"საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო
გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი
საერთო ტკივილია",
- აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" თბილისის მერობის
კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში
დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.
"1993 წლის 27 სექტემბერს კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე
ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. საქართველო იყო ყველა კუთხის სახლი -
დაწყებული აფხაზეთით, დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია ერთი
წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო გვქონდა. ის
ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო
ტკივილია. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპული ადამიანის ოჯახს, ახლობლებს. ეს
არის თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი. მჯერა, რომ შევძლებთ
დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო", -აღნიშნა თბილისის მერობის
კანდიდატმა.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული
13-თვიანი და 13-დღიანი ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის
შეიარაღებულ კონფლიქტს ათი ათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი
მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასამდე დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები