რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილი: „ჩვენ საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ვქმნით!" [R]
FaceBook
„თქვენი გვერდში დგომა დიდი ძალაა ჩვენთვის; ეს გვმატებს რწმენას, რომ რასაც ვაკეთებთ თქვენთვის, ხალხისთვის, სწორად ვაკეთებთ“,-ამ სიტყვებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პაატა მხეიძე, 30-ე ოლქში კი - გიორგი ბეგაძე. წალკასა და დმანისში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს კახა ოქრიაშვილი, ბოლნისში გოგა მეშველიანია, გარდაბანში სავალან მირზოევი, თეთრიწყაროში გოდერძი ჩანქსელიანი, მარნეულის 35-ე ოლქში რუსლან გაჯიევი, ხოლო მარნეულის 36-ე ოლქში თამაზ ნავერიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქ რუსთავის საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ რუსთავი დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას, თავის როლს და ეს იქნება უკვე თანამედროვეობას მორგებული ქალაქი დიდი თუ მცირე საწარმოებით; კიდევ უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში.

„როდესაც ქვეყანას ასეთი რესურსი და პოტენციალი აქვს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ. უკეთესი ცხოვრებისკენ გზა ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ამიტომაც ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის ეკონომიკის ამუშვებისთვის“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, სრულად გამოიყენოს ამ რეგიონის სამეწარმეო პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა შექმნას, რათა საკუთარი შრომით მიღებული კეთილდღეობა მოსახლეობის ოჯახებში მალე შევიდეს. „ჩვენ საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ვქმნით! სწორედ ამიტომ დავიწყეთ მსხვილბიუჯეტიანი სხვადასხვა სამეწარმეო პროექტი, რადგან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში, საჭიროა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენა და დამკვიდრება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი ხალხის ცნობიერებაში მოხდება გარდატეხა და დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ მეწარმეობა საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისა და კეთილდღეობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, შედეგებსაც მალე ვნახავთ. სახელწიფოს მხრიდან იმათი ხელშეწყობა, ვისაც დღეს არა აქვს საკუთარი ფინანსური რესურსი და აქვს პერსპექტიული ბიზნეს-იდეები, ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა. ეს ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაიწყოს ან გააფართოოს ბიზნესი, დაეხმარება მათ გამოავლინონ და ქვეყანას მოახმარონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ინოვაციური იდეები განახორციელონ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის გზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს და უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები და წარმოება განვითარდეს. ჩვენ ამის მაგალითები უკვე გვაქვს რუსთავში. არც ისე დიდი ხნის წინ რუსთავში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო - ,,პანექსი“- ეს 6-მილიონიანი პროექტი სახელმწიფოს ხელშეწყობით ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა. საწარმოს პროდუქცია ინდუსტრიული შენობების მშენებლობაში გამოიყენება და საქართველოს გარდა უცხოეთშიც იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია იმპორტს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს. რუსთავში უკვე მუშაობს ელექტრონული ნაკეთობების საწარმო, რომელიც აწარმოებს ისეთ ელექტრომოწყობილობას, როგორიცაა სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმარტფონი, პლანშეტი, ნეტბუქი და ტელევიზორი, აგრეთვე უახლეს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს. დღეს დილით მთავრობის სხდომამ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც საწარმო შედის პარტნიორობაში რუსთავის აზოტთან და მოხდება 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია რუსთავის აზოტის საწარმოში. ეს არის რუსთავში ხუთასამდე დამატებითი სამუშაო ადგილი. ეს კი თავისთავად არის ხუთას დამატებით ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე. თუნდაც ამ სამი საწარმოს მაგალითით სრულიად ნათელია, რომ ჩვენ რეალურად ვუწყობთ ხელს თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მე მჯერა, რომ რუსთავში გამოშვებული პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი და თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ჩვენს ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ეს მხოლოდ დასაწყისია და, დარწმუნებული ვარ, რუსთავი ისევ დაიბრუნებს თავის ტრადიციულ ფუნქციას“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მთავრობის მიერ ამ დარგის ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ არაერთი პროექტი წამოიწყო, რომლებმაც სოფელს, ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ჩვენ ხვნის პროცესში დავეხმარეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო მიწებს ვერ ამუშავებდა. დღეს პრაქტიკულად მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ გავაგრძელებთ ყველა პროგრამას - გავაგრძელებთ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშემწყობ პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, სანამ არ დავინახავთ, რომ ეს აისახა თითოეულ ადამიანზე, თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე, მის კეთილდღეობაზე“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვემო ქართლის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ქვეყნის ერთგულებისთვის, ძმობისთვის და თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ და თქვენი გვერდში დგომით, ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ კვლავ თქვენს სამსახურში იქნება!“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, დიდი გამარჯვებები სჭირდება. „მე დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით, ერის კონსოლიდაციით, ერთ მუშტად შეკვრით, ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს გამარჯვებისთვის, ყველა ჩვენთაგანი იღვაწებს და მაქსიმალურად დაიხარჯება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, სადაც ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა.

"მახარებს თქვენთან შეხვედრა. იმედით მავსებს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად დიდი ძალა ვართ. ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში უკვე გამოვცადეთ - 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გავათავისუფლეთ ქვეყანა, ერთად აღვიდგინეთ ღირსება, ერთად დავიწყეთ ახალი საქართველოს შენება. 2012-ში ჩვენ ერთად დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, თავისუფალი ადამიანი კი შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია! მაშინ თითოეული ჩვენგანი საქართველოს დაუმარცხებელ ჯარისკაცებად ვიქეცით და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას გადავარჩინეთ! „ქართული ოცნებაა“ დღეს ერთადერთი სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე რეალურად ზრუნავს. ჩვენ ვართ მმართველი პოლიტიკური ძალა ადამიანური სახით, რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსება, კანონმორჩილება და წესრიგი, ქმედითობა და შედეგზე სწორი ორიენტაციაა“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.