაფერს გახდნენ.

პრობლემას,
ბოლო წლებში  ფერმის ერთ–ერთ მეპატრონესთან ქუთაისის მაჟორიტარის ნათესაური კავშირი დაემატა, რომლის გავლენითაც ადგილობრივთა პროტესტი  იგნორირებულია.

თერჯოლის სოფელ ნაგარევში, ათი ათასობით შინაური ფრინველის ექსკრემენტები  დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის სკოლასა და საბავშვო ბაღთან ახლოს, ღია სივრცეში იყრება.

კომპანიას ნაგავი ყოველდღიურად ტრაქტორით, ცენტრალური გზის გავლით გააქვს და ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ღია წესით მინდორში წვავს. მწერებითა და ქათმის ექსკრემენტების სუნით გაჟღენთილ სოფელში ცხოვრება ადგილობრივებს განსაკუთრებით ზაფხულში უძნელდებათ, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში, ნაგარევში ყოფნა შეუძლებელი ხდება.

ქათმის ექსკრემეტებით სავსე ნაგარევი

ფერმის დასახლებასთან ახლოს არსებობას, წლების განმავლობაში აპროტესტებენ ადგილობრივები და კომპანიისგან ნარჩენების დახურული წესით დაწვას ითხოვენ. ეს მოთხოვნა კომპანიის წარმომადგენლებს ორი კვირის წინაც წაუყენეს, უფრო ადრე კი, გარემოს დაცვის სააგენტოშიც უჩივლეს, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებს ამ დრომდე არავინ ითვალისწინებს.

სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, რომ ქათმის ფერმას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი მფარველობს, რადგან ის ფერმის ერთ–ერთი მეწილეს სიძეა. ქუთაისთან ერთად, მარგველაშვილის სამაჟორიტარო ოლქში სოფელი ნაგარევიც შედის. 

ქათმის ფერმა ნაგარევში


უკიდურესად მძიმე  გარემოს მიუხედავად, სწორედ მაჟორიტარის ავტორიტეტის გავლენით, მოსახლეობა მედიასთან ღიად საუბარს ერიდება.

"ბუზებითაა სავსე ყველაფერი, საჭმელს ვეღარ ვჭამთ, გარეთ ვეღარ ვჯდებით. რამდენიმე დღის წინ წლისთავი იყო. 15 წუთში ადგა ხალხი და წავიდა. 20 ბუზი რომ დააჯდება საჭმელს, იმას ვინმე შეჭამს? ყველგან აუტანელი სუნია. აღარაფერს ერიდებიან და სკოლის უკან ტერიტორიაზე ყრიან ყველაფერს", – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ანონიმურობის დაცვას ითხოვენ დანარჩენებიც, რადგან ფიქრობენ, რომ ამის გამო, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ.

"ჩემი გოგოსთვის უკითხავთ შენც ფერმის წინააღმდეგი ხარო? ბიჭებიც მყავს და არ მინდა რამე პრობლემა შემექმნას, ამიტომ ვერიდებით ლაპარაკს. არადა, ამ სოფელში ცხოვრება უკვე შეუძლებელია. სახლებში ვართ გამოკეტილი და სუფთა ჰაერს ვეღარ ვსუნთქავთ".

ათწლიანი პრობლემა

ნაგარევში ქათმის ფერმა 10 წლის წინ აშენდა. მასთან ერთად სოფელში შინაური ფრინველების რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის საწიწიწილე გაკეთდა. ადგილობრივებს განსაკუთრებით სოფლის ცენტრში მდებარე ფერმა აწუხებთ. 10 000 სულიანი ქათმის ფერმა ცენტრალური გზიდან ზუსტად 300 მეტრში მდებარეობს. ადგილი კი, სადაც ნარჩენები იყრება, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრშია.

,,კომპანიამ, იმ მინდორში, სადაც ქათმის ექსკრემენტებს ღიად ყრის, ორმოები უნდა ამოთხაროს და უზუნველყოს ნარჩენების იზოლირება. ასეთ შემთხვევაში, სოფელში აღარც ბუზი და არც სუნი იქნება. წლებია რაც ამას ვითხოვთ, თუმცა, ფერმის მეპატრონეები ჩვენს აზრს არ ითვალისწინებენ".


