მულტიმედია
არ იქნება სკოლა, არ იქნება სოფელი - იმერეთის მთა რამდენიმე მოსწავლით (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

სამი წლის წინ, როცა სკოლაში მიდიოდა, წარმოსახვაში კლასალებს და დიდ ჟრიამულს ხედავდა. ასე არ მოხდა. მარიამი ნგრევის პირას მისული შენობის ჭუჭრუტანებიან საკლასო ოთახში მარტო აღმოჩნდა.

სამი მერხი, ამდენივე სკამი, დაფა და კედელზე განთავსებული გაკვეთილების ცხრილი, - ეს სასკოლო ინვენტარი მარიამის გარდა, გუნლაზი მასწავლებელს და პირველკლასელ გვანცასაც ეკუთვნის. მარიამს მასთან ერთად, რამდენიმე ინტეგრირებული გაკვეთილი უტარდება.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლაში დარეკილი ზარი სამ მოსწავლეს და ექვს მასწავლებელს უხმობს.

ზარი, სოფლის მცხოვრებთა გადმოცემით, XI-XII საუკუნისაა. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ტაძრის სამრეკლოში ეკიდა, 20-იან წლებში კი სკოლის დერეფანში მოხვდა. იქედან მოყოლებული, გაკვეთილების დაწყება-დასრულებას აუწყებს სოფელს.

სოფელ ონჯოხეთის სკოლა 120 წლისაა. იმავე ასაკისაა მეზობელი განდიდის სასწავლებელიც, სადაც ექვსი მოსწავლე და ცხრა მასწავლებელია. ორივე სკოლა, 1900 წელს, წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დააარსა და მას შემდეგ სწავლების პროცესი არასდროს შეწყვეტილა. სასწავლებლებმა გამოიარა სხვადასხვა სასწავლო სისტემა და კარდინალურად განსხვავებული სახელმწიფო მოწყობის პერიოდი - ცარიზმით და ტოტალიტარიზმით დაწყებული, დემოკრატიით დასრულებული. ყველაზე მეტი მოსწავლე სკოლას ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში ჰყავდა. მაშინ, როდესაც ხალხი საბჭოთა რეპრესიას, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომს გაურბოდა, ონჯოხეთმა და განდიდმა ბევრი „დევნილი“ შეიფარა. ონჯოხეთის სკოლაში 1936–1945 წლებში ყველაზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა. დღესდღეობით, ორივე სოფლის სკოლაში გაკვეთილები ამორტიზებულ შენობაში ტარდება.

სოფელ განდიდის სკოლის ერთ ეზოში ხის ორი შენობა დგას. ყველაზე ძველი 1990 წელს ააგეს. თითოეულში სამ-სამი საკლასო ოთახია, რომელთაგან ორს ბოქლომი ადევს. შენობაში ელექტროგაყვანილობა არ არის, რის გამოც, ბავშვების თქმით, აქ “ღია გაკვეთილები” ტარდება, ოღონ პირდაპირი გაგებით. ჩაბნელებული ოთახი რომ გაანათონ, კარს ღიას ტოვებენ, მათ შორის ზამთარშიც.

სკოლის ადმინისტარციის ცნობით, მერია იმ სკოლებს არემონტებენს, სადაც უფრო მეტი მოსწავლეა.

ონჯოხეთი და განდიდი მთის სოფლებია. მთის სოფლები საქართველოში მოსახლეობის სიმცირით და დაბერებით გამოირჩევა. ასეთ დასახლებებში ცოტა ბავშვია.

მთის სოფლების სკოლები მცირეკონტიგენტიან სკოლათა რიგშია.

წლევანდელ სასწავლო წელს ონჯოხეთში ერთი პირველკლასელი მიიღეს. მას ორი ამხანაგი დახვდა - მესამე და მეცხრეკლასელი.

სამივე ბავშვს სკოლამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევს.



კიდევ უფრო გრძელ გზას გადიან მასწავლებლები. ონჯოხეთშიც და განდიდშიც პედაგოგების ნაწილი ვანიდან დადის.

ნონა ბელთაძე ონჯოხეთისა და განდიდის სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ონჯოხეთში გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, განდიდის სკოლაში უნდა გადავიდეს. იქამდე მიღწევა ზამთარში განსაკუთრებით უჭირს. მთის სოფლებამდე გზა ნაწილობრივ ტყეზე გადის. მომრავლებული მგლების პირობებში თავდასხმის საშიშროება რეალურია.

„მაგრამ მაინც არ ვჩერდებით. ზოგჯერ გაგვიმართლებს და შემხვედრი მანქანა გადაგვეყრება. ყველა გვიჩერებს, თხოვნაც არ უნდათ, ისე მოვყავართ სკოლამდე. თუ ასე არ გაგვიმართლებს, მაშინ 16 კილომეტრი უნდა გავიარო, შემდეგ განდიდის სკოლაში მიწევს გადასვლა, ესეც ორი კილომეტრი, და 19 კილომეტრი ფეხით სიარული გამომდის დღეში“.

ონჯოხეთშიც და განდიდშიც მიკროავტობუსი ვანიდან კვირაში ორჯერ დადის - პარასკევს და კვირას. სოფლებამდე ყველა სახის ავტომობილი ვერ აღწევს. მთის რთული რელიეფის დაძლევა მხოლოდ ჯიპის მოდელის მანქანას თუ შეუძლია. ამ ტიპის ავტომობილის შეძენას კი პედაგოგის შემოსავლები ვერ წვდება.

„მიზერული ხელფასებია, მოსწავლეთა კონტიგენტი არ არის, ცოტა საათები აქვთ და იმიტომ. მაგრამ საკუთარი ნიჭითა და თავდადებით ერთ საათსაც არ აცდენენ. ზამთარში წვიმისგან და თოვლისგან სველები მოდიან. ქოლგა ვერ უწევს წინააღმდეგობას მთის სტიქიას. ხშირად მომხდარა, რომ ღუმელზე გაუშრიათ ტანსაცმელი და ისე შესულან გაკვეთილზე”, – ამბობს ონჯოხეთის სკოლის დირექტორი დუშიკო ორმოცაძე.

განდიდს და ონჯოხეთს მთის სოფლის სტატუსი არ მიანიჭეს. სოფლები საკმარის სიმაღლეზე არ აღმოჩნდნენ. მაღალმთიანის სტატუსი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარე სოფლებს ენიჭებათ. განდიდს და ორჯოხეთს 150 მეტრი დააკლდათ. თუმცა პრობლემები მათ ზუსტად იგივე აქვთ, რაც ნებისმიერ მაღალმთიან სოფელს.

უგზოობა, უგაზობა, უექიმობა. ადგილობრივების თქმით, ონჯოხეთში გზა ბოლოს 1986 წელს დააგეს. სხვადასხვა ხელისუფალთა 44 წლიანი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, ონჯოხეთსა და განდიდში წელს გზის დაგება დაიწყო. ამისთვის ბიუჯეტიდან 347 200 ლარია გამოყოფილი. პროექტი 2020 წელს დასრულდება. როგორც გამგეობაში გვპირდებიან, გაზიფიცირებასაც მალე შეუდგებიან.

თუმცა, ონჯოხეთელებს ეჭვი ეპარებათ, სოფლიდან გადინების პროცესი ამან შეაჩეროს.

„სახლი ბევრს აქვს, მაგრამ გამოკეტილია. სახლი, მოგეხსენებათ, საჭმელ-სასმელს არ „ისხამს“. არსებობისთვის სამსახური სჭირდებათ და შემოსავალი. ადმიანები გაჭირვებას გაექცნენ. რამაც ძალიან შეამცირა მოსახლეობა“, - ამბობს დუშიკო ორმოცაძე.



შემცირებულმა მოსახლეობამ სოფლების საჯარო სკოლები მოსწავლეების გარეშე დატოვა . 1990 წელს, როდესაც ონჯოხეთის სკოლის შენობა შეაკეთეს, იქ 96 მოსწავლე ირიცხებოდა, 2004 წელს მათი რაოდენობა 36-მდე შემცირდა, 14 წლის შემდეგ კი სამ მოსწავლეზე დავიდა.

ბავშვთა სიმცირის გამო, სკოლებში ვერ ატარებენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობას და ღონისძიებას. მასწავლებლები ამბობენ, რომ მოსწავლეებს „მრავალმხრივი უნარები ვერ უვითარდებათ“. ბავშვს არ ჰყავს თანატოლი, ვისაც შეხედულებებს გაუზიარებს და ვისაც დაეტოლება.

„კარგი იქნებოდა კლასელები მყოლოდა, უფრო კარგად გავერთობოდით დასვენებაზე, ახლა ხანდახან ტელეფონზე ვთამაშობ, ხან ვიწყენ“, – გვიყვება მესამეკლასელი მარიამი.

თამაშის დროს ბავშვებს პარტნიორობას ზოგჯერ მასწავლებლები უწევენ.



მოსწავლეების სიმცირეს და მარტოობას უპირატესობებიც აქვს.  როგორც განდიდის და ონჯოხეთის სკოლებში აღნიშნავენ, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება. ბევრი დრო აქვთ ერთმანეთის მოსასმენად და გასაგებად. მასწავლებელი მთელ სასწავლო პროცესს მარტო ერთ ბავშვს უძღვნის. გაკევეთილის გარდა, მოსწავლეს ბევრი დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება. ეს შედეგებზეც აისახება.

დიანა ბელთაძე განდიდის სკოლის მეოთხეკლასელია. იგი “კინგსის” ოლიმპიადის გამარჯვებულია. ქვეყნის მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. რეგიონში მათემატიკის კონკურსში კი საუკეთესო შედეგი აჩვენა. დიანას ექიმობა, სოფელში დაბრუნება და მუშაობა უნდა. თუმცა, მთაში წასული ბევრი უნახავთ, დაბრუნებული - ძალიან ცოტა.

„მთელი კოლექტივი თავს ვევლებით ბავშვებს. სკოლა რომ დაიხუროს, ათ წელიწადში აქ აღარავინ იქნება. თანდათან აქაურობა გაუკაცრიელდება. აქ მოსახლეობა კიდევ უფრო მაღალ ადგილებში იყო. ახლა ტყედ არის ქცეული იქაურობა. ამის საშიშროება იქმნება აქაც, ბავშვების წასვლის შემთხვევაში. ის ბავშვი რომ პირველი კლასიდანვე ჩავა რაიონში და დაამთავრებს სკოლას, ის ზემოთ აღარ ამობრუნდება. მშობელიც მხარს დაუჭერს შვილის არჩევანს”, - ამბობს სკოლის დირექტორი დუშიკო ორმოცაძე.

ჟატუა მხეიძე ერთ-ერთი გამონაკლისია. მან განდიდის სკოლა დაასრულა და მასწავლებლად დაბრუნდა. მისი შვილიც იმავე სკოლაში მიიყვანა.

„მიუხედავად იმისა რომ ქუთაისში სახლი გვაქვს და შეგვეძლო იქ დარჩენა, მაინც განდიდის სკოლა ვარჩიეთ“.

სკოლას მთის სოფლებში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბარში. განდიდსა და ონჯოხეთში ყველამ იცის, რომ სკოლის შენარჩუნებით სოფლებს ინარჩუნებენ, ბავშვების არსებობით კი სოფელი არსებობს.


ავტორები: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.