ინტერვიუ
„პლანეტის ყველაზე მაგარი ხედი საქართველოდან იშლება“ - ირაკლი გუჯაბიძე
FaceBook
რომ გაიგო როგორი ხარ, უნდა იმოგზაურო.

რომ გაიცნო როგორია შენი ქვეყანა, უნდა მოშორდე და დისტანციიდან შეხედო.

რომ მიხვდე რა დროში ცხოვრობ, დრო უნდა "გააჩერო".

პანდემიამ "დრო გააჩერა" და მთელ პლანეტას ყველაფრის გვერდიდან დანახვის საშუალება მისცა.

როგორ მსოფლიოში ცხოვრობ, რა ქვეყანაში, როგორია კაცობრიობა, შენი თანამემამულენი, როგორია ხედი შენი ფანჯრიდან, თუ შენი ქვეყნიდან. რა ფუნქცია გვაქვს ამ სამყაროში, ან რა შეიძლება გვქონდეს - პანდემია ამ საკითხებზე ფიქრისა და ლაპარაკის სურვილს აჩენს.

ყოველ შემთხვევაში ეს საკითხები გახდა საუბრის თემა მთასვლელ და მოგზაურ ირაკლი გუჯაბიძესთან, რომელიც გაჩერებულ დროსაც სამყაროს ყველაზე საინტერესო "ხედის" ძიებას უთმობს.




-სპეციფიკური ადგილი და როლი გვაქვს პლანეტაზე, სადღაც შუაში ვართ. აზიის გვესმის, ევროპასაც ვერგებით. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც არავის ესმის, რუსეთის, მასაც ერთი-ერთზე რაღაცას ვუგვარებთ.

ადგილიც საინტერესო გვაქვს და ეპოქაც.

ამდენი ინფორმაცია ხომ არასდროს გვქონია და არც ამდენი ვყოფილვართ. სადღაც მოვკარი თვალი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთელი კაცობრიობის 27% ახლა პლანეტაზე ცოცხლები ვართ.

ორი თაობის წინანდელი ინფორმაცია ხომ ვიცით და კიდევ ერთ-ორ თაობასაც მოვესწრებით და გამოდის, სულ რამდენ ადამიანსაც უარსებია, იმის მესამედს, მე და შენ თვალ-ყურს ვადევნებთ. ბოლოს, როცა ღმერთი დაფიქრდება რამდენად ივარგა ადამიანმა, ადამიანთა მოდგმის მესამედი მე და შენ ნანახი გვექნება. გვეცოდინება როგორებიც ვართ.

პასუხისმგებლობად დამაწვა ეს ამბავი. იმიტომ, რომ ბევრი რამ ჩვენზეც არის დამოკიდებული. რაღაც დროის შემდეგ ჩვენ აღარ ვიარსებებთ, მაგრამ ჩვენზე ინფორმაცია დევს და ალბათ არ წაიშლება ცოტა ხანს. ესეც დიდი პასუხისმგებლობაა.

პოლიტიკოსები, რომლებიც ძარცვავენ, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც კორუფციაში მონაწილეობენ, მათ შვილებს ყველაფერი ეს ეცოდინებათ, არაფერი არ დაიმალება, ამიტომ რთული იქნება ცუდის გაკეთება. რადგან შენს შვილიშვილებს შეიძლება გვარის გადაკეთება მოუწიოს იმიტომ, რომ შენ აგერ კორუფციაში მონაწილეობდი და ქვეყანას ძარცვავდი. ამაზე ინფორმაცია წინ ედებათ.

ისე, მომწონს ახლანდელი დროც, ჩვენი ქვეყანაც და ისიც, რომ ქართველად დავიბადე, ხანდახან არ მჯერა რომ ასე გამიმართლა მაინცადამაინც ამ დროს მოვხვდი. ხომ შეიძლება სხვა დროს, უფრო გვიან, ან უფრო ადრე დავბადებულიყავი. იმდენად იდეალური მომენტია, თუნდაც შემეცნებისთვის, რაღაცების დასანახად, დასაკვირვებლად.

-დიდი და გაწელილი პაუზის პერიოდში ვცხოვრობთ. ეს უმოქმედობა და მოლოდინის რეჟიმი, კიდევ უფრო უცნაურია იმ აჩქარებული ტემპის ფონზე, რასაც თანამედროვე ცხოვრება გვთავაზობდა. როგორ ფიქრობ, რას შეცვლის პანდემია?

-ცხოვრების ტემპი ჩქარი იყო, ამიტომ ერთმანეთისთვის არ გვეცალა და ეს იყო მიზეზი რომ არ ვუსმენდით და არ ვიცნობდით ბევრ რამეს. ახლა იქნებ ეს კოვიდეპოქა ამით არის საინტერესო, რომ ადამიანები რაღაცნაირად შეჩერდნენ და ჩაისუნთქეს, ირგვლივ მიმოიხედეს.

ინტერნეტშიც მოიმატა ინფორმაციამ. სამეცნიერო კონფერენციები, რომლებიც მანამდე შიდა წრეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა საჯარო გახდა.

ძალიან მძიმე ეპოქა და დრო არის, მაგრამ თუ ასე დადებითად არ შევხედეთ ყველა იმედს დავკარგავთ. იქნებ ეს მომენტი დადგა, რომ შემეცნებამ მოიმატოს ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.

ჭკვიანი ხალხი ვართ. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს იმან, რომ გამუდმებულ სტრესში ვიყავით, ან იმან, რომ ბევრი ინფორმაცია და სისხლი შეგვერია. მაგრამ ვთვლი, რომ ჭკვიანები ვართ, თუნდაც გადარჩენის უნარებით. ყველაზე კარგი მაგალითია, ის რომ 90- იან წლებში ქურდული სამყაროს მაღალ ეშელონებში ქართველებს ეჭირა ადგილი და ამ "მამების" გაზრდილი ბავშვები დღეს ისეთ მუსიკას უკრავენ, რომ ბერლინიდან ჩამოდიან მოსასმენად. ძალიან სიცოცხლისუნარიანი უნდა იყო, რომ საბჭოთა და პოსტ საბჭოთა პერიოდსაც მოერგო და თანამედროვეობასაც.

ჩვენც განვვითარდებით. იმიტომ, რომ თუ არ შეიცვალე, მეზობელი გადაგასწრებს და დაგიპყრობს, ამიტომ ფეხი უნდა ავუწყოთ დღევანდელობას. იქნებ და ამ კოვიდმოვლენებმა დაკვირვების საშუალება მოგვცეს რომ მეტი გავიგოთ.



- უშუალო დაკვირვების და გაგების საშუალება, პანდემიამდელ ეპოქაში მოგზაურობა იყო, რომელიც ყველაზე საინტერესოდ საქართველოში, მგონი, მარტო შენ გამოიყენე. რა სტერეოტიპები დაანგრია და რა აღმოჩენები გაგაკეთებინა?

-ეს იმედი და ეს განცდა, რომ განსაკუთრებული ადგილიდან ვართ ყველას აქვს და მათ შორის ჩვენც. არასოდეს ისე არ დამიფასებია ქართველობა, როგორც მოგზაურობისას გარედან შეხედვის დროს აღვიქვი. ცუდი თვისებებიც აღმოვაჩინე და კარგიც.

აღმოჩნდა ისიც, რომ არც ისე სტუმართმოყვარეები ვართ როგორც გვგონია და სხვაგანაც არის ეს სტუმართმოყვარეობა, თანაც ისეთი ფორმით, რომ ნაკლებ დისკომფორტს გაგრძნობინებენ. ჩვენთან ხომ ვიცით დავფაცურდებით, მეზობელს შევაწუხებთ, მტრის ჯინაზე სუფრას გავშლით. სხვაგან არის - კარს გიღებენ და გეუბნებიან, რომ ეს არის შენი სახლი, ეს არის შენი ჩუსტები იმიტომ, რომ ფეხზე გაიხადე. ეს საჭმელი გვაქვს ახლა და შენი არის. რამეს მიალაგებ და თეფშებს ამორეცხავ, ხელებში არ გეცემიან. შენი ადგილი გაქვს და მეორე, მესამე დღეს იმდენი შეგიძლია გასცე ამ ოჯახისთვის, იმდენად შეგიშვან შიგნით, რომ გაქცევა აღარ მოგინდება. ზედმეტად არ გრძნობ თავს.

არის ვაჟკაცობის სხვაგვარი გაგება ისლამურ ქვეყნებში, რამაც სხვაგვარად დამანახა მათი ტრადიციები. მაგალითად, თუ ხედავენ, რომ ერთს ორი ჩაგრავს, კითხვის გარეშე მიდიან დ ა ამ ერთის მხარეს იკავებენ. ჩემს თავზეც გამოვცადე. ჩვენთან მაგალითად, უცხოელმა სიტყვა რომ შემოგიბრუნოს "საოცარი" თავგადასავალი გადახდება. იქ როგორც კი რაღაც შეშინებას დაგიპირებენ და შენც შეუღრენ, ამ შენს არშეშინებას ვიღაც დააფასებს და კი არ ჩაგქოლავენ, პირიქით, გადაგეხვევიან - მაგარი ხარ მაგ ვაჟკაცობაშიო, ბეჭზეც მოგიტყაპუნებენ და სადმე დაგპატიჟებენ კიდეც. ამ წვრილმანებმა დამანახა, რაც გვეგონა რომ მარტო ჩვენ გვქონდა, თურმე სხვასაც ჰქონია - მათ თავისებურად, ჩვენ - ჩვენებურად.

თუნდაც სამზარეულო. უგემრიელესი კერძები გვაქვს იმის ხარჯზე, რომ საქართველოზე გადიოდა აბრეშუმის გზა. როგორ ვახერხებდით იმას, რომ ამ სანელებლებს ასე ადვილად გვაძლევდნენ, არ ვიცი. არადა მგონი ყველაფერი დავატოვებინეთ, რამაც ამ გზაზე გაიარა. ვათრობდით ალბათ, ან მეზობლობითა და სიყვარულით გვაძლევდნენ. ყოველ შემთხვევაში ინდოეთში საჭმელი არის ბაჯი და პური ჰქვია, ჩვენ ბაჟეს ჰგავს, მაგრამ ჩვენი ბევრად გემრიელია. "ბაჯის" დამზადებაც ვისწავლეთ მათგან, თუმცა ჩვენებური ვარიანტი გავაკეთეთ და უფრო გემრიელი გამოგვივიდა. ტრანზიტული ქვეყანა ვიყავით, ყველაფერს, რაც გაივლიდა ვილექავდით და ალბათ სამომავლოდაც ასეთი როლი გვექნება.



-რამ გაგაოცა ყველაზე ძალიან?

-მოგზაურობაში პირველი რაც გამიკვირდა ის იყო, თუ როგორ გვანან ადამიანები ერთმანეთს. ზედმეტადაც კი. თავიანთი სტილით, ოცნებებით, მიზნებით. ერთხელ საზღვართან გავეჭედეთ და ნარკოგადამზიდებთან ერთად მომიწია ღამისთევა. იარაღიანი და წვერებიანი ტერორისტები, როგორც წარმოგვიდგენია, ზუსტად ისეთები. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს ჩემი ირანელი მეგობარი მითარგმნიდა, იმათ ცოტა ინგლისური იცოდნენ და 15 წუთში გადავიდა ლაპარაკი იმაზე, რომ "ბიჭი დედასი" არის და "გოგო მამასი" და როგორ ენატრებათ შვილები და გოგო რომ ჩაგეხუტება, ეგრე ბიჭი ვერ იზამს და ა.შ. ჩვეულებრივ, სადღაც საქართველოში სუფრასთან რომ მოხვედრილხარ, იქ რა თემებზეცაა საუბარი, იგივე სიტუაცია იყო. როგორც კი ამ ერთნაირობას აღვიქვამთ ადამიანები, მერე უფრო მარტივდება ურთიერთობა.

ყველაფერი სამყოფია ამ პლანეტაზე, მითუმეტეს - სიყვარული.

-თუმცა სიყვარულის სახელით კეთდება ბევრი სისასტიკე და მართლდება აგრესია. რთულ და პოლიტიკურად "ცხელ" ქვეყნებში გიმოგზაურია, პაკისტანში მაგალითად, რამდენად დიდი იყო საფრთხე, რომ შენთვის, როგორც "უცხოსთვის" რაიმე დაეშავებინათ?

-თვითონ ისლამშიც ვერ ვნახე აგრესია. რამდენი თვე მომიწია სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება, არსად შემინიშნავს აგრესიული განწყობა. პირიქით, საქართველოდან უფრო მესმოდა გაღიზიანებული კომენტარები, როცა ჩემი მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებზე ვწერდი კარგსაც და ცუდსაც, ზოგიერთი მკითხველისგან მქონდა უარყოფითი განწყობა. "მაგათზე კარგს რატომ წერ?!", "ხომ არ უნდა შეიცვალო სარწმუნოება?!" და ა.შ. არადა, მთლიანობაში ყველა რელიგია სიყვარულზე საუბრობს. საით მიმართავ და ვინ დგას ყველაფრის უკან, ის ხდება მერე არევის და აგრესიის მიზეზი.

რამდენი საუკუნეა რელიგიებს ერთმანეთზე გასაბრაზებლად იყენებენ. ეს აგრესია შემხვდა რიგ ქვეყანაში. ამაზე ჩვენი ჯარისკაცებიც მაფრთხილებდნენ, არ გაიგონ რომ ქართველი ხარო. როგორც აღმოჩნდა, ავღანეთში ყველაზე დიდი პროცენტულობით ქართველები ვიბრძვით. თან არ ვამბობ იმ ჯარზე, რომელიც ოფიციალურად იმყოფება, არამედ ხალხზე, რომლებიც რჩება კონტრაქტორად და საკმაოდ ცივსისხლიან დანაყოფებს ქმნიან. მერე დავინტერესდი მარტო ეროვნების გამო შეიძლება ვიღაცამ საფრთხე შემიქმნას?! გავიქექე და გამოჩნდა სხვა ისტორია, რომელიც ჯვაროსნებამდე მიდის.

ჯვაროსნებმა რამდენიმე მილიონი ადამიანი მოკლეს. ბევრი სისასტიკე აკეთეს მაშინ ქრისტეს სახელით.

იყო ასეთი შემთხვევა როცა მოგონილი მიზეზით ააგორეს დიდი სისხლისღვრა. ვიღაც ეპისკოპოსის მოწოდებით, რომ თითქოსდა ერთ-ერთი ქალაქის მახლობლად, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, ის შუბი ინახებოდა, რომლითაც ქრისტეს ფერდი განუგმირეს. აღტკინებული ჯვაროსნები შეესიენ იმ დასახლებას და არავინ დატოვეს ცოცხალი, ყველაფერი გადაწვეს, მათ შორის სურსათიც. შუბი იპოვეს, რომელიც წინა დღით ჩადებულს გავდა და არაფერი ეტყობოდა სიძველის. მართალია შუბი იპოვეს, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ ჯარს კვება დაჭირდებოდა. ამიტომ გვამების ჭამა მოუხდათ. ნებისმიერი რელიგიისთვის ძალიან მძიმეა იმის მიღება, რომ ვიღაცები ადამიანებს ჭამენ. კი არ დაგასაფლავებენ შეგჭამენ. ცოცხალი ჯოჯოხეთი მოვაწყვეთ ღმერთის სიყვარულის სახელით.

ამის მერე იმათი სიბრაზის მიზეზის დანახვაც გამიმარტივდა. ეს ისტორია დღემდე ზემოქმედებს და აგრესიას აჩენს.

თანაც, ფაქტებშიც ჩანს, რომ ჯვაროსნებმა არ იცოდნენ ვის ებრძოდნენ. არც ერთმა ჯვაროსანმა არ იცოდა, რომ ზოგჯერ ვისაც ებრძოდა, მასაც იგივე ღმერთი ყავდა და იმასაც იესოსი სწამდა. ეს იყო განსხვავების და დაპირისპირების მიზეზი, რომ კონტაქტი არ გვქონოდა ერთმანეთთან. ჩვენ ვხოცავდით და არ ვიცოდით ვინ იყვნენ და იმათაც არ იცოდნენ ვინ ვიყავით, როცა გვიპირისპირდებოდნენ.

ამიტომ გვაქვს ახლანდელ ადმიანებს იმის შანსი, რომ ბევრ რამეს დავაკვირდეთ, ერთმანეთს ხმა გავცეთ, შუალედური ენები უფრო მეტი არსებობს. ,,გუგლი" არსებობს ბოლოსდაბოლოს. ამიტომ ნელ-ნელა უფრო გაჭირდება სისხლისღვრებისა და აგრესიების მართვა, თუ ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი დავიწყეთ ადამიანებმა.

ახლა სხვანაირი თაობა მოდის, რომელიც მეტად გაერკვევა იმაში "საშიშია" თუ არა ვთქვათ, მეჩეთი. ნეტა მეტი მეჩეთი იყოს! მთელი მოგზაურობის მანძილზე, სადაც დამიღამდებოდა და მეგობარი არ მყავდა შევდიოდი ხოლმე მეჩეთში და ვიძინებდი. 24 საათი ღია არის, ძირს ხალიჩა აგია და მოლა, რომელმაც ერთი სიტყვაც არ იცოდა ინგლისური, მოვიდოდა, ჩაის დავლევდით ერთად და ჩვენ-ჩვენ ენაზე ვლაპარაკობდით, ერთმანეთის გვესმოდა. ამას ეკლესიაში ვერ იზამ. ის კი არა ძირს რომ დაჯდე შეიძლება წაგეჩხუბონ...



-ინფრომაციის ეპოქაში ვცხოვრობთ.იმდენი ინფორმაციაა ჩვენს გრშემო გაუგებრობები ნაკლები უნდა იყოს წესით, თუმცა ყალბი ინფორმაციაც ბევრია, რომლითაც ადვილად შეიძლება ადამიანების მანიპულირება…

-პაკისტანში ვცხოვრობდი ერთ ქალაქში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ქალაქში ერთ დღეში 12 ტერაქტი მოხდა. დიდი ქალაქია, მაგრამ დიდ პლატოზეა და სადმე 12 ტერაქტი რომ მომხდარიყო აუცილებლად ან თვალს მოვკრავდით, ან ხმას გავიგებდით. სინამდვილეში არ მომხდარა. თუმცა ინფორმაცია არსებობდა და ბევრმა დაიჯერა.

ძალიან ლამაზი ქალაქია და სწორედ ამ უჩვეულო განლაგების გამო ხმებიც სხვანაირად ვრცელდება ქალაქში. ბევრგან გაგვიგონია მეჩეთიდან როგორ ისმის მოლას ხმა ნამაზის დროს. ამ ქალაქში ჩანდა როგორ იწყებდნენ ნამაზს სამი, ოთხი, ხუთი წუთის ინტერვალით ქალაქს ექოებად არტყამდა წრეებს და ტალღებად მოდიოდა ხმები.

ერთხელ პატარა ფესტივალზე მოვხვდი და ვიგრძენი DJ-მ როგორ ჩაუწია ნელ- ნელა ხმას ისე რომ ლოცვის მომენტს გადაეფარა მუსიკა, მერე ისე აუწია მუსიკას არც შემიმჩნევია, იმდენად ჰარმონიაში იყო ლოცვა მუსიკასთან. მთელი ქალაქი მუსიკა იყო და ბუნებრივად ეწერებოდა ქალაქის ხმები საფესტივალო მუსიკაში. მოკლედ, ეს იმას მოვაყოლე 12 ტერაქტი რომ მომხდარიყო აუცილებლად გავიგებდი.

მითად ვთვლი, რომ სუნიტებს და შიიტებს სძულთ ერთმანეთი. პაკისტანში, სადაც ვცხოვრობდი სუნიტი და შიიტი მეგობრები ერთად ცხოვრობდნენ. ერთ პაკისტანელს საერთოდ ინდოელი შეყვარებული ჰყავდა. მოგეხსენებათ მტრული ქვეყნებია ინდოეთი და პაკისტანი. რასაც ჩვენ გვეუბნებიან და რაც სინამდვილეა ზოგჯერ განსხვავდება ერთმანეთისგან.



-მოკლედ ისღა გვრჩება (როგორც კი პანდემია დასრულდება) ზურგჩანთები ავიღოთ და თავად გავარკვიოთ როგორია მსოფლიო სინამდვილეში. ეს მრავალფეროვნება, განსხვავებულობა თავად შევიგრძნოთ.

-დღეს ხომ პლანეტაზე ყველაზე მეტი ფული იხარჯება განსხვავებულობაში, ინდივიდუალურობაში. ვცდილობთ ვიყიდო ისეთი მანქანა, რომელიც შენ არ გყავს,შენზე ინდივიდუალური რომ გამოვჩნდე, ვეძებ განსხვავებულ ტელეფონს, ტანსაცმელს, ათას სიგიჟეს. ეს მჭირდება ჩემი განსხვავებულობის შესაგრძნობად. ამ დროს ყველაზე ინდივიდუალურ გამომხატველ რამეებზე აგერ ჩვენს თვალწინ ვთქვით უარი.

კლასში მყავდა მეგობრები, რომელთაც სხვადასხვა კილო ჰქონდათ, სხვადასხავა რეგიონებიდან იყვნენ, ან ისვენებდნენ რეგიონში და იქიდან გამოჰყვათ. ძალიან მომწონდა ეს განსხვავებულობა. რაღაცნაირად ამდიდრებდა მათ. იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციას გაძლევდა, საინტერესოს ხდიდა. მე თუ ვიცოდი ამწე კრანზე როგორ აძვრე, მან იცოდა ტყის და მდინარეების ამბები. ვიცოდი, რომ მასთან ამ ცოდნის მისაღებად უნდა მიმეკითხა. მერე მოხდა ის, რომ ჩვენს თვალწინ კილო სამარცხვინოდ გადაიქცა. "დაყენებულ ლაპარაკად" ყველამ ერთნაირად, უემოციოდ დაიწყო ლაპარაკი. სოციუმში ახალი შესული ადამიანი ცდილობს იმ სოციუმში ადგილი დაიკავოს იმით, რომ მათ ემგვანება. ამას დაბულინგების შიშით აკეთებს. ჩვენთანაც ეგ მომენტი იყო - ბევრი შემოვიდა ქალაქში და ყველამ გადაწყვიტა სუპერქალაქელად გადაქცეულიყო, ვიღაც "ნამდვილ ქალაქელს" რომ არ დაეცინა. ნამდვილი ქალაქელი იყო ავლაბრელი სომეხი, ან ებრაელი, რომელთაც სულ არ ანაღვლებდა შენ როგორ ილაპარაკებდი, რადგან თავად ჰქონდა თავისი იდენტობა და კილო.

ეს ყველაფერი ჩემმა თაობამ კარგად დაინახა. მეც მქონდა აგრესია და მეც დავკვირვებივარ რომ რბილი "ლ" არ გამპარვოდა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, ვხედავ, რამხელა კოზირსა და ინდივიდუალურობაზე გვაქვს უარი ნათქვამი. ასე არ უნდა ვილაპარაკოთ და ისე უნდა ვილაპარაკოთ. ვინ არიან ისინი ვინც ამას ადგენენ? გამიხარდებოდა ჩვენი შვილიშვილები თუ ამას არაფრად ჩააგდებენ და ყველა თავისებურად "გაუბერავს" . თუკი ბუნებრიობაზე გვაქვს ამბიცია, რატომ ვთქვით უარი ჩვენს ენაზე? ენა ხომ მარტო ის არ არის რაზეც ვლაპარაკობთ, არამედ რაზეც ვიმეცნებთ. მოკლედ, რაღაცეებზე ჩვენით ვამბობთ უარს და მერე ვწუწუნებთ.

ჩვენ თვითონ ვიწვალებთ თავს ზედმეტად. მარტივი ცხოვრებისაც გვეშინია. თუ არ ღელავს დამყაყდება წყალი ალბათ.

თუკი წელსაც და მომავალშიც ისეთი ვიქნებით შარშან და შარშანწინ რომ ვიყავით, რა აზრი ქონია?! წლები ტყუილად დაგვიხარჯავს. სიახლეები და ახალ-ახალი ხედები. გამოღვიძება და თვითშემეცნება - ამის ეპოქა იწყება. კოვიდი წინა სტარტი იყო ბევრი რამისთვის რომ გადაგვეხედა.

-მოგზაურობისას გვერდიდან, შორიდან როგორი ჩანდა საქართველო, ჩვენი კულტურა, კარგი/ცუდი ტრადიციები? სამყაროს დიდ პალიტრაში რა ფერი შეიძლება მოვირგოთ?

-პლანეტის ყველაზე საოცარი ხედი იშლება საქართველოდან. თითქოს მსოფლიოს პულსზე გვიდევს ხელი. გვაქვს გამორჩეულობა. მათ შორის ისეთი ტრადიციაც, რაც სხვაგან არსად მინახავს.

შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ქართველს შეუძლია თრობის საშუალება, ჩვენს შემთხვევაში ალკოჰოლი, ისე შესთავაზოს ადამიანს, რომ კი არ დააძალოს, არამედ დააჯეროს, რომ ეს მას უნდა, უბრალოდ ამას ვერ ხვდება.

უცხოელები იმაზე გიჟდებიან - მაძალებ მაძალებ, მაგრამ უფასოდ როგორ მაძალებ იმას, რაშიც ჩემს ქვეყანაში ამდენ ფულს ვიხდი. პაემანზე ისე არ წავლენ ერთი ბოთლი ღვინის ფულს სანამ არ დააგროვებენ, რომ მერე მოწრუპონ და ამ დროს ჩადიან ქვეყანაში, სადაც ამ ძვირიან სასმელს უფასოდ აძალებენ, თან ასე ლამაზად და საყვარლად.

არ ვიცი რაში უნდა გამოვიყენოთ ეს უნარი, მაგრამ იქნებ რამეში გამოგვადგეს. ადრე ალბათ ამ უნარს აბრეშუმის გზაზე ვიყენებდით, როდესაც ვათრობდით ვაჭრებს და მოგზაურებს და გვაძლევდნენ ინფორმაციას და გვიმხელდნენ სხვადასხვა "საიდუმლოებებს". ახლა შეგვიძლია გადავიქცეთ გართობის და მოშვების ქვეყნად, იმიტომ, რომ მარტო ჩვენ ხომ არ ვართ სტრესში, მთელი პლანეტაა სტრესში.

აზიის მერე ევროპაში ვაპირებდი მოგზაურობას, რადგან ცოტა ზერელედ ვუყურებდი ევროპელებს. იმიტომ, რომ თავად ევროპელები არიან სასაცილოები, როცა აზიაში მიდიან. გაფხორილები, ზემოდან რომ უყურებენ ადგილობრივებს და მერე ერთ კვირაში ხვდებიან, რომ აქ ვერ იპოვეს თავისი ადგილი. ევროპა ლამაზია, ბედნიერი, მხიარული, ეს იმ ქუჩებზე, სადაც ტურისტული ლოკაციებია. მაგრამ როცა იქ ცხოვრობ და ჩვეულებრივ ადამიანებთან კონტაქტი გაქვს, მაშინვე იზაფრები იმდენად დასტრესილები არიან. გათიშულ ფიგურებს დაინახავ პარასკეობით ღვინის დახლებთან საფრანგეთში. დასრულდა კვირა, მორჩა სამუშაო, იცის რომ უნდა დათვრეს და გაითიშოს. იმდენად რუტინული არის ეს მარტოობა, ეს თვალებში ვერ შეხედვა, იმდენად ეშინიათ ერთმანეთის დაძბვის და დასტრესვის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი დაავიწყდათ.

ჩემს ოცნებებში დიდი სიამოვნებით ვხედავ საქართველოს შეკრების და ურთიერთობის, თუნდაც გართობის ქვეყნად. ებრაელები და ირანელები მყოლია ერთდროულად მთაში და ამბობდნენ, რომ არც ერთ სხვა ქვეყანაში არ შეუძლიათ ერთმანენთთან მშვიდობიანად გადაიკვეთონ.

პატარა ქვეყანა ვართ არავისთვის ისეთი არ დაგვიშავებია, რაიმე ისტორიული აგრესია ჰქონდეთ ჩვენს მიმართ. თავიდან უცხოელ ტურისტებს გაოცებული ვეკითხებოდი - აქ რამ ჩამოგიყვანათ-თქო. პასუხები არ შეცვლილა - ძალიან საინტერესო, რომანტიული ქვეყანა არისო.

კომუნიკაციის უნარი არ დაგვიკარგავს. "ფლირტი" მიდის ერთმანეთში. "ყველა" "გეფლირტავება" ტაქსის მძღოლი, ყველის გამყიდველი და ეს მოსწონთ უცხოელებს.

ქართველობა დროდადრო ფეხს წამოგვიდებს, მაგრამ თან კარგ რამეებსაც გვანიჭებს. რომელიც ხალხს იზიდავს და თავისებურ ურთიერთობებს და სიყვარულს ასწავლის.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.