„ხელოვნების ნაწარმოებში სწორედ ეს გამომსახველობითი საშუალებებია წამყვანი და არა იდეოლოგიური შინაარსი“.
რა აცოცხლებს ლიტერატურას? რამდენად მნიშვნელოვანია თარგმანების მრავალფეროვნება ლიტერატურული პროცესისთვის? ავითარებს თუ არა კრიტიკა ლიტერატურას თუ კროტიკა ავითარებს კრიტიკას? არის თუ არა ცენზურა საქართველოში? რამდენადაა შესაძლებელი ხელოვანი ერთდროულად ორ ბატონს - ხელისუფლებას და მხატვრულ სიმართლეს ემსახურებოდეს?
"ქუთაისიპოსტის" კითხვებს პასუხობს მწერალი ზურაბ ქარუმიძე:
- ლიტერატურული პრემია "საბას" წლევანდელ დაჯილდოებაზე გამოიკვეთა ჟიურის მხრიდან თარგმანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და აღიარება. რამდენად მნიშვნელოვანია თარგმანების სიმრავლე და მრავალფეროვნება ლიტერატურული პროცესისთვის? - თარგმანი ლიტერატურული პროცესის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. კარგი თარგმანი ეროვნული ლიტერატურის კუთვნილებაა, მისი ორგანული ნაწილია, მაგალითად - ედვარდ ფიცჯერალდის მიერ ინგლისურად ნათარგმნი ხაიამი, ინგლისური პოეზიის ანთოლოგიებშია შესული, ან - "ვისრამიანის" ქართული თარგმანიც ხომ ქართულ ლიტერატურულ კლასიკას მიეკუთვნება... 60-იანი,70-იანი და შემდგომი პერიოდის ქართული ლიტერატურა საინტერესო ტექსტებით გამდიდრდა და ეს პროცესი მთარგმნელობითი საქმის განვითარებამ განაპირობა; სწორედ 70-იან წლებში შეიქმნა თარგმანის კოლეგია, რომელიც საბჭოთა მწერალთა კავშირის ალტერნატივადაც აღიქმებოდა. პირადად ჩემს მწერლურ სტილზე და ხედვაზე თარგმანებმა უფრო იქონია ზემოქმედება, ვიდრე ქართულმა კლასიკამ: დავით წერედიანის ფრანსუა ვიიონი, გურამ გოგიაშვილის რაბლე, ჯემალ აჯიაშვილის ებრაული პოეზია და ნიკო ყიასაშვილის ჯოისი -- აი ეს გახლავთ ჩემი ლიტერატურული უნივერსიტეტები...
-
კრიტიკაზე ამბობენ, რომ ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში ნაკლებად იწერება და მიაჩნიათ, რომ ზოგადად კრიტიკა მოიკოჭლებს. ამით უფრო იმის თქმა უნდათ, რომ კრიტიკა თუკი მეტად გააქტიურდება ამან უნდა უშველოს ხელოვნების სხვადასხვა დარგს. რამდენად ავითარებს კრიტიკა ხელოვნების სხვა დარგებს? თუ იგი ძირითადად საკუთარ თავს, საკუთარ ჟანრს ავითარებს ანუ კრიტიკა ავითარებს კრიტიკას? - საქართველოში კრიტიკის დეფიციტის შესახებ ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა -- "რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს?" კრიტიკა აუცილებელია, როგორც საზოგადოების, ისე ხელოვნებისა და საკუთრივ კრიტიკის განვითარებისთვის. კრიტიკა შუამავალია ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის; ხელოვნება ახდენს იმ სამყაროს ინტერპრეტაციას, რომელშიაც ვიმყოფობთ, ხოლო კრიტიკა ამ ინტერპრეტაციის ინტერპრეტაციაა -- საზოგადოებრივი თვითშემეცნების უმთავრესი ფაქტორია...
- მიიჩნევა, რომ ცენზურას დიდი კულტურა ჭირდება, არის თუ არა დღეს ლიტერატურული ცენზურა საქართველოში? შარშან "კრიტიკა" შეხვდა თქვენს "მელია ტულეფიას" პარლმენტარიდან, მერე ფილმს "სიმინდის კუნძულს" დაუწუნეს მორალი (ასევე პარლამენტარმა), ქუთასიშიც ქონდა ადგილი საკრებულოს დეპუტატიდან ფილმების და კერძოდ თრილერის ჟანრის "კრიტიკას", უფრო ადრე ზაზა ბურჭულაძე, პაატა შამუგიას და სხვების მხატვრულ ტექსტებს დაესხნენ თავს უკვე საზოგადოების წარმომადგნლები, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს ცენზურად? - ცენზურა სახელმწიფო დონეზე ტარდება, სახელმწიფო მას იყენებს, როგორც გამოხატვის თავისუფლებაზე ძალადობის იარაღს. საქართველოში, მადლობა ღმერთს, პერესტროიკის დროიდან მოყოლებული, ცენზურა მოხსნილია. შარშანდელი თავდასხმები ჩემზე და სხვა მწერლებზე ვერ ჩაითვლება ცენზურად, რადგან ამაში სახელმწიფო არ მონაწილეობდა. უბრალოდ, ეს იყო წერა-კითხვის უცოდინარი ხალხის "შეტევა" წერა-კითხვის მცოდნე ხალხზე. ცხადია, არსებობს შინაგანი ცენზურა, მაგრამ, ეს ყველგანაა და სულ სხვა რამეს გულისხმობს...
- ქართული მწერლობა და კინოც ახერხებდა ორი ბატონის მსახურებას. არც საბჭოთა ხელისუფლებას არისხებდნენ მაინცადამაინც და ხელოვნებასაც თავის ხარკს უხდიდნენ - მშვენიერ პროდუქტებს დებდნენ. მაინც როგორ ხერხდებოდა ეს და რამდენად მოიგო ამით (ორი ბატონის მსახურებით) ქართულმა კულტურამ? - საბჭოთა ქართველი მწერლები და რეჟისორები ირჩევდნენ ისეთ თემებსა და გამომსახველობით საშუალებებს, რომლებიც უშუალოდ არ უპირისპირდებოდნენ ოფიციალურ იდეოლოგიას. მეტიც, ხელოვნების ნაწარმოებში სწორედ ეს გამომსახველობითი საშუალებებია წამყვანი და არა იდეოლოგიური შინაარსი. ავიღოთ მიხეილ კალატოზიშვილის "ჯიმ შუანთე" - ბოლშევიკურ-პროპაგანდისტული ფილმია, მაგრამ ისეთი მონტაჟი, სახეები და ეპიზოდები, რომ ფილმი დღეს მსოფლიო კინოს შედევრადაა აღიარებული. რაც შეეხება ხელოვანის ხელისუფალთა მიმართ ლოიალობას, ესეც არახალია, ძველია: კლასიკოსთა უმრავლესობა ლოიალური იყო ხელისუფალთა მიმართ - შექსპირი, გოეთე, დოსტოევსკი, შუასაუკუნოვანი იაპონელი მწერალი ქალები, და ა.შ... ვიმეორებ, მთავარია მხატვრული სამყარო, რომელსაც ქმნის ხელოვანი და არა იდეური შინაარსი...
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები