რა არის მიგრაცია,
მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.
მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია.
არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.
ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს. იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს.
- ემიგრანტობა, ის ხუთკვირიანი პერიოდი, რაც უცხოეთში ყოფნა მომიწია,
ჩემთვის უდიდესი სტრესი იყო. ალბათ ასე იყო თქვენთვისაც პირველი წლები
მაინც ყველაზე რთულია. რამდენად გრძელია გზა სტრესიდან
შეგუებამდე?
- მიგრაცია ყოველთვის იყო დიდი ვნება ადამიანებისთვის. ახალის
აღმოჩენის, ახალის გაცნობის მიმართ და საკმაოდ რთული პროცესი, ასევე.
დატოვო ყველაფერი რასაც შენი საცეცებით გრძნობ წლების მანძილზე და
უცებ ფეხი შედგა დიდ, უცნობ სამყაროში - ესაა მიგრაცია. ჩემს
შემთხვევაში ეს ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებია. ნიუ-იორკის
შტატი, ქალაქი ბრუკლინი. აქაურები ამბობენ რომ -"თუ ნიუ-იორკს
გადაურჩი, მერე ყველაფერს გაუმკლავდები". ბრუკლინი ერთაერთი ყველაზე
მჭიდროდ დასახლებული მიწაა. ეს არის ქალაქი, რომელიც მსოფლიოს თითქმის
ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს იღებს და ყოველ ავენიუზე სხვასხვა
ენის, კულტურისა და რელიგიის ადამიანები სახლობენ. მათ ბევრი რამ
განასხვავებთ, მაგრამ აერთიანებთ მნიშვნელოვანი - ჩამოსვლის მიზეზი.
აქ ყველა ბედის საძიებლადაა ჩამოსული. თითოეულ მათგანს უწევს გზის
გავლა წარმოუდგენელ კონკურენციაში, რომელსაც ყინულის კედელივით
გახვედრებს ეს ქვეყანა - უმკაცრეს სისტემას. უცებ უნდა მოხდეს
ყველაფერი: იშოვნო ბინა, მოძებნო სამსახური, გაერკვე შენი
შტატის/ქალაქის ბიუროკრატიაში. ყოველთვიური ფინანსური ვალდებულების
ათვლა პირველი დღიდანვე იწყება და ეს არც ისე ცოტა თანხაა. (3000-4000
$ თვის განმავლობაში ერთ ადამიანზე). ეს ყველა ინფორმაცია გრიგალის
ეფექტით ტრიალებს გონებაში და იწვევს წარმოუდგენელ შიშებს. ამიტომაც
ბევრჯერ მოისმენ რომ მალევე ბილეთის თანხას აგროვებენ და უკანვე
მიდიან - საქართველოში. სამწუხაროდ, უმეტესობა ან გაყიდული ბინის
ფულით იყო ჩამოსული ან დიდი საბანკო ვალდებულებით. სამსახურები
ძირითადად მიგრანტებისთვის სატრანსპორტო/მიტანის მომსახურებაშია.
სადაც დღის მანძილზე მინიმუმ 12-14 და ზოგჯერ 16 საათი გიწევს
მუშაობა. დღიური ანაზღაურება საშუალოდ 200-300$. მაგრამ წარმოუდგენლად
დიდია გადასახადები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადო. როგორიცაა
მანქანის დაზღვევა, ფასიანი გზები, მანქანის რენტი(ახალი
ჩამოსულისთვის მანქანის შეძენა თითქმის შეუძლებელია) და ა.შ. ასევე
შედარებით მაღალი ანაზღაურებაა მოხუცებზე ზრუნვის სამსახურებში. სადაც
უმეტესს შემთხვევაში სამსახური მათთან დარჩენით და ღამის თევითაა.
ავეჯის გადაზიდვის მომსახურებებში; ჩვენს ქვეყანაში დღიური სამუშაო
საათები და დატვირთვა, ძალიან განსხვავდება აქაური დღის სამუშაო
რეჟიმიდან. გზა - ჩამოსვლის პირველი ემოციებიდან შეგუებამდე გრძელია
და ეტაპებს მოიცავს. როცა ჩემოდნებს ხედავ, გინდა აიკრიბო გუდა-ნაბადი
და უკან მოუხედავად გაიქცე შენს ქვეყანაში. მაგრამ უკვე არსებობს
პასუხისმგებლობები, როგორც გვირაბი, მასში უკვე შეხვედი და ეს უნდა
გაიარო. ერთ ადგილზე გაჩერება აღარ გამოდის, უკან დაბრუნებაც
წარსულისკენ გახედვად ჩანს და ერთი გზა რჩება - იარო წინ.
- 30 წლის დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად არსებობს პარალელური
საქართველოც, თითქმის მილიონიანი ემიგრანტების საქართველო უცხო
ქვეყნებში. ამ ხნის განმავლობაში ემიგრანტების რიცხვი არ შემცირებულა,
პირიქით მოიმატა. რა არის ამის მიზეზი?
- ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს მოქალაქეების დაძრულ
მასობრივ გადაადგილებას ალბათ უფრო ეკონომიკური მიგრაცია შეიძლება
ვუწოდოთ. ასევე დიდია დასავლეთში სწავლის მიღების მსურველთა რიცხვი.
წამომსვლელთა ნაკადები ქვეყნის შრომისუნარიანი მოქალაქეები არიან.
სამწუხაროა რომ ამ უნარების გახარჯვა და გამოყენება საკუთარ ქვეყნის
მშენებლობას და განვითარებას არ ხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ უცხო
ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრება და მუშაობა ბევრ სირთულეებთან არის
დაკავშირებული, არ წყდება ნაკადები საქართველოდან. რაც თავისთავად
ნიშნავს რომ აქ არსებულ სირთულეებისკენ არც ისე უსაფრთხო გზას, კიდევ
უფრო რთული სიტუაციიდან თავის დაღწევის მიზნით გადიან. ჩვენი
მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები, ექთნები, მკვლევარები,
ჟურნალისტები, ყოფილი მინისტრები, ხელოვანები - აქ ყველა ერთ ქვაბში
იხარშება. მათი უმრავლესობა 20-25 წელია აქ არის. მათ ქართულსაც
შეპარული აქვს აქაური ენის გავლენა. და საკუთართან გაუცხოება მხოლოდ
ენიდან არ იწყება სამწუხაროდ. წლების მერე საკუთარ ქვეყანაში
დაბრუნებულები ძნელად პოულობენ თავის ადგილს და ბევრი მათგანი ამბობს,
რომ დაეკარგათ კავშირი ადგილებთან, ადამიანებთან... რასაც საკუთარი
ქვეყანა ვერ გაძლევს, მას ქვეყნის მიღმა უწყებ ძებნას. მიზეზები
არაერთია: - პოლიტიკური დევნა და შევიწროება; - საბანკო
ვალდებულებები; - საკუთარი ოჯახების სიღარიბისგან დაცვა; - სიბერის
უზრუნველყოფა; - ფინანსური სტაბილურობა ოჯახურ ეკონომიკაში ; -
ჯანმრთელობის უზრუნველყოფა; - და კიდევ ბევრი სხვა... ზემოთ
ჩამოთვლილი მიზეზები ადამიანთა კეთილდღეობის პირველად საჭიროებებს
ეხება და მასზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და
ვალდებულებაა. მასობრივი მიგრაციის უარყოფითი გავლენები რა თქმა უნდა
დიდია, მაგრამ მას ასევე აქვს გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედება
ჩვენი ქვეყნის უახლოეს მომავალზე.
1. მაღალი კომპეტენციების მქონე კადრები სხვადასხვა სფეროებში.
2 რიგითი კანონმორჩილი მოქალაქეები, დიდი შრომის და საქმის წარმოების
გამოცდილებით. რომლებმაც საქართველოში საშუალო კლასის გაძლიერებას
უნდა მისცეს დასაბამი. ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის მთავარი დონორი,
მთავარი სისხლძარღვი - ქართული მიგრაციაა. მთავრობა/არსებული
ხელისუფლება საკუთარ ხალხთან რომ არ მოვიდეს წინააღმდეგობაში ფრთხილ
და მშვიდობიან ურთიერთობას უნდა ირჩევდეს განსაკუთრებით იმ
ქვეყნებთან, სადაც მათი მოქალაქეების დიდი დიასპორები იმყოფება. ცალკე
ჯგუფად გამოვყოფდი მიგრანტ ქალებს. მათ ორი კონტინენტის მოხუცებზე
ზრუნვა აიღეს ვალდებულად. საბჭოეთის ნგრევის შემდეგ გაღარიბებული
საქართველოს სახელმწიფოებრივი გადარჩენაც იტვირთეს და ათეული წლებია
საკუთარ სისხლს უსხამენ შემოსავლების გარეშე დარჩენილ საკუთარ ოჯახებს
და ნათესავებს. ამ ქალების უმრავლესობამ მსხვერპლად გაიღეს პირადი
ცხოვრება და ერთ ოთახში შეყუჟულობა იკმარეს. აქ მოხუცების ცხოვრების
გამზიარებელი ლამაზი ქართველი ქალები თვის 'დეიოფებზე', "პრინცესულ"
კაბებს ჩაიცვამენ და საქართველოს დედოფლობის ილუზიით იმხნევებენ
თავებს.
არავინ არის მომკითხავი სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ასე. საკუთარი
მოქალაქეების ბედით, ცხოვრების ხარისხით თუ არ ინტერესდება
ხელისუფლება, მაშინ რა არის მათი მოვალეობა და ვალდებულება?! არა
გვაქვს წარმოდგენა რომ როდესმე იდეალური მთავრობა გვყავდა ამ მოკლე
ისტორიის მანძილზე. არც მომავალში გვაქვს მოლოდინი სასწაულების,
მაგრამ ჩვენი თითოეული ხმა და მხარდაჭერა ეკუთვნის იმ პოლიტიკურ
პარტიას/ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენს და გაგვაცნობს ქვეყნის
ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლის ნაფიქრალსა და ნააზრევს. ასე ვთქვათ
პროგრამას. ეს ყველაზე საგულისხმო ასპექტია მომავალი
არჩევნებისთვის.
-რუსული პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს ანტიამერიკულ და
ანტიდასავლურ გზავნილებს თუ როგორი "გარყვნილია" ევროპა და ამერიკა.
რომ ევროკავშირს ჩვენი იდენტობის ხელყოფა უნდა, ტოლობის ნიშანს სვამენ
რუსეთსა და ევროპა-ამერიკას შორის. თითქოს ყველა ეს სახელმწიფო თუ
გაერთიანება ერთნაირად ცუდია და ა.შ.
ამერიკაში ცხოვრობ წლებია. რა შეგიძლია თქვა ამის
საპასუხოდ?
-ძალიან უცნაურად მეჩვენება ხოლმე ქართულ ვებგვერდებზე შესვლისას
სარეკლამო ფანჯრიდან ამომხტარი რგოლები რუსული მელოდიებით,
"ხაჩაფურის" და ჩაშუშულის მოკლე რეცეპტები რუსულად... მაშინვე ჩემს
გონებაშიც 90- იანი წლების რუსული მელოდიებით ამღერებული სამარშუტო
ტაქსები და შავის ზღვის ქარიან სანაპიროებზე ფიცრული კაფეები
ამოტივტივდებიან)) აშკარაა, ვიღაც ძალიან ცდილობს დროის მანქანა
ჩართოს და მომავალი უკან გადაახვიოს. არამგონია ვინმესთვის უცხო იყოს
ჩვენი მეზობელი ქვეყნის ვნებები საქართველოს მიმართ. არ დაგიმალავთ და
ცოტა სექსუალური ელფერიც კი გადაჰკრავს ამ მრავალწლიან სამეზობლო
ურთიერთობას. არადა ადრე თუ გვიან ხომ უნდა გათავდეს ეს
ტოქსიკურობაც?! ამერიკაში ყველა ადამიანი თავს არიდებს საბჭოეთიდან
ჩამოსულ რუს-ებრაელებთან დასაქმებას. ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ
აქაც ჩამოიტანეს მყარად გამჯდარი საბჭოთა შრომითი ურთიერთობები. ისინი
უხეშები, უტაქტოები და არასანდოები არიან თანამშრომლობაში. ბრუკლინში,
შემოდგომობით, ქართული დიასპორის წარმომადგენლები თბილისობის
დღესასწაულს მართავენ ხოლმე. სიმართლე გითხრათ ამ ლოკალური
დღესასწაულების აღნიშვნა ცოტა არ მესმის, რადგან გვაქვს ერთი დიდი,
ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღი - 26 მაისი. (მართალია, 26 მაისიც
აღინიშნება, მაგრამ ვიწროდ და თან უფრო პოლიტიზებულ სახეს ატარებს).
თუმცა, აქ, სადაც სოციალიზაციის სერიოზული პრობლემა დგას, რომელსაც
განსაზღვრავს არაერთი დეტალი აქაური ყოველდღიურობისა: უდროობა, სიშორე
და ამ ქვეყნის მასშტაბები - ნებისმიერი აქტივობა დასაფასებელია.
ერთერთ ასეთ ღონისძიებაზე ყოფნისას შემთხვევით მოვუსმინე მეგრული
აქცენტით, შუახნის მამაკაცის მონაყოლს. როგორ მუშაობდა წლების
მანძილზე საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში. ერთი წელია რაც ოჯახი
იქეთ დატოვა და აქ ჩამოვიდა. ბევრად მარტივად ჩანდა იქედან
ყველაფერიო- ამბობდა.
ამდენი შრომის მერე გადავწყვიტე ჯიმში( სავარჯიშო დარბაზში) მეც
წავსულიყავი. აქ ყველა ნავარჯიშები სხეულით დადის და თან ვიფიქრე
ვინმე კარგ ამერიკელ გოგოს გადავკრავ თვალსო. ჰოდა, ცოტა გაოცებული
დავრჩი, ყველა წყვილი ხელჩაკიდებული შემოდის და გადის და მათი მზერაც
მარტო ერთმანეთისკენ არისო მიმართული. ასე გაოცებული,
მითებდამსხვრეული ქართველი აქ ბევრია. ამერიკა - პურიტანების
აშენებული ქვეყანა, დასახლებულია - პატრიოტი, წესიერი, კულტურული და
მორწმუნე ადამიანებით. ჰოლივუდის კინოინდუსტრიასა და რეალურ ამერიკას
შორის სხვაობა ძალიან დიდია. მისი პოლიტიკა დღემდე ძალიან ფრთხილია და
ინახავს ყველა ეთნოსის კულტურებს, რელიგიებსა და ტრადიციებს. როგორც
ამ ქვეყნის საზღვარს კვეთ შენს სიცოცხლის დაცვაზე და პირველად
საჭიროებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ნიუ-იორკის შტატი განურჩევლად
ყველას აძლევს უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას. რომელიც ფარავს თითოეული
ადამიანის სამედიცინო საჭიროებებს. გაძლევს შრომის შესაძლებლობას.
არავის აქვს უფლება გეუხეშოს ან შენი სივრცე დაარღვიოს. სხვა
ქვეყანაში უფრო დაცულად არ უნდა გრძნობდე თავს, ამას პირველ რიგში
შენი ქვეყანა უნდა გაძლევდეს. არის ფოკუსირებული დღევანდელი ჩვენი
მთავრობა ეს ცხოვრების პირობები შესთავაზოს საკუთარ მოქალაქეებს? არა.
მაშინ გამოდის რომ თავიანთი სუსტი მმართველობით თვითონვე უქმნიან
საფრთხეს ქართულ იდენტობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
-
იმ ქვეყნის გადმოსახედიდან სადაც ახლა იმყოფები,
როგორ გამოიყურება საქართველო?
