კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის
კანდიდატმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ურბანული განვითარების,
ტრანსპორტის განახლების, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური
გაუმჯობესების საკითხებს.
"ქაოტური განაშენიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ეს 20-25 წლის
განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. თუ ჩვენ არ გადავდგით
კონკრეტული ნაბიჯები და არ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილებები, ასე
გაგრძელება შეუძლებელია", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის
მიღება გადაჭრის, რომლითაც ქაოტური განაშენიანება დასრულდება.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, უნდა დაიხვეწოს
მშენებლობის სტანდარტები და ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე
დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და მათ
უსაფრთხოებას.
კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე და
აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება
ტურისტული მარშუტების კონცეფცია.
მისი თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ტურისტული პოტენციალის
სათანადად წარმოჩენა, არამარტო მოსახლეობის ჯიბეზე, არამედ ქალაქის
ბიუჯეტზეც აისახება, რაც აუცილებელია ახალი პროექტების
განხორციელებისათვის.
კახა კალაძის თქმით, ასევე, დაგეგმილია მუნიციპალური მუზეუმების
რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულ მარშუტებში გათვალისწინებული
იქნება.
"მუნიციპალიტეტს 9 მუზეუმი აქვს საკუთრებაში, რომლის რეაბილიტაცია
გვინდა განვახორციელოთ. მუზეუმები ყველა ქვეყანაში შემოსავლის წყაროა
და არ არის დოტაციაზე. ჩვენც გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა -
არამარტო მუზეუმები, რომელიც შეიძლება გავაძლიეროთ და გავითვალისწინოთ
ტურისტულ მიმართულებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა განათლებისა და კულტურის მოღვაწეებთან
შეხვედრისას, მწუხარება გამოთქვა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის
გარდაცვალების გამო.
"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ქალბატონ ლიკა ქავჯარაძის
გარდაცვალებას. მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.
დავკარგეთ ულამაზესი ქალბატონი და ნიჭიერი მსახიობი" - აღნიშნა კახა
კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები