ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 60 ერთეულ ტრაქტორს და მათ
მესაკუთრეებს ეძებენ.
ტექნიკის მეპატრონების მოძიების მიზნით, გამგეობის წარმომადგენლებმა
გასული წლის ნოემბერში პროკურატურას მიმართეს.
ამის შესახებ ქუთაისიპოტთან საუბარში ხონის გამგეობის ეკონომიკის,
ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსის, გელა ჩოგოვაძე
განმარტავს.
მისი განმარტებით, ტექნიკის დანაკლისის შესახებ მას შემდეგ გახდა
ცნობილი რაც, გასულ წელს
ხონის გამგეობის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაცია
ჩატარდა.
გელა ჩოგოვაძის ინფორმაციით, ინვენტარიზაცია მუნიციპალიტეტში 2006
წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
2015 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, როგორც ჩოგოვაძე
ამბობს, ტრაქტორები გამგეობის ბალანსზე არის. თუმცა, ისინი ფიზიკურად
არ არსებობენ.
"ამიტომაც საჭირო საბუთები მოვამზადეთ და პროკურატურას მივაწოდეთ.
რატომ უნდა იყოს ისეთი ტექნიკა გამგეობის ბალანსზე, რომელიც ფიზიკურად
არ არსებობს. ასეთი ტექნიკის ჩამოწერა უნდა მოხდეს", - ამბობს
ქუთაისიპოსტთან საუბარში გელა ჩოგოვაძე.
მისი თქმით, ტექნიკა, სავარაუდოდ, სიმბოლურ ფასად აქვთ შეძენილი.
თუმცა, კონკრეტულად ვინ შეიძინა, ეს საბუთებში არ ჩანს.
ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის
სამსახურში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც პროკურატურის მიერ
მოხდება იმის დადგენა თუ ვინ შეიძინა ტექნიკა, მათ ჩამოწერენ.
ხონის გამგეობაში განმარტავენ, რომ გასულ წელს ჩატარებული
ინვენტარიზაციის მიხედვით, გარდა ტრაქტორებისა, ასევე, ფიზიკურად არ
არსებობს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული პარკეტის საამქროსა და
პურის საცხობის შენობები.
"მოვიკითხეთ ეს შენობები და არაფერი არ იყო და ამიტომაც ამის ჩამოწერა
უნდა მოხდეს", - განმარტავენ ხონის გამგეობაში.
მასალის გამოყენების პირობები