კორონავირუსი დღემდე აჩენს და ტოვებს ბევრ ხილულ პრობლემას და
ტრაგედიას.
თუმცა არის მისი უხილავი კვალი, რომელიც არ ითვლება და
მასზე სტატისტიკა არ იწარმოება, თუმცა შედეგები არანაკლებ
დამანგრეველი აქვს.
კორონა, რომელიც ნაკლებად ვნებს ბავშვებს, გაცილებით
საშიშია ფსიქოლოგიური ტრავმების მხრივ. იგი ემოციურ „იარებად“
რჩება მათში და ძნელად რჩება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრობლემა
არასათანადო სერიოზულობით არის შეფასებული.
ამიტომ დიდ მნიშვნელობას იძენს იმის გარკვევა რა გავლენა იქონია
პანდემიამ მოზარდების ფსიქიკაზე?
რა ტიპის ტრავმები გააჩინა და რით შეიძლება ამის შეცვლა?
ამ კითხვებით ფსიქოლოგ დავით ფორჩხიძეს
მივმართეთ.
- პანდემიის დროს ვირუსის მიმართ გაჩენილი შიში, ამ მიზეზით ჩაკეტვა
და იზოლაცია ყველა ბავშვზე ერთნაირად არ იმოქმედებს, ფსიქოტიპს
გააჩნია. არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად
სტრესტოლერანტულები არიან ან ნაკლებად სტრესტოლერანტულები. ადამიანები
ხომ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. შესაბამისად, იზოლაციის პრობლემა
იმოქმედებს მეტ-ნაკლებად.
ზოგ შემთხვევაში შედეგები უფრო გამოხატული იქნება და ზოგ შემთხვევაში
ნაკლებად. ასევე ასაკს გააჩნია. ვის რა პერიოდში მოუწია.
იმიტომ, რომ ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკის არის
მისთვის შედარებით ნაკლები პრობლემაა სახლში გამოკეტვა. რადგან
მისთვის ჯერ კიდევ ოჯახი და დედ-მამაა მთელი სოციუმი და მთელი
სამყარო.
მაგრამ როდესაც მოზარდობის ასაკში შედის ბავშვი მას სოციალური
ურთიერთობის მოთხოვნილება უჩნდება, თუკი ეს ასაკი პანდემიის
პერიოდს დაემთხვა, იმათთვის ერთგვარი იარა დარჩება. ამას მე არ
ვამბობ მარტო. ბევრი ძალიან ცნობილი სპეციალისტი აღნიშნავს. პანდემიის
დროს მიღებული ტრავმები შესაძლებელია მოზარდებს მთელი ცხოვრება დარჩეთ
იარად. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მიღებული ტრავმები.
ამ დროს ხომ ჰორმონალური ფოიერვერკია ორგანიზმში და ისედაც რთულია
ცხოვრება. ისედაც მიაჩნიათ, რომ მათი პრობლემებია ყველაზე დიდი
პრობლემები. საშინლად ეგოცენტრულები არიან. უამრავი კომპლექსი
აქვთ გარეგნობასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ეს კომპლექსი
უნდა გადალახონ სოციუმთან ურთიერთქმედების პროცესში. ამ დროს
ყველანი აღმოვჩნდით იზოლაციაში, ერთმანთისგან დაშორებულები. ყველა ის
პრობლემა, რომელიც მოზარდს ისედაც უჩნდება სოციალიზაციის პროცესში,
პანდემიის ფონზე იქნება გართულებული და გამწვავებული.
- ერთმა პედაგოგმა თქვა, რომ ინტროვერტი ბავშვები თითქოს ამ
ონლაინსწავლებით უფრო გაიხსნენ და უკეთ მოერგნენ სწავლების ამ
ფორმას...
- როგორც ზემოთ ვთქვი ფსიქოტიპს გააჩნია. თანაც ინტრავერსია და
ექსტროვერსია ასე მარტივი არ არის. ექსტრავერტი (ფსიქოლოგიური ტიპი,
რომელიც იჩენს კომუნიკაბელურობას და სიამოვნებს საზოგადოებასთან
ურთიერთობა) სინამდვილეში უფრო ღმრა ინტროვერტია (ფსიქოლოგიური
ტიპი, რომელიც ნაკლებ კომუნიკაბელურია, აქვთ ცხოვრების ჩაკეტილი წესი)
და ინტრავერტი ძალიან ღრმა ექსტრავერტია. ექსტრავერტი, ხომ ის
ადამიანია, რომელსაც თითქოს უყვარს სხვებთან ურთიერთობა.
სინამდვილეში მათ იმდენად ძალიან არ უყვართ ურთიერთობა სხვებთან,
რომ მათთვის მნიშვნელობას კარგავს ეს ურთიერთობა. ამიტომ
ექსტროვერტისთვის ადვილია სხვებთან ურთიერთობა იმიტომ, რომ არ ეშინია
მარცხის. ინტროვერტებისთვის კი იმდენად მნიშვნელოვანი არის
ადამიანებთან ურთიერთობა, რომ შიში აქვთ ბევრ ადამიანთან
კონტაქტის, რადგან შესაძლებელია ურთიერთობაში შესვლა დასრულდეს
მარცხით, არ გამოუვიდეს და ეს მისთვის იქნება სტრესი. ეს ერთ
-ერთი ძალიან გავრცელებული თეორიაა, რომელიც რამდენადაც ვიცი
ჯერჯერობით არავის უარყვია.
ამ პანდემიურ ჩაკეტილობაში თითქოს ერთგვარ კომფორტში კი იგრძნობს
ინტროვერტი თავს. იგი შეზღუდეს, არ უშვებენ გარეთ, შესაბამისად არა
აქვს შიში, რომ ურთიერთობა დაენგრევა, მაგრამ ურთიერთობის
მოთხოვნილება ხომ არ გამქრალა არსად? მოთხოვნილება ხომ დარჩა?
დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება. რაც იწვევს ფრუსტრაციას და მერე
სტრესს.
უარყოფით შედეგს ორივე შემთხვევაში მივიღებთ. ოღონდ ესაა - ინტროვერტს
ალბათ სწავლაში უფრო ნაკლებად შეეშლება ხელი. მაგრამ ნორმალური
ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება მაინც გაჭირდება. "მაუგლი" ბავშვების ამბავი
ხომ ყველამ ვიცით. ბავშვების, რომლებიც ვერ გაიზარდნენ
სოციუმში ამა თუ იმ მიზეზით. როდესაც სოციუმი შემოიფარგლება ორი
ადამიანით დედით და მამით, რა უნდა მიიღოს ბავშვმა? ან სრული ასლი
უნდა გახდეს დედის და მამის? ან კიდევ მიეკედლოს ინტერნეტს,
ტელევიზორს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ ანაცვლებს ჯანსაღ
რეალურ ურთიერთობებს.
ფიზიკური შეხება, კონტაქტი ერთ - ერთი ძალიან მნიშვნელოვანი
ფაქტორი, რაც ჩვენ გვაქვს ადამიანებს, ეს შეგვეზღუდა ბოლო
პერიოდში. იგი განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს
სჭირდებათ. უამისობა მძიმე სტრესია.
- კვლევებმაც აჩვენა და პირადმა გამოცდილებამაც, რომ
მოზარდები ორჯერ და სამჯერ უფრო კიბერდამოკიდებულები გახდნენ, ვიდრე
პანდემიამდე იყვნენ
- სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ? ჩვენ გავხდით ინტერნეტდამოკიდებულები
და მითუმეტეს ბავშვები. გარდატეხის ასაკში ხომ გაცილებით
ადვილია რაღაცაზე დამოკიდებული გახდე. ჩვენში ვერ ვხედავ ტრაგედიას,
ზრდასრულებში, რადგან გამოცდილება და თვითკონტროლის უნარი
გვაქვს. ბავშვებს ხომ ეს ნაკლებად აქვთ ჩამოყალიბებული, იმპულსურები
არიან...
ერთი არის იზოლაცია და რეგულაციები და მეორე არის ის, რომ
კორონავირუსი, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში
იწვევს ცვლილებებს ნერვულ სისტემაში.
ფსიქიკურს, ფსიქოლოგიურს. ბევრი ადამიანი მირეკავს და
მეუბნება, რომ აქვს მეხსიერების პრობლემა, აქვს დეპრესია,
ასთენია, სისუსტე, ძილიანობა. ეს ყველაფერი დაუმატე იზოლაციას და
წარმოიდგინე ბავშვი, რომელიც არის ოჯახში, სადაც კორონას ჩავლის
შემდეგ დამძიმებულ გარემოში ცხოვრობს.
ჩემი სიტუაცია შემიძლია მოვიყვანო მაგალითად. კორონავირუსმა მე
დამიტოვა მძიმე ასთენია, სისუსტე, ძილიანობა. ერთი თვეა მიყურებენ
შვილები და ხედავენ მამა მიგდებულია, უუნარო და სუსტია. Რა
მაგალითს ვაძლევ? კი ვეუბნები, რომ ეს არის დაავადების ბრალი,
დროებითია, მაგრამ არც ერთ ბავშვს არ უნდა მისუსტებულ ან პირიქით
ზედმეტად აღგზნებულ და ანერვიულებულ მშობელს უყუროს.
- არსებობდა რაიმე ალტერნატივა, რომელიც შეიძლებოდა
გამოგვეყენებინა, რომ ნაკლები დანაკარგი მიგვეღო, ბავშვები ნაკლებად
დაგვესტრესა?
- ადამიანები არასრულყოფილები და მშიშარა არსებები ვართ,
მიუხედავად გმირობის მაგალითებისა. შეიძლება ამიტომაც
განვვითარდით ასე - ავაშენეთ კედლები, გავაკეთეთ სახურავი,
მაღალი ეზოები იმიტომ, რომ ვიყავით სუსტები.გვეშინოდა ჭექა- ქუხილის,
ცხოველის, არ გვქონდა ბრჭყალები, კბილები
ამიტომ გავივითარეთ ტვინი.
შეიძლება ამაში იყო ჩვენი სიძლიერე - ჩვენს სისუსტეში. მაგრამ როგორც
გაირკვა, საკმარისია, გამოჩნდეს ასეთი დაავადება, რომელზეც ვერ
ვიტყვით, რომ მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, რომ ხელად
დავპანიკდეთ. ეს დაავადება არ იყოს რეალურად იმდენად საშიში,
რამდენადაც ჩვენ დავფრთხით. მგონია, რომ სწორედ ამ შიშმა
და აქედან გამოწვეულმა სტრესმა გაცილებით მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
სტრესი ხომ ერთ-ერთი იმუნიტეტის დამწევი ფაქტორია.
წარმოიდგინე წინასწარ როგორ შევხვდით დაავადებას - უკვე დასტრესილები,
შეშინებულები, დასუსტებული იმუნიტეტით. გადავწყვიტეთ რომ ეს ძალიან
საშიშია და ამ შიშმა, რა თქმა უნდა,
დაგვანგრია.
ისე თუ დააკვირდები რა ხდება მსოფლიოში ახლა. თურმე არ შეიძლება
ერთდროულად ორი შიში არსებობდეს. კორონავირუსის თემამ გადაიწია უკან
და ახლა მესამე მსოფლიო ომის შიში გამოვიდა წინა პლანზე. ყოველ
შემთხვევაში ევროპაშიც და საქართველოში მეტზე არაფერზე
ლაპარაკობენ.
არ შეგვიძლია ერთდროულად გვეშინოდეს ორი რამის. ყურადღება ორ
ძლიერ და საშიშ სტიმულზე ერთდროულად არ გამოგვდის, ტვინი ვერ უძლებს.
ამიტომ თანდათან კორონა მეორე პლანზე გადავიდა.
ისევ წინა პერიოდებს რომ დავუბრუნდეთ ერთგვარ ეგოიზმსაც ვხედავდი ჩემს
გარშემო. ყველამ ვიცოდით რომ ბავშვებზე კორონას წინა ვერსიები თითქმის
არ მოქმედებდა. მაგრამ იმდენად გვეშინოდა ბავშებს ჩვენთვის არ მოეტანა
ეს ვირუსი, რომ ვამჯობინეთ ბავშვები "გაგვეწირა" ოღონდ
უსაფრთხოება გაგვეზარდა.
- გაგვეწირა Ჩაკეტვით ...
- დიახ, ჩვენ არაფერი დაგვემართოს და დავასახიჩროთ, იარები დავადოთ
ჩაკეტვით და იზოლაციით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ვირუსი მაინც ყველამ
გადავიტანეთ, ხელში კი რა შეგვრჩა? დასტრესილი თაობა.
ყველაფერი რომ შევაჯამოთ ჩვენს შიშებს შევწირეთ ბევრი ბავშვის
ფსიქიკური ჯანმრთელობა. ეს არის ჩემი ადამიანური პოზიცია. სასწორზე
როცა იდება ჩვენი უსაფრთხოება თუ ჩემი შვილების ფსიქიკური
ჯანმრთელობა, მე ვირჩევ მეორეს. ალბათ, ყველამ თვითონ გადაწყვიტა რა
გაეხადა პრიორიტეტად. ბევრს არ ჰქონდა იმის საშუალება რომ ე ს
გაეაზრებინა. ცოდნა არ ჰქონდა იმის, რომ დიდ პრობლემას
უქმნიდა იზოლაციით ბავშვს. არც სახელმწიფოს მოუკლავს თავი
და არც ექიმებს უმსჯელიათ არც ინფორმირებულობა გაუზრდიათ და არ
დაუყენებიათ მწვავედ - თუ რა ვუყოთ ბავშვებს.
- რით შეიძლება ვუწამლოთ ამ იარებს?
- ამას არა აქვს პასუხი. რომ ვთქვა მოკიდეთ ხელი და ყველამ
მიიყვანეთ ფსიქოლოგთან ამას ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ვიცი ამ
გაჭირვებული ქვეყნის ამბავი.
ვისურვებდი სახელმწიფო დონეზე ყოფილიყოს ამაზე ზრუნვა,
თუნდაც სკოლაში, თუნდაც ტელევიზორებიდან, თუნდაც ინტერნეტში.
ადამიანები, რომლებიც ერკვევიან ამ საკითხებში, ისინი რომ იძლეოდნენ
საინფორმაციო საშუალებებით რჩევებს და რეკომენდაციებს.
მასალის გამოყენების პირობები