ქუთაისში თითქმის ერთი თვეა ფუნქციონირებს კატო მიქელაძის სკოლა,
სადაც ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება სემინარები ე.წ. ქალთა
საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ფილმების ჩვენებაც.
"ქალთა სკოლა" ოფიციალური განათლების სისტემის ფარგლებში ქმნის
პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი ცოდნების გადაცემის ადგილს, აქ ხდება
ქალთა საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი თემების აკუმულირება და
მაღალკვალიფიციური აქტორების მეშვეობით მათთვის კონკრეტული ცოდნის
სახის მიცემა. სემინარებში ჩართულია გენდერის საკითხებზე
მომუშავე სპეციალისტები.
კატოს სკოლას სტუმრობდა ილიაუნის პროფესორი თამარ ცხადაძე:
- ფემინიზმი, ფემინისტი, ქალთა ემანსიპაცია - ეს სიტყვები და
ცნებები მრავალნაირ ემოციას (გაღიზიანება, ბუნდოვანება, შიში) ბადებდა
ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში. სადღეისოდ რამდენად
შემცირდა (ან იქნებ გაიზარდა) ფემინიზმით "შეშინებულთა" რიცხვი
საქართველოში?
- ამ საკითხზე რამე კვლევას არ ვიცნობ, ამიტომ პასუხისთვის მხოლოდ
ჩემს გამოცდილებას და დაკვირვებებს თუ განვაზოგადებ. ვფიქრობ, მეტი
ადამიანია ინფორმირებული ფემინიზმის შესახებ და მეტი ბედავს თავის
ფემინისტად იდენტიფიცირებასაც, ვიდრე 10 ან 20 წლის წინ. წლების წინ
ის ადამიანებიც კი, რომლებიც ე.წ. ქალთა საკითხებზე მუშაობდნენ,
გაურბოდნენ ფემინისტად თავის იდენტიფიცირებას. მეორე მხრივ, რაც უფრო
მეტ რეზონანსს მოიპოვებს ფემინისტური მოძრაობა, მით უფრო მძაფრია
მასთან დაპირისპირებაც სხვადასხვა ჯგუფში. ამ აზრით, ფემინისტების
რიცხვის ზრდასთან ერთად, შეიძლება მისით "შეშინებულთა" რიცხვიც
გაიზარდა. ამ მოვლენას ხშირად "ბექლეშს", ანუ უკუდარტყმას უწოდებენ და
ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ გაზრდილი ფემიციდი, ასევე, სააშკარაოზე
სულ უფრო მეტად გამოსული ანტიფემინისტური ჯგუფები და სენტიმენტები
ფემინიზმის გაძლიერებაზე უშუალო რეაქციას წარმოადგენს.
მე ვფიქრობ, რომ ეს ახსნა მეტისმეტად ამარტივებს სურათს, მაგრამ ერთი
რამ უდავოა: ფემინიზმის, როგორც ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული
მოძრაობა, აუცილებლად უქმნის საფრთხეს საზოგადოებაში გენდერის ნიშნით
არსებულ პრივილეგიებს, რომლებითაც მამაკაცები სარგებლობენ.
შესაბამისად, ის მართლაც, რეალურად არის "საშიში" მათთვის, ვისაც ამ
პრივილეგიების დათმობა ეძნელება.
ერთი აზრით, ის საშიში შეიძლება და უნდა იყოს, რადგან ემუქრება
პრივილეგიებისა და დაქვემდებარების არსებულ სისტემას და კარგად
დადასტურებული ფაქტია, რომ მათთვის, ვინც პრივილეგიებით სარგებლობს,
ისინი ბუნებრივად აღიქმება. შესაბამისად, მტკივნეულ დანაკარგად
და ზოგჯერ უსამართლობადაც კი აღიქვამენ ამ პრივილეგიების კარგვას ან
შერყევას. ამის კარგი მაგალითია, ბევრი მამაკაცის რეაქცია
კვოტების ინიციატივაზე. კიდევ უკეთესი - ბევრი მამაკაცის რეაქცია ბოლო
დროს აგორებულ ტალღაზე სექსუალური ზეწოლისა და ძალადობის
წინააღმდეგ.
მეორე აზრით, ფემინიზმი "საშიში" შეიძლება იყოს იმიტომ, რომ გარკვეული
ჯგუფები ეფექტურად იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას, რათა ადამიანები
ფემინიზმით დააშინონ. ასეთ სტრატეგიებს შორის ერთ-ერთი მთავარია
ფემინიზმის რაღაც ტიპის კარიკატურის დახატვა და მთელი ფემინიზმის ამ
კარიკატურასთან გაიგივება, ფემინიზმში არსებული ღრმა არგუმენტებისა და
მისსავე წიაღში არსებული საინტერესო დაპირისპირებების უგულებელყოფის
გზით.
- ფემინისტური მიმდინარეობიდან რომელია ყველაზე ძლიერი
საქართველოში?
- ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან ჩვენთან არ არის სპექტრი ასე
მკაფიო და დაწმენდილი. ერთია, რომ საქართველოში ფემინისტური ჯგუფები
თუ მოძრაობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და მცირერიცხოვანია. ცალკეული
ინდივიდები მიაკუთვნებენ თავს ამა თუ იმ ტიპის ფემინიზმს, მაგრამ,
ვფიქრობ, ასეთი იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ არ უდევს საფუძვლად
ფემინისტურ ჯგუფებად ორგანიზებას. ერთ ჯგუფში შეხვდებით სულ
სხვადასხვა ფემინისტური იდეოლოგიის მატარებელ ადამიანებს. არსებითად,
ჯერ ამ დონის დებატები არც კი არის კარგად არტიკულირებული ქართველ
ფემინსტებს შორის - ძირითადად ფემინსიტებს შორის მსჯელობის საგანია
ეფექტური სტრატეგიები კონსოლიდაციისთვის, და არა - მსოფლმხედველობრივი
განსხვავებები.
- ენის პრობლემაზე მინდოდა მეკითხა. ზოგჯერ ისეთი
შთაბეჭდილება რჩება რომ NGO -ს "თავისი" ენა აქვს, მედიაც ვცოდავთ ამ
ნაწილში თითქოს "სხვა ენაზე" ვსაუბრობთ, რიგითი ქალებისთვის,
დიასახლისებისთვის ეს NGO ენა შესაძლებელია უცხო იყოს, ცივი და
არამისი. სანამ ენა "უცხოა", რამდენად შესაძლებელია ეფექტური
კომუნიკაცია ხალხთან, რიგით ქალებთან ჩვენს
შემთხვევაში?
- ეს ზოგადად დიდი საკითხია. ერთია, რომ, არსებითად, აქ NGO-ში არ
არის საქმე. ვთქვათ, აკადემიაშიც ვლაპარაკობთ ფემინიზმზე და ქალთა
უფლებებზე, მაგრამ ეს ენაც არ არის ენა, რომლითაც ფართო საზოგადოებას
დაელაპარაკები. ზოგიერთისგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ ეს
აუცილებლად ასე უნდა იყოს - ვფიქრობ, აკადემია შეიძლება ელაპარაკოს
ხალხს. ოღონდ ამით არ ვგულისხმობ, რომ "მათ ენაზე" უნდა ელაპარკოს.
რადგან, ასეთი მკაფიო რამე არც არსებობს და რომც არსებობდეს, ის არ
შეიცავს იმ რესურსებს, რომლებითაც ამ პრობლემებზე ლაპარაკი იქნება
შესაძლებელი. ვგულისხმობ სწორედ ამას, რომ ერთმანეთთან ლაპარაკში,
დიალექტიკაში უნდა შეიქმნას ახალი რესურსები, რომლებითაც ამ
პრობლემებზე გასაგებად და იმავდროულად, კომპეტენტურად ლაპარაკი იქნება
შესაძლებელი. ეს აუცილებელია, რადგან რეალურად პრობლემის წყარო
ისაა, რომ გარკვეულ საკითხებზე სალაპარაკოდ სულაც არ არსებობს
მზამზარეული სიმბოლური რესურსები. ასეთი რესურსები სწორედ ლაპარაკის
მცდელობაში უნდა შეიქმნას.
NGO სექტორს რომ დავუბრუნდე, მას, წესით, უფრო უნდა შეეძლოს ხალხთან
ლაპარაკი - ბევრი NGO-ს აქვს პრეტენზია, რომ იყოს ე.წ. "გრასრუთ"
ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების, ხალხის დონეზე მუშაობს. თუკი,
ამის მიუხედავად, ჩვენთან NGO სექტორს კავშირი აქვს დაკარგული ხალხთან
და ვერ ახერხებს მასთან კომუნიკაციას, ამ პრობლემას სხვა სტრუქტურული
მიზეზები განაპირობებს და არა ის, რომ NGO არსებითად ასე უნდა
იყოს.
და ბოლოს მედიის "ცოდვაზეც" - სწორედაც, ენის პრობლემა უფრო
გლობალურია, ვიდრე კონკრეტულად NGO-ს პრობლემა. მაგრამ მედიას, ამის
გარდა, ჩემი აზრით, ის პრობლემაც აქვს, რომ ძალიან აკლია კომპეტენცია
და პროფესიონალიზმი. მაგრამ, ესეც რომ არ იყოს, თანამედროვე
მეინსტრიმული მედია სულ უფრო არაადეკვატური ხდება სერიოზულ
პრობლემებზე სალაპარაკოდ: მაყურებლის ყურადღებისთვის მუდმივი
კონკურენცია შეუძლებელს ხდის საკითხების ადეკვატურად გაშლას და სულ
უფრო მეტ წნეხს ქმნის, რომ მედია მაქსიმალურად სენსაციონალისტური
იყოს. ამ დროს, ფაქტია, რომ საინტერესო საკითხებს აქვთ ნიუანსები,
რომლებსაც ვერ ჩატევ ორ წინადადებაში ან ნახევარ წუთში; ნიუანსები,
რომელთა გააზრებაც მოთმინებას და ყურადღებას მოითხოვს; და ნიუანსები,
რომლებიც შეიძლება სულაც არ იყოს სკანდალური, არამედ არსებითად
აპელირებდეს საღ აზრზე.
მასალის გამოყენების პირობები