5 ივლისის მოვლენებმა საზოგადოებაში კითხვებიც გააჩინა და
პასუხებიც.
მედიაზე თავდასხმამ, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წახალისებამ
ძალადობისკენ, პოლიციის უმოქმედობამ ყველაზე მუქი კონტურებით ასახა
აწმყო და კიდევ უფრო გააბუნდოვანა მომავალი. ყოველ შემთხვევაში
საქართველოს მომავალი ევროპულ სივრცეში.
რაზე მიუთითებენ 5 ივლისის მოვლენები?
გთავაზობთ სხვადასხვა მოსაზრებას და შეფასებას 5 ივლისის
დანატოვარზე.
ქუთაისიპოსტის კითხვებს პასუხობს "საბჭოთა წარსულის კვლევის
ლაბორატორიის" მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.
- 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ისეთი შთაბეჭდილება
რჩება, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო შურს იძიებდა და სჯიდა მედიას
("დასჯა" ღარიბაშვილსაც წამოსცდა).
რის გამო დაისაჯა მედია?
-
ხუთმა ივლისმა ცხადი გახადა, რომ "ქართული ოცნება" და
საპატრიარქო, როგორც მჭიდრო პარტნიორები, ერთად იწყებენ შეტევას
თავისუფლების ბოლო ნაშთებზე. ორთავეს ერთი ინტერესი აქვს -
ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. ორთავეს მძიმე კრიზისი აქვს
და ღია ძალადობით და დაშინების კამპანიით ცდილობენ გადაფარონ ეს და
პირიქით, ინიციატივა აიღონ. ამ ეტაპზე პირველი მსხვერპლი მედია
აღმოჩნდა, რომელიც უკიდურესად შემაწუხებელია ორივე ძალისათვის, რადგან
მათ დანაშაულებებს და კრიზისებს ამხელს და არ აძლევს საშუალებას
საზოგადოება პროპაგანდით და ყალბი ამბებით გამოკვებოს.
- მედია შეიძლება ბოლო, ან ერთ-ერთი ბოლო სიმაგრე იყოს
საქართველოში , რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს იცავს. თუკი
დამოუკიდებელი მედია დათმობს რა შედეგი დადგება? როგორ სახელმწიფოს
მივიღებთ?
-
დამოუკიდებელი მედიის გაქრობა ან კრიტიკულ მინიმუმამდე
შემცირება წარმოუდგენლად მძიმე იქნება საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.
ერთი მხრივ ეს დააჩქარებს რეჟიმის ხრწნას და მას კლასიკურ ავტორიტარულ
სახეს მისცემს, რომელიც უმძიმესი ეკონომიკური კრიზისისა და კორუფციის
ჭაობის პირობებში საერთოდ აუტანელი გახდება. მეორე მხრივ, გამოხატვის
და კრიტიკის თავისუფლების დახშობა როგორ უმართავ პროცესებს
წაახალისებს მოქალაქეებში, ძნელი წარმოსადგენია.
5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს, ღირსების
მარშის ნაცვლად, რადიკალური ჯგუფების მხრიდან, საზოგადოებამ
ძალადობის, დარბევის, ვანდალიზმის ბევრი შემთხვევა იხილა."თბილისი
პრაიდის" მოწინააღმდეგე ჯგუფები გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, მედიის 53
წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის, "სირცხვილიას " ოფისთან
გაუსწორდნენ "ტვ პირველის" ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. მას დაზიანება
თვალის არეშეი ჰქონდა მიყენებული, რის გამო კლინიკაში
გადაიყვანეს.
ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მეორე დღეს შსს-მ
თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით,
შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო.
მასალის გამოყენების პირობები