"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის
კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
ნიკოლოზ თოფურიძემ პირველი შეხვედრა ფარცხნალის ადმინისტრაციული
ერთეულის მოსახლეობასთან გამართა. კამპანიის ფარგლებში, მერობის
კანდიდატმა აღნიშნული თემის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ თაბუკაშვილი წარუდგინა.
მერობის კანდიდატი ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი
სოფლების - ახალსოფელის, ღუდუმექეთის, ფარცხნალისა და ისლარის
მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ
პროექტებსა და პროგრამებზე ესაუბრა.
"გზა ყველა სოფელს - ეს არის ჩვენი დევიზი და ამ კუთხით უკვე დიდი
სამუშაოები გავწიეთ. 26 სოფელში ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ გზებს
კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ავაშენეთ და რეაბილიტაცია
ჩავუტარეთ ხიდებს, ხიდბოგირებს, როგორც საავტომობილოს, ასევე
საცალფეხოს, საჭიროებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოვაწყვეთ
გაბიონები და საყრდენი კედლები. პრიორიტეტი ინფრასტრუქტურას
მივანიჭეთ, რადგან გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის,
ასევე სოფლის განვითარებისთვის.
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, იმ გუნდთან ერთად, რომელიც გვერდით
მიდგას გავაგრძელებთ მუშაობის ტემპს, რომელიც აღებული გვაქვს.
სერიოზულ ყურადღებას მივაქცევთ სასმელი წყლის პრობლემებს სოფლებში,
გაზიფიცირების საკითხს, ისევ აშენდება საბავშვო ბაღები, როგორც გასული
4 წლის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ
ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ ხარაგაული" - აღნიშნა
შეხვედრებზე ნიკოლოზ თოფურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები