"მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, ჩვენი რელიგიური კუთვნილებისა,
საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დადგეს ერთად, რათა მომავალი 4 წლის
განმავლობაში მოვიტანოთ მნიშვნელოვანი, შეუქცევადი ცვლილებები ჩვენი
ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
გარდაბანში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"
მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - სავალან მირზოევი
წარუდგინა და ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა გააცნო. მთავრობის
მეთაურის განცხადებით, გასული 4 წლის მანძილზე ხელისუფლებამ
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის,
ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების
კუთხით. მისივე განმარტებით, ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამები, რომლით
სარგებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
"საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი
დასაქმდეს და ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხრათ უმუშევრობა ჩვენს
ქვეყანაში. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ასევე გადავდგით სწორი
ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ერთის მმხრივ კიდევ უფრო
დავუახლოვდით დასავლეთს და მეორე მხრივ ჩვენს სამეზობლოში
განვახორციელეთ სწორი, პრაგმატული პოლიტიკა, რითიც შევძელით მიგვეღწია
სტაბილურობისთვის,"-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველ ძალას ქვეყნის მომავალი
განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რის განხორციელებასაც
"ქართული ოცნების" კვალიფიციური გუნდი შეძლებს.
"იმ მიზნით, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა,
ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიციური გუნდი წარმოდგენილი საქართველოს
პარლამენტისთვის… მინდა მოგიწოდოთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.
დღეს არის სწორი იდეალების, განვითარების გეგმის გარშემო მთელი
ქვეყნის გაერთიანების დრო," - განაცხადა პრემიერმა გარდაბნის
მოსახლეობასთან შეხვედრისას.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გარდაბნის
მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის,
ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს.
მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ.
თქვენ ყოველთვის იდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას, სჭირდებოდა
ხალხს და დღესაც იქ დგახართ.ამ 4 წლის განმავლობაში უამრავი პროექტები
განხორციელდა- ეს იყო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ
ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში
ყველაფერი კარგად არის და ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ. ჩვენ ძალიან
კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს ქვეყნის
მოქალაქეებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში და სწორედ პარტია "ქართული
ოცნება- დემოკრატიული საქართველო" გახლავთ ერთადერთი ძალა,
განახლებული გუნდით, ძველ სახეებთან ერთად, რომელსაც ყავს ძლიერი,
საქმის კეთებაზე ორიენტირებული ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით.
ჩვენ გპირდებით, რომ ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რომელიც აწუხებს
დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად,
თქვენი მხარში დგომით და ჩვენი ერთსულოვნებით. მე მინდა წარმატებები
გისურვოთ ყველას და დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბერს ვიზეიმებთ იმ დიდ
გამარჯვებას, რასაც "ქართული ოცნების" წარმატება ჰქვია და ეს იქნება
ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რადგან პარტია
"ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის
თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან", - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სავალან მირზოევმა
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და "ქართული ოცნების" გუნდს
გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"დღეს ჩემი ხალხის წინაშე გამოსვლისას ამაყი ვარ იმიტომ, რომ
წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ოთხი წლის წინ სერიოზული
ცვლილებები შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების
დონის განვითარებაში. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის
ხელმძღვანელობას, თავად გუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გვერდში
დგომით, ამომრჩევლების დახმარებით, უფრო მეტს მივაღწევთ, უფრო მეტს
გავაკეთებთ ხალხისთვის, ქვეყნისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბოლო
ოთხი წლის განმავლობაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნახევარ მილიარდ
დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა. კერძოდ, გარდაბანში,
თბოელექტროსადგურში 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
ასევე, სასათბურე კომპლექსში განხორციელებული სამუშაობის ღირებულებამ
50 მილიონს გადააჭარბა", - განაცხადა სავალან მირზოევმა.
მასალის გამოყენების პირობები