"არჩევნების მეორე დღიდანვე ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის
სწრაფი განვითარების გეგმა, რომელიც დაწყებულია"
"სისწრაფე აუცილებელია, იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს
რეგიონული უპირატესობები და კონკურენტუნარიანობა, რომელიც მას
გააჩნია,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი
კვირიკაშვილმა წნორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ დღეს
ადგილობრივ მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი
შიოლაშვილი წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული სიხარული
გამოხატა წნორელებთან შეხვედრის გამო, სადაც, მისი თქმით, ბავშვობის
წლები გაატარა
"როდესაც მეკითხებიან სადაური ხარო, არასოდეს ვამბობ, რომ წარმოშობით
ქიზიყელი ვარ, ყოველთვის ვამბობ: ქიზიყელი ვარ! ყოველთვის მიხარია,
როცა აქ ჩამოვდივარ, ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი და ახლობელია აქ და
ძალიან თბილი გრძნობა მეუფლება იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა აქ მაქვს
გატარებული. ჩემთვის ძალიან ემოციურია აქ ყოფნა და მინდა,
განსაკუთრებულად მოგეფეროთ და გამოვთქვა ჩემი სიყვარული და
პატივისცემა ყველა თქვენგანის მიმართ,"-აღნიშნა პრემიერმა
შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაური წნორის მოსახლეობას განხორციელებულ რეფორმებსა და
სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა
საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ქვეყნის სამომავლო განვითარების
უზრუნველსაყოფად.
"ორი კვირა გვაშორებს საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნებს რომელმაც
უნდა დაადასტუროს არის თუ არა ის გზა სწორი, რა გზითაც ჩვენ
მივდივართ; არჩევნებს, რომელმაც უნდა კიდევ ერთხელ განსაზღვროს
საქართველოს მომავალი ოთხი წელი; არჩევნებს, რომელზეც ჩვენ მივდივართ
პირნათელნი,"-განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა
ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების კუთხით.
"დღეს არის საფუძველი იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში
სწრაფი ნაბიჯებით შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა, უპირველეს
პრიორიტეტად გამოვაცხადოთ განათლება, კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ
ჩვენი პედაგოგები…და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ
უნდა დავასრულოთ დაპირისპირება ერთმანეთში და მეტი სიყვარულით, მეტი
მომავლის რწმენით გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება,"-აღნიშნა
პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მომდევნო 4 წელიწადში უნდა
დასრულდეს ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა.
"მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი. სარფიდან
არა მარტო წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით, არამედ თბილისიდან
ლაგოდეხის მიმართულებით გამავალი ჩქაროსნული მაგისტრალი. იმისათვის,
რომ კახეთმა დაიბრუნოს ის სატრაზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის
გააჩნდა.ეს არის აუცილებელი სამუშაო ადგილების შესაქმელად, ეკონომიკის
განსავითარებლად და იმისათვის, რომ ქვეყანა მოძლიერდეს. აუცილებელი
იქნება ტურისტული მიმართულებებით ევროპული სტანდარტის გზების გაყვანა,
აუცილებელი იქნება ის, რაც ჩვენ დავიწყეთ- მცირე სასტუმროების
ქსელების, საოჯახო სასტუმროების ქსელის განვითარების პროგრამა. ყველა
ოჯახს უნდა შეეძლოს რამდენიმე ტურისტის მიღება მაინც ვისაც ამის
სურვილი ექნება. ჩვენს ქვეყანაში დამწყებ ბიზნესმენს, ახალგაზრდას,
რომელსაც გააჩნია იმის ნიჭი, რომ ახალი ბიზნესი წამოიწყოს, მშობლების
ქონების დაგირავების გარეშე, უნდა ჰქონეს საშუალება , რომ საკუთარი
ბიზნესი წამოიწყოს ,"-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
წნორში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა "ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ
და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით "ქართული ოცნება"
ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა
მოგვარდეს.
"მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მობრძანებისთვის,
მე არ შემიძლია არ შევეხო იმ ემოციებს, რომელიც ბატონ გიორგის ჰქონდა
სიტყვის დაწყების წინ. მე ძალიან კარგად მესმის მისი, თუ რამდენად დიდ
ემოციებს იწვევს ის, რომ გამოდიხარ სიტყვით იმ კუთხეში, სადაც დაიბადე
და გაიზარდე. იმ ადამიანების წინაშე, რომელიც შენი სისხლი, ხორცი და
გენია. მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. მინდა თქვენ, თქვენს
კუთხეს ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ
ისეთი ადამიანი, როგორიც გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი. ყოველგვარი
პირფერობის გარეშე, თავისი ადამიანურობით, ადამიანი, რომელიც
ორიენტირებულია სიკეთის კეთებით და იმ გუნდით, რომელიც წარმოდგენილია
"ქართული ოცნების" სახით, ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით, გიორგი
კვირიკაშვილის სახით, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს
გავაკეთებთ, რათა ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს
ქვეყანაში, ქალაქებში, რეგიონებში, სოფლებში, მცხოვრებ ადამიანებს,
იქნება მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდება
ეტაპობრივად",-აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გუნდს კარგად ესმის, დარგების
მიხედვით რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი.
"თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი
წლის განმავლობაში გავაკეთეთ და მოვახერხეთ. კი გვესმის, რომ ბევრი
კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა დარგების
მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად ვიცით ყველა
ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად
თქვენი დახმარებით, სრულიად საქართველოს დახმარებით, ყველას
ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია,
მივიდეთ ყველა საარჩევნო უბანზე და მივიღოთ გადაწყვეტილება:
თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ეს შეუძლია
მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გუნდს, ერთადერთ ძალას ქვეყანაში და ეს
არის პარტია "ქართული ოცნება" გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. მე
მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად
გავიმარჯვებთ და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან
პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს
თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. მინდა გისურვოთ წარმატებები და
მინდა გისურვოთ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, თითოეული
ჩვენთაგანისთვის იყოს ბედნიერი",-განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები