"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი
კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
"ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი
მოვლენა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა
უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა
ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება
საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის
მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა
მივცეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და კეთილდღეობას, ყველამ ერთად
ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთად ბევრი განსაცდელი
გამოვიარეთ, ვსწავლობდით თავისუფლებას და დემოკრატიას, საფუძველი
ჩავუყარეთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანზე ზრუნავს და იცავს მას.
ბევრი რამ შევძელით ერთად, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში შევქმენით
განვითარებისთვის აუცილებელი თავისუფალი გარემო, მომზადდა პოლიტიკური
და სამართლებრივი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს დიდი ეკონომიკური
აღმავლობა. მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი
გაჭირვებული ადამიანია, რომელთაც არა აქვთ სამუშაო და რომლებიც
იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას; ისინი მოკლებულნი არიან
შესაძლებლობას, სრულად შეიგრძნონ თავისუფლების სიკეთე. ქვეყნის
ეკონომიკური აღმასვლა და სიღარიბის დაძლევა არ არის მხოლოდ ცალკეული
ადამიანების და ოჯახების გამოწვევა, ეს მთელი ქვეყნის ამოცანას
წარმოადგენს და მისი გადაწყვეტა თითოეული ჩვენგანის სოლიდარულ
ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ქვეყნის სწრაფი
განვითარების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, ეს ჩემთვის ეკონომიკური
პროგრამის ნაწილს ან წინასაარჩევნო დაპირებას კი არ წარმოადგენს, ეს
ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი და ოცნებაა, და მე გპირდებით, რომ
ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი ოთხი წელი იყოს ჩვენს უახლეს
ისტორიაში ყველაზე დინამიკური განვითარების პერიოდი.
ჩვენ ღმერთმა ბევრი სიმდიდრე გვიბოძა - მდებარეობა, ულამაზესი ბუნება,
მთა, ზღვა, წყალი, წიაღისეული, რაც მთავარია, ნიჭიერი და
შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც აქვს ჭირში თმენის და ქვეყნის
აღორძინების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, დიდი კულტურა, ანუ ყველა
მონაცემი გვაქვს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ოღონდ გვჭირდება
ჩვენი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, საზოგადოების გაერთიანება
და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის მიმართვა ერთიანი და ძლიერი
საქართველოს ასაშენებლად.
მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენი
სამშობლო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!" – აღნიშნულია
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები