პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის
კანდიდატი, ლაშა გოგია, რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევად
უმუშევრობას ასახელებს.
როგორც მან ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების
წარდგენის შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება ანაკლიის
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა
დასაქმდება.
"ჩემი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, უკვე გვაქვს 4-წლიანი გეგმა,
რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდება
და შესაბამისად, ის პრობლემებიც გადაიჭრება, რომელიც დღეს ზუგდიდის
მოსახლეობას აწუხებს", - აღნიშნა გოგიამ.
პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს"
თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო
სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის
გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება,
მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის -
ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე
გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა;
წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით
გოგუა იქნება.
მასალის გამოყენების პირობები