80 დღეა რაც, კოროხნალის მაღაროსთან შუქრუთელები ღამეს კარვებში
ათევენ, თუმცა მათი პროტესტი როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური
ხელისუფლებისთვის ამ დრომდე "შეუმჩნეველი" რჩება.
საკითხით ამ დრომდე არ დაინტერესებულა სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის
აპარატში ამბობენ, რომ მოვლენებს "თვალყურს ადევნებენ და თუ ჩართვის
საჭიროება გამოიკვეთება, ჩაერთვებიან".
„80 დღეა ვდგავართ კარავში და ამბის მოსაკითხადაც არავინ
გამოჩენილა, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც
გუბერნატორის წარმომადგენლობა. მივმართეთ სახალხო დამცველსაც -
სოფელში ნგრევის პროცესი დაწყებულია, ეზოებში, სახლებში ხრამებია
გაჩენილი, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და რას აკვირდება
ლევან იოსელიანი, ვერ გავიგეთ. სრულიად დაუცველად ვგრძნობთ თავს,
ჩვენივე საკუთრებაში",- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები გიორგი
ნეფარიძე.
ვიდრე მთავრობა და სახალხო დამცველი დუმს, კომპანია "ჯორჯიან
მანგანეზი" მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, პროტესტის
მონაწილეებს სასამართლოში უჩივის.
მოსარჩელე შპს „მაღაროელი“ (კომპანიის ქვეკონტრაქტორი) ითხოვს,
რომ შუქრუთელებს აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი
ქმედებების განხორციელება (ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან,
ოთხი წლით ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის
ნაკვეთები.
„სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა, მოლოდინის რეჟიმში ვართ. მზად
ვართ ყველანაირად ჩვენს იურისტებთან ერთად მივყვეთ სასამართლო
მსვლელობას. იმის გამო, რომ ვიღაცამ შეიძლება დაგვემუქროს, ან ციხეში
გაგვიშვან გამოგონილი, აბსურდული ბრალდებებით, ვერავის მივცემთ
უფლებას, შემოვიდნენ, თავზე გადაუარონ ჩვენს ოჯახებს, კერძო
საკუთრებას, ჩვენი ბებია-ბაბუების საფლავები წაბილწონ და ის
სალოცავები, რაც გაგვაჩნია სოფლებში, დაანგრიონ და მიწაში ჩაფლან.
სიცოცხლის დათმობა რომ დაგჭირდეს ჩვენი მამაპაპისეული სახლისათვის,
მაგისთვისაც მზად ვართ“,- განმარტავს გიორგი ნეფარიძე.
შუქრუთელების ინტერესებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატი
იცავს. ვლადიმერ ქუთათელაძე ამბობს, რომ მოთხოვნები, რომლებსაც
მოსარჩელე აყენებს, ყოველგვარ სამართლიან საფუძველს მოკლებულია და
უფრო მოსახლეობის შესაშინებელი ფაქტორია.
„ჯორჯიან მანგანეზი“, სასამართლოში, ქვეკონტრაქტორ შპს „მაღაროელის“
მეშვეობით, 14 პირს ედავება, საიდანაც 2 გარდაცვლილია.
პრობლემის მოგვარების ნაცვლად, რატომ უჩივლეს ადამიანებს, რომელთა
უმეტესობის სახლები დანგრევის პირასაა? რა ალტერნატივას სთავაზობენ,
თუკი მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და 4 წლით დატოვებენ საცხოვრებელ
სახლებს? - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად კომპანიის პრესსამსახურს
დავუკავშირდით, სადაც გვითხეს, რომ ოფიციალური წერილით
გვიპასუხებდნენ, რომელსაც ველოდებით და მიღებისთანავე
შემოგთავაზებთ.
სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობის პროტესტი ორ
თვეზე მეტია, გრძელდება.
შუქრუთელების თქმით, წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით
მოპოვების შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები,
სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი
კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც
კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და
თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით,
სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ამავე თემაზე:
შუქრუთში მცხოვრებლებს, რომლებიც 71-ე დღეა ღამეს
კარვებში ათევენ, "ჯორჯიან მანგანეზი" უჩივის
"2027 წლამდეც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა, ვიდგებით, არ
დავიღლებით"- პროტესტის 58-ე დღე შუქრუთში
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე
პროტესტით"- საიას განცხადება
ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი გამოხმაურება
ხელისუფლებიდან
პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა
მაღარო გაჩერებულია
23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს,
ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს
სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა
გრძელდება
"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"-
პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში
პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ
შუქრუთში
"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"-
პროტესტი სოფელ შუქრუთში
მასალის გამოყენების პირობები