"ჩვენ "ვიტანთ" განსხვავებულ ადამიანებს ჩვენს გარშემო მანამ,
სანამ ისინი არ ითხოვენ თანაბარ უფლებებს ე.წ
"უმრავლესობასთან".
თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს დაკავებული 6 ლგბტ
აქტივისტის პროცესი გაიმართა. ისინი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის
საერთაშორისო დღეს პარტიზანული კამპანიის დროს დააკავეს. ბოლო წლებში
არც ერთ 17 მაისს დაკავებებისა და ძალადობის გარეშე არ ჩაუვლია.
საზოგადოების ნაწილის აზრით, სხვადასხვა უმცირესობების მხრიდან,
საჯარო აქტივობა დასჯადია. ისჯებიან ათასნაირი საბაბით. თუმცა, ერთი
მიზეზით - განსხვავებულობის გამო.
რატომ ისჯება "განსხვავებული" საქართველოში? რატომ ვლინდება აგრესია
განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ყველაზე დაუცველი და
მცირერიცხოვანია?
"ქუთაისიპოსტის"ამ და სხვა კითხვებს პაასუხობს არასამთავრობო
ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დირექტორი,
ნათია გვიანიშვილი.
-საქართველოში განსხვავებულობა დასჯადია. როგორც აღმოჩნდა ეს სასჯელი
ყველანაირ განსხვავებულობაზე ვრცელდება, თვით ყველაზე "უწყინარზეც".
უფრო მეტიც, სწორედ უწყინარსა და მოწყვლადზე უჩნდებათ აგრესიის
გამოვლენის სურვილები. რატომ?
-საქართველოში ადამიანებს არ მიეწოდებათ ადექვატური ინფორმაცია
გენდერის, სექსუალობის შესახებ, ისევე, როგორც სხვადასხვა რელიგიის
მიმდევარი ან სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების
შესახებ. ყველა მოწყვლად ჯგუფთან არის დაკავშირებული გარკვეული მითები
და სტერეოტიპები, რომელთა გაქარწყლებას არც მედია და არც განათლება არ
უწყობს ხელს. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების
შემთხვევაში, სიტუაციას ამწვავებს საკითხის პოლიტიკოსების მიერ
საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. მაგალითად, წინასაარჩევნოდ
ჰომოფობიის გამოყენება ამომრჩევლისთვის თავის მოსაწონად იქცა, ხერხად,
რომელსაც პარტიები იყენებენ იმ სოციალური პრობლემების გადასაფარად,
რომელიც ვერ მოაგვარეს და ვერც მოაგვარებენ. ეს ართულებს ჩვენს
მდგომარეობას იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკოსები და სამღვდელოება
საჯაროდ ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ სრულფასოვანი მოქალაქეები და ჩვენი
უფლებების დარღვევა დაშვებულია (პირდაპირ ასეთი ტექსტით არა, მაგრამ
მესიჯი ეს არის), კონკრეტულ მოქალაქეებს უჩნდებათ აზრი, რომ შეუძლიათ
თავს დაგვესხან და ამისათვის არ დაისჯებიან. მათ გონიათ, რომ რაღაც
სწორს აკეთებენ, რომ ამით ერს იცავენ.
-თუკი "განსხავავებულობებს" ჩვენც კატეგორიებად დავყოფთ,
განსხვავებულობის რომელი ტიპი ითვლება აგრესიის უპირველეს სამიზნედ
საქართველოში ?
-პირველი სამიზნე, ბოლო პერიოდში არის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და
ტრანსგენდერი ადამიანები.
-განსხავებულობისთვის დასჯა მოგეხსენებათ იწყება სასწავლო
დაწესებულებებში. აქ რაღაც სტანდარტი დადგენილია და მას ვერ გადახვალ,
როგორც აზრის გამოთქმის, ისე ქცევის თვალსაზრისით. ვინმეს
განსხვავებულობა ხდება მასწავლებლებისა და მოსწავლეებიდანაც დევნის,
ბულინგის საბაბი. შეუძლია თუ არა სასწავლო სისტემას, სწორი პოლიტიკის
გატარების შემთხვევაში, რაღაც დონეზე მაინც შეცვალოს ეს
პრობლემა?
-ბულინგის საბაბი ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს. მოზარდებში ეს
განსაკუთრებით გავრცელებული ქცევაა, რადგან ამ დროს გუნდურობის და
გუნდისადმი მიკუთვნებულობის განმტკიცება, სწორედ სხვისი გარიყვის
ხარჯზე შეიძლება მოხდეს. ბავშვები ხშირად მაგ დროს იწყებენ იმ აზრების
შეთვისებას, რომლებიც მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მამაოებისგან
ესმით სახლში, ტელევიზიით და ა.შ. აბსოლუტურად აუცილებელია, რომ
განათლების სამინისტრომ შეიმუშაოს ბულინგის საწინააღმდეგო სტრატეგია
და დაინახოს ის, როგორც სისტემური პრობლემა. დღემდე ბულინგის
შემთხვევები განხილულია, როგორც შემთხვევითობა, რომელსაც არანაირი
ურთიერთკავშირი არ აქვს. გამოდის, რომ მოცემულ მომენტში ბულინგის
მსხვერპლ ბავშვებს არავითარი დახმარება არ მიეწოდებათ. ისიც უნდა
გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად, ბულინგის და განსაკუთრებით
ჰომო/ბი/ტრანსფობიური ბულინგის შემთხვევაში, ბავშვები მშობლებს ვერ
ეუბნებიან თუ რა პრობლემა აქვთ, რადგან მშობლების რეაქციის
ეშინიათ.
რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი დღესდღეობით საერთოდ არ არიან მზად
ამ პრობლემებთან გასამკლავებლად და ეს პრაქტიკა არის გამოსასწორებელი,
მათ უნდა მიეწოდებოდეთ განათლება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე და
ასევე იმაზე, როგორ მოახდინონ ბულინგის იდენტიფიცირება.
-არის თუ არა რაიმე სახის განსხვავება და ატიპიურობა, რაც
მეტნაკლებად შეწყნარებულია საქარველოში?
-ქართველები ხშირად ვამბობთ, რომ შემწყნარებლები ვართ, თუმცა
შემწყნარებლობის ეს მოდელი მოდის წარსულიდან და არ არის თანამედროვე.
იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ "ვიტანთ" განსხვავებულ ადამიანებს ჩვენს
გარშემო მანამ სანამ ისინი არ ითხოვენ თანაბარ უფლებებს ეგრეთ წოდებულ
"უმრავლესობასთან" და სანამ არ მოითხოვენ ადგილს საჯარო სივრცეში.
-რა არის განსხვავებულობის ფასი საქართველოში?
–ძალადობა.
მასალის გამოყენების პირობები