ხშირად მიწევს ამის თქმა: ეთიკა (როგორც სოციალური კონტრაქტი) და ესთეტიკა (როგორც ინდივიდუალური პროექტი) ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ, ყველაფერი დალაგდება.
ვის აქვს ქართველი მწერლების, მათ შორის დიდებად აღიარებულების, კრიტიკის უფლება? რამდენად დამანგრეველია ლიტერატურის დილეტანტური კრიტიკა? რა "ჟანრია" ფეისბუკპოსტი და რამდენად წარმოადგენს ფეისბუკი შესაფერის სივრცეს ლიტერატურაზე სასაუბროდ? რა მომავალი აქვს მას?
აღნიშნულ საკითხებზე "ქუთაისიპოსტი" პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრება.
-ქართველ მწერლებზე (დუმბაძე, გამსახურდია და ა.შ.) ითქვა "განსხვავებული აზრი" "განსხვავებული" ადამიანების მხრიდან, ეს აზრები ნაწილმა მკრეხელობად ჩათვალა, ნაწილმა არაკომპეტენტურობად. ვიღაცამ ეს მიიჩნია დაუშვებლად, ვიღაცამ ის... და თქვენთვის რა არის დაუშვებელი ლიტერატურაში? - ნოდარ დუმბაძეს გადასარევი იუმორი ჰქონდა, ამიტომ მგონია, რომ თვითონ ძალიანაც იხალისებდა ორივე მხარეზე - გამკრიტიკებლებზეც და დამცველებზეც. დუმბაძის პროზა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა, ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რომ ვინმემ გააკრიტიკოს, თუნდაც ისე ზედაპირულად, როგორც ეს დარჩიაშვილმა გააკეთა.
ის ხალხი, რომელიც დარჩიაშვილის აზრს მკრეხელობას და სიწმინდეების შელახვას უწოდებს, საერთოდ,ცალკე კასტაა. ცოტათი მრცხვენია,ასეთ მამალ ტრუიზმს რომ ვამბობ, მაგრამ,ცხადია, დუმბაძის კრიტიკაც შეიძლება, ჰომეროსისაც, რუსთაველისაც და შექსპირისაც. მეორე მხრივ, აქეთა ფლანგზეც ისეთი სწორხაზოვანი აზრები დუღს, რომ საპირისპირო ტრუიზმიც დაგვჭირდება: დუმბაძის გამკრიტიკებლის კრიტიკაც შეიძლება.
ლიტერატურის დილეტანტური ინტერპრეტაციის გამო ქვეყანა რომ იქცეოდეს, ეს ქვეყანა კაი ხნის წინ აღარ იარსებებდა.
სხვა ამბავია ის, რომ პერსონაჟის მიხედვით ავტორის მორალური პორტრეტის შექმნა არის ლიტერატურის პროფანაცია. სანჩო პანსას გამო არავის გასჩენია ეჭვი, სერვანტესი ზარმაცი უტვინოა და ამ იდეის რომანტიზებას ეწევაო. არც ცივსისხლიანი რასკოლნიკოვის გამო ვთხოვთ პასუხს დოსტოევსკის და არც ჯავახიშვილს - აფერისტი კვაჭი კვაჭანტირაძის გამო. ხშირად მიწევს ამის თქმა: ეთიკა (როგორც სოციალური კონტრაქტი) და ესთეტიკა (როგორც ინდივიდუალური პროექტი) ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ, ყველაფერი დალაგდება.
საერთოდ, ვისაც მხოლოდ ეთიკური კატეგორიები გაინტერესებთ ტექსტში, გირჩევთ იკითხოთ ჰიმნოგრაფიული ლიტერატურა ან დიდაქტიკური ზღაპრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერო მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით თქვენი ეთიკისთვის მიუღებელ რამეებს და ისევ იმედი უნდა გაგიცრუვდეთ. საერთოდაც, ეშმაკს არ სძინავს, ამიტომ სულ რომ არაფერი წაიკითხოთ, ეგ უკეთესი იქნება, სრულად დაზღვეული იქნებით უზნეობისგან და თქვენი მორალიც არ აიმღვრევა.
-ამ განსხვავებული აზრების მოწოდება ფესიბუკპოსტების საშუალებით განხორციელდა. ფეისბუკპოსტს როგორც ასეთს რომ შევეხოთ. შეგვიძლია თუ არა რომ ფეისბუკპოსტი ცალკე "ჟანრად" განვიხილოთ? არის თუ არა იმის ალბათობა პოსტი ჩაითვალოს ცალკე ლიტერატურულ ტექსტად? შეიძლება იარსებოს ან უკვე არსებობს ფეისბუკპოსტების შედევრები ? - ჩამოყალიბებული საზოგადოება განსხვავებულ აზრს უფრთხილდება და პატივს სცემს. ყველა განსხვავებული აზრი არაა ჭკვიანური, ზოგიერთი მათგანი არც ისე ჭკვიანურია, მაგრამ მაინც.
რაც ეხება ფეისბუკს, ეს პოსტები ადამიანების ნააზრევია და რა მნიშვნელობა აქვს, სად დავწერ, თქვენს გამოცემაში თუ ფეისბუკის პოსტად, ამით თვითონ აზრი არ იცვლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ფეისბუკზე სტატუსებად სამეცნიერო ნაშრომებსაც დადებენ. უკვე არსებობს ასეთი ჟანრი "ტვიტერატურა" - ან ლიტერატურა, რომელთაც ტვიტერზე წერენ. სამომავლოდ ბუკერის პრემიის პარალელურად, ალბათ იარსებს ფეისბუკერიც, რომელთაც ანონიმური მპოსტავები შეაფასებენ.
-მომავლისკენ რომ გავიხედოთ, შეიძლება ერთხელააც თქვენი რომელიმე ტექსტი სკოლის სახელმღვანელოში მოხვდეს და ბავშვებს ასწავლონ თქვენი ლექსები. მასწავლებელმა აუხსნას, რომ პაატა შამუგიამ აქ ასე იგულისხმა და თქვენც ეს სტრიქონი მაინცადამაინც ასე უნდა გაიგოთ (ვაჟა-ფშაველას არწივის არ იყოს სამშობლო რომ უნდა გვეგულისხმა მაინცადამაინც). ჰოდა, როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ლიტერატურა? -ჩემს ტექსტებს ყველაზე ინტენსიურად სწორედ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები კითხულობენ. კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ ზოგადი დაკვირვებით ასე ჩანს, ახალი თაობა უფრო ეტანება. მასწავლებლების დიდ ნაწილზე დაბალი აზრისა ვარ. ისინი სათანადო განათლებას ვერ იძლევიან. გამოსავალი თვითგანათლებაშია - დღეს ეს სრულიად შესაძლებელია.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები