საქართველოში, სადღეისოდ პოლიტიკური მოვლენების მთავარი
ადგილი ქუჩაა. პროევროპული საპროტესტო აქციები საქართველოს დიდ და
პატარა ქალაქებში უწყვეტად მიმდინარეობს.
მიზანი საერთოა - ახალი არჩევნები და უსამართლოდ დაკავებულობის
გათავისუფლება. სამაგიეროდ, განსხვავებულია ფორმები. ყოველი დღე
სიახლით გამოირჩევა.
რით არის არატიპიური საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობა
და რა უპირატესობას სძენს პროტესტის ფორმების უნიკალურობა მთლიანი
წინააღმდეგობის პროცესს? - ამ და სხვა საკითხებზე ფილოსოფოსი ლევან
ღამბაშიძე გვესაუბრება.
- თბილისიდან დანახული ქუთაისში მიმდინარე პროტესტი ძალიან ახალია.
ძირითადად, თბილისი იყო პროტესტის ადგილი, ცენტრი იქ იყო. მაგრამ უცებ
ამ თანადგომას რომ ვხედავთ ქუთაისიდან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენს. მართალია თბილისზე მოვიდა ძირითადი დარტყმა, ბევრი დაჭერილი და
დაკავებულია, მაგრამ მათთვისაც, პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია,
როდესაც ხედავენ, რომ აქციებია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, მთელი
საქართველო დგას ფეხზე და არა ლოკალურად თბილისი. მთავრობის მცდელობა
ეს არის, რომ ლოკალიზაცია გააკეთოს, ჯგუფებს მიაკეროს, რომ პროტესტი
აქვს მარტო რაღაც ჯგუფებს, პოლიტიკოსებს, ბრძოლა არის ძალაუფლებისთვის
და არ სცდება რუსთაველის ქუჩას. ასეთი გეოგრაფიის აღწერა უნდათ.
მაგრამ დღეს ჩანს, რომ ეს დისტანცია ცენტრსა და რეგიონს შორის აღარ
არის. ახლა მე არ ვგრძნობ ამ დისტანციას და ვიცი რაშიც ვემთხვევით
ერთმანეთს და ვემთხვევით პრაქტიკულად ყველაფერში. პროტესტი საერთო
სახალხოა და არა პოლიტიკური ძალების მიერ აგორებული.
-
რატომ არ გამოიწვია ძლიერი პროტესტი არჩევნების შემდგომმა
პერიოდმა და ათასობით ხმის მიტაცების ფაქტებმა?
- არჩევნები ისე გაყალბდა და პირველი კვირა ისეთი ფრუსტრაცია იყო...
პოლიტიკური პარტიები იყვნენ ისევ სცენაზე და საერთოდ არ იგრძნობოდა,
რომ ვინმე არჩვნებისთვის ბრძოლას აპირებდა. თითქოს ვაპირებდით
შეგვერჩინა „ოცნებისთვის“ და გვეთქვა, რომ შევეგუეთ, მერე
თვითმმართველობის არჩევნები იქნება და იქ რაღაცას ვიზამთ.
ამასთან ერთად, ხელისუფლების საარჩევნო გზავნილმა "აბა ომი გინდათ?!"
იმუშავა.
ყველას გვეშინია ომის. ვიცით რუსეთი რაც არის, ილუზიები არავის აქვს,
ჩვენ კი მივეცით ხმა „ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს და
ხელისუფლებამ გაგვიყალბა, მაგრამ რადგან ამა თუ იმ გზებით მაინც დარჩა
ეს ხელისუფლება და ომიც არ არის, ის ხალხიც კი, ვინც საწინააღმდეგოდ
მისცა ხმა, მზად არ აღმოჩნდა ქუჩაში გამოსულიყო ხმების დასაცავად.
მაშინ არ აიხსნება სხვანაირად 800 000 გაყალბებულ ხმაზე რუსთაველს
რატომ არ ვკეტავდით ხმების დასაცავად. ამის გამოცდილებაც გვქონდა და
ტრადიციაც. მაგრამ მოხდა ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, პროპაგანდის
ნარატივმა, რომელიც ომის შიშზე იყო აწყობილი, ოპოზიციურად
განწყობილებზეც იმუშავა. კარგი, არჩევნები ყალბდება, მაგრამ ადრეც
გაყალბებულა. არსებობს ქვეყნები, სადაც ყალბდება და კარგად ცხოვრობს
მაინც ხალხი. აღმოსავლეთ ევროპას ეს არ უნდა გვიკვირდეს. სამაგიეროდ,
ომი არ იქნება და ევროპისკენაც ხომ მივდივართ. ოპოზიციურად განწყობილ
ამომრჩეველშიც ეს განცდა იყო. თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ
გაყალბდეს არჩევნები. და ამ დროს მმართველი პარტია გამოდის და
აცხადებს, რომ ევროპისკენ სვლა შეჩერებულია. მართლა არავინ ვიცით ეს
რატომ გააკეთა მმართველმა პარტიამ. შეეძლოთ ისევ ამ თავიანთი მეთოდით
ნელ-ნელა გაეგრძელებინათ მათი პოლიტიკა, სამ წელიწადში იგივეს იზამდა,
სად ეჩქარებოდა?! მაგრამ, ვფიქრობ იმიტომ ეჩქარებოდათ, ტრამპის
არჩევნები იყო მალე და მაგ დროისთვის მაგიდაზე საქართევლო უნდა
დებულიყო "როგორც კარტი" რუსეთის მხარეს, ამიტომაც იჩქარეს.
ქუთაისში არ ვიცი რა განცდა იყო, მაგრამ თბილისში ბევრი აპირებდა
წასვალს ქვეყნიდან თუ „ოცნება“ იგებდა. თითქოს კინო უნდა
დამთვრდეს.
მაგრამ ცხოვრება არ აღმოჩნდა ასეთი მარტივი საბედნიეროდ. არ დამთავრდა
კინო და პროტესტმა ახალი ძალით იფეთქა.ს
- დღევანდელი პროტესტის მედროშეები თეატრალებია. ესეც რაღაც ახალია
...
- აკაკი ბაქრაძე წერდა „მწერლობის მოთვინიერებაში“- ვინაიდან
პოლიტიკა იყო სულ ვიღაც მტრის ხელში, მეფეს ერჩოდნენ, ელიტა იყო სულ
გახიზნული და ა.შ. ქვეყნის სულიერი განვითარების მისია აღებული ჰქონდა
მწერლობას. მწერლობა იყო ის, ვინც აცოცხლებდა კულტურას, ამიტომ
პირიქით ხდებოდა ხოლმე - მეფეები ხდებოდნენ მწერლები და პოეტები.
ცდილობდნენ იქ დაეტოვებინათ თავიანთი კვალი. რადგან მწერლობა რჩება და
პოლიტიკა კი შეიცვლება ხვალ, მაგალითად, სპარსეთი წავა და აღარფერი
დარჩება მათი პოლიტიკიდან, მაგრამ დარჩება მწერლობა..
და სწორედ ეს მოკლა საბჭოეთმა. რომ მოვიდა, პირველი რასაც დაარტყა,
ყველაზე მძლავრად დაარტყა მწერლობას.
ჩვენ შემთხვევაში კი, როდესაც დაიწერება 21-ე საუკუნის 20 -იანი
წლების ისტორია, თეატრი იქნება იგივე ფუნქციის მატარებლები, რა
ფუნქციაც მწერლობას ჰქონდა. მართალია დღევანდელ პროტესტში მწერლებიც
არიან ჩართულნი, მაგრამ თეატრალები აღმოჩნდნენ წინა ფლანგზე. მათი
კოლეგებია დაჭერილი და ვალდებილებაც უჩნდებათ, რომ გამოვიდნენ, მაგრამ
სხვა ფორმულირებებიც ჩნდება.
მსახიობი კახა კინწურაშვილი ყვებოდა, მათ ჰქონდათ სპექტაკლი
"ვკვდები როგორც ქვეყანა." სპექტაკლის ეს სახელი იყო მომავალზე
ორიენტირებული, რაღაც რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. მაგრამ ახლა
ჩვენ ვეღარაფერს ვითამაშებთ ტექნიკურად, იმიტომ, რომ მთელი სპექტაკლი
არის გაფრთხილება - რა შეძილება დაგემართოსო, ამბობდა კახა. მაგრამ ეს
უკვე დაგვემართა, როგორ უნდა ვითამაშო იმაზე, როგორ შეიძლება იძალადოს
ხელისუფლებამ, როცა უკვე ძალადობს, როგორ ვითამაშო როგორ შეუძლია
ხელისუფლებას მიიტაცოს სრული ძალაუფლება, როცა უკვე მიიტაცა. ამიტომ,
რომც მომინდეს რომ ვითამაშო, ვერ გავაკეთებ. ამიტომ გამოვდივართ
თეატრის გარეთ.
მოკლედ, ის რაც დღეს ხდება, აღარ ეხება მარტო პოლიტიკას. ბევრად უფრო
დიდი რაღაც ხდება. ამ ტანჯვაში იბადება სახელმწიფო. სამწუხაროდ, უნდა
ნახო რაღაც კატასტროფა, რომ მერე აღარ მოგინდეს ამის გამეორება.
- მაინც რა გამოარჩევს დღევანდელ პროტესტს, რაში გამოიხატება
წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულების უპირატესობა?
- ჩვენი პროტესტი უცნაური პროტესტია, ვერ ვხვდებით საიდან მოდის
იდეები და არ ვიცით ვინ არის შემსრულებელი. ოცნება პანიკაში არის, ვინ
უნდა დასაჯოს აღარ იცის. ჰარი პოტერში არის მსგავსი ამბავი.
"დამბლდორის არმია "საიდმულო ორგანიზაცია ფუძნდება, რაღაცებს აკეთებენ
და როდესაც მოსწავლეების წინააღმდეგობას აწყდება ჰოგვორტსის სკოლის
დირექტორი ამბრიჯი, ამ წინააღმდეგობის კვალდაკვალ ახალ ამკრძალავ
კანონებს იღებს. კედელი გადაივსება ამკრძლავი დეკრეტებით.
ხელისუფლებაც ამ დღეშია. კრძალავს ნიღაბს, ლაზერს, ახლა ავტობუსებს
აკრძალავენ ალბათ. ამ რეჟიმშია ხელისუფლება. რა ინიციატივაც მოდის,
იმის პრევენციას ვეღარ აკეთებს, მაგრამ მერე ბრაზობს, ჩხუბობს და
კანონებს ამკაცრებს. ჩვენც სხვა გზას ვპოულობთ. "ოცნება "კლასიკური
პროტესტისთვის მზად იყო, ამისთვის, რაც დღეს ხდება, მზად არ არის.
მაგალითად, ქუჩა იმიტომაც მოვიგეთ, რომ რუსთაველზე არ გავჩერდით. ამ
წლების განმავლობაში მიდიოდი რუსთაველზე, ესენი გასხამდნენ წყალს, შენ
უკან იხევდი, მიდიოდი სახლში. ქორეოგრაფია იყო ასეთი. უცებ აღმოჩნდა,
რომ როცა წყალს გასხამენ, გმირთა მოედანზე მიდიხარ, ამ მოედნის
გადკეტვა კი ამდენი წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოში. "ეს
ახალი ფორმები გვაძლევს იმის იმედს, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება ეს
ყველაფერი. ახალი ხალხი შემოვიდა პროტესტში, რომელიც სტანდარტულად არ
აზროვნებს და შეიძლება-არ შეიძლებას ზღვარი, გადალახული აქვს.
მასალის გამოყენების პირობები