-ჩვენ ლამაზი და კარგი ქვეყანა გვაქვს. ძალიან მოსახერხებელი და
მოქნილი გეოგრაფიულად და საცხოვრებლად. გვაქვს ძალიან ინდივიდუალური
და გასაოცრად საინტერესო ფოლკლორი, გასტრონომია, რომლის
კომერციალიზაციაც მასშტაბურად უნდა ხდებოდეს და შემოსავლები მოჰქონდეს
ქვეყნისთვის და ოჯახებისთვის. ქვეყანას არ აქვს ეკონომიკური
განვითარების სტრატეგია. ხელისუფლებაში ჰყოფნის პირველი ოთხი წლის
შემდეგ პოლიტიკური ჯგუფები ბრძოლას იწყებენ საკუთარი დაშვებული
შეცდომის გადამალვისთვის და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. მათ
ფიზიკურად არა აქვთ და არ რჩებათ დრო ქვეყანა და ეკონომიკა
გადაარჩინონ. ისინი საკუთარი გავლენების და ბევრ შემთხვევაში
სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან თავგანწირვით. აქედან გამომდინარე,
პირველი გაუმართლებელი ოთხი წლის შემდეგ მათი ხელისუფლებაში დატოვება,
არასახარბიელოდ აისახება თითოეულ ჩვენგანზე და ჯამში ქვეყანაზე. ჩვენ
ვსწავლობთ ჩვენს როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკმაოდ სწრაფადაც.
-სად ხედავ გამოსავალს?
- პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს ჩვევაში აქვთ ყველაფრისა და ყველაფერზე
ტოტალური კონტროლი. მაგრამ მოხდება ხოლმე და მაინც გაეპარებათ, რაღაც
ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი 2000 - იანი წლების
დასაწყისში დაბადებული გოგო-ბიჭები და ახლა უკვე ზრდასრული, ჭკვიანი
და {თავის უფალი}ადამიანები არიან. მათი შექმნილი პრეცედენტი იმაზე
ბევრად დიდი და მასშტაბურია, ვიდრე უბრალოდ დემონსტარაციული ერთობა
მთავრობის მიმართ არასასურველი პოლიტიკური ნაბიჯების მიმართ პროტესტი.
ახლახან ინგლისიდან დაბრუნებული ჩემი შვილის მეგობარი, რომელმაც
კემბრიჯში სამაგისტრო პროგრამა დაასრულა - მიზიარებდა, კემბრიჯელი
სტუდენტების ინტერესისა და სოლიდარობის ამბავს ჩვენი გასაოცარი
ახალგაზრდების მიმართ. ლონდონის მეტროებში გაჯეტებში საქართველოში
მიმდინარე პროცესებზე გამალებულ თვალისდევნებას. იგივე ხდებოდა აქაც.
რთულია ასე უნაკლოდ, ნამდვილად, საკუთარ ქვეყანაზე გულწრფელად
მოფიქრალი ამდენი ახალგაზრდა გააერთიანო. ეს ხალხის წიაღიდან ამოსული
კარმაა. 6. რა მოგცა ამერიკამ? დასავლეთმა? აქ ამბობენ რომ გაცნობისას
დიდ ყურადღებას აქცევენ როგორ გამოიყურება შენი სხეული. რამდენი დრო
დახარჯე მასზე ზრუნვაში, ანუ რამდენი იმუშავე. მასობრივად, სკოლებიდან
იწყება და აქვს დიდი ხელშეწყობა ბავშვების ფიზიკურ მომზადებას. ყველა
ახალგაზრდა (ძირითადად ამერიკელ ახალგაზრდები) ყოველდღიურად, დღეს
იწყებენ საკუთარ თავზე შრომით. ამერიკა დილის 4 საათიდან იწყებს
გაღვიძებას. კვირის მანძილზე საკმაოდ დატვირთულ სამუშაო გრაფიკს,
უიქენდებზე დასვენებით და გართობით ინაზღაურებენ. აგროვებენ რესურსებს
დაცული და უზრუნველყოფილი მომავლისთვის. არც მათთვისაა ადვილი აქაური
გადასახადების წნეხი. ისინი ხშირად წუწუნებენ ამის გამო და იმის გამოც
რომ მათი გადასახადებით ქვეყანა ბევრ სხვა ქვეყნებს ეხმარება. აქ კი
ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება. მაგრამ ისინი, ყოველ დილით, მაინც
ჯიუტად, დილა ადრიანად მიდიან სამსახურებში.
მასალის გამოყენების პირობები