ეგზოტიზაცია იმას ნიშნავს, რომ შენ არ ხარ თანასწორი, არა გაქვს
თანაბარი ხმის უფლება.
ევროპული ისტორიის და პოლიტიკის განაპირას: რატომ უნდა
ისმოდეს საქართველოს ხმა? აღნიშნულ საკითხზე ქუთაისში ჰაინრიჰ ბიოლის
ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ საჯარო დისკუსია გამართა.
დისკუსიაზე ამ მიმართულებით ბევრი საკითხი წამოიჭრა, რამაც ბევრი
კითხვა გააჩინა. დიდი ხნის წყვეტის შემდეგ რამდენად რთულია
საქართველომ საკუთარი ადგილი იპოვოს რეგიონულ და გლობალურ ისტორიაში?
რა ადგილი უკავია საქართველოს დღევანდელ მსოფლიოში? რა კეთდება დღეს
საიმისოდ რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ მსოფლიოს?
აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე:
- საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს.
გასნაკუთრებულობას, არ არის აუცილებელი დადებითი შინაარსი ქონდეს.
განსაკუთრებულობას გამოხატავს ის, რომ არ ვიცით, არ ვიცნობთ და ამიტომ
რაღაცით ეგზოტურია, ხშირად გვესმის ეს ფრაზა - სტუმართმოყვარე
ქვეყანა. ჩვენ ძალიან გვიხარია, როდესაც ჩვენზე ამბობენ, რომ
სტურმათმოყვარე ქვეყანა ვართ, ეს მიგვაჩნია ჩვენს რაიმე განსაკუთრებულ
თვისებად. სტუმართმოყვარე ქვეყანის სახელი იმდენად მოგვწონს, რომ
ვიწყებთ ჩვენი სტუმართმოყვარეობის ინსცენირებას.
ვთამაშობთ სტუმართმოყვარეობას, როლში შევდივართ. როდესაც ვამბობთ
ვთამაშობთ, იმას არ ნიშნავს, რომ გულწრფელად არ ვართ
სტუმართმოყვარეები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს მაინც ძალიან
ინდივიდუალური თვისებაა. ვიღაცამ გვითხრა, რომ თქვენ ხართ
სტუმართმოყვარეები და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ვართ
სტუმართმოყვარეები. თანაც ეს არ უნდა იყოს უბრალო საქციელი, ამას უნდა
ახლდეს გარკვეული თეატრალობა, რომელიც დაამახსოვრდება მნახველს.
ხშირად გავიგონებთ, რომ ფრანგი ან შვეიცარიელი არის ცივი და ძუნწი.
თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცალკეული ფრანგი ან
შვეიცარიელი არ არის სტუმართმოყვარე და მას არ უხარია სტუმრის ნახვა.
მაგრამ აქ დავინახავთ მთავარ განსხვავებას. ვთქვათ, თუ გერმანელი
ჩადის საფრანგეთში და მასპინძელი მას თავზე გადაყვება, ის არასდროს არ
იტყვის საფრანგეთზე, რომ ეს რა სტუმართმოყვარე ქვეყანააო. იმიტომ, რომ
ასეთი დამოკიდებულება, რომ ვიღაც სტუმართმოყვარეა, არ მიეკუთვნება იმ
სამყაროს, რომელიც არის ცნობილი, რომელიც არის წამყვანი,
ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით პირველი რანგის
ქვეყანა. ასეთ წოდებებს იყენებენ ყოველთვის უცნობ, ეგზოტურ ქვეყნებზე
და ამ ეგზოტიზაციას აქვს ძალიან დიდი ისტორია.
- როდის დაიწყო საქართველოს ეგზოტიზაცია?
- ჩვენი ეგზოტიზაციის ათვლა შეიძლება დავიწყოთ მე- 19 საუკუნის
დასაწყისიდან, როდესაც რუსეთის იმპერია იერთებს საქართველოს და უცებ
აღმოაჩენენ, რომ ეს ნახევრად უცნობი მხარე, რომელიც ველურების
ქვეყანად წარმოედგინათ, თურმე არ ყოფილა ასეთი, კარგი ხალხი ყოფილა,
რომელთაც სტუამრთმასპინძლობა იციან, კარგ ღვინოს სვამენ, ლამაზი
ქალები ყავთ და ა.შ. ეს სტერეოტიპი, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის
იმპერიის მიერაა შექმნილი, ჩვენ ძალიან მოგვეწონა. იმდენად მოგვეწონა,
რომ ჩვენც დავიწყეთ მისი განხორციელება, სპექტაკლის სახით
ინსცენირება. ჩვენ ვთამაშობთ იმას, რაც მოსწონს სხვას, ჩვენ სხვების
მიერ დაწესებულ და მიჩენილ ჩვენს როლს ვასრულებთ.
მაგრამ ეგზოტიზაცია იმას ნიშნავს, რომ შენ არ ხარ თანასწორი, არა
გაქვს თანაბარი ხმის უფლება. შენ შეგიძლია იქ იყო ნივთი, რომელსაც
შეხედავენ, რომლითაც გაერთობიან, მერე კი წავლენ და სერიოზული საქმით
დაკავდებიან. სერიოზულ საქმეში ეგზოტი ვერ მიიღებს ვერასდროს
მონაწილეობას. მას უკვე წინასწარ აქვს მიჩენილი თავისი ადგილი,
რომელსაც აღარავინ არაფერს არ ეკითხება.
ეს შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, საქართველოში ქალებთან
დამოკიდებულებას. როგორ შეიძლება ვინმემ დაგვწამოს, რომ ქალებს ცუდად
ვეპყრობით?! მაგალითად მოგვყავს ის, რომ ქალების სადღეგრძელოს
განსაკუთრებულად ვსვამთ.
ბავშობიდან მესმოდა და სულ გაუგებარი იყო - ჩვენი მეორე ნახევრების
სადღეგრძელო. ანუ მეორე, მეორადობას ნიშნავს და ის პირველი ვერ
იქნება. ვინც პირველია, ის სვამს მეორის სადღეგრძელოს, მის ნაცვლად და
მისი გაჩუმებით ლაპარაკობს. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა ზოგადად
ქვეყნებისადმი, რომლებსაც არ აქვთ "პირველი სამყაროს" სტატუსი. როგორც
მამაკაცები სვამენ ქალის სადღეგრძელოს, აქებენ და ადიდებენ, ისე დიდი
ქვეყნები "სვამენ" პატარა ქვეყნების "სადღეგრძელოს", მაგრამ მათ
არავინ არ ეკითხება თქვენ რა გინდათ და ვინა ხართ საერთოდ. იქნებ
თქვენც მოგცეთ სიტყვის უფლება. სიტყვის უფლება შეიძლება იყოს
სამადლობელი. თავდახრილმა და გაღიმებულმა თქვა მადლობა, რომ
გადღეგრძელეს, მადლობა, რომ "სტუმართმოყვარე" გვიწოდეს.
-მაინც როგორ ხდება თავის გაცნობა თანამედროვე
მსოფლიოში?
- თანამედროვე სამყაროს არაერთი ძალიან ცნობილი ისტორიკოსი, ვინც
სწავლობს თანამედროვე ისტორიას, წერს 2008 წლის აგვისტოს ომზე და ამ
ომს განიხილავს რუსეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირებად. იგივეს
ვხედავთ დღეს უკრაინაში: უკრაინა ხომ არის 50 მილიონიანი ქყვეყანა,
ტერიტორიულად ბევრჯერ უფრო დიდი, ვიდრე საქართველო. იგივეს ვხედავთ
აქ, რომ ეს არის დაპირისპირება რუსეთსა და ამერიკას, რუსეთსა და
ევროპას შორის.
უკრაინა რომ არსებობს და უკრაინელი ხალხი არსებობს, ეს არავის
აინტერესებს. იმიტომ, რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად სუსტი
ქვეყნები, თან ახლადგამოჩენილი ისტორიის ასპარეზზე, რაც უნდა ვიძახოთ,
რომ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გვაქვს, ეს არ
ითვლება. რაც ითვლება, არის ის, დღეს ვინა ხარ და დღეს რა როლს
ასრულებ. წარსულით დაინტერესდება მხოლოდ ტურისტი, შევა მუზეუმში და
გაიგებს ან არ გაიგებს შენი ისტორიის შესახებ. ჩვენი პრობლემა, რის
გამოც ჩვენი ხმა არ ისმის, რის გამოც არ ვმონაწილეობთ მსოფლიო
პროცესებში, გარდა ეკონომიკურ- პოლიტიკური პრობლემებისა, სამწუხაროდ
ის არის, რომ ჩვენ ისე გვაქვს აწყობილი ცხოვრება, რომ ჩვენი ხმა
არავინ გაიგოს. ჩვენ არ ვმონაწილეობდეთ, არაფერ ახალს არ ვთავაზობდეთ
სამყაროს.
უცნაური პრობლემა, რომელსაც შევხვედრივარ იგივე გერმანაიში ყოფნისას,
როდესაც ეუბნები რა ქვეყანაა საქართველო, მათ უნდა გააიგივონ
ვიღაცასთან. თანაც არა ჩვენთვის, ყველასათვის კარგად ცნობილ და
მათთვის სრულიად უცნობ შუასაუკუნეების მეფეებთან, რომელიც არ იცის (
საკუთარი მეფეები არ აინტერესებთ და შენი რატომ ეცოდინება), არამედ
ახლო წარსულიდან ცნობილ ადამიანებთან.
ამ მხრივ საქართველოს ქონდა საშუალება რომ გვეთქვა: აი, ვიღაც არის
ჩვენი, ვინც შეიძლება იცოდეთ. გერმანიისთვის იდეალური იყო შევარდნაძე,
რომელიც ყველამ იცოდა, უამრავი სახელმწიფო პრემია და ჯილდო მინიჭებული
ქონდათ შევარდნაძისთვის. რატომ შევარდნაძე? იმიტომ რომ ის ცოცხალი
ადამიანი იყო, რომელიც მონაწილეობდა მსოფლიო პოლიტიკაში და არა
რომელიმე მუზეუმის ეგზემპლარი. თუმცა შევარდნაძე როგორც საქართველოს
პრეზიდენტი იყო მხოლოდდამხოლოდ სახელი. მის უკან ძალა არ იდგა,
განსხვავებით იმისგან, როდესაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა
მინისტრი იყო. მაგრამ ეს სახელიც კი რაღაც როლს ასრულებდა.
2008 წელმა, ვერ ვიტყვი რომ პოზიტიური, მაგრამ რაღაც მნიშვნელობა
შეიძინა. ომი თავისთავად ცუდია, მაგრამ მოხერხდა ის რომ ორი დიდი
სახელმწიფო შეჯახების (როგორც თავად აღწერეს) წერტილი გახდა
საქართველო. საინფორმციოები ახსენებდნენ საქართველოს სახელს. მსგავსი
რამ მოხდა სერბეთშიც. სერბებმა, რომელთა ხელმძღვანელობამაც
მილოშევიჩის პრეზიდენტობის დროს ჩაიდინეს სისასტიკეები - გენოციდი
მოაწყვეს, დანაშაულებები ქონდათ. ამ დანაშაულებების საფუძველზე გაიგო
პირველმა სამყარომ, რომ არსებობს სერბეთი ეს ჩვენი, პატარა ქვეყნების
უბედურებაა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ ისეთი რამ შევქმნათ,
რომელიც იქნება ამავე დროს პოზიტიური, დადებითი და მნიშვნელოვანი
მსოფლიოსთვის...
ეს მოახერხა სლოვენიამ. სლოვენია არის ტერიტორიით იმერეთის ხელა
ქვეყანა. მოსახლეობა - მილიონ ორასი ათასი. სლოვენია ცნობილი არის
დღეს არა იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრია და თავისი ეკონომიკური
განვითარებით ბევრად გაუსწრო სხვებს, არამედ იმითაც, რომ ერთი ციცქნა
ქვეყანამ კულტურული თვალსაზრისით შექმნა ისეთი გარემო, რომელმაც
გაუთქვა სახელი. ამიტომ სიპატარავე არაფერ შუაშია. მნიშვნელოვანია
დღეს რას აკეთებ. ეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა, კულტურის პოლიტიკა იქნება
თუ ზოგადად ყველა სახის პოლიტიკა, ვერ ვერაფრით გაიგეს, რომ შეგიძლია
მონაწილეობა მიიღო თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებაში იმით, რომ დღეს
რაღაცას ქმნი და არ ეუბნები, რომ ოდესღაც რაღაც ვიყავი.
დავით კლდიაშვილის მოთხრობები მახსენდება - შარშან დიდი მოსავალი
გვქონდა, გაისადაც გვექნება, მაგრამ წელს არაფერი არააო, რომ ამბობს
ერთ-ერთი პერსონაჟი. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვთამაშობთ. ვამბობთ, რომ
შარშან დიდი მოსავალი გვქონდა, წელს შიმშილით ვიხოცებით, მაგარამ
იმედი გვაქვს, რომ მომავალში ისევ გვექნება. მაგრამ ეს დამოკიდებულება
თუ არ შევცვალეთ, მომავალში ჩვენი ადგილი არ იქნება მსოფლიო
ისტორიაში. ამდენად, პირველ რიგში, ჩვენ საკუთარი თავისგან, საკუთარი
ცრურწმენებისგან, საკუთარი თვითეგზოტიზაციისგან და თვითმისჯილი
არასრულფასოვნებისგან უნდა განვთავისუფლდეთ.
მასალის გამოყენების პირობები