სამწუხაროდ ქართულ მედიას მეტი კომუნიკაცია უფრო პოლიტიკოსებთან აქვს,
ვიდრე ხალხთან.
14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა. გარდა იმის რომ ქართული
ენა მდიდარი, ძველესი, ლამაზი და უნიკალურია ქართულ ენაზე ასევე ბევრი
სხვა ენა "იწარმოება",დღევანდელ საქართველოში (ისევე როგორც სხვა
ენებსა და ქვეყნებში).
მაგალითად, არსებობს `სიძულვილის ენა", რომელსაც რიგი პოლიტიკოსები
გვთავაზობენ, "მითოსის ენა", რომელსაც რაინდები და ეკლესია
გვასმენინებს, არის "NGO ენა" და ა.შ. ამ "ენებიდან" რომელ ენაზე
რეაგირებს საზოგადოება? როგორია წინასააჩევნო "ენა" საქართველოში?
რატომ არ გვესმის "ციფრების ენა"?
ამ საკითხებზე გვესაუბრება რადიო "ძველი ქალაქის" დირექტორი, ირაკლი
მაჩიტაძე.
-ზოგადად ის, რომ ბევრი "ენა" არსებობს და ყველა სფეროს თავისი ენა
აქვს, ეს ბუნებრივია. მაგალითად, იურისპრუდენციასა და ასტრონავტიკაზე
იოანე ზოსიმეს ენით ვერ ილაპარაკებ. იმას თავისი სპეციფიკური
ტერმინოლოგია ჭირდება და რაღაც სიტყვათა წყობაც, თუმცა მთავარია
კარგად ვიცოდეთ გრამატიკა, თორემ მაგათ მოევლება... რაც შეეხება იმას,
ვინ რა ენით უნდა გველაპარაკოს, ეს ყველაზე საინტერესოა. მე
ვისურვებდი, როგორც მოქალაქე, რომ განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა
გველაპარაკონ "ციფრების ენით", მეტი კონკრეტიკა იყოს მათ საუბარში.
NGO ენაში არის კარგი გამოთქმა "გაზომვადი კრიტერიუმები". მეტი
"გაზომვადი კრიტერიუმი", მეტი ციფრი უნდა ახლდეს პოლიტიკოსების
საუბრებს, რომელსაც მერე შეადარებ ერთმანეთს და თუ პოლიტიკოსს ან
თუნდაც ჟურნალისტს, ტყუილში გამოიჭერ, შესაბამისი რეაქცია გექნება.
"ციფრების ენასა" და "კონკრეტულ ენაზე" ლაპარაკი არა მარტო
პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა, რადგან საზოგადოებას
მაინცადამაინც არა აქვს ეს ჩვევა.
ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში როდესაც ვყოფილვართ და გვინახავს ის
გარემო, გაოცებას იწვევს რამდენად ბევრი ციფრია ადამიანის ჩვეულებრივ
ცხოვრებაში... ისევ პოლიტიკოსებს თუ მივუბრუნდებით, პოლიტიკოსი
ყოველთვის ცდილობს ამომრჩეველს ელაპარაკოს იმ ენით, რომელი ენაც არის
ამომრჩევლისთვის ყველაზე მისაღები და ბუნებრივი. მოთხოვნა
საზოგადოებიდან უნდა მოდიოდეს, საზოგადოება უნდა თხოვდეს
პოლიტიკოსსაც, მედიის წარმომადგენლებსაც და ყველას მეტ კონკრეტიკას,
მეტ რაციონალიზმს, ნაკლებ პოპულიზმს, მეტ ციფრებს, მეტ ზუსტ ვადებს,
მეტ გაზომვად შედეგებს და ა.შ.
- ალბათ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში უნდა იყოს
აქტიური ეს მოთხოვნები საზოგადოების მხრიდან. თუმცა, საქართველოში
"წინასააჩევნო ენაც" სხვანაირი არსებობს...
- წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება მალე და ვნახავთ რომ ზოგი
შეგვპირდება "ოქროს სარაიას" თავისას რომ ააშენებს მერე , ზოგი
იბერიის გაბრწყინებით დაგვაიმედებს, ნაწილი იტყვის, რომ დაისადგურებს
ზნეობა და ა.შ. ეს ხომ ყველაფერი სისულელეა. მათ უნდა გვითხრან
მთლიანი შიდაპროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იქნება არა ამდენი, როგორც
დღეს არის, არამედ უფრო მეტი. ბიუჯეტი იქნება ამდენი და ამდენი, ამ და
ამ რაოდენობის თანხას დავხარჯავთ ამა და ამ მიმართულებით. მორალის და
ზნეობის სადარაჯოზე დგომა და ივერიის გაბრწყინება არ გაბრწყინება,
პოლიტიკოსის საქმე არაა. ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ლაპარაკობდეს
პოლიტიკოსი ასე.
აი, თუნდაც აქციები. ყველას გვინახავს აქციები რომ იმართება სხვა
ქვეყნებში, ყველა ქვეყანაში ამა თუ იმ ჯგუფს აქვს თავისი მოთხოვნები.
პრინციპული განსხვავებებია როგორი მოთხოვნებით იმართება აქციები
გერმანიაში, ბრიტანეთში და როგორი მოთხოვნებით იმართება ჩვენთან. იქ
მოთხოვნები არის კონკრეტული, ციფრებზე დაყრდნობილი. ექიმები ითხოვენ
ვთქვათ ხელფასების მატებას ოცი პროცენტით ან საგადასახადო ნაწილში
ხუთპროცენტიან კლებას. ისეთ მოთხოვნებს არ აყენებენ, რომელთა
შესრულება პრინციპულად არის შეუძლებელი. როდესაც ადამიანს რაღაცას
თხოვ, ორი კრიტერიუმი მაინც უნდა დაიცვა - ერთი, რომ ეს მოთხოვნა იყოს
შესრულებადი და მეორე, ეს მოთხოვნა იყოს კონკრეტული.
-"ადეკვატური "ენის" დამკვიდრებაში რა როლი შეუძლია შეასრულოს
მედიამ?
- სამწუხაროდ, ქართულ მედიას მეტი კომუნიკაცია უფრო პოლიტიკოსებთან
აქვს, ვიდრე ხალხთან და უფრო მეტად რაღაცნაირად ამ პოლიტიკოსების
სათქმელის, მათი ხედვის, მათი ლექსიკის ტირაჟირებას აკეთებს. არადა
პირიქით უნდა იყოს: ჟურნალისტებს ხალხის ხმა უნდა მიჰქონდეს
პოლიტიკოსებთან და არა პოლიტიკოსების ხმა მოჰქონდეს ჩვენთან. ეს არის
მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ პოლიტიკოსები
ჟურნალისტებს თავს ახვევენ თავიანთ ხედვებს, თავიანთ მესიჯებს.
გასაგებია, რომ მედიის ფუნქციაა, როდესაც პოლიტიკოსი კონფერენციას
ჩაატარებს ინფორმაცია გაავრცელოს ამაზე, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო
მნიშვნელოვანია ჟურნალისტები უსვამდნენ პოლიტიკოსებს იმ შეკითხვებს,
რაც არის საზოგადოებაში და მოითხოვდეს პასუხებს ამ კითხვებზე.
-ისევ "ციფრებს" რომ დავუბრუნდეთ, რით ვერ შევისწავლეთ და ან რატომ არ
ჩნდება მოთხოვნილება რომ შევისწავლოთ "ციფრების ენა"?
-"ციფრების ენის" დეფიციტი, სწორედ რაციოს ნაკლებობიდან მოდის.
საქართველოში დაშრევებული არ არის საზოგადოება, სრული
ეკლექტიკა გვაქვს, უნივერსიტეტში ეკლესიებს ვაშენებთ, ტოკ- შოუებში
ისეთ თემებს განვიხილავთ რაც არ არის ამ ფორმატში განსახილველი,
განათლების მინისტრი ბერი გაბრიელის საფლავზე დადის, ეკონომიკისა და
ფინანსთა მინისტრი იბერიის გაბრწყინებაზე ლაპარაკობს. თავის საქმეზე,
თავის სფეროზე არ ლაპარაკობს არავინ, რადგან ასე ურჩევნიათ. ძნელია
შენს კონრეტულ საქმეებზე ლაპარაკი, შენს კონკრეტულ საქმეზე
პასუხისგება. ურჩევნიათ ისეთ თემეზე საუბარი, რაზეც პასუხი არ
მოეთხოვებათ.
-და ალბათ ბუნებრივია ასეთ გარემოში "რაინდის დაბადებაც", რომელიც
თავის "ენას" გვთავაზობს.
-ვასაძე ტიპიური გამოხატულებაა რაციოს დეფიციტისა და
ფსევდოგანათლების.
საოცრებები გამოამზეურა, თურმე ლიბერალიზმი და ტოლერანტობა მარტო მან
იცის და ა.შ. არადა ტერმინი რა არის სინამდვილეში? ნებისმიერი სიტყვა
არის პირობითი ცნება, რომელიც მოცემულ კონკრეტულ ეპოქაში, მოცემულ
მომენტში, მოცემული საზოგადოების მოცემულ ფენაში ერთ რამეს ნიშნავს და
მეორეში შეიძლება სხვა რამეს ნიშნავდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვართ
შეთანხმებული თუ რას ნიშნავს "ტოლერანტობა" დ ა ახლა, როდესაც
ვახსენებთ "ტოლერანტობას", ვიცით რაზეც ვლაპარაკობთ. ტოლერანტობას
მე-16 საუკუნეში რა მნიშვნელობა ქონდა მედიცინაში ან ბიოლოგიაში ვის
რაში აინტერესებს?! აქ სიტყვაში ხომ არ არის საქმე? ტოლერანტობას
"ჭიჭიკო" ან "ლეღვი" რომ დაარქვა, არსი ამით არ შეიცვლება,
ვილაპარაკებთ "ლეღვზე", მაგრამ გვეცოდინება, რომ ტოლერანტობაზე
ვლაპარაკობთ, თუკი შევთანხმდებით საზოგადოება რა ცნებას ვდებთ ამა თუ
იმ სიტყვაში, პრობლემა არ არის.
მასალის გამოყენების პირობები