ინტერვიუ
„თეატრი უდიდესი დღესასწაულია“ - გიორგი სიხარულიძე
FaceBook
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელის პოზიციისთვის 7 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არ არის გიორგი სიხარულიძე, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი. .პროფესიით რეჟისორი გიორგი სიხარულიძე 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მესხიშვილის თეატრს.

რამდენად რთული ორგანიზმია თეატრი? რამდენად განსხვავდება თეატრთან დაკავშირებული ლეგენდები რეალობიდან? რთულია თუ არა თეატრის რეჟისორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის როლის შეთავსება? - ამ და სხვა საკითხებზე ქუთაისიპოსტს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე ესაუბრება.

- თქვენ ხართ რეჟისორი, წლების განმავლობაში იყავით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ორი სხვადასხვა პოზიციიდან მოგიხდათ თეატრთან ურთიერთობა. როგორია თეატრი რეჟისორის გადასახედიდან და როგორი ჩანს თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან?

- ათასი ლეგენდა და მითი არსებობს თეატრთან დაკავშირებით და ყოველთვის გიჩნდება კითხვა, აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ მითებს. მაგრამ საკმარისია დაიკავო რაიმე პოსტი, რასაც ქვია დირექტორი, მმართველი, სამხატვრო ხელმძღვანელი, რომ მიხვდები - ის რასაც ამბობენ სირთულეებთან, არაორდინარულობასთნ, უცნაურობებთან, ლოგიკასაცდენილ ქმედებებთან დაკავშირებით,  აქვთ არსებობის უფლება და რომ ეს სულაც არ არის მითი, არამედ რეალობაა.

მარტო ნაპოლეონი კმარა, მას ნახევარი სამყარო დაპყრობილი ყავდა, როდესაც მიმართეს თხოვნით, ერთ-ერთ თეატრში, სადაც შიდაარეულობა იყო, პრობლემის გადასაჭრელად მისულიყო. მან თქვა, რომ ნახევარ სამყაროს კიდევ დაიპყრობს, ოღონდ თეტრში არ შეიყვანონ საქმის მოსაგვარებლად. გეჩვენება, რომ ეს მხოლოდ თქმულებაა, მოგონილი ამბავი, მაგრამ როგორც კი აღმოჩნდები ამ პოსტზე და იწყებ ხელმძღვანელის ცხოვრების წესით არსებობას თეატრში, იმწუთას ხვდები რომ რეალობაა. რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ საინტერესო. საინტერესოა ის გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად გთავაზობს თეატრი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც შენ არა ხარ ზნეობრივ კომპრომისებზე წამსვლელი ადამიანი. ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც რეჟისორი მიდის თეატრში, სხვა მოცემულობა ხვდება და როდესაც ხელმძღვანელად მიდიხარ  - იქ რადიკალურად სხვა.

მახსოვს, როდესაც მიხეილ თუმანიშვილი ახალ სპექტაკლზე იწყებდა მუშაობას გვეუბნებოდა: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არაფერი ვიციო. მაშინ ვფიქრობდით, რომ კეკლუცობდა და იგონებდა. თუმცა საკმარისია თეატრში მოხვიდე, თუნდაც გარკვეული გამოცდილებით, ხვდები რა მართალი იყო ბატონი მიშა. რთულია, ძალიან რთულია, რადგან ცოცხალ ორგანიზმთან, სხვადასხვა ფსიქიკის, სურვილის მქონე ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა. ამდენი განსხვავებული შეხედულებისა და სურვილის ადამიანი თანამოაზრედ აქციო და შემოქმედებით ჯგუფად შეკრა სამხატვრო ხელმძღვანელი იქნები თუ რეჟისორი, რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო.

- ადრე გვისაუბრია სახელმწიფო თეატრის დანიშნულებაზე და მაშინ ახსენეთ, რომ სახელმწიფო თეატრი სახელმწიფო იდეოლოგიას უნდა ეხმიანებოდეს და ემსახურებოდეს. ახლაც ამ შეხედულებას იზიარებთ?


