რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში (R)
FaceBook
"ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო".

ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქარელის მოსახლეობას, რომელსაც პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი– გიორგი თოთლაძე წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი თქმით, არც ერთ მთავრობას, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მიუქცევია იმხელა ყურადღება სოფლის მეურნეობისთვის, როგორც დღეს.

"ეს სახელმწიფო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქარელისთვის, სადაც მრავალწლიანი ნარგავების მოშენების უდიდესი კულტურა არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისკენ მიმართული პროგრამები, რომელთა მეშვეობით ხდება ბევრი პრობლემის გადაჭრა. დღეს უკვე საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაჯანსაღებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას და სოფლის მეურნების გაძლიერებას,"–განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების საბოლოო მიზანია, თითოეული მოქალაქის ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა, რაც ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმით მიიღწევა. პრემიერმა ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1 იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა მომავალ პროექტებში რეინვესტირდება.

"ჩვენ მთლიანად უარი ვთქვით იმ მემკვიდრეობაზე, როდესაც საგადასახადო ინსტიტუტები ბიზნესზე წნეხისთვის იყო გამოყენებული და უარი ვთქვით კომპანიების შესამოწმებლად ფინანსური პოლიციის გამოყენებაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად უნდა დავიწყოთ და სად უნდა დავასრულოთ ოთხ წელიწადში, ეს არის ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის განხორციელების კომპეტენცია, გამოცდილება, ხალხთან კავშირი და ქვეყნის სიყვარული ჩვენ გაგვაჩნია!"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ქარელში სიტვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის მთავარ მიღწევებზე და მათ შორის ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.

"პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მობრძანებისთვის. მადლობა იმ საქმიანობისათვის, რასაც თქვენ ჩვენთან ერთად აკეთებდით ამ წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ დგახართ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ ერთად. დღეს ჩვენ დავუმტკიცეთ სრულიად მსოფლიოს, დავუმტკიცეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ოჯახების გაუბედურების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ჩვენი ერთად, ყველას დამსახურება. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს, ჩავაბარეთ წარსულს. ჩვენი მთავარი, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაცულნი. მათი უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. ზუსტად, ჩვენ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება თანაბრად დაცული. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი გზა, უფრო მარტივია ქვეყნის ისეთი მართვა, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა-ძალადობასა და პოლიციაზე დამყარებული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ამას, ყველამ ერთად ვუთხარით არა",-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე.

"ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება და ამაში თითოეული თქვენგანის მონაწილეობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების, თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ქვეყანაში გახლავთ რეალურად ერთადერთი, უალტერნატივო ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობები მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება არის რეალურად შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, იგრძნონ ის სიკეთეები, რომლებსაც ვპირდებით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. მინდა გაგამხნევოთ თითოეული თქვენთაგანი და დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, აი, ამ პატარებისთვის, რომლებიც დღეს აქ ჩვენთან არიან წარმოდგენილნი",-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

როგორც ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი თოთლაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მის რაიონში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

"მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩემს მშობლიურ რაიონში იმ გუნდიდან, რომელმაც შეძლო და 4 წლის მანძილზე ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ჩემს ქვეყანას, თითოეულ ქალაქს და თითოეულ სოფელს. მე მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი რაიონი. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. თითოეულ ჩემს წარმატებას ბავშობიდანვე ვუძღვნიდი ჩემს რაიონს და ქვეყანას. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება. მე მინდა აქვე ავღნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ჩვენს რაიონში, ძალიან ბევრი ღირსეული პროექტი განხორციელდა. დარწმუნებული ვარ და მინდა გარწმუნოთ თქვენც, რომ მომდევნო 4 წელი გაცილებით წარმატებული იქნება ჩვენი რაიონისთვის, რადგან მოხდება უფრო მეტი განვითარება და უფრე მეტი სეკეთე შევა თითოეული თქვენთაგანის ოჯახში. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის. მე კარგად ვაცნობიერებ, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და პირობას გაძლევთ ამ დიდ გამოწვევას ღირსეულად გავართმევ თავს",-აღნიშნა გიორგი თოთლაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.