ისლამოფობია
კატეგორიულად დაუშვებელია, სწორედ ისლამოფობია კვებავს რადიკალურად
განწყობილ ადამიანებს და ჩვენ (ქრისტიანებმა) ეს საკვები არ უნდა
მივცეთ.
გასულ კვირას ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ კავკასიის ვილაიეთის შექმნის
შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მანამდე ინტერნეტით გავრცელდა
"ისლამური სახელმწიფოს" მერ შექმნილი ერთიანი ისლამური სახელმწიფოს
რუკა, რომელშიც საქართველოც მოხვდა. რამდენად სახიფათოა "ისლამური
სახელმწიფოს" "მეზობლობა"? რამდენად ჩანს საქართველოს ხელისუფლების
მზაობა ამ გამოწვევის მიმართ? რატომ ვერ კონტროლდება პანკისიდან
ახალგაზრდების გადინების პროცესი?
"ქუთაისიპოსტის" კითხვებს პასუხობს პირველი ქართული კონტიგენტის
მეთაური ავღანეთში და გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე,
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე:
- ამ დღეებში ცნობილი გახდა მე-14 მსხვერპლის შესახებ პანკისიდან,
რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთვის იბრძოდა; საქართველოდან სულ
უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ ბრძოლაში. ადამიანთა ეს გადინებები,
რატომ ვერ კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან?
- აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: ძირითადად ისლამურ
სახელმწიფოს საკმაოდ ეფექტური რეკრუტირების მექანიზმები აქვს.
სრულწლოვანი მოსახლეობის გადინების კონტროლი ძალიან რთულია ისეთ
გახსნილ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პიროვნებას შეუძლია
ნებისმიერი მიზეზით გადაკვეთოს საზღვარი, გადავიდეს თურქეთში, შემდეგ
სირიაში და შეუერთდეს "ისლამურ სახელმწიფოს". გამომდინარე აქედან,
ერთადერთი ეფექტური მეთოდი, რომ ეს პროცესი აკონტროლო, ქვეყნის შიგნით
ოპერატიული და სადაზვერვო ღონისძიებებია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
საქართველოზე გაცილებით განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებს უჭირთ ამ
პროცესის კონტროლი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა მოხდეს იმ
პირების გამოყოფა და მონაცემების დადგენა, ვინც "ისლამურ
სახელმწიფოსთან" კავშირშია და ჩატარდეს მათთან შესაბამისი
ღონისძიებები. აგრეთვე სამუშაოებია ჩასატარებელი იმ სოციალურ
ჯგუფებთან, საიდანაც ხდება "ისლამური სახელმწიფოსთვის"
რეკრუტირება.
-"ისლამური სახელმწიფოს" მეთაურმა ჩრდილოეთ კავკასია
"ისლამური სახელმწიფოს" ნაწილად გამოაცხადა. "ისლამური სახელმწიფო"
"კარის მეზობელი" გახდა. რამდენად ჩანს, რამდენად ხედავთ ქართული
სახელმწიფოს მზადყოფნას ამ სერიოზული გამოწვევის წინაშე?
- "ისლამური სახელმწიფოს"
რუკას რომ დავხედოთ საქართველო " კარის მეზობელი"
კი არა მათი ნაწილია, ისე როგორც მთელი კავკასია.
მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით საქართველოს "ისლამური სახელმწიფოსგან"
აშკარა პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება (ვგულისხმობ აშკარა შეტევას,
ამის არც პირობა არსებობს და არც ისლამურ სახელმწიფოს აქვს ამის
შესაძლებლობა). საფრთხე უფრო ირიბია და შესაძლოა მომდინარეობდეს,
თუნდაც რუსეთისგან (რომელსაც საკმაოდ ყავს თავის გავლენის ქვეშ
გარკვეული ისლამისტური ჯგუფები). აგრეთვე ამან შასაძლოა იქონიოს
პროვოკაციის ან ცალკეული ტერაქტის ხასიათი, თუმცა ამის ალბათობაც
საკმაოდ დაბალია.
რაც მნიშვნელოვანია ჩვენ გაგვაჩნია შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი
ამდაგვარი საფრთხის პრევენცია და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ.
შსს-ს გააჩნია ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს და აღკვეთოს
ამდაგვარი საფრთხეები. შეიარაღებულ ძალებს გააჩნია შესაძლებლობები:
მომზადებული და გამოცდილი შემადგენლობა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება
აქვს ავღანეთში და ერაყში მონაწილეობის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
ბოლო პერიოდში შეიარაღებული ძალების და შსს-ს შემცირებული ბიუჯეტი
საკმაოდ საგანგაშოა, ერთი შეხედვით კარგია და პოლიტიკურად
მომგებიანია, როდესაც პერსონალის ხარჯი არ მცირდება, მაგრამ მცირდება
ოპერატიული ხარჯები, რაც ასუსტებს ორივე სტრუქტურის არსებულ
შესაძლებლობებს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არ იქნება შესაძლებელი
წვრთნა, მოიკლებს სადაზვერვო და ოპერატიული ხარჯები და საბოლოო შედეგი
ის იქნება, რომ არათუ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს (რომელიც
აუცილებელია), არამედ ვერ შევინარჩუნებთ არსებულსაც.
მე პიროვნებების კრიტიკისგან თავს შევიკავებ, თუმცა უნდა აღინიშნოს,
რომ ასეთი კრიზისის ხასიათი ის
არის, რომ ის მოულოდნელად წარმოიქმნება რაზეც პროფესიონალების მიერ
სწრაფი რეაგირებაა საჭირო. რაც ამ ბოლო დროს კრიზისებზე რეაგირება
ვნახეთ საგანგაშოა. აქ უფრო ხშირი კოორდინაციაა საჭირო და
პროფესიონალი კადრების მოზიდვა აუცილებელია.
-
"ისლამურ სახელმწიფოს" ქმედებებს, ყურანის მათეულ
ინტერპრეტაციებს რამდენად შეუძლია მცდარი წარმოდგენა შეუქმნას
ადამიანებს ისლამზე და გააძლიეროს (ისედაც არსებული) ისლამოფობია
საქართველოში? რა უნდა გაკეთდეს რომ ეს არ მოხდეს?
- სამწუხაროდ "ისლამური სახელმწიფო" საკმაოდ ეფექტურია გარკვეულ
სოციალურ ჯგუფებთან პროპაგანდაში. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ
აქტიური ღონისძიებები: ღია საინფორმაციო კამპანია, პროგრამები,
რომლებიც მისცემს ყველას შესაძლებლობას გაერკვეს ისლამის ნამდვილ
არსში. მიზანმიმართული ღონისძიებებია საჭირო, რათა მოხდეს
ისლამისტურად განწყობილი სოციალური ჯგუფების საზოგადოებაში
ინტეგრაცია, დასაქმების პროგრამები და შესაძლებლობა საქართველოში
მცხოვრებმა მუსლიმებმა იმუშაონ ისე, რომ თავი არ იგრძნონ მარგინალურ
ჯგუფებად. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თუნდაც სახელმწიფო სამსახურებში
(მე ჯარის გამოცდილება მაქვს ძირითადად, მაგრამ ყველგან ანალოგიური
სიტუაციაა), მუსლიმებს არ აქვთ თანაბარი პირობები, რათა თავიანთი
კულტურული ან რელიგიური წესები აღასრულონ ისე როგორც სხვას აქვს ამის
შესაძლებლობა.
ისლამოფობია კატეგორიულად დაუშვებელია, სწორედ ისლამოფობია კვებავს
რადიკალურად განწყობილ ადამიანებს და ჩვენ (ქრისტიანებმა) ეს საკვები
არ უნდა მივცეთ.
მე მომხრე ვარ, რომ ყველა რელიგიური ჯგუფების (როგორც ქრისტიანული ისე
ისლამის მიმდევართა) სახელმწიფოს "კონტროლზე" ყავდეს, რაც ასევე
მნიშვნელოვანია ყველა სახის რადიკალიზაცია და დისკრიმინაცია უნდა
შეიზღუდოს, როგორც საკანონმდებლო დონეზე აგრეთვე პრაქტიკული
ღონიძიებებით.
ევროპასა და დასავლეთში ისლამური სახელმწიფოს რეკრუტირების წყაროს
სწორედ ასეთი ჯგუფები წარმოადგენენ, რომლებიც ვერ ახერხებენ კულტურული
და რელიგიური ფასეულობების გამო საზოგადოებაში ინტეგრაციას და
თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციას.
-ბევრი ადამიანი უერთდება ISIS-ის ევროპიდან, როგორც
თინეიჯერები, ასევე ქალები, თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს "ისლამური
სახელმწიფოს" ხიბლი"?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე "ისლამური სახელმწიფო" საკმაოდ ეფექტურია
გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში, ძირითადათ, იქ სადაც ახალგაზრდები თავს
გრძნობენ მარგინალებად და ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების
რეალიზებას. იქმნება გარკვეული სოციალურად ჩაკეტილი ჯგუფები, რომელთა
რადიკალიზაცია საკმაოდ ადვილია, ხოლო ამ ჯგუფებში სპეცსამსახურების
მიერ შეღწევა საკმაოდ რთული.
ისლამური სახელმწიფოს მთავარი " ხიბლი" ის არის, რომ ის სთავაზობს
ადამიანებს იმას, რასაც სხვაგვარად ვერანაირად ვერ მიიღებენ.
თავისუფლებას, შესაძლებლობებს, პასუხისმგებლობას. მოკლედ რომ ვთქვათ,
თუ პიროვნება, სადღაც ევროპაში ან რუსეთში ცხოვრობს, თავს
უპერსპექტივო ადამიანად გრძნობს და ფიქრობს რომ ის "არავინ" არის,
"ისლამურ სახელწიფოში" ის გახდება "ვიღაც" მნიშვნელოვანი და შეუძლია
მიაღწიოს ყველაფერს.
რაც შეეხება თვითმკვლელების და თავზეხელაღებული მებრძოლების
მომზადებას, "ისლამურმა სახელმწიფომ" აშკარად ახალ მეთოდებს მიაკვლია
და უკვე არსებული "ალ ქაიდას", "თალიბანის" და სხვა რადიკალური
ჯგუფების პრაქტიკა აშკარად დახვეწა.
რომ შევაჯამო: საქართველოს შეუძლია არსებული საფრთხისგან თავის და
ქვეყნის მოქალაქეების დაცვა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო
სტრუქტურების კოორდინაცია და მზადყოფნა, სადაც ბევრი სამუშაოა
ჩასატარებელი; შეიარაღებული ძალებისა და შსს--ს რეგრესის შეჩერება და
ახალი შესაძლებლობების შექმნა, რომელიც არამარტო ტერორისტულ
საფრთხეებს აღკვეთს, არამედ გააძლიერებს ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობას; მოსახლეობის განათლება და მომზადება შესაბისი
მიმართულებით; გახსნილობა და აქტიური მუშაობა სოციალურ ჯგუფებთან,
საიდანც დიდია რეკრუტირების ალბათობა; საზღვრის კონტროლის გაძლიერება;
კრიზისების მართვის ცენტრის ეფექტურობის გაზრდა, პროფესიონალებით
დაკომპლექტება და სხვადასხვა სტრუქტურებთან კოორდინირება.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობა:
ლაშა ბერიძე 1994-2014 წლებში მუშაობდა შეიარაღებულ ძალებში.
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემია.
აშშ-ში დამთავრებული აქვს ქვეითთა ოფიცრის კურსები და აშშ-ს ომის
ეროვნული კოლეჯი. იგი გახლავთ აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის
მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
მსახურობდა შეიარაღებული ძალების ოცეულის, ასეულის, ბატალიონისა და
ბრიგადის მეთაურად. ასევე, სხვადასხვა საშტაბო თანამდებობებზე. იყო
თავდაცვის ატაშე აშშ-ში. საქართველოს წარმომადგენელი აშშ-ს ცენტრალურ
სარდლობაში, სადაც მის მოვალეობას ახლო აღმოსავლეთი წარმოადგენდა.
ლაშა ბერიძე გახლდათ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი.
პირველი ქართული კონტიგენტის მეთაური ავღანეთში, 2010 წელს
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, სადაც კურირებდა სამხედრო
განათლებას და წვრთნების რეფორმების პროცესს, ასევე
NATO-სთან
ურთიერთობის საერთაშორისო მისიებს.შეიარაღებული ძალები დატოვა 2014
წლის პირველ სექტემბერს. მისი გეოგრაფიული კვალიფიკაცია
მოიცავს
NATO-ს,
ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთს. ასწავლის სხვადასხვა საერთაშორისო
ინსტიტუტებში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ახლო აღმოსავლეთში
მიმდინარე კონფლიქტებს.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები