"ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო და ეს მომავლის
საქართველო არის ის, რომელიც ყველა ჩვენგანს ღრმად გულში გვენატრება
და რომლის თაობაზეც ყველა ჩვენგანს ბავშვობაში ჩვენი მშობლები, ჩვენი
წინაპრები გვასწავლიდნენ".
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაკეში ამომრჩევლებთან
შეხვედრის დროს განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩევლებს ვაკის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზაზა ხუციშვილი და ბიძინა გეგიძე
კიდევ ერთხელ წარუდგინა.
"ჩვენ რა თქმა უნდა, ეჭვი არავის შეგვაქვს ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ
გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც. ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი
ქვეყნის სტაბილური, შეუქცევადი განვითარება უზრუნველვყოთ და აღარ უნდა
ვისაუბროთ წარსულზე, ჩავაბაროთ, გადავშალოთ ეს ფურცელი და სწორი
ფასეულობების ირგვლივ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება. დავასრულოთ
ღვარძლი, სიძულვილი და სიყვარულის კარი გავხსნათ ჩვენი მომავალი
თაობებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა და
დავასრულოთ თავქარიანი პოლიტიკოსების ეპოქა. დავიწყოთ სულ ახალი
მომავლის პოლიტიკოსების ეპოქა, მე მინდა აუცილებლად ვთქვა", -
განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი ტელევიზიით გუშინ "ქართული
ოცნების" წევრების დებატებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ
საზოგადოების წინაშე წარსდგა გუნდი, სადაც ბევრი გამორჩეული ადამიანი
იდგა.
"საზოგადოების წინაშე წარდგა თანამედროვე, სრულიად ახალი ტიპის
ლიდერებისგან შემდგარი გუნდი, სადაც ბევრი გამორჩეული ადამიანი იჯდა
და სადაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალზე იყო საუბარი. ჩვენ
შეგვიძლია პირნათლად ვთქვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელსაც
პასუხი გავეცით არის ის, რომ შესაძლებელია ძალიან სწრაფი პროგრესი
ქვეყანაში და არც ერთი უდანაშაულო ადამიანის დაჩაგვრა. ეს არის
უმთავრესი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ დღეს დილით ჩვენ გავხსენით
ქარის ახალი ელექტროსადგური, პირველი ასეთი ელექტროსადგური
საქართველოში, რომელიც გახლავთ სრულიად ახალი სიტყვა ქართული
მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკის განვითარებაში. დღეს შუადღეს მე
პირველად დავჯექი ამბროლაურის ახალ აეროდრომზე და ერთ რამეს
გპირდებით, რომ როგორც თქვენ ხედავთ წინასაარჩევნო პერიოდში, თუ რა
ტემპში მუშაობს მთავრობა და ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მეტ სისწრაფეს
ნახავთ არჩევნების შემდეგ, ეს არის ჩვენი მთავარი პირობა, რომ
დინამიკა იქნება არნახული", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ოთხი წლის თავზე იქნება თვისობრივად
განსხვავებული თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალტექნოლოგიური
განათლების სისტემა, რომელიც მთავარი ღერძი იქნება ეროვნული,
პატრიოტული სულისკვეთება.
"ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ შესაძლებელია იყო ყველაზე თანამედროვე
და ამავე დროს ყველაზე მეტად ვუფრთხილდებოდე ტრადიციებს. ამ კითხავზე
პასუხი გაცემულია, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ოთხი წლის თავზე
ჩვენს ქვეყანას შეუქმნათ სრულიად ახალი თანამედროვე მოდერნიზებული
ინფრასტრუქტურას, ევროპული ხარისხის და ოთხ წელიწადში ჩვენ დამატებით
ხუთი მილიარდი დოლარის დახარჯვას ვაპირებთ იმის გარდა რაც დღემდე
იხარჯება. ეს იქნება არნახული ბიძგი ქვეყნის ეკონომიკის
განვითარებაში. ჩვენ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვლით მმართველობის
სისტემას. ჩვენ ოთხ წელიწადში მივიღებთ ეკონომიკურ ცვლილებებს,
სრულიად ახალი ტიპის საპენსიო სისტემას, სრულიად ახალი ტიპის
ეკონომიკური განვითარების ბიძგს მივცემთ ქვეყანას. ჩვენ შევქმნით და
კიდევ უფრო განვავითარებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებს
ჩვენი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებისთვის. შედეგად
ჩვენ მივიღებთ ბედნიერ ქვეყანას. ეს არის ერთადერთი სიტყვა, რომლის
გამოხატვაც გვინდა. ჩვენ გვინდა ბედნიერი ქვეყანა", - აღნიშნა
პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა მოქალაქის ჩართულობით შესაძლებელი იქნება
სიყვარულზე და ბედნიერებაზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობა
შესაძლებელია.
"გპირდებით იმას, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება მთავრობის მხრიდან
სიყვარულის, ჩვენი ქვეყნის ერთგულების გარეშე გადადგმული. ეს არის ის
ხელისუფლება, რომელიც თქვენი გამოხატულება იქნება. ეს არის
ხელისუფლება რომელიც ერთიანია. თავის ხალხთან და ამ ერთიანობის
დადასტურება კიდევ ერთხელ გვჭირდება 8 ოქტომბერს. მეგობრებო, ჩვენ
ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო და ეს მომავლის
საქართველო არის ის საქართველო, რომელიც ყველა ჩვენგანს ღრმად გულში
გვენატრება და რომლის თაობაზეც ყველა ჩვენგანს ბავშვობაში ჩვენი
მშობლები, ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ ოდესმე თურმე დიდი
ყოფილა საქართველო და ამ დიდ საქართველოს კიდევ ერთხელ გაუმარჯოს.
გაუმარჯოს ღირსებას, გაუმარჯოს თავისუფლებას და გაუმარჯოს სწრაფად
ქვეყნის განვითარებას, რომელიც იქნება ღირსებაზე და სიყვარულზე
დაფუძნებული", - აღნიშნა პრემიერმა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა,
პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას
მოსახლეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმის
დაფიქსირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, ქვეყანაში
მოძალადეები აღარ უნდა დაბრუნდნენ.
კახა კალაძე დაწრმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს
და ხმას მისცემს ქვეყნის სწრაფ განვითარებას.
"მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლენო, თანამოაზრეებო. პირველ რიგში
უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს დღეს აქ
მობრძანებისთვის. ფაქტობრივად, მოვიდა 8 ოქტომბერი და მინდა გთხოვოთ
თითოეულ თქვენთაგანს, მინდა მივმართო სრულიად საქართველოს, ჩვენი
ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ყველა ერთად დავირაზმოთ, მოვკიდოთ ხელი
ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს,
მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა
ვანდოთ ხვალ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. მე დარწმუნებული ვარ
იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება ერთი, ეს არის თავისუფლება, რომელიც
ჩვენ ყველამ ერთად თქვენი ჩართულობით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების
ჩართულობით მოვიპოვეთ ბრძოლით და რაც მთავარია, მშვიდობიანი გზით.
ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ
ძალადობა, ქვეყანაში დაბრუნდნენ მოძალადეები. ეს დრო წარსულას
ჩავაბარეთ ყველამ ერთად",-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძის თქმითვე, დღეს, რაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს
არის ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე,
ძალიან სწრაფად შევამციროდ სოციალურად დაუცველების რაოდენობა
ქვეყანაში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავაძლიეროთ ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკა ისე, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა.
მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა ამ
გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება არის პარტია "ქართული
ოცნების" მხარდაჭერა, ჩვენი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის
მხარდაჭერა, იმ გუნდის მხარდაჭერა, რომელიც აქ არის დღეს
წარმოდგენილი",-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა
გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე
გადაიყვანონ.
"ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა
ქვეყანაში შევცვალოთ არსებული პოლიტიკური რეალობა, მოვახდინოთ
გარდატეხა პოლიტიკურ რეალობაში. თქვენ ალბათ ყველა უყურებთ ტელევიზორს
და იმას, რა ხდება, როდესაც მიმდინარეობს დებატები, პოლიტიკური
პარტიების შეხვედრები, როგორი შეურაცხყოფა, ჭიქების სროლა, ბოთლების
სროლა, ეს ყველაფერი არის კატასტროფა. ეს ყველაფერი არის გუშინდელი
დღე მეგობრებო. ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, ყველაფერი უნდა
გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ,
თანამედროვე საფეხურზე. საჭიროა უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი
პატივისცემა და ჩვენ ამას მოვახერხებთ.ამას აუცილებლად შევძლებთ. მე
მინდა დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად
გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი
თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს
გამარჯვება, რადგან ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც
ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ. მე მინდა
მადლობა გითხრათ იმ მუხტისთვის, იმ ემოციისთვის, რომელიც თქვენგან
მოდის და მე ეს მაძლევს შინაგან რწმენას იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად
გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მინდა გისურვოთ ყველას,
რომ ხვალინდელი დღე, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი,
იყოს წარმატებული და იყოს ლაღი თითოეული თქვენთაგანისთვის",-დასძინა
პარტიის გენერალურმა მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები