ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში
ევროპის ჩემპიონი გახდა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის
მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს
აეროპორტში დახვდა და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ევროპის
ჩემპიონატი ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გაიმართა.
"საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგით მე-19 ევროპის ჩემპიონატში ვადო
კარატეში იღებდა მონაწილეობას. საქართველოს გუნდი შეჯიბრზე 6 კაციანი
შემადგენლობით წარსდგა, აქედან ერთ-ერთი ზესტაფონის მკვიდრი ტარიელ
სამხარაძე იყო, რომელმაც არაჩვეულებრივად იასპარეზა და 3 მედალი
მოიპოვა, აქედან ოქროს მედალი აბსოლუტურ კატეგორიაში, ვერცხლის მედალი
თავის წონით კატეგორიაში და ბრინჯაოს მედალი გუნდურ კატეგორიაში.
სასიხარულოა ის, რომ სამხარაძე ერთ-ერთ ძლიერ სპორტსმენად დაასახელეს.
მან წინა წლის ვერცხლის მედალს ოქროს და ბრინჯაოს მედლები დაამატა.
ვულოცავ სპორტსმენს, ვულოცავ რეგიონს და მადლობას ვუხდი ზესტაფონის
გამგეობას, სწორედ მათი დახმარებით გაემგზავრა სამხარაძე ევროპის
ჩემპიონატზე", - საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური
მდივანი მიხეილ მახარაძე.
"ზესტაფონელ სპორტსმენს ტარიელ სამხარაძეს ვულოცავ ამ დიდ
გამარჯვებას, მინდა ვუსურვო კიდევ მეტი წარმატება, რადგან უფრო მეტი
გამარჯვებული და წარმატებული ზესტაფონელი გვჭირდება ჩვენ", -
განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის
მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წუხელ გვიან ღამით დავით აღმაშენებლის
სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.
მასალის გამოყენების პირობები