"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის
კანდიდატი კახა კალაძე გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონში მოსახლეობას
შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ყურადღება სოციალურ,
ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა.
კახა კალაძის განცხადებით, ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე
რადიოქალაქის მოწყობა იგეგმება, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ,
გასართობ ინფრასტრუქტურას და სარეკრეაციო ზონებს მოიცავს. გარდა
ამისა, რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი.
მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მოხდება
მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და მეტროსადგურების რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ტექდათვალიერების შემოღებას.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მერია იზრუნებს მცირე და
საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რათა დედაქალაქში მეტი სამუშაო
ადგილი შეიქმნას.
კახა კალაძის თქმით, თავის გუნდთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ
დედაქალაქს ხელშესახები ცვლილებები დაეტყოს და განვითარება არამხოლოდ
ცენტრალურ უბნებზე, არამედ თბილისის ყველა რაიონზე აისახოს.
თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხაზი
გაუსვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და
განაცხადა, რომ თბილისის რაიონებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები
მოეწყობა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გლდანის მცხოვრებლებმა
კახა კალაძეს როგორც უბნის, ისე ინდივიდუალური საჭიროებები
გააცნეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი გულია
გოცირიძე, პარლამენტარები მამუკა მდინარაძე და გიორგი ლილუაშვილი
ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები