ინტერვიუ
ლევან ბიბილეიშვილი - ჯაზი სქესით ქალია
FaceBook
ქუთაისში ბალახვნის დასახლებაში ჯაზის კედელი და ჯაზის ქუჩა გაიხსნა. Jazz Wall -ის იდეა რეჟისორ ლევან ბიბილეიშვილს ეკუთვნის,
რომელიც მან მხატვარ ლია უკლებასთან ერთად განახორციელა. კედელი, ცნობილი ჯაზშემსრულებლების სურათებისა და კარიკატურების რეპროდუქციებით, უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ჯაზი ქუთაისში ქუჩის ნაწილი გახდა.
რატომ ჯაზის კედელი? რით არის გამორჩეული და უნიკალური ჯაზური მუსიკა? რატომ გაჩნდა Jazz Wall -ის შექმნის იდეა?
აღნიშნულ საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" ესაუბრება რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი.

- ჯაზი არის ჩემი ყოველდღიურობა, შეიძლება ჯაზს ყოველ დღე არ ვუსმენდე, მაგრამ იგი ყოველ დღე მესმის. თან მუსიკა უფრო უნივერსალური ენა მგონია, ვიდრე სხვა ხელოვნება, თუნდაც კინოხელოვნება. თუმცა არ მინდა იმის თქმა, რომ უნივერსალური კინო არ არსებობს, არსებობს როგორ არა. მაგრამ ჯაზის შემთხვევაში პარალელებს ვავლებ ცხოვრებასთან და ყოველდღიურობასთან, ცხოვრება ჯაზივითაა, როგორც ყოველდღიური იმპროვიზაცია და მედიტაცია. თუნდაც აქედან გამომდინარე ჯაზი უფრო ახლობელია ჩემთვის.
- მიუხედავად ამისა პროფესიით არ ხარ მუსიკოსი...
- რაღაც ბრმა შემთხვევის გამო გავხდი იმ პროფესიის რა პროფესიასაც ახლა წარმოვადგენ,  რეჟისორობას ვგულისხმობ. ახლა რომ მქონოდა გააზრების და თავიდან დაწყების საშუალება, მუსიკას გავყვებოდი, არ ვამბობ მაინცადამაინც ჯაზს, მაგრამ მუსიკას, თუნდაც კლასიკურს. არც ის მიყვარს მუსიკალურ ჟანრებად დავყო მუსიკა. აი, თუნდაც ელექტრონული მუსიკა. მიმაჩნია, რომ კარგი ელექტრონული მუსიკაც დიდი მუსიკაა. მაგრამ ჯაზს რაც შეეხება, აქ ზუსტად ეს მომენტია - სპონტანურობა, იმპროვიზაციები, ისევე როგორც დღეები ჩვენს ცხოვრებაში, დღეები, რომლებიც არ მეორდება, რამდენადაც ყოველი დღე არის უნიკალური, ჯაზიც მისი ყოველი შესრულების დროს არის უნიკალური. ჯაზში ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ჯაზისთვის არ არსებობს ჟანრი. შეიძლება გააჯაზო "სულიკო" ისეთივე წარმატებით, როგორც შეიძლება გააჯაზო, მაგალითად, "აფრები". შეიძლება დიდმა იმპროვიზატორმა "აფრები" გააჯაზოს და ეს სულაც არ იყოს ცუდი კომპოზიცია.
- თუმცა ჯაზის სიყვარული შენთან ალბათ მაინც გაჯაზებული" აფრებიდან" არ მოსულა... როდის აღმოაჩინე ჯაზი?
- ბავშვობაში შავ-თეთრი საბჭოთა წარმოების ტელევიზორი "ჰორიზონტი" მქონდა და მახსოვს ერთი დილა, როდესაც სწორედ ამ "ჰორიზონტიდან" მომესმა ხმა ფილმიდან "კოჯრის ტყის სიზმარი". ანუ პირველი რაც გავიგონე და რაც დამამახსოვრდა მუსიკაში ეს იყო ლუი არმსტრონგის ხმა .ზუსტად აქედან გამომდინარე დავხატეთ ეს რეპროდუქცია.