მაჟორიტარის ცოლისძმის ბიზნესი

სოფელ ნაგარევში, ქათმის ფერმა შპს "თერჯოლა 2011"– ს ეკუთვნის. კომპანიის 18%–იანი მეწილე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გენადი მარგველაშვილის ცოლის ძმა, მერაბ ჭეიშვილია. მის გარდა, კომპანიას კიდევ ოთხი მეწილე ჰყავს.

საწარმო 2011 წელს გიორგი ხარატიშვილმა და დავით ზაქარაშვილმა დააფუძნეს. შპს–ს საქმიანობის ფორმად თავიდანვე მეფრინველეობა და სადისტრიბუციო ქსელი განისაზღვრა. დაფუძნების დღესვე,  მერაბ ჭეიშვილი, კომპანიის მეწილე გახდა.

მერაბ ჭეიშვილი "ქუთაისიპოსტს" თავდაპირველად ინტერვიუზე  დათანხმდა. მან ისიც განმარტა, რომ ფერმას ხშირად წამლავენ, ხოლო სოფელს პრობლემა მხოლოდ მათგან არ ექმნება, რადგან ნაგარევში სხვა ფერმებიცაა. მას შემდეგ კი რაც შეიტყო, რომ  კითხვები მის სიძეზეც გვქონდა, საუბარი აღარ ისურვა. ადგილზე, ნაგარევის ფერმაში ,,ქუთაისიპოსტის" გამოჩენამ  გააღიზიანა კომპანიის დირექტორი, გიორგი ხარატიშვილი. მეტიც, მან ჟურნალისტებისთვის კამერის წართმევა სცადა და მედია ორგანიზაციას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
,,ქუთაისპოსტის" მიერ რამდენიმე წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაციის გარდა, იმ ფაქტს, რომ გენადი მარგველაშვილი ქათმის ფერმის ერთ–ერთი მეწილის, მერაბ ჭეიშვილის სიძეა, მეზობლებიც ადასტურებენ.
თავად გენადი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ფერმის ერთ–ერთი მეწილე მერაბ ჭეიშვილი, მისი ცოლისძმაა, თუმცა, ამბობს, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ფერმის ფუნქციონირებასთან. ამავდროულად, მაჟორიტარი დარწმუნებულია, რომ მისი ცოლისძმის ფერმა ნორმების დაცვით მუშაობს.

"ვიდრე მე მაჟორიტარი გავხდებოდი, ექვსი თუ შვიდი წლის დაფუძნებული იყო ეს ფირმა. რა შუაში ვარ მე, ცოტა უცნაურია. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ ეს დამაზიანებელია გარემოსთვის და არ არის მოწესრიგებული, არ აქვს მნიშვნელობა ვინც უნდა იყოს, პირადად დავინტერესდები ამით. მე ვარ სოფლის წარმომადგენელი და არა ჩემი ცოლისძმის. ამ ფირმაში ერთხელ ვარ  ნამყოფი, ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს. როგორც ვიცი, ფერმაში ყველაფერი ნორმების მიხედვითაა მოწესრიგებული. სოფლის წარმომადგენლობას ჩემთან ამ პრობლემაზე არ უსაუბრია და თუ მართლა პრობლემა იყო, მოვძებნიდით გზას, რომ არც ბიზნესი და არაც მოსახლეობა დაზრალებულიყო".

იგნორირებული პროტესტი

სოფელ ნაგარევის მოსახლეობამ "თერჯოლა 2011" – ს საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების  სააგენტოში 2017 წელს უჩივლა.

გარემოს დაცვის სააგენტოს ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია შემოწმდა და დარღვევაც გამოვლინდა.

ნარჩენების ღია წესით დაწვის გამო, ფერმა მხოლოდ 200 ლარით დაჯარიმდა. ამის შემდეგ კი კომპანიამ მუშაობა ისევ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა, ხოლო, შედეგებით სააგენტო აღარ დაინტერესებულა.

"შპს ,,თერჯოლა 2011"-ის მეფრინველეობის ფერმის დათვალიერების დროს გამოვლინდა ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, აღნიშნული ობიექტი ფერმის ტერიტორიაზე ახდენდა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით დაწვას. შპს ,,თერჯოლა 2011"-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N038325 ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის 1 ნაწ. დარღვევით. ხოლო, თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით (საქმე N 4/137-2017 ) სახდელის სახით კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით".

2017 წელს ამასთან ერთად, სააგენტომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში კიდევ სამი ფერმა შეამოწმა: ი/მ დავით ბასილაძის, ი/მ ჯანსუყ მაჩიტიძისა და ი/მ რამაზ ზაქარაშვილის ფერმები, რომლებშიც ასევე გამოვლინდა დარღვევები, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 500 ლარს არ აღემატებოდა.

რას ამბობს კანონი?!

მუნიციპალური ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და ის დასჯადია "ნარჩენების მართვის კოდექსით".

კოდექსის 35–ე მუხლის მიხედვით, ჯარიმის მინიმალური რაოდენობა 200, მაქსიმალური კი 500 ლარია.

გარემოს დაცვის სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების ხელმძღვანელი, თინათინ ჩაკვეტაძე ამბობს, რომ დაჯარიმებულმა კომპანიამ ისედაც იცის, რომ ეს მეორედ აღარ უნდა გააკეთოს. სააგენტო კი ასეთ ობიექტზე განმეორებით მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე მიდის.

"სასამართლო რომ დაგაჯარიმებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორედ არ უნდა გაიმეორო. რამე რომ ყოფილიყო გამოსასწორებელი, რომელიც მიწერილობით ვალდებულებას შეგვიქმნიდა, ამ შეთხვევაში ესეც გაიგზავნებოდა, მაგრამ ეს კონკრეტული დარღვევა არ საჭიროებს მიწერილობას და იგულისხმება, რომ ეს ისედაც აღარ უნდა გააკეთოს კომპანიამ".

კითხვაზე, გადაამოწმა, თუ არა სააგენტომ დაჯარიმებული ფერმა, ასევე გამოასწორა, თუ არა კომპანიამ ხარვეზები, თინათინ ჩაკვეტაძე პასუხობს:

"ჩვენ მხოლოდ ფერმები არ გვაქვს. დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ათასი რეგულირების ობიექტია, ამიტომ, ერთი და იგივე ობიექტზე ყველა კვირაში ვერ შევალთ. ამის უფლება არ გვაქვს, თუ შეტყობინება, ან რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა არ არის".

რაც შეეხება ჯარიმას, სამმართველოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის მიუხედავად, ჯარიმის რაოდენობის დარღვევასთან ადეკვატურობას თავად ვერ განსაზღვრავს.

"ნებისმიერი ნარჩენის დაწვა აკრძალულია, ესეიგი არის მავნებელი. მაგალითად, ფოთოლიც კი მავნე ნივთიერებას გამოყოფს დაწვის დროს, მაგრამ მე ვერ გეტყვით რამდენად დიდია თუ პატარა ეს თანხა. ასე განსაზღვრავს კანონი და ეს წესი არის ჩემთვისაც და სასამართლოსთვისაც მისაღები. როგორც ვიცი, ახლა მკაცრდება კანონში ეს რეგულაციები და კონკრეტულად ეს მუხლი, ღია წესით დაცვის შესახებ".

ვიდრე კანონი გამკაცრდება, ხოლო კომპანიები უფრო აქტიურ მონიტორინგს დაექვემდებარებიან, ნაგარევში მცხოვრებლებს კვლავ აუტანელ სუნში, ბუზებთან ერთად ცხოვრება მოუწევთ. ხოლო ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს ამ დრომდე სჯერა, რომ მისი ცოლისძმის კომპანია ყველა წესის დაცვით მუშაობს. ეს მაშინ, როცა "თერჯოლა 2011" გარემოს ზიანს ყოველდღიურად აყენებს და სოფელს სუფთა ჰაერს ართმევს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.