"ჯი აი ჯი" ჯგუფი 300 ათასიან ჯარიმას აბსურდულს უწოდებს და
მთავრობას ლიცენზიის პირობებს ახსენებს.
"ჯი აი ჯი" ჯგუფი ერთ წელიწადში ნახშირის თანამედროვე ტექნოლოგიებით
მოპოვებაზე გადასვლას გეგმავს, შესაბამისი ტექნიკის შესაძენად
კომპანიამ უკვე დახარჯა 7 მილიონამდე აშშ დოლარი, თუმცა ვიდრე
ქვანახშირის მოპოვების მეთოდოლოგიას შეცვლის, 2016 წლის 1 სექტემბერს
ექსპლუატაციაში გაუშვებს ჰიდრო ელექტრო სადგურს, რომელიც 13 მეგავატი
სიმძლავრის იქნება და მთლიანად ნახშირზე იმუშავებს.
ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადო 1825 წელს აღმოაჩინეს,
ექსპლუატაციაში 1846 წელს შევიდა და 100 წელზე მეტ ხანს
შეუფერხებლად იმუშავა. ქვანახშირის მოპოვება 2007 წლიდან განაახლა "ჯი
აი ჯი" ჯგუფმა. 2009-2014 წლებში ე.წ. მინდელის მაღაროში 15 მუშა
დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულს აღემატებოდა. 2015
და 2016 წლებში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ქონია. თუმცა, "საქნახშირი"
მუშათა გაფიცვებმა მოიცვა, მეშახტეები შრომის უსაფრთხოების
თანამედროვე სისტემების დანერგვას და ღირსეული სამუშაო პირობების
შექმნას, ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. ტყიბულელები კი
"ქვანახშირის" ნაყარებისგან მიღებულ სპეციფიურ გაზზე საუბრობენ,
რომელიც ჰაერში იფრქვევა და მათ ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას
ახდენს.
CENN-ის სამუშაო ჯგუფმა რამდენჯერმე მოინახულა ადგილზე არსებული
ვითარება და კომპანიის საქმიანობას გაეცნო.
"საქნახშირი"–კომპანია, რომელიც "ჭიათურის მანგანეზის" მსგავსად,
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მუშაობს საქართველოში. მართალია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალი
კანონპროექტის "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" შესახებ
კომპანიაში არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა "ჯი აი ჯი" ჯგუფში ზუსტად
იციან, რომ კომპანიის ღიაობის პრონციპი ბევრად წაადგება საწარმოს
ვიდრე ავნებს, შესაბამისად საინტერესო იყო იმის ნახვა, როგორ მუშაობს
რეალურად ტყიბულის ქვანახშირის გადამამუშავებელი საწარმო, რამდენად
არღვევს კომპანია გარემოსდავითი მიმართულებით კანონს და რამდენად
ეთანხმება იმ ჯარიმებს, რომელიც გარემოს დაცვის ზედამხედველობის
ინსპექციამ დაუწესა? ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვებს "საქნახშირის"
გენერალური დირექტორი ჯამბულატ ჯაყელი გვპასუხობს:
– რამდენად ახორციელებს "ჯი აი ჯი" ჯგუფი კანონით
გათვალისწინებულ გარემოსდაცვით ვალდებულებებს?
- ბოლო პერიოდში "ჯი-აი-ჯი" ჯგუფის ხელმძღვანელობამ განსაკუთრებულად
გააძლიერა ყურადღება გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ.
გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება "ჯი-აი-ჯი" ჯგუფის
საქმიანობაში პრიორიტეტულ მოვალეობად აღიქმება, თუმცა ჯერ კიდევ
არსებობს შეუსრულებელი ვალდებულებები, რომელთა უმრავლესობა შესრულების
აქტიურ ფაზაშია. ამ ტემპებით თუ გავუძღვებით აღნიშნული სფეროს
მართვას, ვფიქრობთ, არც-თუ შორეულ მომავალში პირნათელნი ვიქნებით
სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე გარემოს გაჯანსაღებაში შეტანილი
ჩვენი წვლილით. ჩვენ დღეს პრობლემად გვექცა წლების წინ გადამუშავებული
ნარჩენების გორა, იგივე სანაყარო – ცოფი ანუ ცენტრალური
გამამდიდრებელი ქარხანა. ჩვენ, რასაც მიწის ქვეშ მოვიპოვებთ მას
პირდაპირ მაღაროში მოთხრილი რიგითი ნახშირი ქვია. რიგით ნახშირს
ქვებიც მოყვება, რადგან 100% – ით ნახშირს ვერ მივიღებთ, შემდგომ
მაღაროდან რიგითი ნახშირი მიდის გამამდიდრებელ ქარხანაში და იქ
ხდება მისი გამდიდრება. ძირითადად ორ რეაგენტს
ვიყენებთ, რომელთაგან ერთი მაგნეტიტია. ის, ქვას უფრო ეკიდება და
მეტად ამძიმებს, შესაბამისად ჩვენ აღარ გვრჩება ნაყარი. სანაყარო კი,
რომელიც არსებობს დღეს ტყიბულში არ არის ჩვენი შექმნილი,
წლების წინ მოიპოვეს, დაყარეს და ეხლა ჩვენ იძულებულები ვართ,
რაკი ჩვენს ტერიტორიაზეა სამართალ მემკვიდრეობა ვიკისროთ და
მოვუაროთ.
– როგორ აპირებთ აღნიშნული სანაყაროს მოვლას და
გამოყენებას?
– ავაშენეთ და 1 სექტემბერს ექსპლუატაციაში შევა თბოელექტრო სადგური,
რომელიც იმუშავებს ნახშირზე. თბოელექტრო სადგური მოიხმარს, დაგროვილი
ძველი სანაყაროდან 70% და 30% რიგით ნახშირს, რომელსაც
დავაკომპოსტირებთ. ის დაიწყებს წვას და ნელ–ნელა გაიწოვება. დავიწყეთ
უკვე ძველი ნაყარის გამოყენება და მომავალშიაღარ იქნება სანაყაროს
გორები. რაც შეეხება საშიშროებას და მოსახლეობის დამოკიდებულებას:
ერთადერთი საშიშროებაა, რომ ძალიან სიცხეში შესაძლოა მოეკიდოს ცეცხლი
ან მაგარი ქარის შემთხვევაში აამტვეროს მიმდებარე ტერიტორია, ამის
საწინააღმდეგოდ კი გატარებული გვაქვს ყველა ღონისძიება: მიყვანილია
წყლები და ხდება ამ ტერიტორიის მუდმივი მორწყვა, შესაბამისად
საშიშროება იმისა, რომ ხანძარი გაჩნდება ან ყოველდღიურად ამტვერდება
და მოსახლეობა შეწუხდება, პრაქტიკულად არ არსებობს. სანაყარო ჩვენს
საქმიანობამდე ადრეა დაყრილი. ტყიბულში ქვანახშირის გადამუშავება 1848
წლიდან იღებს სათავეს, 4 შახტა მუშაობდა და შესაბამისად მსგავსი
სანაყაროები, რომლებიც ჩვენს საკუთრებაში არ შედის, საკმაოდ ბევრია.
წესით სხვა კომპანია ჩვენს ადგილზე არ აიღებდა ვალდებულებას, მაგრამ
ჩვენ იქაც კი თუ რამე ხდება ჩვენი ნებით, სახსრებით მივდივართ და
ვანეიტრალებთ მდგომარეობას. ყველაზე მეტად სწორედ ამ სანაყაროებზეა
საუბარი, ამიტომ მე დავუსვი საკითხი გამგეობასაც და სხვებსაც: თუ
გინდათ ავიღებ და სადაც მეტყვით იქ დავყრი, ჩვენთვის ეს პრობლემას არ
წარმოადგენს.
– მაგრამ სხვაგან, რომ დაყრით ვინ უპატრონებს? ან სადაც
დაყრით იქ ნიადაგი არ დაბინძურდება?
– გეთანხმებით, ჩვენც ამ აზრზე ვართ, რაც შეეხება ნიადაგის
დაბინძურებას ჩვენ, სადაც ვმუშაობთ და სადაც ვყრით, იქ გამდიდრების
მეთოდი გათანამედროვებულია და უშუალოდ სუფთა ქვა რჩება, ისე, რომ
ნახშირის მიყოლების შანსი არ არის. ისედაც ცუდი ნახშირია ეს
კალორიულობის თვალსაზრისით და თუ კიდე გადასაყრელ ფუჭ ქანს გავაყოლეთ
ცუდი შედეგი ექნება. ტყუილად გვიმუშავია მაშინ, რაც ნაკლები
ნარჩენი გვექნება, მით უკეთესია ჩვენთვის.
– როგორია კომპანიის წლიური წარმადობა? რამდენ წლიანია
ლიცენზია და როდის გაქვთ აღებული?
– 2007 წელს ავიღეთ ლიცენზია 50 წლით, წელიწადში 360 ათას ტონას
მოვიპოვებთ, საიდანაც 80% სუფთა ნახშირია, დანარჩენი კი ფუჭი ქანი, ამ
360 ათასიდან 260 ათას ტონას ვყიდით.
– აქვს თუ არა კომპანიას შენიშვნები სახელმწიფოსა თუ
გარემოსდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროების საქმიანობასთან
მიმართებაში?
– არა შენიშვნები არ გვაქვს. ჩვენ ლიცენზია საკმაოდ მორგებული და
მზარდია, სტაბილურად ვმუშაობთ, როგორც დავიწყეთ 2007 წლიდან, მის
შემდეგ გავზარდეთ წარმადობა და დღეს 360 ათას ტონამდე ავედით, რაც ამ
ერთი შახტისათვის არ არის ცოტა. . რაც მთავარია მუშაობის პროცეში არ
გვაქვს არანაირი პრობლემა, რომ რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა
გვჭირდებოდეს სამინისტროებთან. მით უფრო, რომ გვაქვს სამომავლო
იდეები, გვინდა რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადავიდეთ და დეგაზაცია
გავაკეთოთ ანუ წინასწარ ამოვიღოთ გაზი და შემდეგ დავიწყოთ ქვანახშირზე
მუშაობა. აქედან გამომდინარე, გვინდა გაზზე ავიღოთ ლიცენზია.
წარმოების პროცესისთვისაც და ჩვენთვისაც კარგი წამოწყება იქნება,
წინასწარ მოცილდება გაზი და რაც
მთავარია, იმ გაზის გაზად გამოყენებაც შესაძლებელი გახდება.
– რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, გარემოს დაცვის
ზედამხედველობის ინსპექციამ "ჯი აი ჯი" ჯგუფი, კონკრეტულად კი
ტყიბულის "საქნახშირი“, 300 ათასი ლარით დააჯარიმა, რამდენად
სამართლიანად მოხდა დაჯარიმება?
– არის გარკვეული უზუსტობები. ერთ-ერთია კომპანიის ზიანის
გაანგარიშებაში, რომელიც ამჟამად სასამართლო განხილვის
საგანია.ზედამხედველობის ობიექტურობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ
გაანგარიშებაში დაშვებული უზუსტობა სერიოზულ გადაცდომას იწვევს ზიანის
განსაზღვრაში (ფინანსურ შეფასებაში). სრული ობიექტურობის და ჯანსაღი
ურთიერთგაგების იმედი გვაქვს როგორც სასამართლოს, ასევე
ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან.
შესაბამისად ვთვლით, რომ ჯარიმას არ ვიმსახურებდით. განვმარტავ:
გამამდიდრებელი ფაბრიკიდან, ქალაქის ქვეშ გადის წყალამრიდის დიდი
კოლექტორი. რეაბილიტაციის დროს, თითქმის მთელი სისტემა გავწმინდეთ და
რაც ძველი მილები იყო ამოვიღეთ. ეხლა ქარხანაში გვაქვს წყალშემკრები
ბასეინები და შებრუნებული რეცხვის სისტემა, რადგან წყლის დაღვრა არც
მე და არც კომპანიას არ აწყობს. წყალი რეაგენტებითაა სავსე და ახალი
რეგენტებიანი წყლის მოყვანისთვის კი საკმაოდ ბევრია საჭირო ანუ
ფაქტიურად წყლის დანაკარგი არ გვაქვს. შესაბამისად, წყლის ჩაშვება
მდინარეში, არც გვაწყობს და არც არის ამის საჭიროება. 2013 წელს იყო
ამის პრაქტიკა, როცა ნახშირზე დასხმული წყლის ჩაშვება ხდებოდა და
ეტყობა ზედამხედველობის ინსპექციამ, შემოწმების დროს, ნახა
წყალში ის მავნე ნაწილაკები, რომლის არსებობაც კანონდარღვევაა და
ამის გამო, ვართ ჩვენ დაჯარიმებულები. თუმცა, დასკვნაში იმდენი
დაიწერა შემადგელობა, რომ ფაქტიურად იმ წლებში, რაც ნახშირი მოვიპოვეთ
გამოდის, რომ მდინარეში ჩაგვიშვია და ტყილად ვმუშაობდით.
– ანუ გარემოს დაცვის ზედამხედველობის ინსპექციის დასკვნას არ
ეთანხმებით?
– რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით, გავეცანით დოკუმენტაციას და ვართ
სასამართლო დავის პროცესში. არ ვეთანხმებით იმიტომაც, რომ რეალობასთან
ახლოს ხომ უნდა იყოს ციფრები, რომლებიც ჯარიმის დოკუმენტაციაშია
მოყვანილი? იმდენად კატასტროფულია ციფრები, რომ 300 ათასს ტონას
მოვიპოვებდით წელიწადში, მისი დასკვნით გამოდის, რომ 400 ათას
მდინარეში ვუშვებდით. შესაბამისად, ამ ციფრებით კომპანიას პროდუქცია
არ უნდა ქონოდა იმ წლებში, ზედმეტად არაკვალიფიციურად გამოუვიდა
ჯარიმის დაწერა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს საკითხი
მიწყნარებული იყო და რატომღაც აქტუალური გახდა ბოლო თვენახევარია.
ეტყობა სამინისტრო პასიურობს და ძველი თემები ამოწიეს მაღლა. რატომ
ვამბობ ამას იცით? ნებისმიერ ადამიანს, რომ წაეკითხა დასკვნა
მიხვდებოდა, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე. ეხლა მიდის შეთანხმების
პროცესი და შესაძლოა, რაღაც თანხის გადახდა მაინც მოგვიწიოს. საერთოდ,
მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს რეგულარული პრევენცია
საიმისოდ, რომ ქვეყანაში არსებული მსგავსი საწარმოები, კიარ აჯარიმოს,
არამედ აკონტრლოს, არ მიიყვანოს კანონდარღვევამდე. ადრე მილიციის
ინსპექტორი დადიოდა დამალული, ეხლა პატრული დადის განათებული და
ერიდები, არ არღვევ.
– თქვენ თქვით, რომ ბოლო თვენახევარია, რაც ჯარიმების თემამ
წამოიწია, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს წინასაარჩევნო პროცესის გამო ხდება?
ან იმ კანონის, რომელიც მალე გადაეგზავნება პარლამენტს
დასამტკიცებლად?
– ზოგადად, ახალი კანონის შექმნის საკითხი ჩვენთვის უცნობია, თქვენგან
გავიგე პირველად, რომ იქმნება "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. არ
ვიცი რას ქმნიან და რას იღებენ, მე ვიცი ერთი რამ, რომ თუ მაძლევ
ლიცენზიას და ვთანხმდებით პირობებზე, მერე აღარ უნდა მედავო.
მაგალითად, თუ ვთანხმდებით პირობებზე, რომ შესაძლოა ბორჯომის
მოპოვების პარალელურად, ბაკურიანის წყალი ცოტა გაფუჭდეს, მერე აღარ
უნდა იყოს დავა ამაზე. რაც შეეხება ზოგადად გარემოს დაბინძურებას,
იქიდან გამომდირე, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს მიწის ქვეშ, ზემოდან
არაფერს ვაბინძურებთ. ერთი პატარა ქარხანაა ზემოთ, სადაც უბრალოდ
ნახშირს ვრეცხავთ წყლით. დახურული კარიერია მიწის ქვეშ ერთი
კილომეტრის სიღრმეზე, აი როგორ უნდა დავაბინძურო იქიდან გარემო?
ერთადერთი პრობლემა, რაც კანონთან მიმართებაში გვექმნება ეს არის
გრაფიკი და გადასახადი. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას სხვა გრაფიკი,
რომლის მიხედვითაც სამართლიანი იქნება, რომ ვიმუშაო ახლა, თორემ 2021
წლიდან ზუსტად ვიცი, მილიონის მოპოვებას შევძლებ, ამიტომ უპრიანი
იქნება, რომ არ გადამავადებინოს გადასახადი მილიონის მოპოვებაზე? იმ
თანხას დავაინვესტიციებ და მერე, როცა შევძლებ მილიონის მოპოვებას,
მაშინ გადამახდევინოს და სალიცენზიო პირობებიც გამიხანგრძლივოს.
ამაზე უარი მივიღეთ ალბათ იმიტომ, რომ მაინც საარჩევნო პერიოდია და
არავის არ უნდა ამ პროცესში ჩართვა.
– რამდენად არის ნედლეულის მარაგი და კიდევ რამდენი წელი
შეძლებთ მოპოვებას?
– დაზვერილი და დამტკიცებული მარაგები, რამდენიც ჩვენ შეგვიძლია
ვთქვათ 300 მილიონი ტონაა, ეს ის რაოდენობაა, რაც გათვლილია ჩვენს
ბასეინებზე, თუმცა ტყიბული – შაორის სარტყელი, რომელსაც "დაბადების
ადგილსაც" ეძახიან, მადანგამოვლინება მოიცავს 370 მილიონს. ჩვენი
სამრეწველო მარაგი, მილიონი ტონაა, რომლის მოპოვებასაც შევძლებთ.
საერთოდ, ლიცენზიაც გვაქვს მილიონის მოპოვებაზე, გადასახადსაც
მილიონის მოპოვებაზე ვიხდით, თუმცა საუბედუროდმოვიპოვებთ 360 ათას
ტონას. შევიტანეთ განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში, რომ იქნებ
დაგვიკორექტიროთთქო, მაგრამ უარი გვითხრეს. ადრე იყო, რასაც
მოიპოვვებდი იმის მიხედვით იხდიდი გადასახადს. მილიონზე გვაქვს
ლიცენზია, მაგრამ მესამედს ვითვისებთ.
– აქ იყო გაფიცვები, რამდენად დალაგდა სიტუაცია, რამდენად
გაუმჯობესდა მდგომარეობა და რამდენად არის კვლავ საფრთხე, რომ მოხდეს
იგივე?
– მაშინ იყო ხელფასების საკითხი, რაც ყველაზე მწვავედ იდგა და ეს
საკითხი ფაქტიურად გადაიჭრა.
დაიდო მემორანდუმი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის. სწორედ, იმ
ცნობილი გაფიცვების შემდეგ, 12 მარტს მოვედი გენერალური დირექტორის
თანამდებობაზე. იმ დირექტორატიდან კი, რომელზეც ქონდათ მეშახტეებს
პრეტენზია, თითქმის ყველა წავიდა. 11 წევრიანი დირექტორიდან დღეს
მხოლოდ სამია დარჩენილი – წარმოების, ფინანსური და განვითარების
დირექტორი. დანარჩენი გავუშვით. ხელფასები მოვუმატეთ, თუმცა რაკი ერთი
და იგივე პროფესიის ადამიანებს განსხვავებული ხელფასი ჰქონდათ და
სხვაობა რადიკალურად დიდი იყო, 40 ათასი ლარით კიდევ გავზარდეთ.
საერთო რაოდენობით, მუშა მოსამსახურეზე სახელფასო ფონდის ზრდამ
შეადგინა, დამატებით 13 –14 % . შესაძლოა, ზოგ თანამშრომელს არ
მოემატა, მაგრამ მოემატათ მათ, ვისაც ჰქონდა საგრძნობლად დაბალი.
შესაბამისად, ხელფასების საკითხი დაბალანსდა.
– რა ურთიერთობა გაქვთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან?
რამდენად ხართ ჩართული ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ
პროექტებში?
– ადგილობრივ თვითმმართველობასთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.
ჩართულები ვართ მაქსიმლურად. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ნაკლებად.
თუმცა ფინანსურად ვეხმარებით ფეხბურთის გუნდს "ტყიბულის მეშახტეს"
,რაგბის ჯგუფს და კუნფუს ადგილობრივ კლუბს. წელიწადში ცენტრალურ
ბიუჯეტში ვიხდით 12 –13 მილიონ ლარს, რომლიდანაც 1 მილიონ 700 ათასი
ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება. ამასთანავე ოფიციალური პრემია
ერიცხება კომპანიისგან პროფესიული ტრამვის მქონე ყოფილ თანამშრომლებს,
ხოლო მათ, ვინც ეტლსაა მიჯაჭვული, ეს ახალი წამოწყებაა და
კომპანია 2 წლის განმავლობაში 750 ლარს ჩაურიცხავს ყოველთვიურად. 1556
ადამიანია დღეს ტყიბულის "საქნახშირში“ დასაქმებული, ამას დამატებული
კიდევ 250 ქვეკონტრაქტორი გვყავს და კომპანიის მუშახელის ხელფასი
საშუალოდ 700 ლარიდან 1700 ლარამდე მერყეობს.
– მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ მაინც არის
ადგილობრივებში "საქნახშირის" მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, მე
გავესაუბრე ტყიბულში მაცხოვრბლებს. როგორ ფიქრობთ რატომ? სხვათაშორის,
ახალ კანონში შედის პუნქტი, რომელიც საზოგადოების ჩართულობას
ითვალისწინებს პროექტის განხორციელების პროცეში.
– ამაზე მოკლე პასუხი მექნება. განწყობა არის ნეგატიური, იმიტომ რომ
ზოგადად ყველას უნდა, რომ იმუშაოს აქ. არადა ერთია საწარმო, მთელ
ტყიბულს, ხომ ვერ დავასაქმებთ? ისედაც ამ ქარხნის ამუშავებაუფრო
სოციალური პროექტია, ვიდრე ბიზნეს გათვლა. სიმართლე გითხრათ, დღეს
რუსეთიდან უფრო იაფად შემოიტან ნახშირს, ვიდრე აქ შეიძენ. ჩვენი
ერთადერთი მყიდველი ჰაიდელბერგცემენტია. ჩვენი მეპატრონის, მათთან
კარგი კავშირის მადლია, რომ ისინი დღემდე ჩვენს ქვანახშირს
ყიდულობენ.
ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, თითქმის ყველა იმ ტერიტორიის მონახულება
შევძელით, სადაც "საქნახშირის“ საქმიანობა ვრცელდება. ძველი
სანაყაროები, რომელთა ნაწილიც ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს,
თბოელექტრო სადგური, რომელიც დასრულების ფაზას უახლოვდება და თავად
ტყიბულის ერთადერთი შახტა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, 4 ცვლიანი
სისტემით მუშაობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ჯი აი ჯი" ჯგუფი
ამჯამად ნახშირს საკმაოდ მოძველებული მეთოდით– კამერული გადამუშავებით
მოიპოვებს. კომპანია სამომავლოდ, მოპოვების თანამედროვე სისტემაზე
გადასვლას გეგმავს და კამერებში მთლიანად ტექნიკის შეყვანას აპირებს,
რითაც მკვეთრად შეამცირებს ცოცხალი მუშა ხელის გამოყენებას,
გააადვილებს მოპოვებას, ექნება მეტი ნედლეული და ნაკლები ხარჯი. სულ
მალე მუშაობას დაიწყებს გარდაბნის თბოელექტრო სადგური, რომელიც 2030
წელს ნახშირზე გადავა. ამ ეტაპზე კი "საქნახშირის“
ხელმძღვანელობა ჩინეთში გასამგზავრებლად ემზადება, უკვე შეკვეთილი
თანამედროვე ტექნიკის ჩამოსაყვანად. ახალი ტექნიკითა და მეთოდით
მომუშავე ქარხანა კი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, მომავალი წლის
აგვისტოში შევა, მანამდე კი კომპანია დაკავებულია ტექნიკის შეძენითა
და ტერიტორიის მომზადებით. "ჯი აი ჯი" ჯგუფი 2020 – 30 წლისთვის
ემზადება.
ნახშირის მოპოვება კი ტყიბულის საბადოზე პირველად 1848 წელს დაიწყო და
1990 წლების მიწურულამდე გაგრძელდა. „საქნახშირმა“ (ჯი-აი-ჯგუფი),
რომელიც ჰოლდინგური კომპანიაა და წარმოადგენს საქართველოს ინდუსტრიული
ჯგუფის შვილობილ კომპანიას, 2006 წელს განაახლა ნახშირის
მოპოვება.
მარიკო წიქორიძე
მასალის გამოყენების პირობები