საბჭოთა კავშირი 34 წლის წინ დაინგრა, მაგრამ იგი არ
დანგრეულა ადამიანების აზროვნების წესში, აღქმებში, ღირებულებით
სისტემაში, ცნობიერებაში. საბჭოეთის ნგრევამ შექმნა ილუზია, რომ
საბჭოთა კავშირის მავნე წარსულიდან გავთავისუფლდით.
მთავარი, რაც შეგვიძლია გამოვაცალკევოთ
არის ის, რომ ამ პერიოდს უნდა მისცემოდა მკაფიო, ყველასთვის
გასაგები სამართლებრივი ჩარჩო, რომ ეს იყო ოკუპაცია, ეს იყო
უკანონო, ძალადობით, სხვა სახელმწიფოს მიერ ჩვენ სახელმწიფოში
დაპყრობის შედეგად დამყარებული სისტემა, რეჟიმი. ამ
რეჟიმს ჰყავდა თავისი დამნაშავეები, ოკუპაციის ინიციატორები,
ხელშემწყობები, ადგილზე არსებული
კოლაბორანტული ძალები, ხოლო ამ პირამიდის სათავეში
იდგნენ ლენინი, სტალინი და შემდეგ მათი პროტეჟეები,
სისტემის არქიტექტორები.
და ასევე სამართლებრივი შეფასება უნდა მისცემოდა ამ რეჟიმის მიერ
ჩადენილ მასობრივ დანაშაულებებს, რომელთა სპექტრი იყო ძალიან ფართო
1921 წლიდან მოყოლებული 80-იანების ბოლომდე. აი ეს არ გაკეთებულა. ეს
აუცილებელი ნაბიჯი იყო და არც ახლა არის გვიან რეალური დემოკრატიული
მმართველობის პირობებში. მაგალითად, დამოუკიდებელი საქართველოს
პირობებში საბჭოთა რუსული ტოტალიტარული საოკუპაციო რეჟიმის მიერ
ჩადენილი უკანასკნელი მასობრივი დანაშაული - 9 აპრილის დარბევა,
მოქალაქეების მიზანმიმართული მკვლელობა, არ გამოუძიებიათ და
თუნდაც ფორმალური პასუხისმგებლობა არ წაუყენებიათ არავისთვის.
მეორე ფუნდამენტური ნაბიჯი - არის ლუსტრაცია.
რაც გულისხმობს რეჟიმის პოლიტიკური, ამ შემთხვევაში ბოლშევიკურ
-კომუნისტური პარტიის ნომენკლატურის და მათ მიერ მართული
ფსევდოსახელმწიფო სისტემის, ასევე საკვანძო
წარმომადგენლების და განსაკუთრებით რეპრესიული აპარატის
ე.წ.უშიშროების სამსახურების ოფიციალური და საიდუმლო თანამშრომლების
ვინაობის გასაჯაროებას და მათთვის იმის უფლების შეზღუდვას, რომ
ჩართულნი იყვნენ თანამედროვე, ახლად აღდგენილი დემოკრატიული
სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. ეს ფართოდ აპრობირებული
და აუცილებელი ზომა, რომელიც განახორციელეს პოსტ- ტოტალიტარულ ფაზაში
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა, ბალტიისპირეთის და რიგმა
პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა სხვადასხვა მიდგომით, ჩვენთან არ მომხდარა.
ბევრი ლეგენდის და დეზინფორმაციის მოშველიებით ამაზე უარი ითქვა მე-20
საუკუნის 90-იანი და 2000-იანი წლების განმავლობაში.
ამავე რიგს მიეკუთვნება რეჟიმის არქივების, სახელმწიფო და სპეციალური
რეპრესიული გასამხედროებული ინსტიტუტებისა და ორგანოების არქივების
მაქსიმალური ღიაობა და ხელმისაწვდომობა. რაც აუცილებელი იყო, როგორც
ლუსტრაციის პროცესისათვის, ასევე კვლევითი საგანმანათლებლო პროცესის
დაძვრისთვის და გაძლიერებისთვის, დისკუსიის
არსებობისთვის, ხსენებული სამართლებრივი შეფასების მიცემისთვის.
სრულად ესეც არ მომხდარა. მხოლოდ მცირე პერიოდის განმავლობაში,
ვარდების რევოლუციის შემდეგ 2006-იდან 2014 წლამდე იყო მეტნაკლებად
კომფორტული პირობები ყოფილი КГБ -ს, კომუნისტური პარტიის და უახლესი
ისტორიის არქივში მუშაობა შესაძლებელი, მაგრამ მერე უკვე
ნაბიჯ -ნაბიჯ ნელ- ნელა ოცნების პრორუსულმა რეჟიმმა, ამ
მხრივ გაართულა, გაამკაცრა, დრაკონული წესები დანერგა
პრაქტიკაში. და უკვე მივიდა იმ ეტაპამდე, როდესაც ფაქტობრივად
დღეის მდგომარეობით ყველა არქივი არის ჩაკეტილი ან შეუძლებელია
უახლესი ისტორიის მე -19, მე- 20 საუკუნის და განსაკუთრებით
საბჭოთა რუსული ოკუპაციის პერიოდზე მუშაობა და წყაროების
მოპოვება.
ლუსტრაცია, არქივების გახსნილობა და სახელმწიფო დონეზე
ხედვის პოლიტიკის ქონა ამ მეხსიერების ველზე. რაც
გულისხმობს ასევე ხსოვნის მეხსიერების ადგილების
მემორიალიზაციას, რომელიც დაკავშირებულია ტოტალიტარული
რეჟიმის მასობრივ დანაშაულებებთან, მათი
მსხვერპლების ბედთან, ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის
წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეების ცხოვრებასთან.
მნიშვნელოვანია სკოლაში თანამედროვე ისტორიის სწავლების მიმართ
პოლიტიკის ქონა, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ასევე წახალისება
და ხელშეწყობა, კვლევითი სკოლების და ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, დახმარება, რომ პროფესიული
ქსელების ჩამოყალიბება. თანაც ეს ქსელები და ინსტიტუტები არ უნდა
6იყვნენ იზოლირებულნი, არამედ დაკავშირებულნი ევროპულ აკადემიურ
სივრცესთან.
ეს არის ფართო სპექტრი აუცილებელი ნაბიჯების და პოლიტიკისა რომელიც
დემოკრატიულ, პროგრესზე ორიენტირებულ, ჰუმანურ სახელმწიფოს უნდა
ჰქონდეს.
ამის ნებაა საჭირო და რესურსების მინიმალურ დონეზე მაინც
არსებობა.
თუმცა ამ ნების არარსებობის პირობებშიც კი სამოქალქო საზოგადოება,
პროფესიული წრეები და ალტერნატიული ინსტიტუტები მაინც ახერხებდნენ
მასშტაბური, ფუნდამენტური სამუშაო გაეწიათ და მითუმეტეს
თუკი ფუნდამენტური ნება იარსებებდა და ელემენტარულ რესურსს
გამოყოფდა სახელმწიფო, გაცილებით მეტის მიღწევა იქნებოდა
შესაძლებელი.
ეს არის ის გამოწვევები და აუცილებელი ნაბიჯები რაც სჭირდება ამ
სფეროს.
- ისევ ისტორიას რომ მივუბრუნდეთ, ისტორიის რომელ მონაკვეთს
შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი მდგომარეობა. ბევრი მას გასული
საუკუნის „დიდ ტერორს“ ადარებს?
- ხშირად ისმის ბოლო თვეების განმავლობაში გასული და მიმდინარე წლის
ტერორზე, დევნა - შევიწროებაზე, ფიზიკურ ძალადობაზე, წამებაზე, რასაც
რეჟიმი ახორციელებს ოპონენტებისა და პროტესტში მონაწილე მოქალაქეების
წინააღმდეგ რომ, აი, 1937 წელს იმეორებენ. ეს , რა თქმა უნდა,
ინსტინქტური რეაქციაა, რამდენადაც კოლექტიურ მეხსიერებაში ასე მკაფიო
სურათი ამ წარსულისა ამოგლეჯილია, მხოლოდ ტერორის მასშტაბის
დამსახურებით არის ასე თუ ისე შემორჩენილი 1937 წლის შესახებ, როგორც
რაღაც წარმოუდგენელი სიდიდის ტერორისა და ძალადობის ერთგვარი ხატი და
მასთან ახდენს ასოცირებას. თუმცა კრიტიკულად და ასევე, ისტორიული
რაკურსითაც რომ შევხედოთ, ამ მხრივ, არის ფუნდამენტური
განსხვავება. შეიძლება მეთოდები ჰგავდეს რეჟიმის ცინიზმს და
დაუნდობლობას, რაც დიდი ტერორის დროს ხდებოდა, მაგრამ მოცემულობაა
სხვა და ამ მხრივ უფრო ჰგავს გასული საუკუნის ოციან წლებს. როდესაც
მოსახლეობა ეწინააღმდეგება საოკუპაციო ტოტალიტარულ რეჟიმს. ძალთა
თანაფარდობა ასეთია: უმრავლესობა წინააღმდეგობის მხარესაა, რეჟიმის
მიმართ ნეგატიურად განწყობილი და რეჟიმი არის მცირერიცხოვანი და
საზოგადოებაში ნაკლები დასაყრდენით. თუმცა იგი თავის
პოლიტიკას ახორციელებს უწყვეტი მასობრივი ტერორის კამპანიებით. ამით
სჯის და ნაბიჯ - ნაბიჯ ასუსტებს საზოგადოებას.
