"გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ლიდერის, გიორგი
კვირიკაშვილის მხრიდან გაჟღერდა, საკმაოდ ამბიციურია, თუმცა
მოგახსენებთ, რომ ეს არის რეალური და შესრულებადი".
ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა
მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან
შეხვედრისას განაცხადა. პარტიის გენერალური მდივანი მოსახლეობას
ქუთაისის 47-ე და 48-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან,
გენადი მარგველაშვილთან და დიმიტრი მხეიძესთან ერთად შეხვდა.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" ხელისუფლების
მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"მე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჩვენს საქმიანობაზე, იმ განვლილ
წლებზე და ჩვენს სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენს გუნდს, პარტია
"ქართულ ოცნებას" აქვს დასახული. ჩვენ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ.
ძალიან მძიმე იყო ეს ოთხი წელი. ძალიან ბევრი სირთულე იყო, თუმცა,
ჩვენ მართლაც ღირსეულად გამოვიარეთ, თავაწეულები მოვდივართ. ძალიან
ბევრი მნიშვნელოვანი, საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, ბევრი
რეფორმა წამოვიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ავიღოთ
დარგების მიხედვით, თუ რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის მიმართულებით და
რა მდგომარეობაა დღეს. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ, ჯანდაცვა დღეს
ხელშესახებია თითოეული ჩვენთაგანისთვის. საქართველოს თითოეული
მოქალაქე არის დაზღვეული და საჭიროების შემთხვევაში ექიმების
მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება, ეს არის ყველაფერი უფასო.
მილიონობით გადაუდებელი, მძიმე, ძვირადღირებული ოპერაციები გაკეთდა ამ
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის
მოქალაქეებს. ეს ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა მომავალშიც
გაგრძელდება. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო
ხელმისავწდომი გახდება თითოეული ჩვენთაგანისთვის. სოფლის მეურნეობის
მიმართულებით, ნამდვილად საამაყოა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში,
იმდენი მიწა დამუშავდა, რაც 20-25 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმისთვის, რომ ყველაზე დიდი
პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ყოფილიყო მოგვარებული და ეს
პრობლემა არის უმუშევრობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ბოლო ოთხი
წლის განმავლობაში ამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების
თვალსაზრისით შეიქმნა დაახლოებით 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი,
თუმცა ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი იმ
პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებით
გვაქვს, მაგრამ, აქ მთავარი არის ის, რომ ეს არის სწორი გზა, სწორი
არჩევანი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით, ის პრობლემა, რაც
უმუშევრობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, მოგვარდეს მომავალი წლების
განმავლობაში. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მომავალი 4 წლის
განმავლობაში შევქმნით 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს. ეს რეალურად
დღეს შესაძლებელია და ამის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მომავალი
წლების განმავლობაში. ჩვენ ამაზე გაგვიჭირდებოდა საუბარი, ეს რომ
ყოფილიყო 2012 წელი, რადგან განსხვავებით 2012 წლისგან, დღეს გვაქვს
აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ჩვენ, მთავარი და მნიშვნელოვანი,
რაც გავაკეთეთ, შევქმენით საფუძველი, ფუნდამენტი იმისთვის, რომ უკვე
ქვეყანა სწრაფად განვავითაროთ, ქვეყანა სწრაფად წინ წავიდეს,
ეკონომიკურად მოვძლიერდეთ, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ
იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს დასახული
მიზნად",-განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი
პროექტია.
"დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც იმერელი, ამ
რეგიონის შვილი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თქვენს ქალაქში,
ქუთაისში, დღეს საფუძველი ჩაეყარა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
მშენებლობას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამ
პროექტისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი იქნება დახარჯული. ეს იქნება
60 ათას სტუდენტზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე. 140
ჰექტარი ტერიტორია იქნება გამოყენებული ამ პროექტის
განხორციელებისთვის. ამ პროექტს განახორციელებს ფონდი "ქართუ", ბატონი
ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით",-აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არ დაემსგავსება სხვა ოპონენტებს ,
სხვა პოლიტიკურ პარტიებს და არ დაიწყებს ისეთი დაპირებების გაცემას,
რისი გაკეთებაც და განხორციელებაც შეუძლებელი იქნება.
" არის რაღაც მიმართულებები, რისი გაკეთებაც შეიძლება გართულდეს.
ამაზეც არ უნდა მოგვერიდოს საუბარი, პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს
რადგან ხვალ, ზეგ, როდესაც მოვალთ თქვენთან, თვალებში შეხედვის არ
უნდა შეგვრცხვეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენ
შეგვიძლია და რის გაკეთებასაც აუცილებლად მოვახერხებთ. ძალიან ბევრი
კითხულობს, თუ როგორ შეიძლება 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.
მე ვისაუბრე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასევე,პროექტი
"აწარმოე საქართველოში", რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ვაწარმოოთ
პროდუქტები და არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ეს
პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მოგვცემს იმის
შესაძლებლობას, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. სოფლის
მეურნეობის თვალსაზრისით, ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც არის
სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული და გამოყოფილია თანხები
დაფინანსებითვის, ესეც მომავალშიც გაგრძელდება, უფასო ხვნა-თესვის
პროგრამა იმისთვის, რომ გლეხი გავაძლიეროთ, სოფელი გავაძლიეროთ,
მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ
რამხელა დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას. კლიმატური
პირობები ხელს გვიწყობს, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და რაც მთავარი და
მნიშვნელოვანია, მთავრობა, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას
იმისთვის, რომ ეს პროექტები დააფინანსოს, რათა ხელი შევუწყოთ სოფლად
მაცხოვრებელ ადამიანს, რომ გვყავდეს ძლიერი სოფელი, ძლიერი რაიონები,
ძლიერი ქალაქები. ეს უკვე ძლიერი საქართველოა",- განაცხადა პარტიის
ცენტრალური შტაბის უფროსმა.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე.
"ტურისტული მიმართულებით ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. ბოლო
წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჩვენ ქვეყანას სტუმრობდა
დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს
ქვეყანას, მთაში, ბარში, ზღვაზე, ყველანაირი შესაძლებლობები გვაქვს
იმისთვის, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში,
შეიქმნას ინფრასტრუქტურა, ცენტრალური მაგისტრალების დასრულება- ეს
ყველაფერი შესაძლებელია ამ ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენ ვიძლევით
პირობას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად
განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა,
თვისობრივად განსხვავებული ტურისტული მიმართულებები",-აღნიშნა
მან.
კახა კალაძის თქმით, "ქართული ოცნების" ყველაზე მთავარი მონაპოვარი
თავისუფლებაა.
" ჩვენი მთავარი მონაპოვარი- ეს არის თავისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად,
ჩვენ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ
მოგვეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირსეული- თავისუფლება.
და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ვერასდროს ვერ
დაბრუნდებიან, არასდროს არ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი
მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც შეეხებიან ამ ჩვენს ძვირად
მოპოვებულ თავისუფლებას. ვერავინ ვერ გაბედავს, იმას, რომ ჩვენი
ქვეყნის მოქალაქეები დაიჩაგრონ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს
შეურაცხყოფა მიაყენოს განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული
პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს
და არასდროს, არ დავაბრუნებთ იმას, რომ ქვებით, ხელკეტებით დასდევდნენ
განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, იყოს პოლიციული რეპრესიები და
ა. შ და ა.შ. ეს ყველაფერი არის წარსული. ეს, რა თქმა უნდა, არის
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამსახურება ჩვენ გუნდთან ერთად. ჩვენ
ყველას კარგად გვახსოვს, ბევრი დროს არ გასულა, თუ როგორი
დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ,
როგორი დამოკიდებულება იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ.
ეს თითოეულმა თქვენთაგანმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენს თავზე,
საკუთარ ოჯახებზე გამოვიარეთ. ჩვენ ნამდვილად არ დაუშვებთ იმას, რომ
ასეთი დრო დაბრუნდეს ქვეყანაში",-განაცხადა პარტიის გენერალურმა
მდივანმა.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას საზოგადოების კონსოლიდაცის
მნიშვნელობაზე ისაუბრა.
" ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ. უფრო
მეტი სიყვარული იყოს,უფრო მეტი კეთილშობილება იყოს ურთიერთპატივისცემა
იყოს,მერე რა, რომ არსებობს განსხვავებული აზრი ქვეყანაში,ეს უნდა
იყოს, უნდა იყოს ადამიანები, ვისაც სხვადასხვა შეხედულებები აქვს, თუ
ყველას ერთნაირი შეხედულებები გვექნება ყველაფერზე, თუ ყველას
ერთნაირი გემოვნება გვექნა, მერწმუნეთ, წარმოუდგენელი იქნება ჩვენი
ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ამიტომ, ნორმალურად უნდა
მივიღოთ განსხვავებული აზრი,ნორმალურად უნდა მივიღოთ განსხვავებული
შეხედულებები და უნდა დავასრულოთ ურთიერთდაპირისპირებები, უნდა
დავასრულოთ ეს ერთმანეთის ჭმა,საზოგადოებაც დაიღალა ამ ყველაფრისგან
და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. ჩვენ მოვახერხებთ იმას რომ,
პოლიტიკა და პოლიტიკური ცხოვრება გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე
საფეხურზე, სადაც იქნება უფრო მეტი კოსტრუქციულობა,სადაც იქნება უფრო
მეტი თანამედროვეობა და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, იქნება
ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.ეს სჭირდება დღეს ჩვენს
საზოგადოებას. ეს სჭირდება დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას",-აღნიშნა
მან.
კახა კალაძის თქმითვე, "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ
კავშირია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან.
"ჩვენ აქ არ მოვსულვართ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ 41 შემოხაზეთ,
"ქართულ ოცნებას" მიეცით ხმა,არავითარ შემთხვევაში. თქვენ ყველა
ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით,ყველა კარგად ხედავთ ქვეყანაში
მიმდინარე მოვლენებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ
თვითკმაყოფილები, თუ რა გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, არ არის
ეს ასე,ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი
ქვეყნის მოსახლეობას. ის სოციალური სირთულეები, რომელიც ჩვენდა
სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ქვეყანაში,ეს ყველაფერი არის მოგვარებადი.
ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პრობლემებზე საუბარი,ჩვენ ღიად უნდა
ვისაუბროთ ყველაფერ ამაზე, რომ შესაძლებელი იყოს ამ პრობლემების
მოგვარება და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ერთად, თქვენი
ჩართულობა იქნება უმნიშვნელოვანესი,რადგან თითოეულმა თქვენთაგანმა
უნდა დააფიქსიროს თქვენი მოქალაქეობრივი ვალი,ჩვენ ვართ თქვენს
სამსახურში, თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და ჩვენი
ვალდებულებაა, რომ ყველა ის პროექტი და ის დაპირება შევასრულოთ,
რომელიც იქნება გაცემული ჩვენს მიერ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა
ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია "ქართული ოცნების"
გამარჯვება ჰქვია და ბოლოს, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ იქნება
მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება,ჩვენი თანამოაზრეების და
აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება,
რადგან პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირია ჩვენი
ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან. ამიტომ, ვიაქტიუროთ,მივიღოთ
სწორი გადაწყვეტილება. თქვენ ნახეთ, ყველა პარტიის მიერ წარმოდგენილი
გეგმა ქვეყნის განვითარებისა, გააკეთეთ სწორი ანალიზი და თქვენი
ანალიზის შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ანდოთ
ხელისუფლება ხვალ,ვინ უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა.კიდევ ერთხელ ძალიან
დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მინდა გაგამხნეოთ, გისურვით
გამარჯვებები და გისურვოთ მთავარი, რომ ყოველი დილა იყოს ბედნიერი
თითეული თქვენთაგანისთვის",-დასძინა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები