"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი,
პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსი კახა კალაძე მოქალაქეებს
მიმართავს.
"მინდა მოგმართოთ ყველას: - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად
თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა, მიუხედავად განწყობისა ამა თუ იმ
პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ უმძიმესი
წლები. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის 25 წლიანი ისტორია ჩვენს
თვალწინ იქმნებოდა - ჩვენი საშუალებით და მონაწილეობით. ამ პროცესებში
ჩვენი სისხლი, ჩვენი ცრემლი და ჩვენი პირადი პატარა თუ დიდი
ტრაგედიებია ჩაქსოვილი... და ეს ჩვენი საერთო წარსულის სამუდამო
შემადგენელი გახდა. ჩვენ დღეს ვქმნით საქართველოს მომავალს! ამიტომ
უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად შენი - ერთი მოქალაქის ხმას,
იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს სრულფასოვნად და ნორმალურად. ისე,
როგორც ტარდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში!
განსაკუთრებით, გამორჩეულად მინდა მივმართო ახალგაზრდობას: ძალიან
მინდა, რომ უკვე თქვენმა თაობამ მოასწროს თანამედროვე, დალაგებულ,
აწყობილ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ არასწორად
გვასწავლიდნენ პატრიოტიზმს- ამ სიტყვამ დაკარგა ფასი და მნიშვნელობა.
დაკარგა ის საკრალური საწყისი, რაზეც საუკუნეებია იდგა ჩვენი ქვეყანა
და აქამდე მოვედით. თუ ჩვენში არ იდება ქვეყნის სიყვარული,
პატრიოტიზმის გრძნობა ისეთი, როგორიც გენეტიკურად მოგვდგამს ვერაფერს
შევქმნით ღირებულს. თქვენ უნდა შექმნათ ---ახალმა სუფთა თაობამ
ეროვნული იდეა, ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის ის კონცეფცია, --
რაც არ იქნება ხელოვნური, პროპაგანდისტული და უცხო სხეულივით თქვენს
მენტალიტეტზე.
პატრიოტიზმი არც სხვა ეროვნებების სიძულვილია, არც ჩოხით სიარული და
არც სამშობლოს სადღეგრძელო. ეს განათლებაა, ერთმანეთის სიყვარული,
ქართულ გენში გამჯდარი ტოლერანტობის გამოყენება და ის საუკუნეებში
გამოტარებული ერთობა, რაზეც ეროვნული "მე" აშენეს ჩვენმა წინაპრებმა.
ხშირად მითქვამს უფროსი თაობისთვის, კონკრეტულად ჩვენი პარტიის
აქტივისტებისთვის , რომ ჩვენ ყველა, მთელი გუნდი- ვართ ოცნების
ჯარისკაცები. დღეს მინდა მოგმართოთ თქვენც – ჩვენ ყველა ვართ თქვენი
ჯარისკაცები! - ახალგაზრდობის მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები და
ამაში ერთიანები უნდა ვიყოთ! მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის სასურველი
მომავლის შექმნაში- აუცილებლად მიდით არჩევნებზე ! თქვენი მონაწილეობა
საერთო პასუხისლგებლობის შემადგენელი ნაწილია!" – აღნიშნულია
კახა კალაძის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები