ინტერვიუ
ლინა ღვინიანიძე - ხელისუფლება მხოლოდ ვერბალურად ადასტურებს შრომის უფლების დაცვის მნიშვნელობას
FaceBook

"რეპრესიული ზომები, რომელთაც კომპანიები იყენებენ დასაქმებულების წინააღმდეგ ძალიან მძიმე და კომპლექსურია".

ბოლო 25 წელია მთავარ და გადაუჭრელ დილემად უმუშევრობა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რჩება. მიუხედავად ამისა ე.წ. ნომერ პირველ პრობლემას და მასთან დაკაშირებულ საკითხებს ადამიანის შრომით უფლებებს, დაბალ ანაზღაურებას, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ყურადღება ნაკლებად ეთმობა.

რა არის ამ ნაკლები ყურადღების მიზეზი? რამდენად არის დაცული მუშების და მაღაროელების უსაფრთხოების ნორმები საქართველოს ინდუსტრიულ ზონებში არსებულ საწარმოებში? რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან?
ამ საკითხებზე "ქუთაისიპოსტს ესაუბრება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC )   სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე:

- მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უფლებების დარღვევა, უმუშევრობა და სხვა სოციალური საკითხები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ბოლო წლების არაერთი კვლევა ამას ადასტურებს, ეს თემები როგორც წესი არ ხდება მთავრობის თუ მედიის მუშაობის საგანი. შესაბამისად, მოცემულობაში, როდესაც მიუხედავად ასეთი საჭიროებისა და მოთხოვნისა, სოციალური სამართლიანობის, სოციალური უფლებების დაცვის საკითხები არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, შედეგად ვიღებთ საზოგადოებრივ დისკუსიებსა და განხილვებს, რომელიც სრულად არის აცდენილი საზოგადოების ნამდვილ პრობლემებს და წუხილებს.

ფაქტია, რომ ხელისუფლება მხოლოდ ვერბალურად ადასტურებს შრომის უფლების დაცვის მნიშვნელობას. თუმცა, მისი მხრიდან არ იდგმება ცხადი და მყარი ნაბიჯები, არ ტარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ამ საკითხებს საჯარო სივრცის მიღმა ტოვებს. ამ პირობებში სოციალური საკითხების აქტუალიზაციით დაინტერესებულ ჯგუფებს უჭირთ პოზიტიული დღის წესრიგის შექმნა და ახალი თემების შეტანა სახელმწიფოს და სხვა გავლენიანი ჯგუფების მიერ წარმართულ პროცესებში, სადაც ამ საკითხებისთვის ადგილი ან საერთოდ არ არის ან ძალიან მცირეა.

- რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ადამიანებმა გაიაზრონ და ირწმუნონ სოლიდარობის მნიშვნელობა?

- პირველ რიგში ამგვარ რწმენას სოლიდარობის შემდგარი აქტები აჩენს, სადაც ადამიანები საკუთარ თავზე გრძობენ მხარდაჭერის ძალას და მნიშვნელობას. თუმცა, სოლიდარობის შექმნა და ამგვარი ნამდვილი აქტების გამოწვევა რთული პროცესია, სადაც საზოგადოების ბევრი წევრის ჩართვა და ნამდვილი თანაგანცდის არსებობაა აუცილებელი. ამისთვის მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ რომ ყველა საზოგადო სიკეთე თანაბრად უნდა ეკუთვნოდეს ყველა ადამიანს თუ ჯგუფს, სხვა შემთხვევაში ამ სიკეთეების გადანაწილება და დისტრიბუცია უსამართლო იქნება. თუ ვინმეს ხმა ამ სივრცეში არ ისმის, თუ ვინმე განდევნილია და ჩაგრულია, მათი ამ სივრცეში დაბრუნების აუცილებლობა უნდა ვიგრძნოთ და ქმედებებში ჩავერთოთ. ამას ბევრი მუშაობა და თავდაპირებლად, იმ მიზეზების აღმოჩენა სჭირდება, რაც იწვევს სხვადასხვა ჯგუფების ჩაგვრას და მათ დაქვემდებარებას უფრო ძლიერი ჯგუფების, ინსტიტუციების თუ კულტურული კონტრუქტების მხრიდან.

თუმცა, ბოლო წლებში არაერთი ჯგუფი და ორგანიზაცია გაჩნდა, რომელთა მუშაობის შედეგია ის, რომ შრომის პირობების, უსაფრთხოების, შრომით ექსპლუატაციის, როგორც პრობლემის საყოველთაობის საკითხი ნელ-ნელა ხდება საზოგადოებრივი განხილვის საგანი და იკავებს ალტერნატიულ საჯარო სივრცეებს და აქვს მცდელობა შეიტანოს ეს თემები მთავარ პოლიტიკურ პროცესებში. ამას დამატებით აძლიერებს დასაქმებულთა ბრძოლა საკუთარი უფლებების დაცვისთვის, რაც ბოლო დროს გაფიცვებში და დასაქმებულთა პროტესტებში გამოიხატა. გვახსოვს მაღაროელების, კაზრეთელი მუშების, მძღოლების, დამლაგებლებისა თუ რკინიგზელების გაფიცვები, "იოლის" თანამშრომლების ხმამაღალი და დასაბუთებული პროტესტი, რასაც თან ახლდა სხვა ადამიანების მხარდაჭერა. აუცილებელია ეს პროცესები გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რათა გააშიშვლოს ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან დავიწყებული სინამდვილე და ის ისეთი აშკარა გახადოს, რომ შეუძლებელი გახდეს მისი არაღიარება და არდანახვა.

- რამდენად ძლიერია რეპრესიული ზომები, რომელთაც კომპანიები მიმართავენ მუშების გაფიცვის შემთხვევაში ინდუსტრიულ ზონებში თუ სხვაგან?

- რეპრესიული ზომები, რომელთაც კომპანიები იყენებენ დასაქმებულების წინააღმდეგ ძალიან მძიმე და კომპლექსურია. მთავარი საკითხი, რითაც ისინი მანიპულირებენ და აიძულებენ დასაქმებულებს უმძიმეს პირობებში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გააგრძელონ მუშაობა, არის დასაქმებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობა, სამსახურის დაკარგვის შიში და დასაქმების სხვა არჩევანის არარსებობა. ამ მხრივ განსაკუთრებულად რთულია ვითარება თქვენს მიერ ჩამოთვლილ ინდუსტრიულ ქალაქებში, სადაც დასაქმების ერთადერთ ადგილს სწორად ამ ქალაქებში არსებული მაღარო, შახტა და ქარხანა წარმოადგენს.

სივრცე, რომელიც ადამიანს არ უტოვებს არჩევანს და აიძულებს კაბალურ პირობებში მუშაობას, არ შეიძლება ჩავთვალოთ თავისუფალ სივრცედ. სწორედ, სამსახურის დაკარგვის შიში, რაც დასაქმებულების ოჯახისათვის მინიმალური შემოსავლის გაქრობას, საბანკო დავალიანების გაზრდას და უპერსპექტივობას უდრის, არ აძლევს მას საშუალებას დაიწყოს საკუთარ უფლებებზე ლაპარაკი და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ მიმართ არსებულ ცხად უკანონობას.

პროტესტი, როგორც წესი, ორ შემთხვევაში ჩდება. ერთი ესაა წინააღმდეგობა დასაქმებულის მხრიდან, რომელიც იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება რომ მას დასაკარგი აღარაფერი აქვს, და ბრძოლას ასევე რეალურს ხდის შემთხვევები, როდესაც წინააღმდეგობას კოლექტიური, ჯგუფური სახე აქვს. ამ დროს, დასაქმებულების შიში უკან იწევს და იწყება საერთო ინტერესისთვის ერთობლივი ბრძოლა. სწორედ, ამიტომაა მნიშვნელოვანი კოლექტიური, ჯგუფური მუშაობა, დასაქმების ადგილებზე საინიციატივო ჯგუფების შექმნა, რომელიც ერთობლივი ძალით შეძლებს საერთო პრობლემების გადაჭრას. დასაქმებულთა ჯგუფები, რომელთაც ამგვარი ორგანიზებული ბრძოლის გამოცდილება დააგროვეს კიდევ აგრძელებენ მუშაობას და უკვე აქვთ რესურსი და ძალა, გაერთიანდნენ ინდივიდუალური მუშის პრობლემის ირგვლივ და მათი მხარდაჭერითა და სოლიდარობით შესაძლებელი გახადონ ინდივიდუალური საკითხის პოლიტიზება საწარმოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

- პროფკავშირები და სხვა ორგანიზაციები, დიდი ხანია მოითხოვენ სახელმწიფოსგან შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედებას. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა მუშაობს. რა უშლის ხელს შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის სრულფასოვან არსებობას საქართველოში ?

- პირველი და უმთავრესი პრობლემა არის სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობა და ის, რომ ბიზნეს ორგანიზაციები საკმაოდ აქტიურად ლობირებენ დერეგულირების პოლიტიკის შენარჩუნებას. სახელმწიფო ვერ ან არ უწევს წინააღმდეგობას იმ არგუმენტებს, რაც დამსაქმებელთა მხრიდან მოდის და შედეგად ვიღებთ ისეთ ილუზორულ მექანიზმებს, რომელთაც ინსპექტირების სახელი ქვია თუმცა, მათი ფორმა, შინაარსი და უფლებამოსილება არ გულისხმობს ინსპექტირებას და ვერ იქნება შედეგის მომტანი დასაქმებულთათვის.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, რომელთაც დიდი კაპიტალის მფლობელი სუბიექტები მუდმივ ექსპლუატაციას უწევენ. ნათელია, რომ სახელმწიფო არის სუსტი და ის ვერ ატარებს ადეკვატურ შრომის პოლიტიკას და ვერ ცვლის იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლებია ფორმირდება ქვეყანაში. შესაბამისად, ისევ დასაქმებულებმა და მათმა მხარდამჭერმა ჯგუფებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროფკავშირებმა უნდა იტვირთონ ამ საკითხების პოლიტიზება და მათი მთავარ თემებად ქცევა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.