რეკლამა
გამოიცა „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მესამე საიუბილეო ტომი - „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ (R)
FaceBook
კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია

24 აგვისტო - საქართველოს მეორე კონსტიტუციის მიღების დღეა!

„კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მესამე ტომი -„პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება. პირველი ტომი („კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევები“, 2019. სამეცნიერო რედაქტორები და გამომცემლები მინდია უგრეხელიძე და ბექა ქანთარია) კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებს ეხება, ხოლო მეორე ტომი („საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში - ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისათვის (1990-1995)“. 2020. კონცეპტუალური გააზრება, სამეცნიერო რედაქცია და შესავალი წერილი მინდია უგრეხელიძის, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ბექა ქანთარია) ქართული კონსტიტუციონალიზმის უახლეს საკითხებს ასახავს.
კრებული მომზადდა და გამოიცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე. კონცეპტუალური გააზრება, საერთო რედაქცია და მოწინავე წერილი ეკუთვნის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს მინდია უგრეხელიძეს, ხოლო პროექტის ავტორი და საგამომცემლო მენეჯერია ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.
წიგნი იწყება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საზეიმო მილოცვებით.

ტრილოგიის საერთაშორისო მნიშვნელობა

კრებული ქართული სამართლის მეცნიერების უახლეს ისტორიაში, თემატიკისა და ავტორთა კოლექტივის მასშტაბურობით, ნამდვილად უნიკალური მოვლენაა. მასში მონაწილეობს მსოფლიოს 12 სახელმწიფოს წარმომადგენელი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია წარმოდგენილია ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე.

„თვალში საცემი მთავარი სიახლე და ღირსებაა გამოცემის უჩვეულო ფართო წარმომადგენლობითობა. სამართლის დარგში, მეტადრე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფარგლებში, უთუოდ გაძნელდება მოძიება სხვა მაგალითისა, როდესაც კრებულში, ჩვენთვის სასურველი სამართლებრივი და პოლიტიკური ცხოვრების წესზე ამდენი ქვეყანის სახელოვანი ავტორი მსჯელობდეს. ქვეყნებს შორის მკითხველი აღმოაჩენს ისეთს, რომელსაც ადრე არასდროს უთანამშრომლია ჩვენთან. აქვეა ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ძველი, ტრადიციული პარტნიორები არიან და ამიტომ მათი წარმომადგენლობის რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა შემთხვევებს”. – აღნიშნავს მოწინავე წერილში („ჩვენი პირველი კონსტიტუცია - ნამყო, რომელიც მომავალს ხედნის“) პროფესორი მინდია უგრეხელიძე.

პირველი ქართული კონსტიტუცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა თავლთახედვით

კრებულში ღირსეულადაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. კერძოდ, მკითხველი აქ გაეცნობა სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის ჟან პოლ კოსტას მისალოც წერილს და 1921 წლის კონსტიტუციის მისეულ შეფასებას, საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მესამე და მეოთხე სექციების ყოფილი პრეზიდენტის, ზაარლანდიის უნივერსიტეტის პროფესორის გეორგ რესის; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, უკრაინის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტის ვოლოდიმერ ბუტკევიჩის; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ანდრაშ შაიოს; ამავე სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლეების მატიას გიომარისა (ეროვნული მოსამართლე საფრანგეთიდან) და ლადო ჭანტურიას მისალოცი წერილები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ კრებულისათვის საგანგებოდ მოამზადა სამეცნიერო სტატია („მოსაზრებები სამართლის უზენაესობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რობერტ სპანომ.

„1921 წლის კონსტიტუცია საკმაოდ პროგრესული იყო მრავალი სოციალური და ეკონომიკური უფლებით, როგორებიცაა უმუშევართა დახმარება, სოციალური დაზღვევა, ქალთა, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვა, სამუშაო საათის შეზღუდვა (48 საათამდე კვირაში, როგორც იმ დროს საფრანგეთში იყო 1919 წლიდან), თექვსმეტ წლამდე ბავშვთა შრომის აკრძალვა“. აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი ჟან პოლ კოსტა თავის მისასალმებელ სიტყვაში.


პირველი ქართული კონსტიტუცია სახელგანთქმულ უცხოელ მეცნიერთა თავლთახედვით

საქართველოს და ქართველ ერს პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავენ მსოფლიოში აღიარებული უნივერსიტეტების ემერიტუს-პროფესორები და პროფესორები. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ 1921 წლის კონსტიტუცია ჩინებული დოკუმენტია და მასში გაცხადებული ღირებულებები თანამედროვე დემოკრატიის ფუნდამენტია.
კრებულში მკითხველი გაეცნობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟიშვილის რეჯებ ჟორდანიას, ჰერმან შვარცის (ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯის ემერიტუსი პროფესორი), პეტერ ჰებერლეს (ბაიროითის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ჰაინც მონჰაუპტის (სამართლის ისტორიისა და სამართლის თეორიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერი), ჯუზეპე დე ვერგოტინის (ბოლონიის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), დიტერ გრიმის (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ქრისტიან შტარკის (გეტინგენის გეორგ ავგუსტუსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), იოზეფ იზენზეეს (ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), როლფ კნიპერის (ბრემენის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), მიხაელ შტოლაისის (ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), პაულ კირხჰოფის (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ალექსანდერ ბლანკენაგელის (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), მარტინ მორლოკის (დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ქრისტოფ დეგენჰარტის (ლაიფციგის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ოტო დეპენჰოიერის (კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი), პირს გარდნერის (ბარისტერი ინგლისსა და უელსში, ადვოკატ-ბარისტერი ირლანდიაში), დავიდ შულცის (ჰამლაინის უნივერსიტეტის აღიარებული პროფესორი), მიხაელ ბრენერის (იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორი), ლოურენს ლესიგის (ჰარვარდისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორი), რეგინა კინერის (ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი), ოლგა ბუტკევიჩის (უკრაინის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი), ბერნდ ჰაინრიხის (ტიუბინგენის ებერჰარდ კარლის უნივერსიტეტის პროფესორი), ბერნდ ვიზერის (გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი), ვოლფგანგ ფორსტერის (ტიუბინგენის ებერჰარდ კარლის უნივერსიტეტის პროფესორი) მისასალმებელ სიტყვებს.
უცხოელ ღვაწლმოსილ მეცნიერთა უმეტესობა თავიანთ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნავს, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ბევრ საკითხში წინ უსწრებდა მათი ქვეყნის კონსტიტუციებს. რამდენიმე ამონარიდი მათი წერილებიდან:

„სხვა ერებამდე დიდი ხნით ადრე საქართველოს კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა (მე-19 მუხლი); ჩემს ქვეყანას ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია“ (ჰერმან შვარცი).

„საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ორიგინალური, ეპოქის თანადროული და საინტერესო ტექსტია“ (ჟან პოლ კოსტა).

„სიკვდილით დასჯის გაუქმების ცალსახა დეკლარაცია მხოლოდ ბოლო დროს გახდა მოწიფული კონსტიტუციებისათვის დამახასიათებელი ნიშანი. დაპატიმრებისას ხანგრძლივი პატიმრობის წინააღმდეგ ცალსახა დაცვა არის უფლება, რომელიც აღიარებულ იქნა ამერიკაში მხოლოდ 70 წლის შემდეგ“ (ლოურენს ლესიგი).

„შეუძლებელია, კონსტიტუციას იმაზე უფრო მეტად შეასხა ხოტბა, ვიდრე აღნიშნო, რომ ის 100 წლის შემდეგაც კვლავ თანამედროვე და აქტუალურია“ (ალექსანდერ ბლანკენაგელი).

„საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია მკაფიოდ უსვამს ხაზს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს, რაც იმ დროს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა“ (მარტინ მორლოკი).

„100 წლის წინ მიღებული ქართული კონსტიტუცია იყო კარგი გაგებით უკვე „მოდერნული“ კონსტიტუცია, იმ ელემენტებით, რომლებიც დღესაც წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს სიკეთეს“ (მიხაელ ბრენერი).

პირველი ქართული კონსტიტუცია თანადროულ უცხოელთა თავლთახედვით

კრებულში მკითხევლი იხილავს ინგლისის ყოფილი პრემიერ მინისტრის რამსეი მაკდონალდის („სოციალისტური სახელმწიფო კავკასიაში“), მეორე ინტერნაციონალის ლიდერის კარლ კაუცკის („საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“) და პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ბორის შაცკის („საქართველოს კონსტიტუცია“) სტატიებს.

„თქვენი კონსტიტუციის პროექტს გულდასმით გავეცანი. საერთოდ შემიძლია ვთქვა, თქვენი კონსტიტუციის პროექტი ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს“. აღნიშნავდა კარლ კაუცკი.

საქართველოს პირველი კონსტიტუციის ანარეკლი შემდგომი პერიოდის საკონსტიტუციო აქტებში

კრებულში წარმოდგენილია 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებული საკონსტიტუციო შინაარსის აქტები ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია მოხსენიებულია როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის თავდაპირველი წყარო.

საიუბილეო კრებულის სამეცნიერო ნაწილი

კრებულში წარმოდგენილია ასევე უცხოელ და ქართველ მეცნიერ-მკვლვართა სამეცნიერო შრომები როგორც საკონსტიტუციო ისე ზოგადად სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე.

საიუბილეო კრებული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პირველი ქართული კონსტიტუციის პოპულარიზაციას თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული საკონსტიტუიო სამართლის დამოუკიდებელი სკოლის აღორძინებას.

მრავალტომეულის გამაერთიანებელი ვიზუალი

გამოცემის დასკვნითი ნაწილი წარმოადგენს ტრილოგიის შეჯამებას სამივე ტომის გამოსახულებით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.