- ახლაც ამ მოსაზრებაზე ვარ. სახელმწიფო თეატრი კი არა, სხვა სივრცეში რომ წავიდე და დავდგა, იქაც უნდა ვეხმიანებოდე ამ საკითხს. ვერ წამომიდგენია რეჟისორს სათქმელი და სატკივარი თუ არა აქვს, იმის შესახებ რაც ქვეყანაში ხდება, თუ ამის სათქმელად და ფიცარნაგიდან მაყურებლისთვის გადასაცემად არ მიდის, საერთოდ გაუგებრად მიმაჩნია რას დგამს?! მითუმეტეს, მაშინ როდესაც თეატრი სახელმწიფოა, იდეოლოგიასთან დამოკიდებულება ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს.

- მაგრამ თქვენ დადგით "რევიზორი" -საინტერესო და წარმატებული სპექტაკლი. სპექტაკლი მხილება, რომელიც კრიტიკულია ჩვენი საზოგადოების ყველა ფენის მიმართ. სადაც არ დარჩენილა არავინ - არც სახელმწიფო და არც სასულიერო ხელისუფალნი, ინტელიგენცია, სხვადასხვა ინსტიტუციები, რომლებსაც არ შეეხო ეს კრიტიკა. რა რეაქცია მოყვა ამ სპექტკლს მაყურებლის მხრიდან, სპექტაკლს, რომელიც ყველას გვაკრიტიკებს?

- თავის დროზე გოგოლი, როდესაც ეს შედევრი შესთავაზა მკითხველს და მაყურებელს, სასტიკად გააკრიტიკეს და გააგდეს ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ კომედია დაარქვა თავის პიესას. თუმცა მიმაჩნია, რომ ჟანრობრივად "რევიზორი" არ არის კომედია. გოგოლი ალბათ იძულებული იყო იმ დროსა და სივრცეში ასე ემოქმედა. "რევიზორი" კი სწორედ ამიტომ არის კლასიკური დრამატურგიის შედევრი, რომ ძალიან აქტუალურია ნებისმიერ დროში. ბუნებრივია საზოგადოებაში არსებული ის მანკიერებები, რომელსაც გოგოლი აღწერს, იყო და ალბათ ყოველთვის იქნება. ამიტომ არის იმის დიდი ალბათობა, ადამიანმა, იქნება ეს სახელმწიფო მოხელე, ჩინოვნიკი, თუ სხვა მოქალაქე, საკუთარი თავი ამოიცნოს სპექტაკლში. ვიღაცამ ალბათ ამოიცნო კიდეც, ვიღაცამ სხვას გადააბრალა. ეს უკვე განსჯის თემაა. მაგრამ თეატრის დანიშნულება ეს არის - ყველაფერი ღირებული და მნიშვნელოვანი აჩვენოს და შეაგრძნებინოს. რას მიიღებს და არ მიიღებს უკვე მაყურებელზეა დამოკიდებული. თუმცა მე "რევიზორში"კონკრეტული არავინ მიგულისხმია. არავის გულისტკენაც არ განმიზრახავს.

- თანამედროვე ქართულ დრამატურგიაზე რას იტყვით? ლიტერატურულ წრეებში ზოგადი განწყობა საკმაოდ კრიტიკულია მის მიმართ. როგორი განწყობაა თეატრალურ წრეებში?


- თეატრი არ განვითარდება თანამედროვე დრამატურგიის გარეშე. შექსპირი, მოლიერი, ჩეხოვი თეატრთან მუშაობდნენ. თეატრთან ერთად ვითარდებოდა და იხვეწებოდა ის შედევრები, რომლებიც დღეს გვაქვს. თანამედროვე დრამატურგები ჩართული უნდა იყვნენ თეატრის ცხოვრებაში. ჩვენს დრამატურგიას რაც შეეხება, ხარისხის თვალსაზრისით უკეთესობას ითხოვს, ამიტომ ბევრი უნდა დაიწეროს და ხარისხიც გამოვა.

- და ბოლოს, მაინც რა არის თქვენთვის თეატრი?

- თეატრი ზეიმია, თუნდაც ტრაგედია დადგა. როდესაც ამ ტრაგედიას აამეტყველებ ფიცარნაგიდან, მაყურებელს უნდა დაუტოვო ზეიმისა და კათარზისის განცდა. იმიტომ რომ თეატრი უდიდესი დღესასწაულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.