12 ივლისი ფოტოგრაფიის საერთაშორისო დღეა. ფოტოგრაფია, ალბათ, ყველაზე
დემოკრატიული ხელოვნება/ხელობაა.
მას მილიარდობით მიმდევარი ყავს. ყველა ცდილობს, გადაიღოს,
დააფიქსიროს, წამი დაიჭიროს. მიუხედავად ამისა, დიდია ზღვარი
ფოტოხელოვნებასა და ხელოვნებას შორის. რა ქმნის ამ ზღვარს? რა არის
ფოტოგრაფია? რა ჭირდება ფოტოგრაფს? რამდენდ მნიშვნელოვანია კარგი
აპარატი კარგი ფოტოს გადასაღებად?
ამ და სხვა საკითხებზე"ქუთაისიპოსტს" ესაუბრება მხატვარი და ფოტოგრაფი
გელა ღაჭავა.
- სანამ სათქმელი გაქვს ყოველთვის გაქვს შანსი რომ თქვა რა აპარატიც
არ უნდა გქონდეს. ეს ხელს არ შეგიშლის თქვა შენი სიტყვა. შეიძლება
უფრო მომჭირნედ თქვა, ნაკლები შესაძლებლობებით, მაგრამ უფრო ზუსტად.
რადგან მაშინ ორიენტირებული ხარ სიზუსტეზე.
მაგრამ როდესაც კარგი აპარატი გაქვს, კარგი ხარისხის, მაშინ შეიძლება
უფრო ზერელედაც კი მიუდგე, ბევრი სიტყვა დაგჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ
მაინც თქვა. ეს სხვაობაა - როდესაც პრობლემები გაქვს აპარატთან და
როდესაც არ გაქვს.
მაგრამ თუ ფოტოგრაფი ხარ სულითა და გულით ასანთის კოლოფში ჩადებ ფირს
და იმით გადაიღებ. ბევრი ფოტოგრაფი არის, რომელსაც ასე გაუკეთებია და
ასეთი ფოტოებით არის ცნობილი. ის კი არადა რამოდენიმე ადამიანი,
მინიმუმ სამი მაინც არის ცნობილი მსოფლიოში, საერთოდ, ბრმა რომ არის
და ფოტოებს იღებს - ბრმა! ისინი იღებენ ფოტოებს, გამოფენებში
მონაწილეობენ და ალბომებსაც უშვებენ.
მთავარია გქონდეს სათქმელი, ხედვის სურვილი, დანახვის სიზარმაცე არ
დაგემართოს. დანახვის სიზარმაცეს ვეძახი, როდესაც ზერელედ იყურები,
არაფერს აღნიშნავ და ისე აფიქსირებ. ასე იქცევა მილიარდობით ადამიანი.
იღებენ ყველაფერს: რა ჭამა, რა დალია და ა.შ. მაგრამ ეს არის შენთვის
ძვირფასი. თუმცა, ესეც გაუგებარია "ძვირფასი" რატომ არის. ეს
დროებითია და გაივლის. მაგრამ ისეთი რომ გადაიღო, რომელიც დარჩება
ხვალ და ზეგ, რომელსაც სხვა ვერ გაიმეორებს და გადაიღებს იმიტომ, რომ
ასე არავის დაუნახავს, ეს უკვე ძნელია, იმიტომ რომ რაფინირება ჭირდება
უნდა გადაარჩიო და გამოარჩიო. ათასი კადრი გადაიღო რომელთაგან
შეიძლება ერთი ძლივს მოგეწონოს. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ეს კადრი
მაგარია, უბრალოდ იმ ათასში არის საუკეთესო. ზოგისთვის შეიძლება ეს
უფრო ნაკლები ციფრი იყოს, მაგრამ მეეჭვება.
- არის იმის შანსი რომ ათასი კადრი არ დაგჭირდეს და ზუსტად
იცოდე რას იღებ?
- ისტორიაში ყოფილან ისეთი ფოტოგრაფები ნებისმიერი რაც გადაუღიათ
შედევრი თუ არა ძლიერი ფოტო მაინც არის. თუმცა, ასეთები ლეგენდები
არიან.
- ფოტოშედევრი რას გულისმობს, რას ქვია. შენ რას
ეძახი?
- ერთხელ რომ ნახავ იმ ფოტოს მერე მსგავსი ან თემა, ან მოხაზულობა ან
განათება სადმე თუ დაინახე ეს ფოტო გაგახსენდება. ან მსგავს
თემატიკაზე სიტყვა რომ ვიღაცამ თქვას, ვთქვათ მინდორი, ან ხე ამაზე რა
ასოციაციებიც გაქვს ,მართალია ყველას თავისი სტერეოტიპული შეხედულება
აქვს, მაგრამ მაინც, ფოტოგრაფიაში არის ზოგიერთი ფოტო, რომელიც აი, იმ
სიტყვას ყველაზე ზუსტად აღბეჭდავს. ანუ ხატია, ფოტოგრაფიული ხატი.
შეიძლება არ გინდოდეს, არ ეთანხმებოდე მსგავს მიდგომას, მაგრამ ეს
შენზე არ არის.
არსებობს უამრავი ცუდი ფოტო, რომელიც არ გამახსოვრდება. უყურებ და
ხედვის პროცესშიც გავიწყდება. არათუ რომ არ ხედავ მაშინ გახსენდება.
მაგრამ არის ფოტოები, რომელიც შეიძლება რამოდენიმე წამით დაინახო და
მთელი ცხოვრება გახსოვდეს.
- შეიძლება ამის ახსნა რატომ და როგორ
ხდება?
- რატომ და როგორ ხდება ძალიან ძნელი გასაგებია. ძლიერ ფოტოებზე,
რომლებიც ისტორიამ დატოვა, მიდის მსჯელობა, თეორიები როგორ არის
აგებული ნახაზები, განათება, მზე სად იყო და ა.შ. ეს ყველაფერი არის
ინტერპრეტატორის ნიჭზე. ფოტოგრაფი ამას არ ფიქრობს გადაღების დროს.
ხაზი სად და როგორ იქნება, ეს შინაგანად გაქვს. ძლიერი ფოტოგრაფი იმ
კანონებს რაც ბუნებაში არსებობს, "ოქროს კვეთა" რასაც ქვია, ამას
ფლობს, ყველაზე ზუსტად გრძნობს, ხედავს და იღებს. მერე ეს ხდება
კლასიკა. ფოტოგრაფი უნდა ქმნიდეს საკუთარი განცდების კლასიკას. არა
მარტო საკუთარისას ,არამედ საკუთარისას, რომელიც ასახავს
ზოგადსაკაცობრიოსაც.
ადამიანები ერთმანეთს იმიტომ უგებენ, რომ ადამიანები არიან, ერთ ენაზე
ლაპარაკობენ თუ სხვა ენაზე ილაპარაკებენ ვერ გააგებინებენ ერთმანეთს.
ფოტოგრაფია არის ინტერტექსტუალური ერთი ენა ყველასთვის გასაგები
მეტნაკლებად თუკი ქვეტექსტები არ არის ისტორიული. ასეთ შემთხვევაში,
თუკი ის ისტორიული მოვლენა არ იცი ამ ფოტოს ვერ გაიგებ. თუმცა არის
ფოტოები, რომლებიც ისტორიას თავად ქმნიან. იქ ფოტო ზუსტად
გელაპარაკება ამაზე და არ არის აუცილებელი შენ იმ ქვეყნის ისტორია და
კულტურა იცოდე. მხოლოდ ორი მხარე აღვნიშნე მაგრამ ასეთი უამრავი მხარე
აქვს ფოტოგრაფიას.
-რას თვლი ფოტოგრაფიად და რას არა?
-მე არ ვთვლი იმას ფოტოგრაფიად როდესაც ფოტოგრაფი მაგალითად, მუზეუმში
დაცულ ექსპონატებს ასახავს. აქ საჭიროა ტექნიკის ცოდნა და ობიექტის
გადმოცემის სიზუსტე. ამ შემთხვევაში მიკერძოება და სუბიექტური
ფოტოგრაფია არ უნდა ჩანდეს. ვთქვთ, რომ ამას ფოტოგრაფია არ ქვია. ეს
უფრო ფოტოხელობაა. ფოტოტექნიკა გევალება რომ იცოდე, მაგრამ შენს
არჩევანზეა გააკეთებ სხვის ტექსტს თუ შენი ტექსტს გადაიღებ. შენი
თვალით დაანახებ სხვას იმას, რისი დანახვის შანსი არა აქვს და
ა.შ.
შემოქმედებითად ყველაზე ადვილად მისაღწევი შესაძლებლობები აქვს
ფოტოგრაფიას, ყველას აქვს ფოტოაპარატი, ვისაც აპარატი არა აქვს, იმას
მობილურები, აიფონები გააჩნიათ. ვისაც უფრო ძლიერი, ტექნიკურად უფრო
რთული დავალებების გადაწყვეტა უნდა იმას პროფესიული ფოტოაპარატი
ჭირდება.
თუმცა, ფოტოგრაფია შეიძლება ისეთ დონეზე იცოდე, რომ არ გჭირდებოდეს
მაღალი დონის ტექნიკა. ესთეტიკურ ფოტოგრაფიას ქმნიდე ამისთვის საჭირო
იყოს ექსტრემალური რაღაცეები მაგალითად, ასანთის კოლოფში ჩადებული
ფირი. თუმცა, აქ თუ მიიღებ ფოტოს, ეს ჯერ კიდევ არ არის ფოტოგრაფია,
ეს შენი მიღწევაა, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მიღწევა. შენ სწავლობ
ენას. ისე როგორც ბავშვი სწავლობს ახალ სიტყვებს, თვითონ რომ
დააფიქსირებს ამას და სიხარული რომ აქვს, მაგრამ ეს სიხარული
დროებითია, ასაკობრივია. ფოტოგრაფისთვისაც დროებითი და ასაკობრივია
ტექნიკისა და ფოტოგრაფიის აღმოჩენები. საბოლო ჯამში, უნდა მივიდეს
საკუთარი ხედვის აღმოჩენამდე. ამასთან რომ მივა დ ა დაემთხვევა ცოდნა
ამ ენას, მაშინ იქმნება ფოტოგრაფია.
ჩვენთვის ნაცნობმა პოეტებმა იგივე ენა იციან იგივე ლექსიკური მარაგი
შეიძლება ქონდეს რაც შენ გაქვს, მაგრამ ის წერს შენ ვერა. იმიტომ რომ
ის იმ ენაში ისე არის როგორც თევზი წყალში. ასეა ფოტოგრაფიაც.
შეიძლება აპარატი გქონდეს და იღებდე ფოტოებს, მაგრამ თევზი წყალში არ
იყო. ფოტოგრაფისთვის ეს ადვილად ჩანს. ვინც ფოტოგრაფი არ არის მისთვის
ჩანს ის პირველი სიტყვის სიხარული. მე გადავიღე, მე შევხედე, მე
შევქმენი, მე თურმე შემიძლია. მაგრამ მე ვთქვი, მე გითხარი, მე
დაგანახე, მე აღვწერე. ამის თქმა ცოტა ძნელია.
მასალის გამოყენების პირობები