KutaisiPost

ჩემი ბავშვობის მოგონება აღვადგინეთ. მთავარი აქ ის მომენტი გახლდათ, რომ ეს ფილმი ალბათ ამ შავ-თეთრ ტელევიზორში ერთადერთი იყო, რომელიც ფერადად დავინახე. აქედან გამომდინარე დაიწყო ჯაზის პირველი სიყვარული. შემდეგ, როდესაც მამაჩემმა მიყიდა მუსიკალური ცენტრი, პირველი დისკი ლუი არმსტრონგის იყო. მან არ იცოდა, არც მე ვიცოდი რომ ის ხმა, რომელიც ღრმა ბავშობიდან დამამახსოვრდა ლუი არმსტრონგს ეკუთვნოდა. ეს მერე აღვიდგინე.
- რატომ არის ჯაზი განსაკუთრებული და გამორჩეული სხვა მიმდინარეობებიდან, სხვა მუსიკიდან?
- იმიტომ რომ როკ- მუსიკაში შეიძლება დილეტანტი იყოს მუსიკოსი. ჯაზი შეუძლებელია დილეტანტმა დაუკრას. იგი პროფესიონალიზმს მოითხოვს და ამ პროფესიონალიზმის იქით დიდ მგრძნობელობას. როკში შესაძლებელია პროფესიონალი არ იყოს, მაგრამ იყოს კარგი მუსიკოსი. გარკვეული მუსიკალური აზროვნება და მსოფლმხედველობა გააჩნდეს, აი, თუნდაც კურტ კობეინი, ჯიმ მორისონი... რომ შევადაროთ ბობ დილანი და ერიკ კლეპტონი, როგორც გიტარისტები ინსტუმენტალისტები - ცა და დედამიწაა. თუმცა ბობ დილანი დიდი ფიგურაა. ყველაზე კარგი ის მომენტი არის ჯაზში, რომ ჯაზს არ გააჩნია რაღაც კონკრეტული წესები. მოკლედ რისი თქმა მინდა: არის ლუი არმსტრონგი, არის კიტ ჯარეტი, მაგრამ ვერ შევადარებთ აქ რომელი უფრო დიდი მუსიკოსია, ჯაზი იმდენად მრავალპლანიანია, რომ შედარების საშუალებას არ იძლევა.
- თუმცა ჯაზს მაინც თუ შევადარებთ რამეს, რასთან გიჩენს ასოციაციას?
- მიმაჩნია, რომ ჯაზი სქესით ქალია. არ შეიძლება ჯაზი იყოს კაცი. ჯაზი მშვენიერებაა, უფრო მეტიც, მოუხელთებლობაა ჯაზის ბუნება და ეს სწორედ ქალური ფენომენია, არ შეიძლება იყოს მამაკაცური ფენომენი. შემიძლია ვთქვა, რომ პოეზიაც ქალია. 
- თუკი ჯაზი ქალია, როგორ უგებენ და ურთიერთობენ მასთან ჯაზ-შემსრულებლებელი ქალები?
- ჯაზ-შემსრულებელი ქალებიდან მომწონს კარლა ბლოუ პიანისტი, ელენე ელიასი, მაგრამ მაინც უფრო ინსტრუმენტალისტები მიზიდავს. სასიამოვნოა კარგი ხმის მოსმენა, მაგრამ ვოკალური ჯაზი მაინცდამაინც არ მიყვარს, არ ვგიჟდები, თუკი არაა ლუი არმსტრონგი (რომელიც არა მარტო ვოკალისტია დიდი ინსტრუმენტალისტიცაა), ან ნინა სიმონი, რომელიც შავი ბრილიანტია, თანაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც მუსიკოსი, არამედ როგორც ფიგურა იმდენადაა მომხიბვლელი, უჩვეულო აურა მოდის მისგან, აურითკი ბევრ რამეს იღებ.

KutaisiPost

- საუბრებში რამდენჯერმე ახსენე, რომ ჯაზი პოსტმოდერნიზმია. რატომ ფიქრობ ასე?
- მეოცე საუკუნეში წამოვიდა ტერმინი და მიმდინარეობა პოსტმოდერნიზმი, ვფიქრობ, რომ ჯაზი პირველი პოსტმოდერნიზმია. იმიტომ რომ ჯაზში მთავარი არაა კომპოზიცია, ჯაზში მთვარი არის მისი ვერსია, იმპროვიზირება. ჯაზი იმთავითვე გულისხმობს ციტირებას, ციტატის არტიკულირებას. ათი ჯაზმენი რომ ავიღოთ და მივცეთ რაღაც თემა აბსოლუტურად სხვადასხვა შესრულებას მოვისმენთ. ამიტომ მიმაჩია, რომ ჯაზი არ აღმოცენებულა და გადმოსულა მოდერნიდან, ჯაზი თავიდანვე პოსტმოდერნიზმი იყო. ალბათ სწორედ იმ დროიდან როცა უკვე ჩამოყალიბდა და გაცდა საწყისებს რეგტაიმს, სვინგს და ა.შ. როცა ჩარლი პარკერი გამოჩნდა წმინდა ჯაზის გზაზე, ჯაზი იმთავითვე გულისხმობდა პოსტმოდერნს.
- მოკლედ ჯაზმა დროს გაუსწრო, მაგრამ ჩვენ რამდენად დავეწიეთ დროს და ჯაზს? ვგულისხმობ იმას, რომ საბჭოთა საქართველოში დიდად წახალისებული არ იყო ეს მუსიკალური მიმდინარეობა?
- სხვათაშორის საბჭოთა პერიოდში საქართველოში და მათ შორის ქუთაისში, ჯაზი მაღალ საფეხურზე იდგა, ჯაზის დიდი კულტურა იყო. მაგრამ დღეს ქუთაისში ალბათ მხოლოდ დავით ჯანელიძე დარჩა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყავს ბენდები და ამ საესტრადო ქაჯობის პერიოდში ზრდის თაობებს. თუმცა დღეს ახალგაზრდები მაინცადამაინც სადღაც სტუდიებში მიგვყავს, სადაც დილეტანტურ მუსიკას ასწავლიან. დავით ჯანელიძე ნამდვილად არის ღირსი თავისი გადახურული ქონდეს. ძალიან ცოტაა ასეთი ენთუზიასტი ადამიანი. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში გასული საუკუნის 60- 70-იან წლებში გაცილებით დიდი იყო ჯაზის კულტურა და ზოგადად მუსიკალური კულტურა, ვიდრე დღეს არის. შოუ-ბიზნესმა თავისი ნგრევა მოახდინა. ამ ქაჯ მშობლებს რატომღაც უნდათ ბავშვებიც ქაჯები იყვნენ და სადღაც სტუდიებში კეტავენ, სადაც ფონოგრამაზე სიმღერას ასწავლიან. არადა ჯაზურ ბენდებში გაზრდილი მუსიკოსები გაცილებით ინტელექტუალურად უყურებენ მუსიკასაც დ ა სამყაროსაც, ვიდრე, თუნდაც კლასიკურ მუსიკადამთავრებულები.
- ჯაზის კედელმა შეიძლება გაახენოსს მშობლებს რომ საესტრადო მუსიკაზე უკეთესიც არსებობს...
- ხულიო კორტასარი ჩარლი პარკერზე საუბრობს, ერთ რომანში და ამბობს რომ ჯაზი ჩიტივითაა, იგი არ ექვემედებარება სასაზღვრო კონტროლს იგი მუდამ დაფრინავს, მას საბაჟო საზღვრები არ გააჩნია. ჩარლი პარკერსაც ჩიტუნას ეძახდნენ (ჩვენც კედელზე ჩარლი პარკერი ჩიტად გამოვსახეთ).

KutaisiPost

ანუ ჯაზი უფრო დიდი თავისუფლებაა, ვიდრე როკერებს გონიათ, რომ როკია თავისუფლება. ჯაზი მუსიკალურად უფრო დიდ საშუალებას იძლევა. ჯაზი უნივერსალიზმს გულისხმობს და იმთავითვე ღიაა სამყაროსთვის.

ეკა კუხალაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.