რა განაპირობებს ქალაქების ხასიათს? რა როლს ასრულებს ასაკი ქალაქების ცხოვრებაში? როგორია ქალაქების გავლენა ხელოვნებაზე და კონკრეტულად კონოზე?
ქუთაისსა და ასაკზე, ქუთაისსა და კინოზე, კინოსა და რეზო გაბრიაძეზე? - "ქუთაისიპოსტს" ესაუბრება კინომცოდნე თამთა თურმანიძე:
- ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია ევროპაში. რამდენად განაპიროებს სიძველე ქალაქების "ხასიათს"? ქუთაისის ბევრ ამ თვისებაში: ცხოვრების მდორე რიტმში, ნაკლებ ხმაურიანობაში, მედიტაციისთვის შესაფერ გარემოში, შენი აზრით, რამდენად დიდია ქუთაისის ათასწლოვანი ასაკის წვლილი?- ქუთაისის სამიათასწლოვანი ისტორია ალბათ ის ორმხრივი მედალია, რომლის დადებითი შემადგენელი, ამავე დროს უარყოფითიცაა, რადგან მუდმივად წარსული დიდების გახსენებით ცხოვრება, ხშირად დროის ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად ცვლილებების აუცილებლობის "ვერ" და "არ" დანახვის მიზეზი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებს ადამიანები აშენებენ, თითოეულ მათგანს მაინც საკუთარი, განსაკუთრებული ხასიათი უყალიბდება. ძნელი სათქმელია, თუ რა განაპირობებს ამა თუ იმ ქალაქის ხასიათის თავისებურებას - ლანდშაფტი, ადამიანები, განაშენიანების ტიპი, ქუჩების დაგეგმარება, ისტორიული გამოცდილება თუ მტრის შემოსევებსა და მშვიდობიანობას შორის არსებულ პერიოდში განვლილი კულტურული ცხოვრება. ალბათ ყოველივე ეს ერთად და ამასთანავე ის განსაკუთრებული კავშირი, რაც ქალაქის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთობლიობას ქმნის.
დაახლოებით ორი წლის წინ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული დისკუსიისთვის მოვამზადე მოხსენება სათაურით "ქუთაისის სამი სიცოცხლე", რომელშიც უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ჩემი ქალაქის მიერ ნულიდან დაწყებული განვითარების ახალი ეტაპების გაანალიზება ვცადე. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ჯერზე ქუთაისის განვითარების მიმართულებას ის ფუნქცია განსაზღვრავდა, რომელსაც ქალაქი იმ ეტაპზე ასრულებდა ქვეყნის მაშტაბით. ყველაზე განსაკუთრებული, მაინც ის, XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან, თვითმმართველობის უფლების მიღების შემდეგ დაწყებული ისტორიაა, რომელმაც სოფლის ტიპის დასახლება განვითარებული ეკონომიკის ევროპულ ქალაქად აქცია. ქალაქად, სადაც პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა პირველი აფთიაქი გახსნა, რომელშიც სააფთიაქო შეგირდმა მიტროფანე ლაღიძემ დაიწყო ცდების ჩატარება ხილეული წვენების რეცეპტის შესაქმნელად; პრინც ოლდენბურგის ღვინის ქარხანაში მომეშავე ფრანგ შამპანისტ ტიებოსგან მიღებული გამოცდილებით კი, მეწარმე ფილიპე ჭელიძემ ცქრიალა ღვინო "თამარი" ჩამოასხა, რომლის რეკლამაზეც განთავსებული მშვენიერი ბანოვანის გამოსახულებამ ქუთაისელი მამაკაცების გული დაიპყრო. იმ დროს ქალაქში თამბაქოს ქარხნები ჰქონდათ ფირალოვებსა და გოკიელებს, საკონდიტრო საწარმო ჩილინგარიშვილებს, ლიქიორ-კონიაკის ქარხანა გიორგი ბოლქვაძეს, "აბრეშუმის ზაოდი" სტეფანე თუმანიშვილს და ა.შ. ქალაქად, რომელიც, როგორც ზაქარია ერისთავი წერდა, ევროპელი ვაჭრების მაღაზიათა დახმარებით "ასრულებს პარიჟის ბრძანებებს მოდების თაობაზე".
XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისში ეკონომიკური კეთილდღეობისა და კულტურული აღზევების წმინდა რენესანსული შერწყმა მოხდა და ქუთაისიდან წამოსულმა მძლავრმა ნაკადმა მთელი ქართული კულტურის ხასიათი განსაზღვრა. სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ავანგარდული მიმართულებების განვითარება ხელოვნებასა და ლიტერატურაში. 1916 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება "ცისფერყანწელთა" სახელით, რომელიც 20-იან წლებში დომინირებდა ქართულ ლიტერატურაში.
ქუთაისიდან იღებს სათავეს ქართული კლასიკური მუსიკისა და საოპერო ხელოვნების ისტორიაც. ქუთაისმა გააცნო სამყაროს ბალანჩივაძეების დინასტია და სწორედ ქუთაისში, საეკლესიო გუნდში გალობით დაიწყო მუსიკასთან ზიარება ზაქარია ფალიაშვილმა.
მაგრამ 1921 წლიდან ქუთაისის სულ სხვა ისტორია დაიწყო. საბჭოთა საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად ისიც აქტიურად ჩაება ხუთწლედების გეგმების შესრულებასა და ინდუსტრიის მშენებლობაში. წარსულში დარჩა ბაფთიანი გიტარა და დახვეწილი მანერები, ახალი დრო ახალ მიდგომას, დიდი რაოდენობით მუშა-ხელს და ქალაქის გაზრდას საჭიროებდა. იმ უდიდეს ცვლილებათა შორის, რაც ქუთაისმა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განიცადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქში მსხვილი მრეწველობის შექმნა იყო. სწორედ სამრეწველო წარმოება შეადგენდა ქუთაისის ახალ ფუნქციას, განსაზღვრავდა მის სახეს და ადგილს ქართულ ქალაქთა შორის. კულტურისა და მეცნიერების კერა სტახანოვური ტემპებით გადაიქცა "ინდუსტრიის მშენებელ" ქალაქად. ქუთაისის მრავალფეროვანი ფაბრიკა-ქარხნები ქალაქის ეკონომიკური ცხოვრების საფუძველი და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის მთავარ წყაროდ იქცა.
ინდუსტრიულ ცენტრად გარდაქმნა ქალაქის ცალკეული უბნების დასახელებაშიც აისახა, "საფიჩხიის", "კახიანოურისა" თუ "ბალახვნის" პარალელურად გაჩნდა სახელწოდებები "ავტოქარხანა", "სატრაქტორო", "სტეკლოტარა" და ა.შ.
ნელ-ნელა ქუთაისმა ტიპიური საბჭოთა ქალაქის იერი მიიღო, კომუნისტურ-ურბანისტულად შეცვლილი ზასტავითა და ბალახვნით, სადაც გზატკეცილებმა და მოედნებმა ჩაყლაპა ძველი დასახლებები; მრავალსართულიანი, უსახური ბინებით შექმნილი გარეუბნები, დასასვენებელ სკვერებსა და პარკებში მიმობნეული დიდი ბელადის ქანდაკებები თუ რევოლუციის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ობელისკები - ასეთი იყო საბჭოთა ქუთაისის იერი. მხოლოდ რამდენიმე უბანში შერჩენილი ძველი შენობები თუ ამხელდა ინდუსტრიალიზაციაში ჩაკარგულ ძველ ქალაქს.
ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ხასიათის ჩამოყალიბება, სწორედ კონკრეტული დროის გამოწვევების საპასუხოდ მიმდინარეობდა. ქვეყნის წინაშე მდგარი საჭიროება განაპირობებდა ქუთაისის ფუნქციასა და როლს მის განვითარებაში.
- ქართული კინო ქუთაისში დაიბადა,ანუ მოძრაობის ხელოვნება გაჩნდა ქალაქში, რომელსაც ყველა უმოძრაობას აბრალებს. ეს ბედის ირონიაა თუ კანონზომიერება? - მაშინ, როდესაც ქუთაისში "აკაკის მოგზაურობის" სახით ქართული კინო დაიბადა, ამ ქალაქს ალბათ ყველაფერს დააბრალებდი უძრაობის გარდა, პირიქით ქუთაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ქალაქი, რომელიც მყისიერად რეგირებდა ყველა სიახლეზე. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ქუთაისი თანმიმდევრულად იძენდა მისი თანამედროვე ევროპული ქალაქების ყველა მახასიათებელს და ბუნებრივია ვერაფრით დარჩებოდა გულგრილი XX საუკუნის პირმშოს , "ახალი საოცრების" - კინემატოგრაფის მიმართ, თუმცა აქაც ქუთაისური თავისებურება გამოვლინდა და იმ პერიოდის საქართველოს კინოთეატრების მფლობელებისგან განსხვავებით, რომელთა შორის ძალზე იშვიათად თუ შეხვდებოდი ქართველთა გვარებს, როგორც გაზეთი "კოლხიდა" წერდა: "ქუთაისში სამი პროჟექტორია, სამივე ქართველებს ეკუთვნითო", თუმცა ეს ცოტა გადაჭარბებული იყო, რადგან საუკუნის დასაწყისში ქუთაისში არსებული სამი კინოთეატრიდან: "თამარი", "რადიუმი" და ."მონ პლეზირი" ეს უკანასკნელი გაბრიელ ჩარექოვს ეკუთვნოდა. მაგრამ ქუთაისში არსებულ კინოთეატრებს შორის, განსაკუთრებული "რადიუმი" იყო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე კინოთეატრს წარმოადგენდა. მისი დარბაზი 450 მაყურებელზე იყო გათვლილი, ჰქონდა რამდენიმე იარუსი, ლოჟები საპატიო სტუმრებისთვის და მსოფლიოს ცნობილ კინოვარსკვლავთა პორტრეტებით დამშვენებული ფოიე. ფილმის ჩვენებას მუნჯი კინოსათვის ჩვეული ტაპიორის ნაცვლად აქ მთელი ორკესტრი უწევდა აკომპანირებას. მეტიც, "რადიუმს" ორი სახეობის ორკესტრი ყავდა: სიმებიანი და სასულე.
ასე, რომ გვინდა ამის აღიარება თუ არა, ქალაქის "მოძრაობა" და ცვლილებებისადმი მზაობა იზიდავს სიახლეებს და განაპირობებს პროგრესს.
- ქართული კინოს ერთი მძლავრი ხაზი რეზო გაბრიაძეს უკავშირდება, რეზო ქუთაისელია, ქუთაისი ხშირად ჩანს მის შემოქმედებაში. შესაბამისად ქუთაისი პირდაპირ თუ ირიბად "ჩანს" ქართულ კინოშიც.შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ქართული კინოს სახე (60-იანელების კინოს ვგულისხმობ) რაღაც თვალსაზრისით "ქუთაისმა განსაზღვრა"?- ალბათ არც ერთ კინემატოგრაფისტს არ წარმოუჩენია ქუთაისი მთელი მისი მომხიბვლელობითა და იუმორით ისეთი ძალით, როგორც ეს რეზო გაბრიაძემ გააკეთა. მან შეძლო თავისი ბავშვობის ქალაქის მოგონებები, თავისი უცნაური და კეთილად სასაცილო ბინადრებით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საცნობი და საყვარელი გამხდარიყო. რეზო გაბრიაძის წყალობით საქართველოში უკვე დიდი ხანია ნებისმიერი პორტრეტის ნახვისას ყველა ერთნაირად ხუმრობს: "თვალი გავს-გავს! ცხვირი გავს? - გავს! ე.ი. გავს!". ყველამ იცის, რომ სიყვარული ვერტიკალური და წრიულად ბრუნვადია, კოჯრის ტყეში საშობაოდ კი, თბილისელი კინტო ლუი არმსტრონგთან ერთად "ყვავილების ქვეყანას" მღერის.
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ და მსოფლიო კინოს კლასიკად ქცეულ ფილმებს შორის, უმეტესობა რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით არის გადაღებული. ქუთაისი კი ყოველთვის იყო რეზო გაბრიაძის შემოქმედებითი ფანტაზიის წყარო. მისი ორი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟის - აგული ერისთავისა და ვალიკო მიზანდარის საერთო "წინაპარი" სწორედ ქუთაისელი მოქანდაკე ვალერიან ლევანის ძე მიზანდარი იყო. პირველმა მისგან პროფესია და კოლორიტული ხასიათი, მეორემ კი სახელი და გვარი ისესხა.
ქუთაისურისა თუ ქართულის აღმოჩენა გაბრიაძის სცენარით გადაღებულ ნებისმიერ ფილმში შეიძლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მოქმედება საერთოდ გამოგონილ პლანეტაზე ხდება, როგორც ეს გიორგი დანელიას "ქინ-ძა-ძაშია". პირდაპირ თუ ირიბად ასახული ქუთაისი ყოველთვის იცოცხლებს "არაჩვეულებრივ გამოფენაში", "არ დაიდარდოში", "შერეკილებსა" და "მიმინოში" და რადგან სწორედ ეს ფილმები წარმოადგენს ქართული კინოს კლასიკად ქცეულ ნიმუშებს, შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინოს "აღორძინების" ხანის - 60-იანი წლების ჩამოყალიბებაზე ქუთაისმაც მოახდინა გავლენა რეზო გაბრიაძის ბრწყინვალე სცენარების გავლით.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები