მულტიმედია
„სადაც გინდა იქ ილოცე“ - რეპატრირებული მუსლიმი მესხების ღია სამყარო
FaceBook
„შევდივარ უფლის სახლში“ -  არაბულ ენაზე შესრულებული ეს წარწერა, მუსლიმ მორწმუნეს თუ მათ სტუმრებს, მეჩეთის შესასვლელში წინასწარგანწყობას უქმნის ზღურბლსიქით სამყაროზე.

წარწერა არაბულ ენაზე შესასველში


მეჩეთი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის, რეპატრირებული მესხების დასახლებაშია.  საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადასახლებული მესხები სამშობლოში გასული საუკუნის 80-იან წლბში დაბრუნდნენ. მეჩეთი კი 2015 წელს  ააშენეს.

იგი ერთადერთია მთელ იმერეთის მხარეში, ამიტომ მომლოცველიც ბევრი ჰყავს. მას არა მხოლოდ ქართველი მუსლიმები, არამედ იმერეთში მცხოვრები თუ რეგიონში გავლით მყოფი აზერბაიჯანელი, თურქი და თურქმენი მუსლიმებიც სტუმრობენ.

მეჩეთში ლოცვისთვის დღეც და საათიც განსაზღვრულია. მორწმუნეები სალოცავისკენ მიმავალ გზას ყოველ პარასკევს, დღის 2 საათზე დაადგებიან, რომ ღვთისმსახურებას დაესწრონ.


ღვთისმსახურება სოფელ იანეთის მეჩეთში


რამადანის  დროს სუნიტი მესხები სახლში, ხუთჯერ აღავლენენ ლოცვას იმ გამჩენის მიმართ, რომელიც ყველას ერთნაირად უნაწილებს მზეს, ჰაერს თუ ლუკმა-პურს, განურჩევლად მისი აღმსარებლობისა, - ამის სჯერათ იანეთელ მუსლიმებს.

მეჩეთში მხოლოდ მამაკაცებს ნახავთ. ქალები შინ ლოცულობენ. ამას მათი სარწმუნოება განსაზღვავს.


„კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე“ - ლექსის ეს სტროფი შემოგვაგება სოფლის უხუცესმა მალხაზ ბაგბანოვმა. მისთვის ეს სიტყვები მცნებასავით არის, ეჭვი არ ეპარება მის უტყუარობაში.


„არაერთხელ შევსულვარ ქრისტიანულ ტაძარში და პატივი მიმიგია, სანთელიც ამინთია, შესაწირიც შემიწირავს. ეკლესიაც ღმერთის სახლია, ისევე როგორ მეჩეთი. ღმერთი ყველგან არის და არ არჩევს ადამიანებს, მარტო მათ გულს უყურებს“.

მეჩეთში და მესხი მორწმუნეების სახლებში  მინიმალიური რელიგიური ატრიბუტიკაა - უმეტესად, კედლებზე გაკრული  ამონარიდები ყურანიდან და ხალიჩები. მამაკაცები კრიალოსანს ატარებენ. მასზე 33 მძივია აცმული და მუსლიმის 33 ლოცვაზე მიანიშნებს.

„არის უფრო დიდი კრიალოსნები, სადაც 66 და 99 მძივია. არიან მორწმუნეები რომლებიც ამდენ ლოცვას აღავლენენ“.

მალხაზისა და მისი ოჯახის წევრებისთვის რელიგიური რიტუალები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც სხვაა.

„შინაგანად როგორი ადამიანი ხარ ესაა მთავარი. „ამანათს“ ვეძახით ადამიანის სულს, იმას სჭირდება გაფრთხილება. აქ რა ხდება ესაა მნიშვნელოვანი“, - გულზე ხელს იდებს მალხაზი.


მას მეუღლეც ეთანხმება. სურია არც ლოცვას ტოვებს, არც თავსაბურავს იცილებს. რამდენიმე ხნის წინ მექა მოილოცა, თუმცა არსად ახსენებს სიტყვა  „ვალდებულებას“,
- ამბობს მხოლოდ „სურვილს“.

„ქალები თავსაბურავს ატარებენ მათი სურვილით, არავინ აძალებს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული “.




ლოცვის საათმა სხვაგან თუ მიუსწრო,  გამოტოვებულ ღვთისმსახურებას სახლში მისვლისთანავე აანაზღაურებს. სურია მარხვასაც ერთგულად  იცავს ისე, როგორც მისი თითქმის ყველა თანასოფლელი. თუმცა, აქაც შესაძლებლობის და გონიერების ფარგლებში. ბავშვები და ავადმყოფები არ მარხულობენ.

„სხეული არ უნდა დააზიანო, სხეული სულის ჭურჭელია, მასაც გაფრთხილება უნდა. ყურანიც ამას გვასწავლის“, - მიაჩნია მალხაზს.


