"ვინც ხმა აიმაღლა, ყველამ მოიგო. ვინც არჩევს დუმილს, განწირულია
ძალადობრივი კანონის და მისი აღმსრულებლების ხელში
ტყვეობისათვის."
საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა არ ამცირებს
ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვს. ამის თქმის უფლებას
სპეციალისტებს კვლევები აძლევს, რომლის თანახმად ნარკოდამოკიდებულთა
რაოდენობა ბოლო წლებში 40 ათასიდან 50 ათასამდე გაიზარდა. ამასთან
ერთად, ძლიერდება სააფთიაქო ნარკომანია, ინფექციები. ჯარიმებით არ
ივსება ბიუჯეტი, თუმცა ის მძიმედ აწვება ნარკოდამოკიდებულთა ოჯახების
ბიუჯეტს და ა.შ.
რატომ ადგას სახელმწიფო ჯიუტად ამ პოლიტიკას? რას იღებს სახელმწიფო
ნარკომანიის პრობლემისადმი ასეთი რეპრესიული დამოკიდებულებით?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხებით "ქუთაისიპოსტის" სტუმარია "თეთრი
ხმაური მოძრაობის" აქტივისტი, პაატა საბელაშვილი.
-სფეროში მომუშავე სპეციალისტები წლების მანძილზე მტკიცებულებებით
გამყარებული ფაქტებით ადასტურებენ, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა, არათუ
არ ემსახურება პრობლემის მოგვარებას, არამედ დიდი პრობლემების წინაშე
აყენებს მომხმარებელთა თემს, მათი ოჯახის წევრებს და მთლიანად
საზოგადოებას. მაშ, რატომ აგრძელებს სახელმწიფო არსებული მიდგომებით
მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიციის წინასაარჩევნო
პროგრამაში პირდაპირ იყო საუბარი ნარკოპოლიტიკის გადახედვაზე? ამას
რამდენიმე მიზეზი აქვს.
უპირველეს ყოვლისა ეს არის მენტალობის პრობლემა. როდესაც
გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებით, რომ ზიანის შემცირებისა და
მკურნალობა-რეაბილიტაციის სერვისები ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე
სადამსჯელო ღონისძიებების გატარება და ეს არის ქვეყნის მომავალში
ხარჯთეფექტური ინვესტიცია (რათა შემცირდეს აივ/შიდსის, ჩ ჰეპატიტის და
სხვა დაავადებების ტვირთი და მკურნალობის ხარჯები), ისინი თვლიან, რომ
ჩვენზე, ნარკოტიკის მომხმარებლებზე დახარჯული თანხა ვერ იქნება
ეკონომია. მათ სწამთ, რომ წამალდამოკიდებულების პრობლემის მოგვარება
შესაძლებელია ჩვენი ციხეში გაშვებით, ზედოზირების ხარჯზე
მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებით და ჩვენი ქვეყნიდან
გაძევებით.
არასწორია, როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფო ირჩევს ამ გზას. ამ გზის
მხარდამჭერი არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო. სწორედ ამ
სამინისტრომ დაბლოკა 2013 წელს, ახალი მთავრობის მიერ მომზადებული
ცვლილებათა პროექტი, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მაშ რა
ინტერესი აქვს შსს-ს, რომ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს?
შსს პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტშია ამ თემაზე გადაწყვეტილების
მიღების პროცესში, ვინაიდან მისთვის "ნარკოდანაშაულის" გახსნის
სტატისტიკა იოლი ბერკეტია, რომ ზოგადად დანაშაულის გახსნის სტატისტიკა
გააუმჯობესოს. არსებული კანონის პირობებში, მათ არ სჭირდებათ
განსაკუთრებული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება (მაგ. საკონტროლო
შესყიდვის განხორციელება გამსაღებლის გამოსავლენად) მაშინ, როდესაც
გამსაღებლებს წლების მანძილზე მფარველობენ და თითოეული მათგანის
დახმარებით რამდენიმე ათეულ მომხმარებელს დააკისრებენ სისხლის
სამართლებრივ პასუხისმგებლობას, "დაავერბოვკებენ" მათ და ამით
გაიიოლებენ ცხოვრებას. ისინი სარგებლობენ იმით, რომ წლების
განმავლობაში მიმდინარე სტიგმატიზაციის შედეგად (რომ მომხმარებელი
არის კრიმინალი და ის დოზის შოვნის მიზნით სამშობლოსაც კი გაყიდის)
მომხმარებლების უმეტესობას არ აქვს იმის განცდა, რომ სახელმწიფომ
შეიძლება დაიცვას მისი უფლება.
ჩვენ, მომხმარებლები ხშირად ვერ მივმართავთ პოლიციას, თუ კი ჩვენი
უფლებები დაირღვა. მაგალითად, მომხმარებელმა, თუ მის წინააღმდეგ
განხორციელდა ძალადობა, ძარცვა ან სხვა სახის დანაშაული, ნაკლებად
სავარაუდოა მიმართოს პოლიციას იმის შიშით, რომ დახმარების ნაცვლად
საპასუხოდ დევნას მიიღებს მათი ხრიდან. შესაბამისად, პოლიცია
დარწმუნებულია, რომ მომხმარებელს მხარში არავინ ამოუდგება და მისი
უფლებების დაცვას არავინ დაიწყებს.
შედეგად, ვიღებთ იმას, რომ პოლიცია არაადამიანურად ეპყრობა
მომხმარებლებს, შეურაცხყოფს მათ და სახელმწიფო ამაზე რეაგირებას არ
ახდენს. დღემდე გამოუძიებელია ლევან აბზიანიძის საქმე, რომელიც 2015
წლის 17 ივნისს ქუთაისის ნარკოლოგიური შემოწმების დაწესებულებაში
მიღებული 3 აბი შარდმდენი პრეპარატის შედეგად გარდაიცვალა. ასევე,
გამოუძიებელია ქ. თელავში, 2016 წლის მარტში მომხდარი ინციდენტი,
როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხვედრილი პირი აცხადებდა,
რომ ის მეთადონის პროგრამის ბენეფიციარია და საჭიროებდა პრეპარატს.
სასწრაფო დახმარების წასვლის შემდეგ (რომელმაც ცხადია ვერ მიაწოდა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატი) ეს პირი დროებითი
მოთავსების იზოლატორის კორიდორში გარდაიცვალა, როდესაც სასამართლოზე
გადაყავდათ.
კვლევების მიხედვით, შსს-ს ბიუჯეტის დიდი ნაწილი, ისევე, როგორც მისი
თანამშრომლების დროის უდიდესი წილი, სწორედ "ნარკოდანაშაულის"
გამოვლენაზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში მოხდება
დეკრიმინალიზაცია და თანამშრომლები ადამიანის შარდის შეგროვებას
შეწყვეტენ, ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩება, ან სხვა, გაცილებით უფრო
რთულად გასახსნელ საქმეებზე მოუწევს მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ
ნებისმიერი მმართველი ძალა პოლიციას წინასაარჩევნო რესურსად
განიხილავს და ცხადია, რომ არჩევნების წინ ადამიანთა ამ დიდ ჯგუფს ის
ნამდვილად არ გადაიმტერებს.
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ
არჩევნებში გამარჯვება ციხის ვიდეოების გასაჯაროების შედეგად მოიპოვა.
სწორედ ამიტომაც განხორციელდა ამნისტიის უპრეცედენტო აქტი, რომელმაც
თავისუფლება აჩუქა ათასობით მსჯავრდებულს. ამნისტიას მაშინაც
ეწინააღმდეგებოდა პოლიცია, თუმცა, საზოგადოების მოლოდინი იმდენად
მაღალი იყო, რომ პოლიციის წინააღმდეგობა საკმარისი არ აღმოჩნდა მის
შესაჩერებლად. გამომდინარე იქიდან, რომ პატიმართა დიდი ნაწილი სწორედ
ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს, ცხადი ხდება, რომ ნარკოპოლიტიკის
ლიბერალიზაცია ისეთივე ვალია ამ ხელისუფლების, როგორც 2013 წლის
ამნისტია იყო.
-საქართველოში ნივთიერებაზე დამოკიდებული 50 ათასამდე
ადამიანია, რომელთაც სახელმწიფო მისი პოლიტიკით დევნის. ეს პრობლემა
ეხება მათი ოჯახის წევრებსაც. შესაბამისად, დაზარალებული ადამიანების
საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს. თუმცა, მაგალითად ქუთაისში,
აქციებზე, სადაც ნარკოპოლიტიკის გაპროტესტება ხდება, ძალიან ცოტა
ადამიანი ჩნდება. რატომ?
-ეს პრობლემა მხოლოდ ქუთაისს არ ეხება. ერთია, რომ საზოგადოებას
ძალიან მწარე გამოცდილება დარჩა 1990-იანი წლების საპროტესტო აქციების
შედეგად და სამოქალაქო აქტივიზმის ტრადიციის არქონაც განაპირობებს
ასეთ პასიურობას. მომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები განიცდიან
სტიგმატიზაციას და ღიად ვერ აფიქსირებენ საკუთარ პროტესტს. ამას
გარდა, ეს არის მოსახლეობის კრიმინალიზებული ჯგუფი, რომელთა
წარმომადგენლებს სტიგმის გარდა, ციხეში წასვლის ლეგიტიმური შიშიც
აქვთ. მთლიანად, ეს პოლიციური სისტემაა აგებული შიშსა და
სტიგმაზე.
იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გვიკავშირდება
"თეთრი ხმაურის მოძრაობას". მიუხედავად შიშისა და სტიგმისა, ისინი
გმირულ ნაბიჯებს დგამენ საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად. არა
მხოლოდ ქუჩაში გამოსვლაა პრობლემა, სამართალდამცავი ორგანოების
მხრიდან უკანონობის ფაქტებზეც კი გვიჭირს ვიდეოდოკუმენტაციის
შეგროვება. არსებობს განცდა, რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. ამ
მოცემულობას საპროცესო გარიგების მანკიერი პრაქტიკაც ამყარებს. თუკი
ადამიანი ხელს არ მოაწერს საპროცესო გარიგებას, მოსამართლეს არ აქვს
იმის შესაძლებლობა, რომ კანონით გათვალისწინებული სასჯელის ქვედა
ზღვარზე ნაკლები სასჯელი შეუფარდოს ბრალდებულს. ეს მხოლოდ იმ
შემთხვევაში ხდება, თუ ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას დათანხმდება.
ამიტომ, ჩვენ ყველანი ვიმყოფებით უსამართლო და დანაშაულებრივი
კანონმდებლობის ტყვეობაში. საპროცესო გარიგების ხელმოწერის შემდეგ კი
ყველას უჭირს საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლის გაგრძელება. სწორედ,
აქედან მომდინარეობს განცდა, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენი
უფლებების აღდგენას მაინც ვერ მივაღწევთ.
მინდა თქვენი საშუალებით მივმართო ყველა მომხმარებელს: ნუ გეშინიათ!
ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და როგორც კი დავძლევთ შიშს,
რომელზეც ეს შარდით ძირგამომპალი ძალადობრივი სისტემა დგას, ის იმ
წამსვე დაინგრევა. ამის მაგალითია ყველა ის საქმე, რომელიც ჩვენმა
მოძრაობამ გაასაჯაროვა. ვინც ხმა აიმაღლა, ყველამ მოიგო. ვინც არჩევს
დუმილს, განწირულია ძალადობრივი კანონის და მისი აღმსრულებლების ხელში
ტყვეობისათვის.
-სტიგმა რამდენად ძლიერია საქართველოში და რით შეიძლება ამ
პრობლემას ეშველოს?
-მომხმარებელთა სტიგმა ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის მეთოდად
განიხილება ჩვენს ქვეყანაში. მომავალ თაობებს უნდა ვანახოთ, თუ როგორი
უბედურია ნარკოტიკის მომხმარებელი, რომ ახალგაზრდებმა მოხმარება არ
დაიწყონ. თუმცა, ვიცით, რომ სტიგმით ვერც ერთ პრობლემას ვერ დავძლევთ.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მოვიხმართ ნარკოტიკს და სინამდვილეში
არსებული ნარკოპოლიტიკა უფრო დიდ ზიანს გვაყენებს, ვიდრე უშუალოდ
ნარკოტიკი, ხშირად პროპაგანდაში და რომანტიზაციაში გვდებენ ბრალს.
ჩვენ არ გვსურს, რომ ადამიანები მოიხმარდნენ ნარკოტიკს არასრულწლოვან
ასაკში, ან თუ კონკრეტული ნივთიერების მოხმარება მენტალური და
ფიზიკური ჯანმრთელობისთვის უკუნაჩვენებია. ჩვენ გვინდა, რომ როდესაც
ადამიანი ისედაც მოიხმარს ნარკოტიკს, მას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ
როგორ აიცილოს მოხმარებით გამოწვეული ზიანი თავიდან. მედიის უდიდესი
პასუხისმგებლობაა იმის გაცნობიერება, რომ არსებობს განსხვავება
მოხმარებასა და ავადმოხმარებას შორის. თუ კი ჩვენ დავმალავთ რეალობას
იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა სტიგმის წყალობით არ დაიწყონ
მოხმარება, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ამის მიუხედავად, რიგი
ადამიანებისა მაინც დაიწყებს მოხმარებას და მათ არ ექნებათ სარწმუნო
ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ აირიდონ თავიდან ზიანი. ამიტომ, ჩვენი
სტიგმატიზაციის ხარჯზე პრევენცია ვერ მოხდება. მივიღებთ მოცემულობას,
როდესაც გაიზრდება სტიგმა და ზიანი.
-ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანების დახამრება/
რეაბილიტაციის რა საშუალებები არსებობს საქართველოში?
-საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებენ ზიანის შემცირების
სერვისები. თითქმის ყველა დიდ ქალაქში არის სუფთა შპრიცების პროგრამა,
რომელიც ეხმარება ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებელს არ დაიზიანოს თავი
და არ დაავადდეს სისხლით გადამდები ინფექციებით. ამ სერვისებში ხდება
ტესტირება სხვადასხვა ინფექციაზე და სამედიცინო პერსონალი მათ
ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევაში. არსებული ნარკოპოლიტიკა
ამ მხრივაც პრობლემატურია, რადგან ზიანის შემცირების პროგრამებს
მუდმივად ექმნება საფრთხე პოლიციელთა მხრიდან. ისინი ცდილობენ ამ
სერვისების ადგილმდებარეობის მიხედვით განახორციელონ დევნა პროგრამის
ბენეფიციარებზე. არადა, სწორედ ამ პროგრამების დამსახურებაა, რომ
აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის ეპიდემიების შეკავება მოხერხდა.
ასევე, ფუნქციონირებს მეთადონით და ბუპრენორფინით ჩანაცვლების
პროგრამები. ამ პროგრამებს ორმაგი დანიშნულება აქვთ: მოახდინონ
მოხმარების ინექციური გზიდან ორალურ გზაზე მომხმარებლის გადაყვანა და
ამით ხელი შეუშალონ ეპიდემიების ინტრავენული გზით გავრცელებას და ეს
მეთოდი ოპიოიდური წამალდამოკიდებულების მკურნალობაში ყველაზე ეფექტურ
მეთოდადაა მიჩნეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუმცა,
ცხადია პრობლემები ამ სფეროშიც იჩენენ თავს. პროგრამის ადმინისტრირება
ხორციელდება პოლიციური კონტროლის ქვეშ. არ ხდება სტაბილური
პაციენტების ხელშეწყობა, რათა მათ ყოველდღე, სამუშაო საათების დროს არ
უწევდეთ პროგრამაში სიარული და სერვისი მათთვის იყოს უფასო.
გარდა ზიანის შემცირებისა, არსებობს დეტოქსიფიკაციის და რეაბილიტაციის
ხანმოკლე კურსები, რომლებიც ადამიანს აბსტინენციის (ლომკის) მოხსნაში
ეხმარება. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ხანგრძლივი რეაბილიტაციის
სერვისის დაფინანსების ნაცვლად ათჯერ მეტ რესურსს სწორედ სადამსჯელო
ღონისძიებებისკენ მიმართავს და იმავდროულად, რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას
სწორედ სერვისების არასაკმარისი მოცულობით ხსნის. მარტივი
ჭეშმარიტებაა, რომ ციხე სამკურნალო დაწესებულება არ არის და პოლიციელი
არ არის ექიმი.
მასალის გამოყენების პირობები