მულტიმედია
გაზიარებული გრძნობების სოციალური საწარმო (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

მაგიდაზე დაჭრილი ფერადი ქაღალდები ფარშევანგის კუდივით არის გადაშლილი. იქვე მაკრატელი, საკანცელარიო დანა, წებო და ხის ჩხირები ალაგია.


პატარა ოთახში,  მაგიდის ირგვლივ ქალები იკრიბებიან.

დაკუწულ ქაღალდებს ოსტატურად ახვევენ და ერთი შეხედვით გადასაყრელ მაკულატურას, დასურათებულ გრძნობებად აქცევენ.

თერთმეტნი არიან. ზოგი სოციალურად დაუცველია, ზოგი დევნილი,  ზოგიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

თერთმეტივე  შრომისმოყვარეობით, ფანტაზიით და მოთმინების უნარით გამოირჩევა. „ქვილინგს“ სხვანაირად ვერ შეეჭიდები. ქაღალდის დახვევის საუკუნეების ხელოვნება ურთიერთობის ძველთაძველ ფორმას დაუკავშირეს და ღია ბარათების საწარმო აამუშავეს.

ქაღალდის დახვევის ხელოვნებას ქვილინგი ჰქვია




,,გულრწფელი და ტკბილი სიტყვები გასაღებივით ერგება ადამიანების გულებს. ტკივილისგანაც ათავისუფლებს.  სულ ვსაუბრობთ, ხოლმე, ამაზე და  ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ხელით დამზადებული ბარათებით ადამაინები სითბოს გადასცემენ ერთმანეთს“.

ქვილინგით აწყობილი ყველა დეკორაცია სხვადასხვა შინაარსისაა





ქაღალდით მორთული ბარათები საბოლოოდ იფუთება 

ნანა ფხაკაძე ქაღალდის თითოეულ ხვეულში სიყვარულს აქსოვს .

59 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანმოკლე უმუშევრობის პერიოდში, ბისერით თავისთვის ტანსაცმელს ქარგავდა და სამკაულებს აწყობდა. როცა პაწაწინა მძივები ქაღალდით ჩაანაცვლა, ჰობი შემოსავლის წყაროდ ექცა. შშმ პირის პენსიას ახლა ,,ფარშევანგში“ გამომუშავებული გასამრჯელო ემატება.

,,სახლშიც ვერ ვისვენებდი უსაქმოდ და ბისერებით პატარა ნივთებს ვამზადებდი. შემდეგ ეს საწარმო აღმოვაჩინე".

„ფარშევანგი“ პირველი სოციალური საწარმოა საქართველოში. ის ქუთაისში, 2014 წელს, დღის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა. მიზანი - შეზღუდული შესაძლებლობისა და სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმება – რესოციალიზაციაა.

,,ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ  სამოქალაქო კლუბის წევრები (მოსწავლეები) ესტუმრნენ დღის ცენტრს და  შშმ ბავშვებისთვის აქცია გამართეს. მოსწავლეებმა მათ მიერ ადგილზე დამზადებული ხელთნაკეთი ბარათები გაყიდეს და შემოსული თანხა ჩვენი დღის ცენტრის ბავშვებს შესწირეს. მოგვიანებით, მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ, დღის ცენტრის მომსახურეობაში ჩართული თავიანთი თანატოლებისათვის ასეთი ბარათების დამზადება ესწავლებინათ. ბავშვებიც ხალისით ჩაერთნენ პროცესში და შემდეგ  გაჩნდა  საწარმოს დაარსების იდეაც”, - გვიყვება საწარმოს ხელმძღვანელი ფერიდე ლორია.

დღის ცენტრში შშმ ბავშვები და  ქვილინგზე მომუშავე ქალები ერთი შენობის სხვადასხვა ოთახში არიან და ერთმანეთს  ხელს არ უშლიან.  პირიქით,  მუშაობაში მოხალისეობრივად ზოგჯერ  შშმ ბავშვებიც ერთვებიან, რადგან ხელსაქმე მათ მოტორულ უნარებს ავითარებს. 

ადმინისტრაციამ საწარმოსთვის საჭირო ხელსაწყოები და დანადგარი გრანტით შეიძინა, სპეციალისტი მოიწვია და ხელოვნების განსხვავებულ სახეობას ქალები აზიარა. საქმემ გაამართლა, ორგანიზაცია  თვითფინანსებაზეა.

საწარმოს დაარსებიდან  დღემდე, სხვადასხვა დროს, იქ 50 ადამიანი დასაქმდა. მათგან ქვილინგის ხელოვნებას 11-მა უერთგულა.


შემოსავალი დაკვეთებზეა დამოკიდებული. ერთი ბარათის სარეალიზაციო ფასი ორი ლარია. ქალები ამბობენ, რომ მეტი წარმატებისთვის მეტი პოპულარიზაცია სჭირდებათ.

,,პროდუქცია იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დაკვეთები ადგილობრივ დონეზეცაა და  სხვა ქალაქებიდანაც: თბილისიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან.  თუმცა უფრო მეტი ცნობადობა არ გვაწყენს.  ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ  ჩვენს ხელნაკეთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას საზღვრებს გარეთაც გავიტანთ. მომატებული რეალიზაცია კი, ბუნებრივია, მეტ დასაქმებულ ადამიანს გააჩენს“.

ნანა ფხაკაძე დღეს იმით არის ბენდიერი, რომ ბავშვებთან ერთად, ცხოვრება გაულამაზა და ფინანსურად გაუმარტივა ქალებს. ერთი მათგანია ირა წუალაია. 47 წლის 4 შვილის დედა აფხაზეთიდან დევნილია.

,,ბევრი სირთულე გავიარე ცხოვრებაში. ახლა მშვიდად ვარ, რადგან    ჩემი შრომით შვილებსაც ვასწავლი  იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს ძლიერი და რეალიზებული“.

ირასავით რეალიზებულებად გრძნობენ თავს დანარჩენებიც. სპეციალური ჩხირებით ქაღალდს ახვევენ და იხსენებენ ახალგაზრდობაში გაგზავნილი წერილების ამბებს, მისალოც ბარათებს.


,,სიყვარულით ნათქვამი  ბედნიერს თქმის მომენტში გხდის,  წერილით გადმოცმული  კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში“, - გვითხრა ფერიდემ.

ღია ბარათებს, რომლებმაც ბავშვობა, სიყვარული, მადლიერება, სიხარული უნდა შემოინახონ, ქალები ხან საკუთარი ფანტაზიით და ხან ნიმუშების მიხედვით ქმნიან.

ქაღალდი რომ სპილოდ, ყვავილებად, ბუდ ან შეყვარებულების სილუეტად იქცეს, ორ დღეს შრომობენ. სათუთად ექცევიან, რადგან მათი ქმნილება, ზედ მიწერილი სიტყვების გამო, ვიღაცისთვის განსაკუთრებული და ძვირფასი გახდება.

„ფარშევანგის“ ქალებისთვის ბარათი ლამაზი სკივრია, გარედან მათი ხელით, ქაღალდით მოქარგული, შიგნით კი სხვისი გრძნობებით სავსე.


ავტორები:

ანა ჯანაშია, ხვიჩა ვაშაყმაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.