ყურანის სწავლებას იანეთელი მორწმუნეები ყოველ პარასკევს ისმენენ მეჩეთში.


„ისლამი მშვიდობის, პატივისცემის და სიყვარულის რელიგიაა“, - გვიხსნის მალხაზი მეჩეთისკენ მიმავალ გზაზე.


გზა ყანებზე გადის. შორიდან ლამაზ პეიზაჟში ჩასმული შენობა ჩნდება. ცხვრების სიმრავლე, ფუტკრების ბზუილი, ზანზალაკების წკრიალი მეჩეთის გარშემო პასტორალურ გარემოს ქმნის.

ეზოში სიწყნარეა. ლოცვის დაწყებამდე ჯერ ადრეა.  ირგვლივ სიჩუმეს მერცხლების ჭიკჭიკი არღვევს. შენობაზე მათი სამი ბუდეა. მალხაზი მოთმინებით ალაგებს ჩიტების მიერ დასვრილ მეჩეთის შესასვლელს. „ისიც ღმერთის გაჩენილია“, - ამბობს და გულმოდგინედ გვის.

ეზო მალე ხალხით ივსება. მეჩეთში შესვლამდე თითქმის ყველა განსაბანელთან მიდის.

სულიერი და ხორციელი სისუფთავე მეჩეთში შემსვლელისთვის  მთავარი პირობაა. თუკი მუსლიმ მორწმუნეს სამუშაოდან პირდაპირ სალოცავად მოუხდა მისვლა, იქ უნდა განიბანოს (ხელ-პირი და ფეხები), რომ ღვთის სახლში სუფთა შევიდეს.

მალე ხოჯაც მოდის და მსახურებაც იწყება.



ხოჯა რუსტამ იზნო სამშობლოში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაბრუნდა.  თითქმის 20 წლის განმავლობაში, რეპატრირებული მესხების მცირე ჯგუფს კრამიტით დახურულ შენობაში კრებდა, ვიდრე, იმავე ადგილას  მეჩეთი არ ააშენეს.


რუსტამმა განათლება რუსეთში მიიღო. გული სწყდება,  ქართული იმ დონეზე ვერ ისწავლა ღვთისმსახურება რომ აღავლინოს. ლოცვა არაბულად მიმდინარეობს, თურქული თარგმანით.


„ქართული სახელმწიფო ენაა და მსახურებაც ამ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს. ვწუხვარ რომ ეს არ შემიძლია, სამაგიეროდ ახალგაზრდებმა იციან ქართული. ახალი თაობა ყველა კარგად სწავლობს ქართულს“.


ხოჯა რუსტამი  საბჭოთა რეჟიმგამოვლილია, რწმენასთან ბრძოლის მომსწრე. ძალადობა ყველა  იდეოლოგიის პირობებში მიუღებელია მისთვის, იქნება ეს ათეიზმის თუ ღმერთის სახელით.



ლოცვა, მოწყალების გაცემა, მოთმინება, თავმდაბლობა და სულიერი სიმშვიდე  მუსლიმებისთვის მარხვის ნაწილია. ამ დროს მორწმუნეები საკვებზე უარს ამბობენ.


რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ დროს შთააგონა წინასწარმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია.


მარხვის თვე, მუსლიმებისათვის 27 მაისს იწყება, 30 დღე გრძელდება და სამდღიანი ზეიმით - ყურბან-ბაირამის დღესასწაულით მთავრდება. ამ დროს მათი საგანგებო კერძი ხორციანი ფლავია.





რეპატრირებულ მესხებს ქრისტიანი მეზობლებიდან ყურბან-ბაირამს ცოტა თუ ულოცავს. თუმცა, იმასაც იხსენებენ, ორი წლის წინ სამტრედიის გამგებელი რომ ეწვიათ და პირადად მიულოცა დღესასწაული.


მათი „არცნობის“ გამო საყვედურებს არ ამბობენ, არც ჩაგვრის შემთხვევებზე საუბრობენ. მუსლიმი მესხები თავშეკავებულობით და სიდინჯით გამოირჩევიან. თუმცა, იმის სურვილი აქვთ,  მათ შესახებ საზოგადოებამ მეტი იცოდეს. “ცოდნა გეხმარება ცრურწმენები დაამარცხო”, - ამბობს მალხაზი.


ამიტომ არის მათი სახლის ჭიშკარი თუ მეჩეთის კარი ყველასთვის ღია. ამიტომ არიან მასპინძლები გამორჩეულად სტუმართმოყვარენი. მათ სურთ სამყაროს გაეხსნან და თავი გააცნონ, რადგან ცოდნა ათავისუფლებს.


ავტორი: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.