მეთოდებით ძალიან ჰგავს 20-იან წლებს - მასობრივი დაპატიმრებები,
წამება, დამცირება, პროპაგანდის ის ამაზრზენი სახე, რასაც დღეს
ვხედავთ და მაშინაც ასეთი იყო. მათ შორის იყო ტრენდი ე.წ. პრევენციული
დაპატიმრებისა - სისტემამ იცოდა ვინ არის მისი მოწინააღმდეგე და
კრიტიკულად განწყობილი რეჟიმის პოლიტიკის მიმართ, ამიტომ
გარკვეულ მომენტში სისტემა თვლიდა, რომ როცა მოსალოდნელია რაღაც
მასობრივი დემონსტრაცია, ამის აღსაკვეთად, წინსწრებით დაეპატიმრებინა
ოპონენტების ჯგუფები, ასეულობით და ათასობით ადამიანი.
ასევე, დაუსრულებელი წმენდები და კუდიანებზე ნადირობა, სახელმწიფო
ბიუროკრატიის სისტემაში რეჟიმისადმი არალოიალური კადრების გაძევება
სამსახურიდან და მათი ეკონომიკური დასჯა. ამ მხრივ
რეჟიმის მოქმედებები ძალიან ჰგავს მეოცე საუკუნის 20- იანი
წლების ტენდენციას.
თუმცა, ასევე არის ერთი ფუნდამენტური განსხვავება. 20- იან წლებში
საქართველო არის სრულად ოკუპირებული, გარესამყაროსგან ჩაკეტილი და
მოწყვეტილი. ძალიან შეზღუდულია საერთაშორისო თანამეგობრობის
ინსტრუმენტები და რესურსები, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს აქაურ
პროცესებზე და მხარში ამოუდგეს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს. ამ
მხრივ სერიოზული განსხვავებაა.
და კიდევ, დღევანდელი მოვლენები ძალიან ჰგავს 1991- ის ბოლოს და 1992
წლების განმავლობაში არსებულ მდგომარეობას, როდესაც ძალადობრივმა
შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაამხეს კანონიერად არჩეული ხელისუფლება,
მიისაკუთრეს ძალაუფლება და შემდეგ მეთოდურად, სისტემურად, დაუნდობლად,
ტერორით, მასობრივი ძალადობით უსწორებდნენ ანგარიშს დამხობილი
კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერების მასობრივ, მშვიდობიან
საპროტესტო დემონსტრაციებს. ძალიან ცხადად ჰგავს ეს
ლოგიკა გაბატონებული, ძალადობის ინსტრუმენტებით აღჭურვილი მცირე
ჯგუფის მიერ, უიარაღო, იდეის გარშემო გაერთიანებული უმრავლესობის
დაუნდობელ დასჯასა და განადგურებას. რასაც ჰქონდა უწყვეტი სახე
მინიმუმ 1992 -1993 წლების განმავლობაში.
- რას გვასწავლის უახლესი
ისტორია?
- მნიშვნელოვანია ამ ისტორიული, ძალიან ახლო თუ შედარებით უფრო
დაშორებული მეოცე საუკუნის გაკვეთილების კრიტიკული გაანალიზება და ამ
გაკვეთილების და გამოცდილების გათვალისწინება. მიუხედავად
კონტექსტების ცვლილებისა, მიუხედავად თანამედროვე სამყაროს
განსხვავებულობისა ძალაუფლების და პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა
დიდად არ იცვლება და ეს წარსულის გაკვეთილები ერთგვარ იარაღს
წარმოადგენს ჩვენთვის, საზოგადოებისთვის. დიქტატორულ რუსულ
რეჟიმთან დაპირისპირებაში მყოფი ძალებისათვის რომ იცნობდნენ
მოწინააღმდეგეს, იცოდნენ მისი აზროვნებისა და მოქმედების
მოდელები,მოლოდინები იყოს რეალისტური და ადეკვატური.
ასევე, ვიცოდეთ რა არის საუკეთესო მეთოდები, თან არა თუ
წინააღმდეგობის, არამედ გამარჯვებისკენ რა ნაბიჯებს შეუძლიათ
მიგვიყვანონ. ეს არის ყოველდღიური შრომისა და ყოველდღიური მოქმედების
აუცილებელი ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები